ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიშიგამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ინვესტიციების ზრდის ფონზე ქვეყანაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება საერთაშორისო დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის დახვეწა. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში მიიჩნევენ, რომ ინვესტიციების ზრდის ფონზე აუცილებელია არბიტრაჟისა და მედიაციის როლის გაძლიერება, რისთვისაც ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკა პროცედურებიდან გამომდინარე მყისიერ შედეგს ვერ აჩვენებს, ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში საარბიტრაჟო დავების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. ქვეყანაში არბიტრაჟის განვითარების პერსპექტივებზე, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი, ბექა ინჯია გვესაუბრება.

- რა როლი აქვს არბიტრაჟისა და მედიაციის ინსტიტუტების წარმატებით ფუნქციონირებას, ქვეყნის მიმართ ინვესტორთა ნდობის კუთხით?

- ინვესტორები გაცილებით სერიოზულად უყურებენ ქვეყანას, როდესაც აქვთ მყარი გარანტია იმისა, რომ არსებობს სანდო და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმი. მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს. ფაქტია, რომ სასამართლოს გადატვირთულობა პრობლემაა თითქმის ყველა ქვეყანაში, შესაბამისად ბიზნეს-დავების გადაწყვეტა დროში იწელება, დრო კი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია ბიზნესის კეთების პროცესში. უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობა ჩვენთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს არბიტრაჟის ინსტიტუტის გაძლიერებაზე. დაიხვეწა კანონი, დიდწილად ამაღლდა ცნობადობა, უკვე შემოსულია დავების გარკვეული რაოდენობაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ აქტივობების შედეგები მყისიერი ვერ იქნება, რადგან საარბიტრაჟო შეთანხმება თითოეულ ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს და პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესის ინფორმირება და კერძო სექტრორის ნდობის მოპოვებაა, რასაც ამ ეტაპზე დიდი ძალისხმევით ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

- საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ფუნქცია გარდა კონკრეტული დავების გადაწყვეტისა, ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებაცაა, რა გეგმები გაქვთ 2020 წლისთვის ამ კუთხით?

- ამ ეტაპზე აქტიურად ვართ ჩართული ქვეყანაში საარბიტრაჟო გარემოს გაუმჯობესების პროექტებში და დისკუსიებში. მონაწილეობას ვიღებთ, არბიტრთა ასოციაციის ორგანიზებით გამართლ ღონისძიებებში, რაც დაკავშირებულია საქართველოში არბიტრაჟის მიმართულებით აქტუალური თემების განხილვასთან, როგორიცაა, სამომხმარებლო არბიტრაჟი რეგულირება, უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოს პრაქტიკაში, ე.წ. AD hoc არბიტრაჟი საქართველოში. ქვეყნის შიგნით მომავალ წელს კვლავ სისტემატურად მოვახდენთ სექტორულ ბიზნესთან შეხვედრებს არბიტრაჟის შესახებ ცნობადობის ამაღლების და მისი უფრო აქტიურად გამოყენების ხელშეწყობის მიზნით. იგეგმება, საარბიტრაჟო საბჭოს შემადგენლობის გაფართოება, ასევე შიდა საქმიანობისა და ყოველდღიური ფუნქციების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით ვაპირებთ გარკვეული სიახლეების დანერგვას. ასევე, ინტენსიურად გავაგრძელებთ საგანმანათლებლო პროექტების განხორცილებას ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

- რა იგეგმება მედიაციის კომპონენტის დანერგვის ნაწილში?

- თითქმის დასრულებულია მუშაობა მედიაციის წესებზე, რომლის მიღების შემდეგაც შევძლებთ კომერციული მედიაციის პლატფორმის ამოქმედებას ჩვენს ცენტრში.

აქტიურად ვაგრძელებთ მუშობას ჩვენს მიერ წამოწყებული შეხვედრების ციკლის ე.წ. “GIAC TALK“-ის მიმართულებით, რაც გულისხმობს ქვეყნის გარეთ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას. ეს ეხება როგორც მედიაციას, ასევე არბიტრაჟს. მომავლ წელს ვგეგმავთ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ასეთი ღონისძიებების გამართვას, რის მიზანსაც ჩვენი საარბიტრაჟო ცენტრისა და ზოგადად ქვეყნის, ბიზნეს- დავების გადაწყვეტის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება წარმოადგენს.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო