ფიონა ჰილი - პუტინმა 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს უთხრა:  „შენი დასავლელი მოკავშირეები ბევრს გპირდებიან და არ ასრულებენ, მე გემუქრები და ვასრულებ“

ჩვენ საქართველოს და უკრაინას ბევრ რამეს დავპირდით, და არ შევასრულეთ, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ფიონა ჰილმა გააკეთა.

ჰილი აშშ-ს კონგრესის დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, ჰილმა აღნიშნულ გამოკითხვაზე 2008 წელსა და რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე ისაუბრა.

"2008 წელს რუსეთი ასევე თავს დაესხა საქართველოს. მე მაშინ ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ვიყავი და ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტით მთავრობის მაღალ წრეებს ვაფრთხილებდით, რომ გვჯეროდა, არსებობდა რეალური კონფლიქტის რისკი რუსეთსა და საქართველს შორის და უფრო მეტიც, ჩვენ ასევე გვჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას დასხმოდა თავს. ეს 2008 წელს მოხდა, როცა ორივეს, საქართველოს და უკრაინას სურდა ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება და რუსეთი მათ ღიად ემუქრებოდა, რომ თუ გააგრძელებდნენ ნატო-ში წევრობის მოთხოვნას, ეს უშედეგოდ არ ჩაივლიდა", - განაცხადა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა.

ფიონა ჰილმა 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტსა და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის საუბარი გაიხსენა და იქვე დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთის გამოცდას ცდილობს.

"საქართველოზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ნათლად უთხრა (და ეს მე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მითხრეს): „შენი დასავლელი მოკავშირეები, შენი დასავლელი პარტნიორები ბევრს გპირდებიან და არ ასრულებენ, მე გემუქრები და მე ვასრულებ… ჩვენ საქართველოს და უკრაინას ამ პერიოდში ბევრ რამეს დავპირდით, და არ შევასრულეთ. პუტინი ყოველთვის ეძებს რაიმე ნიშანს იმისას, რომ ჩვენ არ შევასრულებთ დაპირებებს, რომელიც გავეცით, რადგან ის ყოველთვის შეასრულებს მუქარას და ის ასეც მოიქცა. ის 2008 წელს უკრაინას დაემუქრა, და 2014 წელს, როცა უკრაინა შეეცადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასრულებას, ის მათ [უკრაინელებს] თავს დაესხა. თუმცა, მთელი ეს პერიოდი ემუქრებოდა", - განაცხადა ჰილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს