ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019

აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შეწყვეტს თუ არა სახელმწიფო ხელშეკრულებას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”

თავდასხმა ქართველ სამხედროებზე ავღანეთში - “თუკი ავღანეთიდან ამერიკული ჯარი გამოვა, ამას ქართული ჯარის გამოსვლაც მოჰყვება”

* * *

აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

“დავით გარეჯში 6 დეკემბერს მომხდარი სროლის და საქართველოს მოქალაქის დაჭრის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “რეზონანსს” სოფელ ლამბალოს მცხოვრებლები უყვებიან, რომ 26 წლის რამინ ნიზამი ოღლუ თავის არეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე დაჭრა. შემთხვევა სოფელ იორმუღანლოსთან დავით გარეჯიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. მათი თქმით, შელაპარაკების და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მესაზღვრემ მწყემსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თავის არეში დაჭრილი კი განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

“როგორც ჩანს, მწყემსსა და მესაზღვრეს შორის დავა საზღვრის გამო მოხდა. მწყემსები შეჩვეულები არიან და იციან კონკრეტული ადგილები, რომელიც საქართველოს წესით ეკუთვნის და მათ იქ ცხვრის გადევნის უფლება ჰქონდათ. ახლა ხომ ეს საზღვრების დადგენა მიდის თუ რა ხდება კაცმა არ იცის, ამაზე შელაპარაკებულან. მწყემსს უთქვამს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საზღვარს არ არღვევდა. ამაზე იჩხუბეს, მერე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადასულა და მესაზღვრეს თავში უსვრია. ახლი ვერსია მოიფიქრეს, რომ ვითომ თავს ძაღლები დაესხათ. შემთხვევა იორმუღანლოსკენ მოხდა”,-აცხადებს “რეზონანსთან” სოფელ ლამბალოს მცხოვრები. მწყემსის დაჭრის ფაქტს სოფელ ლამბალოს რწმუნებული მიხეიდარ ალიხანოვიც ადასტურებს. ის ამბობს, რომ დაჭრილი მწყემსის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ის ახლა განჯის საავადმყოფოში მკურნალობს. მასთან სანახავად კი მის მშობლები ჩავიდნენ. თუმცა საზღვარზე რეალურად რა მოხდა რწმუნებული ამბობს, რომ ამის შესახებ ზუსტად არაფერი იცის. ადგილობრივებისგან განსხვავებით კი აზერბაიჯანული მხარე და მედია შემთხვევის სრულიად სხვა ვერსიაზე საუბრობენ. აზერბაიჯანული გამოცემა წერს, რომ ინციდენტი ჯეირანჩოლის მახლობლად მოხდა, სადაც მწყემსმა ცხვრის ფარასთან ერთად საზღვრის გადაკვეთა სცადა, სადაც ის მესაზღვრეებმა შეაჩერეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აზერბაიჯანის სასაზღვრო დანაყოფმა ცხვრის ფარა ტერიტორიიდან გაიყვანა, რა დროსაც ფარის მცველი 10 ძაღლი მესაზღვრეებს თავს დაესხა. მათ კი თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლეს, თუმცა, გამაფრთხილებელმა გასროლამ შედეგი არ გამოიღო და მათ ძაღლებს დაუწყეს სროლა. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაიჭრა მწყემსიც - მესაზღვეებმა ის თავის ცხენთან ერთად მიწაზე დავარდნილი იპოვეს. აზერბაიჯანული მხარე კი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახენ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ორი მწყემსი ცდილობდა, რომელთაც თან ძაღლები ახლდათ. განცხადების მიხედვით, ძაღლები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დაესხნენ თავს, რა დროსაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს და ინციდენტისას შემთხვევით, ერთ-ერთი მწყემსი დაჭრეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ მას თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მწყემსის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის, საქართველოს მოქალაქე და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრია”,- წერია განცხადებაში. მომხდარს საქართველოს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. მათ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქე შემთხვევით დაშავდა და ამ ფაქტს იძიებენ. თუმცა შსს დამატებით არაფერს ამბობს თუ რა ვითარებაში, კონკრეტულად რა ადგილას დაჭრეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე მწყემსი. შსს-ს ცნობით, პაციენტი უკვე მოინახულეს შს სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. საქმეზე ასევე აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო”, - დასძენს გამოცემა.

შეწყვეტს თუ არა სახელმწიფო ხელშეკრულებას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”

“იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, მოიძებნება მისი ალტერნატივა, რაც შესაძლოა ფოთის პორტი იყოს. ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საუბრობს, თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ეკოლოგიური რისკებიც, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ გადაწყვეტილებამ გარემოს სერიოზული ზიანი მიაყენოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონსორციუმს ვალდებულებების, 400 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვისა და საკუთარი კაპიტალის შევსების საბოლოო ვადა წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ეწურება, თუმცა, “გადაწყვეტილება რომც მიღებული იყოს, შემდგომი ბედის განსაზღვრა დროში მაინც გაიწელება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა შეიძლება გახდეს ანაკლიის ალტერნატივა - შეწყვეტს თუ არა სახელმწიფო ხელშეკრულებას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”.

“ანაკლიის პორტის დანიშნულება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება არ არის. თუ ვსაუბრობთ მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურაზე, ალტერნატივის პოვნა შეიძლება არ იყოს რთული, გამომდინარე იმ თვითნაკადებიდან, რაც პერსპექტივაში მოსალოდნელია უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში. ეს ამოცანა გადაწყვეტადია, აქ პრობლემა არ არის. თუმცა, ანაკლიას უფრო სხვა მნიშვნელობა ჰქონდა - შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სერიოზული ინდუსტრიული ზონა განვითარებულიყო, რომელიც მოემსახურებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკურ აქტივობას, არა გადაზიდვების მიმართულებით, არამედ საწარმოო მიმართულებით”, - ამბობს ხუხაშვილი. “ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას, ჯავახაძე ამბობს, რომ ალტერნატივები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ალტერნატივებზე საუბარი გამართლებული არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ ეკონომიკურ ასპექტში ვისაუბრებთ და მხოლოდ გადაზიდვაზე, ამის ალტერნატივა არის, თუნდაც ჩრდილოეთი ნაწილი, ცნობილი 380 ჰექტარი, რომელიც დიდი ხანია გამოყოფილია რიონის დელტაში. შესაბამისი სტრუქტურის გაფართოება და იქ რაღაცის გაკეთება, შესაძლებელია. ფოთთან ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს, თუმცა, იქ არის გარკვეული რისკები, მათ შორის ეკოლოგიური, რადგან რიონის დელტაში ხდება სერიოზული დასილვა და ეს დასილვა რომ შეწყდეს, ერთ-ერთი ტოტი რიონის დელტაშია გადასაკეტი. ამან რა ეკოლოგიური საფრთხე შეიძლება შექმნას ფორთის პორტში, არ ვიცი. დროში ყველა შემთხვევაში გაიწელება, გადაწყვეტილება იქნება თუ არ იქნება მიღებული. გადაწყვეტილება რომც იყოს მიღებული, დროში მაინც გაიწელება შემდგომი ბედის განსაზღვრა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის შემდეგ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლებს და განხილვის პერიოდში, ბუნებრივია, ახალი ინტერესის გამოხატვის ინიცირების საშუალება ხელისუფლებას არ ექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა”. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის: “ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა”, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისათვის, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების, 400 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვისა და საკუთარი კაპიტალის შევსების საბოლოო ვადა, 31 დეკემბერს ეწურება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, ეს კონსორციუმისთვის ბოლო შანსი უნდა იყოს და გადავადება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. თავის მხრივ, კონსორციუმში ვადებზე საუბარს არაკონსტრუქციულს უწოდებენ და მთავრობას მოუწოდებენ, ყველაფერი გაკეთდეს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის”, - დასძენს გამოცემა.

თავდასხმა ქართველ სამხედროებზე ავღანეთში - “თუკი ავღანეთიდან ამერიკული ჯარი გამოვა, ამას ქართული ჯარის გამოსვლაც მოჰყვება”

“ავღანეთში 18-წლიანი ომი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა დაჯგუფება “თალიბანთან” მოლაპარაკება გაანახლა და დისკუსია უსაფრთხოების გაზრდის საკითხებს შეეხებოდა, ავღანეთი კიდევ ერთხელ გახდა ტერირისტული აქტის მსხვერპლი. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თუკი აშშ თავის სამხედრო კონტიგენტს ავღანეთიდან გაიყვანს, ეს სახელმწიფო შესაძლოა “ტერირისტების სავანე” კიდევ ერთხელ გახდეს. ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზის მახლობლად მომხდარ ტერაქტს მოჰყვა მსხვერპლი, არიან ათეულობით დაშავებულები, მათ შორის ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. ტერორისტების მთავარი სამიზნე ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად მშენებარე სამედიცინო დაწესებულება იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თავდასხმა ქართველ სამხედროებზე ავღანეთში - “თუკი ავღანეთიდან ამერიკული ჯარი გამოვა, ამას ქართული ჯარის გამოსვლაც მოჰყვება”.

“ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ შედეგად სამედიცინო დაწესებულება სერიოზულად დაზიანდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ აშშ-ს მიზანია ავღანეთიდან საკუთარი ჯარი გამოიყვანოს, თანაც ეს შესაძლოა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო სვლა იყოს 2020 წლისათვის. „ავღანეთში, ბაგრამი არის ჩვენი ძირითადი ბაზირების ადგილი. ქაბული, ბაგრამი და მაზარი-შარიფი - ავღანეთის სამ მთავარ ქალაქშია ჩვენი კონტიგენტი განთავსებული. ეს არის „თალიბანის" მიერ განხორციელებული ტერაქტი, რომელიც ბაზის გვერდით განთავსებული საავადმყოფოსკენ იყო მიმართული. ეს არის ერთგვარი ზეწოლის ფორმები. როგორც ვიცით, ტრამპმა გამოაცხადა, რომ “თალიბებთან” მოლაპარაკებები დაიწყო. თალიბანი არა მხოლოდ სერიოზული სამხედრო, არამედ პოლიტიკური ძალაა. ჩანს, ტრამპი აპირებს, ავღანეთიდან გამოვიდეს და ეს მისი ბოლო აკორდი იყოს. აშშ-ს პრეზიდენტი შეეცდება, რომ კონტინგენტი ავღანეთიდან გამოიყვანის და ამით თავისი საგარეო პოლიტიკური ამოცანები დაასრულოს”, - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის აზრით, ეს შესაძლოა ტრამპის წინაასარჩევნო მთავარი მოთხოვნა იყოს და ამერიკული საზოგადოებაც ამ “მესიჯს” სრულიად იზიარებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პენტაგონმა დადო 2000-გვერდიანი სპეციალური ანალიტიკური მოხსენება, სადაც პირდაპირ წერია - ამერიკელი სამხედროები კრიტიკულად აფასებენ, რომ საქმე ისე არ წავიდა, როგორც ამერიკელებს სურდათ. “თალიბები” და აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ახორციელებენ, რომ მოახდინონ ამერიკული ჯარების გამოსვლა და ავღანეთი კვლავ ტერორისტების სავანე არ გახდეს. “თალიბები” გააქტიურდნენ, მათ სურთ შექმნან მოლაპარაკებებზე ერთგვარი მომგებიანი ფონი. გაზაფხულზე თალიბები ყოველთვის ახორციელებენ ფართომასშტაბიან სტრატეგიულ ოპერაციებს მთელი ავღანეთის მასშტაბით, იმ ფონზე, როდესაც ტერიტორიის 70%-ს “თალიბები” აკონტროლებენ. თუ ამერიკის ჯარები დაიწყებს ავღანეთიდან გამოსვლას, ალბათ საქართველოს თავდაცვის ჯარების კონტიგენტის გამოყვანის საკითხიც დადგება დღის წესრიგში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“თალიბები” ებრძვიან ისლამურ სახელმწიფოს და “ალქაიდასთანაც” სერიოზული დაპირისპირებები აქვთ - ის თალიბანი აღარ არის, რომელმაც 2001 წელს ალქაიდას ხელმძღვანელობას თავშესაფარი მისცა და შემდეგ აქედან განახორციელეს ამერიკაში ტერაქტი. როგორც ჩანს, ამერიკელებს აწყობთ “თალიბებთან” ერთგვარ ფარულ ალიანსში შესვლა, “თალიბებმა”, რომ გააგრძელონ ბრძოლა რადიკალურ ჯიჰადისტურ გაერთიანებებთან. “თალიბანი” ავღანეთში მთავარ პოლიტიკურ ძალად დარჩება. მინდა სრული სოლიდარობა გამოვხატო ჩვენ ღირსეული თავდაცვის ჯარების მიმართ, რომლებიც ღირსეულად იცავენ ქვეყანას ტერორიზმისაგან. ასევე გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არამართებულ კომენტარს. თუ რაიმე პრობლემები აქვთ ქართულ ჯარში, მხოლოდ უუნარო პოლიტიკოსებისაგან. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი პოლიტიკოსების არაპროფესიონალიზმს ანელებს”, - დასძენს რესპონდენტი.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა