ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019

ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის

რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლება შეეცდება მოახდინოს პროვოცირება და ამაზე შეთქმულების თეორია ააგოს”

* * *

ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის

“ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ? უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა შეიძლება ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს. ჩუგოშვილისა და ძიძიგურის პროტესტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის.

“გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო კომიტეტში თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა ირაკლი ბერაიამ დაიკავოს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნუკრი ქანთარია გახდეს, ხოლო ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანიკონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რეგლამენტის მიხედვით ერთი კვირა აქვს უმრავლესობას იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი დეპუტატები წარადგინონ. “კონსულტაციების ნამდვილად მიდის და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაც მალე ეცნობება. თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარეების თუ ვიცე-სპიკერის თანამდებობას, ამაზე შევჯერდებით. გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით ჩვენ გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდული, ეს არის ერთკვირიანი ვადა და ამ დროში უნდა მოვასწროთ”, - განაცხადა გიორგი კახიანმა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, რომელსაც უმრავლესობა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრებს, გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და ადასტურებს, რომ გარკვეული კონსულტაციები მიდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, გუნდში კონსულტაციები მიდის, მათ შორის ჩემთანაც. მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად შევძლებ მეც პასუხის გაცემას”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, მან ჩაანაცვლოს. როგორც ვოლსკი ამბობს, უმრავლესობის სხდომის გამართვამდე აღნიშნულზე მისი მხრიდან საუბარი ლოგიკური არ იქნება. “არ იქნება ლოგიკური, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ შედგება, დავადასტურო ან უარვყო პასუხი. მოკლედ “არც ვადასტურებ და არც უარვყოფ”... რაც შეეხება თქვენს მოსაზრებებს ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი გადანაცვალების შესაძლებლობაზე, არის ლოგიკური და ყველა მოსაზრება, რაც ჩამოთვალეთ და კიდევ უფრო მეტი განიხილება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად უმრავლესობის 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის შედეგად 3 საპარლამენტო კომიტეტი თავმჯდომარის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის გარეშე დარჩა”, - დასძენს გამოცემა.

რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე

“სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცედურებზე საუბრობრისას, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან”აცხადებს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, ოპოზიციონერი დეპუტატები კი ახალ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს უბრალოდ “პოლიტიკური თამაშებია”. დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის განხილვა საერთოდ არასერიოზული და უსაგნოა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე - “ეს პოლიტიკური თამაშებია”.

“სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის მაჟორიტარი დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატები აპირებენ, 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვონ, რათა კონსტიტუციური პროექტის ინიცირება მოხდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 76 დეპუტატის ინიცირება ან 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა. მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ინიციატივით, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს, 19 ნოემბერს გამოვიდა. ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის წარდგენისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის ხელმოწერა, რაც ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. სპიკერის თქმით, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს, მაგრამ მაჟორიტარებს აქვთ უფლება, თავისი პოზიცია ჰქონდეთ. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლის ინიცირებისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის ხელმოწერა, ან 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. წარდგენის შემდეგ, მიდის ჩვეულებრივი პროცესი; საყოველთაო-სახალხო განხილვა მინიმუმ ერთთვიანი, შემდეგ კომიტეტებში განხილვები და ბოლოს, პლენარულ სხდომაზე განხილვა. თუ კანონპროექტი იქნა მიღებული 3/4-ის უმრავლესობით, ეს ცვლილება კონსტიტუციაში მაშინვე შედის, თუ იქნა მიღებული 2/3-ის უმრავლესობით, კანონპროექტი მომდევნო მოწვევის პარლამენტს გადაეცემა, რომელმაც ის უნდა დაამტკიცოს ასევე 2/3-ის უმრავლესობით. მეორე პარლამენტის დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში შევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“3/4-ის უმრავლესობა დღევანდელ “ქართული ოცნების” უკვე აღარ ჰყავს და მის ახლავე ამოქმედებას ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, ვინც უმრავლესობაში არ არის, მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერენ. თანაც, თუ მიიღო 2/3-ის უმრავლესობა, რაც ასევე ძალიან საეჭვოა, რადგან დღევნდელი უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ მხარს უჭერენ პროპორციულ სისტემას, ეჭვი მეპარება 2/3 მიიღოს. თუ ეს უმრავლესობა ვერ მიიღო, ჩავარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამაზე, სადაც არ ვიცით როგორი იქნება ძალთა განაწილება, მაგრამ მოლოდინი და პროგნოზები ისეთია, რომ ვერცერთ პარტიას ვერ ექნება არა კონსტიტუციური უმრავლესობა, არამედ საპარლამენტო უმრავლესობაც კი, ამიტომ ამის პერსპექტივა ძალიან დაბალია. ვინც ამის გაკეთებას აპირებს, ამას კარგად უნდა ხვდებოდეს. ამას აქვს დემონსტრაციის სახე - „თქვენ პროპორციული გინდათ? მაშინ მოვითხოვთ მთლიანად მაჟორიტარულს”, - დაასკვნის ვახტანგ ხმალაძე.

„ამ საკითხის განხილვა არასერიოზულია. ეს არის პოლიტიკური თამაშები. ყველას ყელში ამოუვიდა, ხალხსაც და მეც, ამ საარჩევნო სისტემებზე უსაგნო დისკუსია. სულ სხვა საკითხებია მნიშვენლოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ იყო ეს განაცხადი, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ხელმოწერილი ინიციატივა შემოვიდა. ოთხი თვის განმავლობაში მათი თავგადაკლული ლიდერები მოსახლეობას არწმუნებდნენ იმაში, რომ ეს არის საქართველოს გადარჩენა, უცებ აღმოჩნდა, რომ არ არის გადარჩენა. პროპორციული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგიონული წარმომადგენლობა იქნას უზურნველყოფილი; ვთავაზობდი ასეთ მექანიზმებს და პრინციპებს. ის, რაც დღეს ხდება, არის არასერიოზული. ამ დისკუსიაში არ შევალ. კომპეტენტური მსჯელობისთვის არ ხდება ეს. მეტი მომზადება სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც ამაზე მსჯელობს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარე”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ჟორჟოლიანი.

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლება შეეცდება მოახდინოს პროვოცირება და ამაზე შეთქმულების თეორია ააგოს”

“25 ნოემბერს პარლამენტთან დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციების შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რევოლუციური სცენარით მოვლენები ვერ განვითარდება, რადგან ამის რესურსი დღეს არ არსებობს, თანაც, მსგავსი სცენარი ხელისუფლების ინტერესში უფროა, ვიდრე ოპოზიციის. “ამ სცენარის წინაპირობას ვერ ვხედავ, თუმცა, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება მოახდინოს პროვოცირება და ამაზე შემდეგ შეთქმულების თეორია ააგოს. ბუნებრივია, ეს ხელისუფლების ინტერესებში უფროა, ვიდრე პროტესტის, რომ ასეთი შეფუთვა მოხდეს. რევოლუციური სცენარი დღეს ობიექტურად არ განიხილება, სუბიექტურად - ვინ რა კუდებს გამოაბამს, არ ვიცი”, - განუცხადა “რეზონანსს” ხუხაშვილმა. ოპოზიციამ აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა გააცნო - 25 ნოემბერს პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა. ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამართვა ლეგიტიმურია მანამ სანამ კანონის ჩარჩოებს არ გასცდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხუხაშვილი ამბობს, რომ რევოლუციის პროვოცირება ხელისუფლების ინტერესშია.

“ქუჩის მოძრაობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ხელისუფლება სხვა სივრცეს, პოლიტიკური მოლაპარაკებების სივრცეს, არ უტოვებს და ფაქტობრივად, ოპოზიციის ნაწილს აიძულებს, რომ ასეთი ტიპის, ქუჩის დღის წესრიგით იმოქმედოს. იმედს ვიქონიებ, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაჯდება. ეს არის პოლიტიკური ურთიერთოებებისა და გემოვნების საკითხი - ვინ, რა და როგორ. მთავარია ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ეს არის ლეგიტიმური პროტესტის ფორმა, სანამ არ იქნება გადაკვეთილი წითელი ხაზები. ოპოზიცია წარმოგვიდგენია ერთიანი სისტემა, რაც ასე არ არის. ოპოზიცია სინამდვილეში არის ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვა ტაქტიკის მომხრე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში შესაძლოა ორი ახალი ფრაქცია შეიქმნას. ფრაქციების შექმნას უმრავლესობიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური ცალ-ცალკე აპირებენ. არსებული ინფორმაციით, ზვიად ძიძიგური კონსულტაციებს უმრავლესობაში მყოფ დეპუტატებთანაც მართავს. ჩუგოშვილი კი, ფრაქციის შექმნას იმ დეპუტატებთან ერთად აპირებს, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები გასულ კვირაში პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შესახებ პირველი არხი წერს. ფრაქციის შექმნისთვის, რეგლამენტით ექვსი დეპუტატია საჭირო. ცნობისათვის, გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასავლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრაზე ჩაგდება გახდა. ამ დეპუტატებს შორის არიან თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო და ზვიად ძიძიგური, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ფაქტია, რომ რღვევის პროცესი მიდის. ეს გასაგებიც არის. თუ შუბლის ძარღვი გაქვს ადამიანს, უხეში გადაგდების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი ასეთ სისტემებში აღარ უნდა რჩებოდეს. ვის რა პესპექტივა აქვს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი”, - დასძენს ხუხაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო