ახალი შესაძლებლობა საცალოდ ვაჭრობის სფეროთი დაინტერესებულთათვის - საქართველოში ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამა იწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, პარიზის ბიზნესის სკოლასთან თანამშრომლობით (ISC PARIS BUSINESS SCHOOL), საქართველოში ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამის მოდულების სასერტიფიკატო პროგრამა იწყება. კურსი 4 თვიანია და ჯამური ღირებულება 2 000 ევროს შეადგენს. ის საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით 2020 წლის თებერვლიდან იწყება.

სასერტიფიკატო პროგრამა საქართველოში უპრეცედენტო პირობით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროგრამა მოქნილია და გადასამზადებელი კანდიდატების პროფესიულ საჭიროებას ერგება.

კონკრეტულად ვისთვის არის აღნიშნული პროგრამა, რა შესაძლებლობებს მისცემს ის სტუდენტებს და რატომ შეირჩა საქართველო მის განსახორციელებლად - ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე Ambebi.ge პარიზის ბიზნესის სკოლის დეკანს, პროფესორ ჩარლზ ბერგერს ესაუბრა.

სტატისტიკურად საცალოდ ვაჭრობის ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში, თუმცა აქამდე ამ მიმართულებით არ ყოფილა პროგრამების მრავალფეროვნება, რომლებიც საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს გადაამზადებდა. ამ მხრივ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროგრამა რომლის განხორციელებაც გსურთ საქართველოში?

პროგრამა ჩვენთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. საცალოდ ვაჭრობის ბიზნესი იზრდება და იცვლება კიდეც. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, რომ საცალოდ ვაჭრობა ისეთივე აღარ არის, როგორიც ის 10 წლის წინ იყო. სწორედ ამიტომ ხდება საჭირო კადრების გადამზადებაც. ჩვენი მიზანია, შევავსოთ ის დანაკლისი, რომელიც კომპანიებს მაღალკვალიფიცური საშუალო რგოლის მენეჯერებისა და მაღაზიის მენეჯერების ძიების დროს ექმნებათ. ჩვენ გვაქვს ამ საკითხის სიღრმისეული ცოდნა, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანას ვუზიარებთ და აღნიშნული სირთულის დაძლევაში ვეხმარებით. საცალოდ ვაჭრობის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამა უკვე არაერთ ქვეყანაში განვახორციელეთ და მოხარული ვარ, რომ ამჯერად საქართველოს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.

რომელ ქვეყნებში ახორციელებთ საცალო ვაჭრობის პროგრამას?

პროგრამა უკვე განვახორციელეთ მსოფლიოს 5 ქვეყანაში. საქართველოს შემდეგ, ინდოეთსა და ტუნისში ვგეგმავთ პროგრამის ჩატარებას.

რატომ აირჩიეთ ჩვენი ქვეყანა აღნიშნული პროგრამის დასანერგად ?

ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რადგან გვსურდა, რომ პარტნიორობა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში გაგვევითარებინა. ამ რეგიონში საქართველო კარგი არჩევანია, რადგან ამ ქვეყანაში ბიზნესი სწრაფად ვითარდება. ქვეყნისთვის საცალოდ ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ გაქვთ ღვინო და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები. ამასთანავე, საქართველო არის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა ტურისტებისთვის და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის მოსახლეობას.

ვისთვის არის აღნიშნული პროგრამა განკუთვნილი? ვის შეუძლია მასზე დარეგისტრირება?

ეს განათლების გარკვეული საფეხურია. თუმცა პროგრამის გასავლელად უმაღლესი განათლება აუცილებელი არა არის. არ გვაქვს არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა. ღია ვართ ნებისმიერი მოტივირებული ადამიანისთვის, რომელსაც სურს, რომ საცალოდ ვაჭრობის სფეროში წარმატებული იყოს.

ატომ არის ეს პროგრამა საინტერესო ქართველი სტუდენტებისთვის?

ჩვენ გვაქვს მტკიცე პარტნიორობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პროგრამის სასწავლო კურსებს პარიზის ბიზნესის სკოლის ფრანგი ლექტორები გაუძღვებიან, რომლებსაც საცალო ვაჭრობაში საფუძვლიანი ცოდნა და ამ სფეროსთვის აუცილებელი სპეციფიკური უნარები აქვთ. ყურადღება უნდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ პროგრამა ზედაპირულად არ არის შედგენილი, ის შექმნილია კომპანიების მოთხოვნების შესაბამისად.

რითი არის პარიზის ბიზნესის სკოლა გამორჩეული ?

პარიზის ბიზნესის სკოლა ნამდვილად გამორჩეულია საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემაში, ის 60 წლისაა და ამ ხნის მანძილზე ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ორი საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად. ერთი არის AACSB და მეორე AMBA-ს აკრედიტაცია. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ამ კლუბის წევრები გავხდით. გარდა ამისა, ამ სფეროში ძალიან დიდი ცოდნა გვაქვს იქიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაშია ძირითადი საცალო ვაჭრობის კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო დონეზეც მთავარი მოთამაშეები არიან. ასევე გვაქვს კარგი ფრენჩაიზი საცალო ვაჭრობაში, შესაბამისად, კარგად გვესმის საცალოდ ვაჭრობის საჭიროებები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ქართული ბაზრისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა