ეკონომიკის სამინისტრო ლევან კობერიძეს პასუხობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული უწყება და მისი ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის მხრიდან არაერთხელ გახდა უსაფუძვლო კრიტიკის საფუძველი.

„საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთხელ იქცა დეპუტატ ლევან კობერიძის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის კრიტიკის საფუძველი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე მოვისმინეთ არათანამიმდევრული და სიმართლეს მოკლებული დეზინფორმაცია - ბატონმა დეპუტატმა ჯერ აღნიშნული სქემის ამოქმედებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში დაგვადანაშაულა, შემდეგ პოზიცია 180 გრადუსით შეცვალა და პირიქით, უმოქმედობაში დაგვდო ბრალი. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადგილი აქვს დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

დარწმუნებულები ვართ, მოსახლეობისთვის ნათელია, რომ დეპუტატს მხოლოდ პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს და არა ბიზნესის მხარდაჭერის სურვილი. თუმცა, ამის მიუხედავად, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნული საკითხი უკეთ განვმარტოთ:

საკრედიტო-საგარანტიო სქემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც კომპლექსური პროექტია და ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს იმ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად.

აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს სსიპ „აწარმოე საქართველოში.“ სწორედ ნათია თურნავას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მოსვლის შემდეგ დაჩქარდა მოლაპარაკება კომერციულ ბანკებთან, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს სააგენტოსა და 12 წამყვან ბანკს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. ამჟამად ინფორმაციის გაცვლის ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც სატესტო რეჟიმში გაეშვება.

პარალელურად, როგორც მინისტრმა, ასევე სამინისტროს სხვა პასუხისმგებელმა პირებმა გამართეს არაერთი საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი უპირატესობები გააცნეს.

ამდენად, პირიქით, მივმართავთ ბატონ დეპუტატს, თუკი მას აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, რომლებმაც შეიძლება საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლონ, მოგვწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვუწოდებთ მას, სანამ საჯარო განცხადებებს გააკეთებს და ჩვენი საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას გაავრცელებს, მოგვმართოს თუნდაც სადეპუტატო შეკითხვით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ჩვენ მას მივაწვდით სრულ ინფორმაციას ჩვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე”, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის პროექტი არ ამუშავდა, ეს ან ხელოვნური საბოტაჟია ან სამოხელეო დაუდევრობა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტით მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის გააქტიურება შეეძლო, თუმცა მთავრობამ ის ჩააგდო, რაც კობერიძის შეფასებით, შესაძლოა, მიზანმიმართულად მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა