გიგი უგულავა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრის ფორმატს ეხმაურება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრის ფორმატს ეხმაურება. როგორც უგულავა განმარტავს, მათ დღესაც დააყენეს სამოქალაქო აქტივისტთა წარმომადგენლის ჩართვის საკითხი, რასაც „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა.

აღნიშნულ საკითხზე უგულავა „ფეისბუქში“ წერს, რასაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, ბევრი კითხვა ისმის შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით - „საიდან გაჩნდა კაკო ასათიანი". ფორმატი „ქოცებმა“ შესთავაზეს ელჩებს. ალბათ ორი მიზეზით 1. ელჩები აწვებოდნენ და რაღაც უნდა ექნათ 2. "თემა დახურულია" - განაცხადეს და აბა ოპოზიციას ხომ არ შეხვდებოდნენ. ამიტომ მოიგონეს ეს პარლამენტის სპიკერების ფორმატი. (დათო ბაქრაძე არ არის თბილისში და გიგა ბოკერიამ ჩაანაცვლა). მერე უცბად აღმოაჩინეს, რომ ენმ „მოტეხეს“ შეხვედრიდან. იფიქრეს, იფიქრეს და ენმ-ს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი დაამატეს (გეგონება ეს რაღაც მარადიული სტატუსია). ამასობაში კაკო ასათიანიც იპოვეს და დაპირდნენ დასაპირებელს. ცალკე ინაშვილი დაადგა იქედან თოფით - თქვენ ვის გაუბედეთ „მოტეხვაო“, ოღონდ, ჰოი საოცრებავ, ირმა ჩვენსკენაა. ასე წვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა ეს ფორმატი. ჩვენ გუშინ ღამემდე და დღესაც დავაყენეთ სამოქალაქო აქტივისტთა წარმომადგენლის ჩართვის საკითხი, რაც სწორი მოსაზრებაა, მაგრამ „ქოცებმა“ ფეხები გაფშიკეს. მოკლედ, ამაყი და ამპარტავანი „ქოცები“ თავს იტყუებენ და იწყნარებენ, რომ ქუჩის აქციას კი არ ხვდებიან, არამედ ელჩების თხოვნით, პარლამენტის სპიკერებს და როგორც გამოჩნდა ვიცე-სპიკერებს (ვოლსკიც ამაყად იმზირება). იკითხავთ ეს ხომ მასხარაობაა. ნამდვილად! უკეთესი იქნებოდა „ქოცებს“ შინაარსზე დაეხარჯათ ამდენი დრო და ენერგია, ვიდრე ამ სცენის დადგმაზე და გათამაშებაზე. მეტიც, ეს ყველაფერი იმიტომ გაითამაშეს, რომ ჩვენ მაგიდა აგვეყირავებინა და „შეგვტენოდა“ ჩაშლა. აი აქ კი აფეთქდნენ „ქოცები“ თავისსავე ნაღმზე. ამ პარლამენტის სპიკერთა კოჰორტამ ერთი რამ მაინც იცის კარგად, როგორ არ შეიტენოს და პირიქით, აქეთ გატენოს მოლაპარაკებების ჩაშლა. ამდენად, უშედეგოდ თუ დასრულდა „ქოცები“ გადაგდების სპირალის შემდეგ წრეზე ავლენ - ელჩებსაც გადააგდებენ. ჩვენ კი კანონპოექტს მაინც გავაგზავნით ოდირსა და ვენეციის კომისიაში. ასე, რომ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით“, - წერს გიგი უგულავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო