გია ნოდია - თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა პოზიცია შეიცვალა, ეს მასზე ჩვენი დასავლელი პატრნიორების ზეწოლის შედეგი იქნება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ნოდიას ესაუბრა.

- ბატონო გია, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს ინიციატივით გამართული მორიგი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა - „ვინაიდან მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა, შემდგომი კონსულტაციებისთვის განსახილველად ახალი თემები განისაზღვრება.“

ამავე თემაზე საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფაქტობრივად თქვა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა შესაცვლელია. ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს მანამდე ამგვარი რამ კი არა, ამის მსგავსიც კი არაფერი უთქვამს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მმართველი გუნდი შემდეგ შეხვედრებზე პროპორციულ სისტემაზე დათანხმდება?

- ჯერჯერობით, ასეთი პირი არ უჩანს. მმართველმა გუნდმა ცოტა ხნის წინ იმიტომ თქვა უარი ქვეყანა მთლიანად გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე, რომ მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების გარანტია არ აქვთ. უფრო სწორად პროპორციული სისტემის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს.

ეს კარგად ესმის მმართველ გუნდს და იმიტომაცაა, რომ ოპოზიციის არც ერთ შეთავაზებას არ თანხმდებიან. თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა პოზიცია შეიცვალა, ეს მასზე ჩვენი დასავლელი პატრნიორების ზეწოლის შედეგი იქნება.

როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ჯერჯერობით არ თვლის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლა საკმარისად ძლიერია.

მმართველი გუნდი ჯერჯერობით არ თვლის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლა საკმარისად ძლიერია

- ოპოზიციასთან დიალოგის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ 2020 წლის არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე. რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თემაზე გახშირებული საუბრები?

- რაღაც თამაშია იმის საჩვენებლად, რომ მოქნილები არიან, სხვადასხვა ვარიანტებზე ფიქრობენ და ასე შემდეგ. მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის მთავარია 2020 წლის არჩევნებისთვის არ დათმონ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ახლა არსებობს.

არც ისაა გამორიცხული, რომ 2020 წლის არჩევნებზე აპირებენ ისეთ რამეს, რის მერეც ფიქრობენ რომ რიგგარეშე არჩევნები გახდება საჭირო და ახლა ცდილობენ ამ რიგგარეშე არჩევნებზეც ისევ მაჟორიტარების ხარჯზე შეინარჩუნონ ხელისუფლება.

- თუ ხელისუფლება-ოპოზიციის პარასკევისთვის დაგეგმილი შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა, ამაზე ხომ არ იქნება დამოკიდებული ოპოზიციის წინადადებებზე ეუთო-ოდერის პასუხი მათი წინადადებების კონსტიტუციონირობაზე და საერთოდ იმაზე, შესაძლებელია თუ არა მათი რეალიზება?

- ცხადია, რომ ეუთო-ს პასუხს საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელობა ექნება. თუ ეუთო-ს პასუხი ოპოზიციის წინადადებებზე დადებითი იქნა, ეს ხელისუფლებას რაღაც დოზით არგუმენტებს გამოაცლის. ვნახოთ, რამდენად იქნება საარჩევნო სიტემასთან დაკავშირებით ეუთო-ს პასუხი ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი.

თუ ეუთო-ს პასუხი ოპოზიციის წინადადებებზე დადებითი იქნა, ეს ხელისუფლებას რაღაც დოზით არგუმენტებს გამოაცლის. ვნახოთ, რამდენად იქნება ეუთო-ს პასუხი ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი

- გასულ კვირას ხელისუფლების მონაწილეობით თავისუფლების მოედანზე ხალხმრავალი ღონისძიება გაიმართა. ამ თემაზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ თქვენ როგორ აღიქვით იგი?

- ხელისუფლებამ გარკვეული ძალის ჩვენება მოინდომა. ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო ხელოვნური აქცია, რადგან ნაკლებად ჰგავდა ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებას. მაგრამ ფაქტია, რომ იყო ჩვენება ხელისუფლების უნარის, რომ მას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრებას.

თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების მიერ ჩატარებული ღონისძიების სამიზნე ნაწილობრივ იყო საერთაშორისი თანამეგობრობა, რომ აი ჩვენ უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავს, ვიდრე ოპოზიციას. გარდა ამისა, ამ ღონისძიების სამიზნე შეიძლება ყოფილიყო საკუთარი გუნდიც.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ დღეებში მმართველ გუნდის რიგები, პარლამენტში ფრაქცია კიდევ ორმა ადამიანმა დატოვა. რაკი ხალხი „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებს, როგორც ჩანს, შიგნით მმართველი ძალაში არც ისე კარგადაა საქმე.

არ გამოვრიცხავ, რომ ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირება თავად მმართველ გუნდს სჭირდებოდა და ეს შეიძლება ყოფილიყო ამ ღონისძიების ჩატარების ერთ-ერთი მოტივი.

არ გამოვრიცხავ, რომ ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირება თავად მმართველ გუნდს სჭირდებოდა და ეს შეიძლება ყოფილიყო ამ ღონისძიების ჩატარების ერთ-ერთი მოტივი

- ამ ღონისძიების ჩატარებამდე იყო იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლებას ექნებოდა ქუჩაში გადასული პოლიტიკური პროცესის პარლამენტში დაბრუნების მცდელობა. მოხდა პირიქით - ხელისუფლება ოპოზიციას ქუჩაში გაჰყვა. გასაგებია, რაც ამ თემაზე ბრძანეთ, მაგრამ, სავარაუდოდ, რა მიიღო?

- რეალურად, არც არაფერი არ მიუღია, მაგრამ ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას ქუჩაში ოპოზიციაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მას ამის დემონსტრირება უნდოდა და ეს მიიღო. მაგრამ, არა მგონია, რომ ეს ოპოზიციის განწყობაზე აისახოს.

ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას ქუჩაში ოპოზიციაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მას ამის დემონსტრირება უნდოდა და ეს მიიღო. მაგრამ, არა მგონია, რომ ეს ოპოზიციის განწყობაზე აისახოს

მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ თავისუფლების მოედანზე ხალხის სიმრაველე მათი მხარდამჭერების განწყობაზე პოზიტიურად აისახება.

- ხელისუფლების მხარდამჭერების მტკიცებით, დღევანდელ საქართველოში მმართველ ძალას ალტერნატივა არ აქვს. თუ ხელისუფლებაც ასე თვლის, მაშინ გაუგებარია ჯერ თავად რატომ დაანონსა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით და უბარიეროდ ჩატარება და შემდეგ თავად რატომ თქვა უარი?

- ხელისუფლებას თავისი მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ ხელისუფლებამ იმიტომ თქვა უარი პროპორციულ სისტემაზე, რომ არ აქვთ იმედი იმისა, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას. ეს რომ დაინახეს, იმიტომ თქვეს უარი პროპორციულ სისტემაზე.

- თავისუფლების მოედანზე ჩატარებულ ღონისძიებაზე საუბრისას ბევრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ ტიპის ღონისძიებები საქართველოში სსრკ-ს პერიოდიდან მოყოლებული დაახლოებით ერთნაირი სცენარით იმართება.

ამასაც რომ თავი გავანებოთ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა თავის გამოსვლაში ბევრი ისეთი რამ გაიმეორა, რაც 2012 ჰქონდა ნათქვამი. მხედველობაში მაქვს მაგალითად ის, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ისე არ მოექცევა, როგორც იმსახურებენ. საინტერესო იყო განცხადება იმაზე, რომ - „მრავალი თვალსაზრისით ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში“.

ეს მესიჯები რამდენად გასაგები შეიძლება ყოფილიყო იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის?

- დიახ, მესიჯები იყო როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც. ცოტა სასაცილო იყო ზეიმის მიზეზი, ვინაიდან ევროსაბჭოს ყველა ქვეყანას ალფაბეტით უწევს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას უნდოდა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პროევროპული ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ, რაც ღონისძიებაზე ოპოზიციაზე ითქვა, სულაც არ ჰგავდა ევროპულს. მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმართ გაკეთებული განცხადებები, ოპოზიციის მტრებად დასახელება და ოპოზიციის ლეგიტიმურ პოლიტიკურ მოთამაშეებად არაღიარება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას უნდოდა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პროევროპული ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ, რაც ღონისძიებაზე ოპოზიციაზე ითქვა, სულაც არ ჰგავდა ევროპულს

რიტორიკაში გაჟღერებული პატრიოტიზმი იმდენად სახელმწიფო პატრიოტიზმი არ იყო, რამდენადაც კულტურასა და ტრადიციებზე იყო საუბარი. ამგვარ თემებზე ხმამაღლა საუბარი თუნდაც საბჭოთა კავშირის დროსაც იყო შესაძლებელი და მეტიც კი დაშვებული იყო. ვამაყობდით კიდეც, რომ ქართველებმა კარგი სიმღერა ვიცით, კარგი თამადობა ვიცით. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ახლაც ესაა მთავარი, რითიც უნდა ვიამაყოთ.

- ვინც თვალს ადევნებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, იცის რომ ევროსტრუქტურებში ვითარება არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეტიც, ბრიუსელში არც განიხილავენ უახლოეს პერსპექტივაში ევროკავშირის გაფართოებას.

ასეთ ფონზე უცნაურადაც კი გაიჟღერა ევროკავშირში საქართველოს მალე გაწევრიანების დაპირებამ...

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ძალიან უნდოდა რაღაც ეთქვა ევროპაზე. ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა, მაგრამ ის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები მალე გავხდებით, რა თქმა უნდა, სისულელეა. ეტყობა ჩათვალეს, რომ ხალხის მასებისთვის ისეთი სისულელის თქმა შეიძლება.

ის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები მალე გავხდებით, რა თქმა უნდა, სისულელეა. ეტყობა ხელისუფლებაში ჩათვალეს, რომ ხალხის მასებისთვის ისეთი სისულელის თქმა შეიძლება

- გვერდს ვერ ავუვლით გასულ კვირას პარლამენტის მიერ ხმაურის ფონზე უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნას.

ახლა ყველა იმაზე საუბრობს, რაც „ქართუ ბანკის“ საქმეზე მელიას მოსამართლის დაწინაურებას ეხება. თავის დროზე იმავე მოსამართლემ მელია გაამართლა, ახლა იგი უზენაესი სასამართლოს წევრად იქნა არჩეული. ხოლო მელიას იმავე საქმის გამო სადეპუტატო მანდატი ჩამოერთვა.

ეს რომ, სასამართლო ევროპულობაში არანაირად რომ არ ჯდება, საკმაოდ მკაფიოდ ჩანს. ამ თემაზე ცნობილმა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა - „ეს მოხდა იმიტომ, რომ ივანიშვილს მშვიდად ეძინოს.“ თქვენ როგორ შეაფასებდით გასულ კვირას უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის ერთი წლის წინ დაწყებულ პროცესს?

- სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამჭვირვალეობაზე საუბარი ყასიდად ნათქვამი გამოდის. კი ითქვა, რომ ჩვენ ევროპული სასამართლო ჰქვია, მაგრამ ამ საქმეში, რასაც პრაქტიკა ჰქვია, ფაქტია, რომ აშკარად არაევროპულია.

ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარება კონტრასტულად თვალშისაცემია, მაგრამ ხელისუფლება ამას ჯიუტად არ იმჩნევს...

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა