კახა კალაძე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე - შეიძლება, რაღაც საკითხებზე შეთანხმება მოხდეს

ის, რომ შეხვედრა იქნება, არის კარგი და მისასალმებელი, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გარკვეულ კრიტიკას გამოხატავენ და აქციებს აწყობენ, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება.

კალაძის თქმით, ის მიესალმება პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას.

„მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ და გამიჭირდება სიღრმეებში შევიდე, თუმცა, რასაც ვისმენდი იყო ის, რომ კონსტიტუციის ცვლილების გარეშე შეუძლებელია „გერმანულ მოდელზე“ გადასვლა. ალბათ, ხვალ ამაზე იქნება მსჯელობა, თუმცა დეტალები არ ვიცი. შეიძლება მოხდეს შეთანხმება რაღაც საკითხებზე”,- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას აქციების პარალელურ რეჟიმში მუშაობა, კალაძემ განაცხადა, რომ ყველანაირი დესტრუქციული ქმედება პირველ რიგში აზიანებს ქვეყანას.

„პოლიტიკის კეთება უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში. ხელისუფლება, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება - არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისთვის პროექტებს და ეს არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ მუშაობა. ბევრია პრობლემა, ბევრია გამოწვევა. რადგან მე დედაქალაქის მერი ვარ, ამ შემთხვევაში ვისაუბრებ თბილისზე - ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ღირსეულად გადავლახოთ ის გამოწვევები, რომლებიც აწუხებს თბილისს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა