ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს - გამოძიების ახალი დეტალები

“ამ ჭაობს ივანიშვილი მხოლოდ 2-3 თვე შეინარჩუნებს” - კახა კუკავა

“რატომ მართავს “ქართული ოცნება” 14 დეკემბერს დიდ აქციას

* * *

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს - გამოძიების ახალი დეტალები

“მოზარდების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. სანდო წყაროს ინფორმაციით გამოძიება ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ სხვა პირებზეც მუშაობს და შესაძლოა უახლოეს პერიოდში მათი პასუხისგებაში მიცემაც მოხდეს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ გორის გარდა დაკავებები სამტრედიასა და თბილისშიც მოხდეს. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით ევროპოლის მიერ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ სქემაში გორის და თბილისის გარდა, შესაძლოა, სხვა ქალაქის მცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული. კონკრეტულად კი ქართველ კოლეგებს ევროპელი გამომძიებლები 6 საეჭვო ფოტოზე უთითებენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. ფოტოების დეტალური შესწავლის შედეგად, ერთ-ერთ საეჭვო ადგილად ევროპოლი სამტრედიას და იქ მდებარე ორ ფოტოსტუდიას ასახელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს - გამოძიების ახალი დეტალები.

“სტუდიების “დიადემის” და “ბლეკსტარ სტუდიოს” მფლობელები “რუსთავი 2”-თან საუბარში ადასტურებენ, რომ მშობლებს ფოტოსესიებში მონაწილეობისთვის შვილები მიჰყავთ. სალონ “დიადემას” დამფუძნებლის განცხადებით, 13-14 წლის გოგონებს მშობლები სურათებს სხვადასხვა ფორმაში ხშირად უღებენ, თუმცა ბავშვთა პორნოგრაფიასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. კიდევ ერთი ადგილი, რომელზეც ევროპოლი მიუთითებს და რომელიც შს სამინისტროს ჯერ ისევ გასაიდუმლოვებული აქვს, მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა. კვინსლენდის პოლიციის თანამშრომლის წერილზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რაც ქმნის საფუძველს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე არასრულწოვანის მშობელი მიეცეს. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დეკემბერში დაკავებული 11 პირიდან მძიმე ბრალდებას არც ერთი არ აღიარებს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან პორნოგრაფიაში გაუცნობიერებლად ჩართული არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის ხელშეწყობას ედავება. სწორედ ამ პედაგოგთან ცხოვრობდა ამერიკის მოქალაქე მასწავლებელი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბავშვების მშობლებს იბირებდა, რათა თანხის სანაცვლოდ მათი შვილებისთვის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეო გადეღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“18-ტომიან საქმეზე გამოძიება 3 თვეზე მეტია გრძელდება, ჯერ კიდევ 19 სექტემბერს შსს-მ ამავე ბრალდებით 9 პირი და ორი ფოტოგრაფი - ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქე დააკავა. ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტოვიდეო მასალას თბილისში 2 ფოტოსალონში მზადდებოდა. ასევე დაკავებულია ბინის მეპატრონე, რომელსაც ამერიკის და ავსტრიის მოქალაქეებისთვის სახლი ჰქონდა მიქირავებული. მაშინაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ფაქტზე მხილებული 11 მოქალაქე იყო, რომელთგან 8 გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გორის პოლიციამ დაკავების ღონისძიება 3 სოფელში ჩაატარა. სამივე სოფელი გვერდიგვერდ მდებარეობს. დაკავებულები არიან და-ძმები, სიძე, დები, ყოფილი ქმარი და ა.შ. შსს-ს ცნობით, ამ სქემის გასაშიფრად ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ჯამში ამ ფაქტზე სექტემბერსა და დეკემბერში უწყებამ სულ 22 პირი დააკავა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასეა საჭირო. შენ რომ წარმატებული ფოტომოდელი გახდე, უნდა გაიხადო კიდეც. ფოტო გადავიღოთ, ოღონდ დედიკოს არ უთხრა. ეს იყოს ჩვენი პატარა საიდუმლო... სულ ორჯერ გავიხადე წელს ზევით, მერე შემრცხვა და უარი ვუთხარი”, - “რადიო თავისუფლებას” “ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე” დაკავებული ქალის ადვოკატი, ნიკოლოზ წულეისკირი, ბრალდებულის შვილის, 12 წლის გოგოს ჩვენების შინაარსს ყვება. ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა შინაარსის ფოტოებს უღებდა მის შვილს აშშ-ის მოქალაქე, რასაც ბავშვის ჩვენებაც ადასტურებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სერვის ცენტრის ინფორმაციით, პორნოგრაფიის საქმეში 16 მოზარდი ფიგურირებს. სოცმუშაკები და ფსიქოლოგები მათ მდგომარეობას სწავლობენ. საქმეზე დაკავებულ 22-ივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. წინასასამართლო სხდომები 6 და 20 იანვარს გაიმართება”, - დასძენს გამოცემა.

„რეზონანსი“ სოფლის და სკოლის დასახელებისგან თავს შეგნებულად იკავებს, რადგანაც საქმე არასრუწლოვნებს ეხება. სასამართლო სხდომაც დახურლ რეჟიმში წარიმართა და მასზე ჟურნალსიტებს დასწრების უფლება არ მიეცა. სასამართლომ ბრალდებულები 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების ოჯახის წევრები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ამერიკის მოქალაქემ მშობლებიც და პედაგოგიც მოატყუა. მათი მტკიცებით სამივე სოფელში იცოდნენ, რომ ამერიკელი მასწავლებელი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ამაში საეჭვო მათთვის არაფერი ყოფილა. არასრუწლოვნის ბებია, რომლის რძალი და შვილიც ახალ დააკავეს, აცხადებს, რომ მშობლებს სჯეროდათ, მათი შვილის ფოტოები ამერიკულ ჟურნალში იბეჭდებოდა. მისი ინფორმაციით, ბავშვი ამბობს, რომ ფოტოებს მას საზაფხულო ტანსაცმელში უღებდნენ და მშობლებმა ეჭვი ვერაფერზე აიღეს. ბებია აცახდებს, რომ მისი შვილი და რძალი პოლიციასთან სექტემბრიდან თანამშრომლობდნენ და ერთ-ერთი მორიგი დაკითხვისას ცოლ-ქმარი დააკავეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეჭვი არავის აუღია, რა ხდებოდა. მთელმა სამმა სოფელმა იცოდა, რომ ეს კაცი ფოტოგრაფი იყო. ამაში არავის ეჭვი არ ეპარებოდა. ჩემს შვილს და რძალს დააჯერა, რომ მათი შვილის ფოტოები ამერიკულ ჟურნალში იბეჭდებოდა. რა პორნოგრფაია, ბავშვი ამბობს, რომ საზაფხულო ტანსაცმელში გვიღებდნენო. არანაირი ეჭვი, ამ კაცმა ყველა მოატყუა. განათლების სამინისტრო მოატყუა, რომ მასწავლებელი იყო. მაშინ ასეთ კაცს სკოლაში რა უნდოდა? ამას რატომ არავინ არკვევთ, ვისი მეშვეობით მოხვდა ის სკოლაში. ამდენი ხალხი ჩაითრია და ამხელა უბედურება დაგვატყდა. ბავშვი ტირის - დედას და მამას ციხეში რა უნდაო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი არასრუწლოვანის ბებია.

“ამ ჭაობს ივანიშვილი მხოლოდ 2-3 თვე შეინარჩუნებს” - კახა კუკავა

“ე.წ. გერმანული მოდელი მისაღებია, მაგრამ პანაცეა არ არის, მზად ვართ ივანიშვილი დარჩეს ამ პროცესებში მონაწილედ, აიღოს 30%, დანარჩენი 70%-ს აიღებს სხვა პოლიტიკური ძალები, ეს არის დღეს ხელისუფლებისთვის კარგი გამოსავალი” - ასე ეხმაურება “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ამ ჭაობს ივანიშვილი მხოლოდ 2-3 თვე შეინარჩუნებს” - კახა კუკავა.

“ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, შეიქმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი, მეორე, საერთაშორისო საზოგადოების მეტად ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში. მესამე ფაქტორი არის, თუმცა ნული პროცენტი, ხელისუფლებას ტვინი გაეხსნას, მეოთხე, ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლა. ე.წ. გერმანული მოდელი მისაღებია, მაგრამ პანაცეა არ არის, მზად ვართ ივანიშვილი დარჩეს ამ პროცესების მონაწილედ, აიღოს ის 30%, დანარჩენი 70%-ს აიღებს სხვა პოლიტიკური ძალები. ეს არის კარგი გამოსავალი ხელისუფლებისთვის, რომელიც დღეს მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაშია. ლითონის მაღალი ჯებირებით ალყაშემორტყმული, ბიუჯეტი 31 წუთში დაამტკიცა, ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერება, მხოლოდ პირადი წყენის გამო უნდა. პარტია ეშლება, რადგან დეპუტატები ყოველდღე ტოვებენ უმრავლესობას. ანუ ხელისუფლება დღეს სრულიად დისკრედიტირებული და გაკოტრებულია. დარჩენილია იმის იმედად, რომ 100 ათასი კაცი ქუჩაში არ დგას, მაგრამ ყველა მაინც ფეხებზე ჰკიდია მედიაც, არასამათვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. შეიძლება ეს ჭაობი 2-3 თვე შეინარჩუნოს, მაგრამ როცა 100 ათასი კაცი მართლაც გამოვა ქუჩაში, მერე გვიან იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“ბევრი ხალხის გამოსვლის ამის ალბათობა ძალიან დიდია და მთლიანად დაკარგავს ძალაუფლებას, დიალოგი გავამართოთო, აღარავინ შესთავაზებს და არც ეს სრულიად სამარცხვინო კონტრაქციები უშველის. მართალია, ივანიშვილი ია-ვარდით გზას უხსნის “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას ელაპარაკება, სხვებს არაფრად მიიჩნევს, ქმნის იმის ილუზიას, რომ ისინი არიან მთავარი მოთამაშეები, მაგრამ ჩვენი “თავისუფალი საქართველოს” ამოცანა არის შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და ამ პროექტის სლოგანი იქნება “არც “ქოცები” არც “ნაცები”, - დასძენს კახა კუკავა.

“რატომ მართავს “ქართული ოცნება” 14 დეკემბერს დიდ აქციას

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის მიერ დაანონსებული 14 დეკემბრის აქცია ოპოზიციამ ძალის დემონსტრირებად შეაფასა, მმართველი პარტია კი აქციას უბრალო შეკრებას უწოდებს და აცხადებს, რომ ის მხოლოდ საზეიმო ხასიათისაა, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას უკავშირდება. უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ დაანონსებული შეკრებაზე სამიტინგო განწყობები არ იქნება. ”მათ უნდათ, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, როგორც ერთი გარკვეული ნაბიჯი, იყოს ასე მასიურად აღნიშნული, დანარჩენს ვნახავთ 14 დეკემბერს. ამას სახელად კონტრაქცია არავითარ შემთხვევაში არ ჰქვია, იქ საუბარი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობაზე იქნება, როგორც ვიცი იქ არავითარი სამიტინგო განწყობილებები არ იქნება”, - აცხადებს იგი. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს შეკრება გასაკვირი არაა, რადგან ყველა პარტია შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ცდილობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რატომ მართავს “ქართული ოცნება” 14 დეკემბერს დიდ აქციას"

“ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს, ეს გასაკვირი არაა. მეეჭვება, რომ ამ შეკრებაზე რაიმე ინციდენტი ან პროვოკაცია იყოს, აქ რომ პარალელური აქციები იყოს, ერთმანეთთან დამთხვეული აქცია და კონტრაქცია, იქ შესაძლოა ინციდენტი იყოს, მაგრამ ესენი (მმართველი გუნდი) თავისთვის აქციებს გეგმავენ, მაშინ ისინი (ოპოზიცია) უნდა შეიკრიბონ და დაგეგმონ პროვოკაცია, ეს არც მომგებიანია და არც მოსალოდნელი, - ამბობს საყვარელიძე. პარლამენტარი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ დაგეგმილი აქციით ბიძინა ივანიშვილი წინასაახალწლო ზეიმს იწყობს, რისთვისაც ხალხი რეგიონებიდან იძულებით ჩამოჰყავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამით ივანიშვილმა წინასაახალწლო ზეიმი მოიწყო, მას უნდა პარლამენტში მოსამართლეების გაყვანა, პარლამენტიდან ნიკა მელიას გაშვება და ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება იზეიმოს, რის გამოც რაიონებიდან ათეულ ათასობით ადამიანი ჩამოჰყავს. ყველა სახელმწიფო მოხელეს აიძულებენ ამ შეკრებაზე ჩამოსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურებიდან დაითხოვენ. კეთდება სიები, თითოეულ სოფელს აქვს საკუთარი კვოტა, პატარა სოფლებიდან უნდა ჩამოიყვანონ ათი, ხოლო დიდი სოფლებიდან ოცი ადამიანი, შემდეგ ამას დამატებული დიდი ქალაქების საჯარო სამსახურში გაფორმებული “ქართული ოცნების” აქტივი, ამისთვის “ოცნების” შავი სალაროდან შავი ფული იხარჯება. სინამდვილეში ეს კონტრაქციაა საზოგადოების ამ აღშფოთების წინააღმდეგ და ძალის დემონსტრირება, რითაც იმის ჩვენება უნდათ, აი, რამდენი ვართო. სინამდვილეში ეს იქნება გაბრაზებული, შეურაცხყოფილი ხალხი, რომლებსაც ამ ყინვაში დააყენებენ, ეს ადამიანები კი თავიანთ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებში დააფიქსირებენ და ამით ხელისუფლებას მკაცრ პასუხს გასცემენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

“2012 წელს “ნაციონალური მოძრაობაც” ამის მსგავსად მოიქცა. 80 ათასი კაცი ჩამოიყვანა და აავსო დინამოს სტადიონი, აღირიცხებოდა რომელი სამინისტრო, რომელი რაიონის გამგეობა რომელ სექტორზე იყო განთავსებული. ასეა ახლაც და აფორმებენ ვითომ საქართველოს ევროსაბჭოს ექვსთვიან თავმჯდომარედ დანიშვნას. თავმჯდომარეობა ქვეყნებს რიგის მიხედვით უწევთ, ჩვენს შემდეგ იქნება გერმანია და თქვენ წარმოიდგინეთ, ანგელა მერკელმა ბერლინის ცენტრში, ასი ათასი კაცი რომ ჩამოიყვანოს რეგიონებიდან და იზეიმოს იმის გამო, რომ გერმანია იწყება გ-თი. ხელისუფლებას ხალხის სიმრავლის დემონსტრირებით რაიმე შედეგისთვის არ მიუღწევია, ქუჩაში გამოსული გულწრფელი ათასი ადამიანი უფრო რეალურად გამოხატავს განწყობილებას, ვიდრე 50 ათასი ძალით გამოყვანილი საჯარო მოხელე. ოპოზიცია ხუთი თვეა აქციებს მართავს და გააგრძელებს უსასრულოდ, სანამ შედეგს არ მიაღწევს. ხოლო რასაც ისინი მართავენ სინამდვილეში კონტრაქციაა, ჩვენი აქციები ჩვეულებრივად გაგრძელდება, ამჯერად აქცია იქნება ხუთშაბათს, სადაც გაპროტესტებული იქნება უზენაეს სასამართლოში კლანის დანიშვნა და ნიკა მელიას პარლამენტიდან გაძევების საკითხი”, - დასძენს გოცირიძე.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა