აჭარაში, ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა იგეგმება

აჭარაში, ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ხეობაში 2020 წლიდან დაიწყება, რაც, როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, მთიან აჭარაში ახალი, საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კონკრეტულად რა პოტენციალი გააჩნია ჭვანის ხეობას და რა პროექტების განხორციელება იგეგმება მაღალმთიან აჭარაში - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე ესაუბრა.

- რა პოტენციალი გააჩნია ჭვანის ხეობას და რა პროექტების განხორციელება იგეგმება?

- ჭვანის ხეობას აქვს გამორჩეული ტურისტული პროდუქტები და პოტენციალი. ის მდიდარია, როგორც კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა მაგალითად ციხეები, თაღოვანი ხიდები, ასევე ბუნებრივი რესურსებით და უნიკალური, სახასიათო ფოლკლორით. მათ შორის აღსანიშნავია ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი, რომელიც თავისი უნიკალური ვიზუალით თითქმის სამასი წელია ამშვენებს ხეობას.

იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი გავხადოთ ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი, დავიწყეთ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობა თითოეულ მუნიციპალიტეტში. ჭვანის ხეობაც გახლავთ სწორედ იმ ერთ-ერთ ახალ მიმართულებას შორის, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე, ჩვენ მოვახდინეთ ჭვანის ხეობის ტურისტული პოტენციალის შესწავლა თავისი მიმდებარე ტერიტორიებით და გარდამავალი ბილიკებით, რომელშიც იგულისხმება მთა ჯვარიმინდორი, გომის მთაზე გადასასვლელი ლოკაციები, ასევე ქობულეთში და ხულოს მუნიციპალიტეტში გადამავალი ბილიკები. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ შეგვექმნა მიზიდულობის ცენტრი. ამიტომ შევარჩიეთ ერთი ადგილი, რომელიც მოიცავს ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდიდან ე.წ. წისქვილების სოფლამდე არსებულ ტერიტორიას და შევქმენით ამ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმა.

- კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმა?

- გეგმა გულისხმობს როგორც ბილიკის დაგეგმვას ტურისტებისათვის, ასევე ბუნებაში სპეციალური თავშესაფრებისა და გასართობი ატრაქციონების მოწყობას, ე.წ. წისქვილების სოფლის მოდერნიზებას, საფესტივალო სივრცის, კლდეზე დაკიდებული სასტუმროს მოწყობას, რომელიც საინტერესო იქნება ექსტრემალებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. აღნიშნული კონცეფციის მომზადება დასრულდა. მომავალი წლიდან დავიწყებთ საინჟინრო ნაწილის და პირველი სამი ინფრასტრუქტურული პროექტის არქიტექტურული ნაწილის დამზადებას, პროექტების მომზადებასა და შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტაციის და მშენებლობის შესყიდვას.

რაც შეეხება წისქვილების სოფელს, ეს გახლავთ მდინარის პირას თავმოყრილი წისქვილები, სადაც დღემდე ხდება წყლის წისქვილებზე სიმინდის დაფქვა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ამას გამოვიყენებთ როგორც ტურისტულ პროდუქტს და მას მოვარგებთ ტურისტულ მომსახურებას. ასევე იგეგმება ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე სერვისების განვითარებას. ასევე გათვალისწინებული გვაქვს საოჯახო ტიპის სახლების განვითარება. ამიტომაც განაშენიანების რეგულირების გეგმაში, რაც ამ ადგილისთვის მოვამზადეთ, ღამისთევის ობიექტები არ არის გათვალისწინებული. ვფიქრობთ, ამით კერძო მეწარმეების განვითარებას შევუწყოთ ხელი და საოჯახო ტიპის სახლები განვავითაროთ, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ადგილობრივებთან და მათ ყოფა-ცხოვრებასაც უფრო ახლოს გაეცნონ.

- რა სეგმენტისთვის იქნება გათვლილი და რას შესთავაზებთ ტურისტებს, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური ტურები?

- შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურების ორგანიზება. ჩვენ სპეციალურად მოვამზადეთ კონცეფცია ისე, რომ ამ ადგილის გამტარუნარიანობა ყოფილიყო მაღალი, ამიტომაც დავუკავშირეთ სხვადასხვა ბილიკები და ტურისტული პროდუქტები ჭვანის ხეობის ამ კონკრეტულ ადგილს. ეს არის ადგილი, რომელიც საინტერესოა როგორც სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, ასევე ბუნებაში მშვიდი, წყნარი ეკოტურისტული ბილიკების მოყვარულთათვის. ჩვენ გვაქვს როგორც მარტივი ტურისტული, ასევე სათავგადასავლო და ექსტრემალური ჯგუფებისთვის გამოყოფილი ტურისტული პროდუქტები. ასევე, გვაქვს გარდამავალი მარშრუტები, რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა ბილიკებს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, რაც ორ-სამ დღიანი საინტერესო ტურისტული მარშრუტების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ აქ უკვე ჩავატარეთ საინფორმაციო გაცნობითი ტურები, პირველი ნაწილი იყო გიდებისთვის და ტურისტული სააგენტოებისთვის. შედეგად კი ჭვანის ხეობის მიმართულება უკვე გამოჩნდა აღნიშნული სააგენტოების შეთავაზებებში.

- როდის დასრულდება თქვენ მიერ დაგეგმილი პროექტები?

- პროექტი არის მასშტაბური, დაიწყება შემდეგ წელს და ეტაპობრივად, 2-3 წლის ფარგლებში დასრულდება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კონცეფციით გათვალისწინებული პროექტებიდან სამი პროექტი: მთიანი ტერიტორიის საინჟინრო ნაწილის მოწყობა, ბილიკები და ექსტრემალური კაფსულების დაკიდება-მონტაჟი მოხდეს მომავალ წელს. შესაბამისად, მომავალი წლიდან ტურისტებს უკვე შეეძლებათ გარკვეული ტიპის სერვისებით სარგებლობა, რომელიც კონცეფციითაა გათვალისწინებული. თუმცა ჭვანის ხეობის ტურისტული პროდუქტებით სარგებლობა ტურისტებს ახლაც შეუძლიათ.

- როგორც აღნიშნეთ, აჭარისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა სეზონურობა. იქნება თუ არა ჭვანის ხეობა ტურისტებისთვის სეზონური?

- ჭვანის ხეობა გათვლილი იქნება ყველა სეზონზე, ძირითადად სამ სეზონზე, თუმცა ზამთრის პერიოდშიც შესაძლებელია იქ ყოფნა. სამი სეზონი სრულად იქნება დატვირთული. მთავარი პლიუსი, რაც ჭვანის ხეობას აქვს არის ის, რომ ქალაქთან ახლოს მდებარეობს, ბათუმიდან დაახლოებით ერთი საათია საჭირო ადგილზე მისასვლელად.

- რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, თუ გამოირჩევა ამ მხრივ ჭვანის ხეობა?

- დიახ, ჭვანის ხეობა გამორჩეულია ამ მხრივაც. ის ცნობილია თაფლით, მჭადით და იმ აჭარული კერძებით, როგორიცაა მაგალითად ბორანო, თუმცა სახასიათოა ჭვანის თაფლი. თქვენ იცით, რომ ელექტრო წისქვილებია შემოსული უკვე ყველგან, მაგრამ ჭვანის ხეობა იყენებს წყლის წისქვილს და შესაბამისად, ძალიან გემრიელია იქაური სიმინდისგან დამზადებული კერძები.

- აღნიშნული პროექტების განხორციელება შეუწყობს თუ არა ხელს აჭარაში ტურიზმის განვითარებას?

- ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირება. ტურიზმი აჭარაში ერთ-ერთი წამყვანი, მზარდი მამოძრავებელი ძალაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში ჩამოსული ტურისტი უფრო დიდხანს დარჩეს ჩვენთან და იმოგზაუროს მაღალმთიან აჭარაში. ჩვენი მთიანი რეგიონი ძალიან საინტერესო მიმართულებაა ეკოტურიზმის მოყვარულთათვის, რადგან აჭარის ტერიტორიის 13% ეროვნულ პარკებს, დაცულ ტერიტორიებს, ხოლო 67% ტყეს უჭირავს. ეს კი გვაძლევს საშუალებას, რომ მოვახდინოთ ამ ბილიკების ტურისტებისთვის მოწყობა და დამატებითი პროდუქტების შექმნა მთაში, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივების კეთილდღეობების გაუმჯობესებას მაღალმთიან აჭარაში და ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ მთაში ვიზიტორთა რაოდენობა მზარდია და 2018 წლის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით 124%-ით იყო ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილი. ჩვენ წელსაც მზარდი სტატისტიკა გვაქვს მაღალმთიან აჭარაში და ზოგადად, აჭარაში ჩამოსული ვიზიტორების 17% უკვე მოგზაურობს მთიან აჭარაში. ვფიქრობთ, რომ სეზონურობის დაძლევაში დაგვეხმარება ის მდიდარი პოტენციალი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს აჭარაში აქვს განსხვავებული. ის განსხვავებული პროდუქტები, რომელიც მაღალმთიან აჭარას აქვს, გახლავთ სწორედ ის ძირითადი კომპონენტები, რომელიც ჩვენს რეგიონს მთელი წლის განმავლობაში საინტერესოს ხდის ტურისტებისთვის.

მარიამ ციცქიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა