ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის

პარიზში, „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში მაკრონისა და მერკელის მონაწილეობით პუტინი-ზელენსკის პირველი შეხვედრის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციათა მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, პარიზში, „ნორმანდიულ ფორმატში“ მაკრონისა და მერკელის მონაწილეობით დასრულდა პუტინი-ზელენსკის პირველი შეხვედრა. გაკეთდა განცხადებები. თქვენ როგორ შეაფასებდით პუტინი-ზელენსკის პირველი შეხვედრის შედეგებს?

- შესაძლოა, უკრაინისთვის პარიზში შეხვედრა უფრო ცუდადაც დასრულებულიყო. შეიძლება გადაკვეთილიყო ის წითელი ხაზები, რომლის წინააღმდეგაც პარიზში დაგეგმილი შეხვედრის წინ კიევში აქციები გაიმართა.

აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტისაგან მოითხოვდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უკრაინის მიერ კონტროლის აღდგენას, საზღვარზე კონტროლის აღდგენამდე საუბარი არ უნდა ყოფილიყო დონბასში არჩევნების ჩატარებაზე. კიევს არ უნდა მიეღო „შტაინმაიერის ფორმულა“, რომელიც დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრას და ფედერალიზაციის სასარგებლოდ უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

შესაძლოა უკრაინისთვის პარიზში შეხვედრა უფრო ცუდადაც დასრულებულიყო

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ე.წ. წითელი ხაზები უკრაინულ მხარეს არ გადაულახავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთობლივ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს „შტაინმაიერის ფორმულის“ იმპლემენტაცია.

მეტიც, პრეზიდენტმა პუტინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინის კონსტიტუციაში დონბასის სტატუსი მუდმივ საფუძველზე და არა დროებით უნდა იყოს განსაზღრული. ანუ, თუ პუტინი მანამდე დონბასის დროებით სტატუსზე საუბრობდა, ახლა ისაუბრა დონბასის მუდმივ სტატუსზე და იმაზე, რომ დროა, ამ საკითხის განსახორციელებლად კიევმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

თუ პუტინი მანამდე დონბასის დროებით სტატუსზე საუბრობდა, ახლა ისაუბრა დონბასის მუდმივ სტატუსზე და იმაზე, რომ დროა, ამ საკითხის განსახორციელებლად კიევმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას

- შეხვედრის შედეგებზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათვამია, რომ 2020 წლის მარტამდე უკრაინის სამი რეგიონიდან უნდა იყვნენ გაყვანილი ძალები, მაგრამ არ ზუსტდება ვისი სამხედრო ძალები უნდა გაიყვანონ უკრაინის თუ რუსეთის?

- მხარეები შეთახმდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე. 2015 წლის თებერვალში მხარეებს შორის მიღწეული იყო შეთანხმება მინსკის შეთანხმების რეალიზაციის შესახებ.

მასში საუბრი იყო ყველა მიმართულებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრს საუბრობდნენ ამ შეხვედრამდე და ამ შეხვედრაზეც, პარიზში შეხვედრის მიმდინარეობისას უკრაინული ძალების სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

ჩემი აზრით, შეთანხმებაში საუბარია იმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს ყველა ფრონტზე. ამ პოზიციის დაფიქსირებით უკრაინულ მხარეს სურდა დაეფიქსირებინა მისი მზაობა პროცესების მშვიდობიანად განვითარებაზე. ვიდრე შეთანხმების პირველი პუნქტი - ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ შესრულდება, საუბარს სხვა პუნქტების შესრულებაზე აზრიც არ აქვს.

ვიდრე შეთანხმების პირველი პუნქტი - ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ შესრულდება, საუბარს სხვა პუნქტების შესრულებაზე აზრიც არ აქვს

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პარიზში გამართული შეხვედრის შედეგები შეიძლება ასე შეჯამდეს - მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რაც ადრე იქნა შეთანხმებული.

შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ უნდა შეძლოს ამ პირველი პუნქტის შესრულებაზე ზრუნვა და მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ვიდრე იგი არ შესრულდება, კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური ასპექტები არც უნდა იხილებოდეს.

ანუ, ვიდრე კიევი რუსეთ-უკრაინის საზღვრის მონაკეთზე კონტროლს არ აღადგენს, კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ასპექტებზე საუბარი უადგილოა.

ტყვეების პრინციპით „ყველა ყველაზე“ გაცვლის მიღწეული შეთანხმება არის ის ყველაზე კარგი პუნქტი, რაზეც მხარეები პარიზში შეთანხმდნენ. ვფიქრობ, ამ შეთანხმების განხორციელებას უნდა მოანდომოს უკრაინის ხელისუფლებამ შემდეგი ოთხი თვე.

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პარიზში გამართული შეხვედრის შედეგები შეიძლება ასე შეჯამდეს - მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რაც ადრე იქნა შეთანხმებული

- რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კონტროლის აღდგენა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური თემაა, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ ამაზე მოსკოვი კატეგორიულ უარს ამბობს...

- ჩემი აზრით, „შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მისი მიღების შემთხვევაში უკრაინის სუვერენიტეტი დაირღვევა. ასეა, ვინაიდან მასში საუბარია დონბასის ტერიტორიაზე არჩევნების მანამდე ჩატარებაზე, ვიდრე კიევს არ ექნება აღდგენილი თავისი კონტროლი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის ფედერალიზაციის შემთხვევაში დონბასის სტატუსზე, იგი, რა თქმა უნდა, უკრაინის ნაწილია, მაგრამ ვითარებაში, როცა კონფლიქტურ ზონაში არჩევნების მანამდე ჩატარებაზეა საუბარი, ვიდრე კიევი ამ ტერიტორიებს არ აკონტროლებს, როგორც მინიმუმ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას ნიშნავს.

ის, რასაც მოსკოვი კიევისგან ითხოვს კონფლიქტის ზონაში არა მხოლოდ წყალქვეშა დინებებისთვის ხელის შეწყობაა, არამედ დონბასში ტროას ცხენის შემოყვანაზე თანხმობის მიცემაა.

ის, რასაც მოსკოვი კიევისგან ითხოვს კონფლიქტის ზონაში არა მხოლოდ წყალქვეშა დინებებისთვის ხელის შეწყობაა, არამედ დონბასში ტროას ცხენის შემოყვანაზე თანხმობის მიცემაა

„შტაინმაიერის ფორმულა“ ტროას ცხენის საშუალებით უკრაინის კონსტიტუციაში დონბასის სტატუსის მუდმივ საფუძველზე დაფიქსირებას ითვალისწინებს, რაც, ფაქტობრივად, შემდგომ დონბასზე კიევის სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს.

- უნდა ითქვას, რომ პარიზის შეხვედრაზე პუტინი და ზელენსკი „შტაინმაიერის ფორმულაზე“ საკმაოდ თავშეკავებულადაც კი საუბრობდნენ, განსაკუთრებით ეს ზელენსკის ეხება. თქვენი აზრით, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმ აქციებს, რაც პარიზის შეხვედრამდე კიევში დაიწყო. კიევის აქციებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქეები, ასევე ისინი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში.

ეს აქციები არ იყო პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პარიზში პრეზიდენტ პუტინს უნდა შეხვედროდა, კიევში და უკრაიონის რეგიონებში დაიწყო რუსეთთან მიმართებაში უკრაინის კაპიტულაციის წინააღმდეგ მოძრაობა.

უკრაინაში დაწყებული ანტიკაპიტულანტური აქციების მიზანი იყო პრეზიდენტ ზელენსკის პარისზში არ მიეღო დონბასის კონფლქიტის მოგვარების „შტაინმაიერის ფორმულა“. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიგონა კაპიტულაციის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის ორგანიზატორების ხმა.

უკრაინაში დაწყებული ანტიკაპიტულანტური აქციების მიზანი იყო პრეზიდენტ ზელენსკის პარიზში არ მიეღო დონბასის კონფლიქტის მოგვარების „შტაინმაიერის ფორმულა“. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიგონა კაპიტულაციის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის ორგანიზატორების ხმა

მე იმედი მაქვს, რომ იგი მომავალშიც გაითვალისწინებს იმ პოზიციებს, რომელსაც პრეზიდენტისგან უკრაინული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს.

თავის დროზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო პუტინის შეთავაზება „შტაინმაიერის ფორმულასთან“ დაკავშირებით. მაშინ მისი პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ „შტაინმეიერის ფორმულის“ გარეშე შეუძლებელი იყო მშვიდობის მიღწევა.

„შტაინმაიერის ფორმულა“ ითვალსიწინებს არა მხოლოდ დონბასში არსებული კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას, არამედ იმასაც, რომ კიევს თავად მოუწევს თქვას უარი დონბასზე თავის სუვერენიტეტზე. ეს კი ქვეყნის ტერიტორულ მთლიანობაზე უარის თქმას ნიშნავს. „შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინისთვის ძალიან დიდი საფრთხე გახლავთ.

- შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ახლა აცნობიერებს უკრაინისთვის „შტაინმაიერის ფორმულის“ საფრთხეს?

- ვფიქრობ, რომ არა, ვერ აცნობიერებს. ვიდრე ზელენსკი დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნების შესაძლებლობას უშვებს, ეს უკვეა შეცდომა, ვინაიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე საუბარი წარმოუდგენელია და რაც მთავარია, ეწინააღმდეგება უკრაინის სუვერენიტეტს და არ პასუხობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს.

პარიზის ერთობლივ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და რომ სწორედ რუსეთის გამოა კონფლიქტი დონბასში. ეს ისაა, რის გამოც პუტინი კმაყოფილი უნდა იყოს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინი საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა და მხოლოდ მაშინ აღელდა, როცა ჟურნალისტებმა მას ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაზე ჰკითხეს.

პარიზის ერთობლივ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და რომ სწორედ რუსეთის გამოა კონფლიქტი დონბასში

პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ პუტინის სიმშვიდე კარგის მომასწავებელი არ უნდა იყოს. წარმოუდგენელია ვივარაუდოთ, რომ პუტინი მხარს უჭერდეს უკრაინაში დაწყებულ მოძრაობას რუსეთის წინაშე უკრაინის კაპიტულაციის წინააღმდეგ.

ის, რომ პარიზის შეხვედრის ერთობლივ განცხადებაში რუსეთი არაა მოხსენიებული აგრესორ ქვეყნად, ეს მის გამარჯვებად და უკრაინასთან მიმართებაში გადადგმულ პირველ წარმატებულ შედეგად აღიქმება.

- პარიზის შეხვედრამდე პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა - პარიზის სამიტის შედეგებზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. შესაძლოა, მიღებულ იქნას არანაირი ვალდებულებების შემცველი დოკუმენტი“.

რადგან პარიზის შეხვედრამდე კრემლში ამგვარი განწყობა იყო, თქვენი აზრით, პარიზის შეხვედრაზე პუტინმა რატომ უფრო კატეგორიულად და მკაფიოდ არ მოითხოვა „შტაინმაიერის ფორმულის“ იმპლემენტაციაზე კიევისაგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა?

- შეხვედრამდე ვვარაუდობდი, რომ უკრაინის საკითხზე მერკელის პოზიცია ნეიტრალური იქნებოდა, მაკრონის პოზიცია კი უფრო ნეიტრალურ-უარყოფითი უკრაინისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, მერკელის პოზიცია ნეიტრალური სულაც არ ყოფილა. შესაძლოა, ამას ხელი შეუწყო ბერლინში რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობამ.

ვერც მაკრონის პოზიცია იქნებოდა მაინცდამაინც ნეიტრალურ-უარყოფითი უკრაინისთვის, ვინაიდან შეხვედრამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ალპებში რუსული სამხედრო დაზვერვის ბაზა არსებოდა, რასაც ქვეყნის საზოგადოებაში უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. როგორც ჩანს, ეს გარემოებები უკრაინას წაადგა.

ყოველ შემთხვევაში მერკელმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებები საკმაოდ მყიფეა და მათ შესრულებაზე საუბრისას ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. კარგად გამოჩნდა, რომ მერკელის ეს განცხადებები პუტინს აშკარად არ მოეწონა.

საკმაოდ კარგად გამოჩნდა, რომ ყველაფრიდან გამომდინარე, პარიზის შეხვედრა სულაც არ გამართულა პუტინის სცენარით და ისე, როგორც მას უნდოდა.

საკმაოდ კარგად გამოჩნდა, რომ ყველაფრიდან გამომდინარე, პარიზის შეხვედრა სულაც არ გამართულა პუტინის სცენარით და ისე, როგორც მას უნდოდა

როგორც ჩანს, „ნორმანდიული ფორმატის“ მონაწილეებმა საკმაო დრო დაუთმეს დისკუსიას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კონტროლის აღდგენაზე. რაც შეეხება თავად ერთობლივ განცხადებას, დიახ, იგი იურიდიულად არც ერთ მხარეს არაფერს ავალდებულებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ უკრაინა არ დათანხმდება იმ დათმობებს, რასაც „შტაინმაიერის ფორმულა“ თვალისწინებს და რაც ეწინააღმდეგება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოების ინტერესებს.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პარიზის შეხვედრის შემდეგ, კიევში და უკრაინის რეგიონებში დაწყებული ანტიკაპიტულანტური მოძრაობის შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი მაინც შეეცდება უკრაინის რადაში ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ გატანას?

- თუ ზელისკიმ მოინდომა უკრაინის რადაში „შტაინმაიერის ფორმულის“ გატანა, ეს მისი მხრიდან დიდი შეცდომა იქნება. ასე იმის გამო ვფიქრობ, რომ რამდენადაც ვიცი მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციაში საკმაოდ ბევრი დეპუტატია, ვისთვისაც „შტაინმაიერის ფორმულა“ მიუღებელია.

ჩემი დაკვირვებით, უკრაინის რადაში დღეისათვის შეუძლებელია 300 დეპუტატის მხარდაჭერის მიღება იმისათის, რომ რადამ „შთაინმაიერის ფორმულა“ მიიღოს. თუ ზელენსკიმ ეს ნაბიჯი გადადგა, ის იმისთვისაც უნდა იყოს მზად, რომ პრეზიდენტის მხრიდან „შტაინმაიერის ფორმულის“ მხარდაჭერა ქვეყანაში სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს და ვითარება შესაძლოა უკიდურესადაც კი დაიძაბოს.

ამის გათვალისწინებით არა ვარ დაწმუნებული, რომ პარიზის შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის თავად სურდეს რადაში „შტაინმაიერის ფორმულის“ კენჭისყრაზე დაყენება.

არა ვარ დაწმუნებული, რომ პარიზის შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის თავად სურდეს რადაში „შტაინმაიერის ფორმულის“ კენჭისყრაზე დაყენება

ჩემი აზრით, მაკრონისა და მერკელის მონაწილეობით პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რათა დაარწმუნოს ჩვენი დასავლელ პარტნიორები იმაში, რომ კიევი მზადაა კონფლიქტი მშვიდობიანად იყოს მოგვარებული და რეალურად შესრულდეს მინსკისა და მათ შორის პარიზის შეთანხმების პირველი პუნქტი დონბასის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

- ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი სავარაუდოდ 22%-თაა დაწეული, მაგრამ თუ კრემლმა კიევზე ზეწოლა ისევ ვითარების უკიდურესად დაძაბვით მოახდინა, - არადა მშვიდობის შესარჩუნება მისი მთავარი დაპირებაა, - ასეთ ვითარებაში შეიძლება ზელენსკიმ მაინც გადაწყვიტოს „შტაინმაიერის ფორმულის“ რადაში გატანა?

- კარგია, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარდა, პარიზში მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთთან გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიოს.

რუსეთთან მშვიდობის გზა არა „შტაინმაიერის ფორმულაზე“, უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე, ქვეყნის ფედერალიზაციაზე, არამედ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციაზე, ცეცხლის რეალურ შეწყვეტასა და ოკუპირებული ტერიტორიების რეალურ დეოკუპაციაზე გადის.

რუსეთთან მშვიდობის გზა არა „შტაინმაიერის ფორმულაზე“, უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე, ქვეყნის ფედერალიზაციაზე, არამედ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციაზე, ცეცხლის რეალურ შეწყვეტასა და ოკუპირებული ტერიტორიების რეალურ დეოკუპაციაზე გადის

ეს კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კიევი მკაფიო და ეფექტურ დაბიჯებს გადადგამს რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასაკონტროლებლად.

- გაქვთ იმის იმედი, რომ პარიზში პუტინთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი სწორედ ამგვარი პოლიტიკის გატარებას შეეცდება?

- დიახ, ამის იმედი მაქვს. ამგვარი იმედის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ დღევანდელ რადაში შეუძლებელია „შტაინმაიერის ფორმულის“ საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირება. გარდა ამისა, გააქტიურებული ანტიკაპიტულანტური მოძრაობის ფონზე ქვეყნის ხელისუფლება ქვეყნის საწინაღმდეგო ნაბიჯების გადადგმაზე ვერ წავა.

დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი პუტინთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის და გააცნობიერებს, რომ თუ მას სურს ქვეყნის ინტერესებს ემსახუროს, მასთან რამე შეთანხმებების მიღწევას აზრი არ აქვს.

სამწუხაროდ, ასეა თუნდაც იმის გამო, რომ რაზეც არ უნდა შეუთანხმდეს პუტინი უკრაინის ხელმძღვანელობას, იგი მათ მაინც არ შეასრულებს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი