სპორტის კომიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდული პოლიტიკის საპარლამენტო კონცეფციის დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს ახალგაზრდული საკოორდინაციო ჯგუფის (UNFPA, UNDP, UNIDO, UNICEF, ILO), ახალგაზრდობის სააგენტოსა და PITA-ს (USAID, UNAG) მხარდაჭერით, ახალგაზრდული პოლიტიკის საპარლამენტო კონცეფციის დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.

„საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული ახალგაზრდული პოლიტიკა კი, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან თემას ფარავს და ხელს უწყობს ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლის პროცესს, განუზომლად ზრდის ახალგაზრდების პოტენციალს. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს დამტკიცებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა 2020 წელს ამოიწურება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეიმუშავოს ახალგაზრდული პოლიტიკის საპარლამენტო კონცეფცია, რომლის მიზნებიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, მდგარდი განვითარების (SDG) მიზნებსა და გაეროს ახალგაზრდული სტრატეგიის 2030 პრიორიტეტულ მიმართულებებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდული პოლიტიკის საპარლამენტო კონცეფციის მომზადების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს „ახალგაზრდებისთვის“ და „ახალგაზრდებთან ერთად“, რაც გულისხმობს დოკუმენტის მომზადების პროცესში მათ უშუალო ჩართულობას და მონაწილეობას.

„აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში (გორი, მარნეული, დუშეთი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, მესტია, ბათუმი) უკვე ჩატარდა ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრები დიალოგის ფორმატში.

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა 130 ახალგაზრდამ მიიღო თბილისიდან, მცხეთიდან და რუსთავიდან. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ 19-29 წლის ახალგაზრდები. შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიული მეთოდით, გაეროს ახალგაზრდული საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ექსპერტების უშუალოდ ჩართულობით, სადაც ყველა მონაწილეს მიეცა საშუალება, საკუთარი შეხედულებები და იდეები თანატოლებისთვის გაეზიარებინა.

ახალგაზრდების მოსაზრებები შეჯერდება და სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საფუძვლად დაედება საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის საპარლამენტო კონცეფციას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კონცეფცია არის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. კონცეფციას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ამტკიცებს. კონცეფციის დოკუმენტი მოიცავს პრობლემების იდენტიფიცირებას, ხედვას, პრინციპებსა და სექტორულ პრიორიტეტებს და ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ საჭიროებებს, რის საფუძველზეც მთავრობამ შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმები უნდა შეიმუშავოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს