„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას

კომპანიის შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის შეთანხმება შედგა. „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. "ჯიპიაიში" აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთგვარი განაცხადია - ევროპელი აქციონერები წლებია მოუწოდებენ ქართულ მენეჯმენტს განვითარება სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით განაგრძოს.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ ჩვენს ძირითად ბიზნესზე - სადაზღვევო საქმიანობაზე და განვავითაროთ ის მიმართულებები, რაც ამ ბიზნესს უკავშირდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, რადგან ახალი მფლობელის შერჩევის პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი ინვესტორი ყოფილიყო ძლიერი პარტნიორი, რომელიც ღირსეულად გადაიბარებს დაწყებულ საქმეს და იქნება საიმედო როგორც ჩვენთვის, ისე „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომლებისთვის.“

მისი განცხადებით, ამ ბიზნესიდან გასვლის მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი მოტივაცია, ეს ბიზნესი ახალი ინვესტორისთვის გადაგვებარებინა იმდენად დიდი იყო, რომ დავთანხმდით გარიგების თანხას, რომელიც ჩადებულ ინვესტიციას ვერ იღებს. დასაწყისიდანვე ჩვენ არ ვუყურებდით ამ მიმართულების განვითარებას, როგორც მხოლოდ მოგების გენერირების საშუალებას, უფრო მეტიც - ჰოსპიტალური კლინიკების მშენებლობა მაშინდელი ბაზრის კონიუნქტურის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენ დავყევით, რომ შეგვენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია და ინვესტიციაც ამ მიზნით განვახორციელეთ.“

„ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაარსდა. მისი ქსელი 17 კლინიკას აერთიანებს საქართველოს 5 რეგიონში, რომელთა მშენებლობა 2010-2011 წლებში განხორციელდა: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. კლინიკების მშენებლობასა და განვითარებაში 2010-2011 წ.წ. ათეულობთ მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდა.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი 2011 წელს დავაფუძნეთ. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ღირებულება იყო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსახლეობისთვის რეგიონებში. ვამაყობთ, რომ დღეს ჯეო ჰოსპიტალსი გამორჩეული კლინიკების ქსელია და პაციენტების 95% კმაყოფილია მისი მომსახურებით. ჩვენი როგორც სადაზღვევო კომპანიისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება.

რაც შეეხება ჯიპიაი ჰოლდინგის ამ განაცხადს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი აქციონერის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ როლი ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სადაზღვევო მიმართულება უნდა იყოს. გვიხარია, რომ ამ ნაბიჯითაც ვხდებით ევროპული ბიზნესის მაგალითები ქართულ ბაზარზე!“

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სადაზღვევო ბიზნესის სხვა სფეროებისგან გამოყოფას და მთავარ საქმიანობაზე ორიენტირებას მიიჩნევს. ინვესტორები ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდისთვის დიდ პოტენციალს, მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილებისა და ბაზარზე რეფორმების გაგრძელებაში ხედავენ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამართლებრივი მხარდამჭერი ამ გარიგების განხორციელებაში „ბიდიო ლეგალი“ იყო.

***

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს