გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან

თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი გრძელვადიანი პროექტები არა ერთწლიანი, არამედ ხუთწლიანი ბიუჯეტებით უნდა იყოს დაკანონებული, რათა დედაქალაქის მთავრობის ცვლილებით არ მოხდეს ამ პროექტებისადმი მიდგომის შეცვლაც.

ასეთი ინიციატივით „მენაშენთა ასიციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი გამოდის, რომლის აზრით, დედაქალაქს მიმდინარე, ყოველწლიურ ბიუჯეტთან ერთად, გრძელვადიანი, თუნდაც 5–წლიანი ბიუჯეტიც უნდა ჰქონდეს.

დავუშვათ, დიდი მშენებლობა დაიწყო ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ, ან ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მიმდინარეობს კიდეც. ეს პროექტი მოკლე ვადებში ვერ ჩაეტევა და იმ შემთხვევაში, თუ ქალაქი სხვა მერს აირჩევს, მისთვის სავალდებულო უნდა იყოს წინამორბედი ადმინისტრაციის მიერ დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა. მსგავსი პროექტების დასრულების ვალდებულება სწორედ 5წლიანი ბიუჯეტებით უნდა იყოს დაკანონებული. არსებულ შემთხვევაში, როდესაც იცვლება დედაქალაქის ადმინისტრაცია, იცვლება მიმდინარე პროექტებისადმი მიდგომებიც. მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი. პროექტი ცუდია თუ კარგი, ის დამტკიცებულია, თუმცა ახლა გაჩერებულია. ოდესმე რომ შეიცვალოს ხელისუფლება, მხოლოდ მაშინ უნდა განახლდეს ის პროექტი?, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს მაგალითად „ჩინეთის დიდი კედელი“ მოაქვს: იმპერატორები სხვადასხვა დროს ერთმანეთთან უსასტიკეს ბრძოლებში იყვნენ ჩართული, მაგრამ 800 წლის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა ჩინეთის კედლის მშენებლობა. ანუ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო იმპერატორი, მთავარი იყო ის, რომ ჩინეთს ამ სტრატეგიული კედლის მშენებლობა სჭირდებოდა.

შესაბამისად, ირაკლი როსტომაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისის სტრატეგიული პროექტები 5–წლიანი ბიუჯეტით უნდა იყოს დაკანონებული. ანუ, თბილისის ბიუჯეტი უნდა განისაზღვროს როგორც ერთი წლით, ისე, პირობითად, 5–წლიანი ვადით.

გრძელვადიანი ბიუჯეტი ერთგვარი მყარი პროგნოზია ბიზნესისთვისაც. მაგალითად, თუ ვიცი, რომ შემოვლითი რკინიგზა ამა და ამ ვადებში გაკეთდება, ესა თუ ის ზონები ჩემთვის საინტერესო ხდება. მაგრამ, მე რომ ამ ზონებში პროექტები დავიწყო და შემდეგ მოვიდეს სხვა მენეჯმენტი და პროექტი აღარ გააგრძელოს, ჩემი ბიზნესი კოლაფსისთვისაა განწირული, – განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.

გარდა ამისა, გრძელვადიანი ბიუჯეტირების უპირატესობა ისიცაა, რომ საინვესტიციო გარემოს აუმჯობესებს. დღეს, ერთწლიანი ბიუჯეტების პირობებში, კომპანიების უმეტესობა ისეთ პროექტებს კიდებს ხელს, რომელთა დასრულებაც დედაქალაქის არსებული ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდშია შესაძლებელი. გრძელვადიან პროექტებში ინვესტირებას კი ყველა ერიდება, რაც ბაზარზე არასტაბილურობას ქმნის. შესაბამისად, მენაშენეების აზრით, აუცილებელია თბილისის განვითარების სტრატეგია როგორც ერთწლიანი, ისე გრძელვადიანი ბიუჯეტით დაკანონდეს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო