საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაგრძელდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ასევე, გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებსა და საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზეა საუბარი.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„11 წელი გავიდა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან. მისი გამოძახილი დღესაც სახეზეა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის სახით, რასაც მძიმე შედეგები აქვს როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით.

რუსეთის ფედერაცია კვლავ უხეშად არღვევს ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის the UN Charter, Helsinki Final Act and the Ceasefire Agreement as of August 12, 2008. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, ხშირია რუსეთის მიერ უკანონო სამხედრო წვრთნების ჩატარების ფაქტები, მატულობს უკონტროლო შეიარაღება. რუსეთის მხრიდან აღნიშნული აგრესიული ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს სტაბილურობას, არამედ ასევე შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას.

ამასთან, ყოველივე ეს უფრო მეტად ამძიმებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასა და საცხოვრებელ პირობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი სახლები ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა, რომელთაც დღესაც არ აქვთ ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოდ დაბრუნების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლება.

უფრო მეტიც, რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პროცესი და აგრესიული ქმედებები კვლავ გრძელდება, რასაც მოწმობს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტისპირა სოფლებში მავთულხლართების გაბმის განგრძობითი პროცესი, რასაც საქართველოს ტერიტორიების ფრაგმენტულად მიტაცება, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობისა და ტერიტორიის პერმანენტული გახლეჩვა მოჰყვება.

ცალკე აღმაშფოთებელია საოკუპაციო გამყოფი ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების სისტემატური გატაცების ფაქტები, მათ შორის ა/წ 9 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გატაცებული ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 3 კვირაზე მეტია ცხინვალის ციხეში იმყოფება. აქვე აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოება, რომ უმძიმესი მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპატიმრო დაწესებულებებში, ირღვევა პატიმართა უფლებები.

აღსანიშნავია წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის არაერთი ფაქტიც, მათ შორის ახალგორში დავით ბაშარულის გარდაცვალების, გალში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის, ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტი. ყველა ეს შემთხვევა დღემდე არ არის გამოძიებული და დამნაშავეები დაუსჯელები არიან. გატაცებისა და დანაშაულის სხვა ფაქტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს.

პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, რაც დამატებით ბარიერებს ქმნის მოსახლეობისთვის სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების თვალსაზრისითაც. ორ თვეზე მეტია, ჩაკეტილია გადასასვლელი ახალგორში, რაც მკაცრ იზოლაციაში ამყოფებს ადგილობრივ მოსახლეობას და, უპირველეს ყოვლისა, უზღუდავს გადაუდებელი ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველებისთვის შეზღუდულია ქართულ ენაზე განათლების მიღება, იხურება ქართულენოვანი სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. ამასთან, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში მათ ასევე ეზღუდებათ მშობლიურ რაიონში ცხოვრების უფლება. მიმდინარეობს მოსახლეობის რუსიფიკაციის პროცესი.

ყოველივე თქმულის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, რომ: დააფიქსირონ პრინციპული პოზიცია და გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის, მისი ტერიტორიების ოკუპაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეუსრულებელი ვალდებულებების გამო;გაგრძელდეს და გაძლიერდეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა;

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებათა კომისარსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას, ყველა მექანიზმის გამოყენებით ხელი შეუწყონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფ გათავისუფლებას, ასევე გააძლიერონ პრევენციული ზომები მომავალში მსგავსი ფაქტების აღკვეთისათვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს