ორმაგი დიპლომები სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - დეკანის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ორმაგი დიპლომები მიიღონ, - ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიგა ქვარცხავამ განაცხადა.

საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი სტუდენტებისა და ქვეყნისთვის, საფრანგეთში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის გიგა ქვარცხავას ვიზიტის დროს გადაწყდა.

შვიდდღიან ვიზიტის შესახებ, რომელიც ორ ნაწილს ითვალისწინებდა, გიგა ქვარცხავა საუბრობს:

- ვიზიტის პირველ ნახევარში ვიმყოფებოდი მონპელიეში, სადაც გაიმართა შეხვედრები EMAVE-ს (ევროპული სამაგისტრო პროგრამა მევენახეობასა და მეღვინეობაში) კონსორციუმის მონაწილე მხრეებთან. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ შეთახმებას კონსორციუმის ერთ-ერთ მხარესთან - სუპაგრო მონპელიესთან - ორმაგი დიპლომების სამაგისტრო პროგრამების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო ახლო მომავალში გავხდეთ კონსორციუმის წევრი. ჩატრდა კონსორციუმის გეგმიური შეხვედრა, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება.

- ეს იყო თავად კონსორციუმის ინიციატივა, თუ თქვენს სურვილს გამოეხმაურნენ?

- სუპაგრო მონპელიეს ინიციატივით უპრიანი იქნებოდა ჩემი კონსორციუმის წევრებთან გასაუბრება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარდგენა დასკვნით სხდომაზე. ამ შეხვედრამდე, რომელიც 25-29 სექტემბერს გაიმართა კონსორციუმის წარმომადგენლებს შევხვდი (უდინეს უნივერსიტეტი, ლისაბონის უნივერსიტეტი, გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი, INRA), სადაც ინდივიდუალურ რეჟიმში გავაცანი ჩვენი მდგომარეობა. შევხვდი სტუდენტებსაც, რის შემდეგაც რამდენიმემ სურვილი გამოთქვა, რომ ერთი სემესტრი სტუ-ში გაატაროს. დასკნით სხდომაზე მოხსენებით წარვსდექი, რის შემდეგაც მრავალი შეკითხვა დაისვა და საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, რომ სუპაგრო მონპელიესთან ხელშეკრულების დეტალებზე გავაგრძელებთ მუშაობას, ხოლო კონსორციუმის სხვა წარმომადგენლები (გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი) დააკვირდებიან ან ინდივიდუალურად იმუშავებენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რისი შედეგებიც შემდეგ შეხვედრებზე ეცნობება სხვა მონაწილეებს. ეს საბოლოოდ გახდება სტუ-ის EMAVE-ში გაწევრიანების საშუალება. ამჟამად, გადაწყდა, რომ ფრანგული მხარე მზადაა მიიწვიოს ჩვენი მაგისტრები, დოქტორანტები ან მკვლევრები სამუშაოების ნაწილის მონპელიეში ჩასატარებლად.

- ვიზიტის მეორე ნაწილი რას ითვალისწინებდა?

- ვიზიტის მეორე ნაწილი საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის ყველა მიმართულებით გაღმავებას მიეძღვნა. საფრანგეთს სტუმრობდა საქართველოს დელეგაცია, საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკანიანის ხელმძღვანელობით. საფრანგეთის მხარეს, სხვადასხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, წარმოადგენდა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი. შეხვედრა შედგა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში. ამის შემდეგ, მუშაობა გაგრძელდა სხვადასხვა ფორმატში. განათლებისა და კულტურის ფორმატში საქართველოს წარმომადგენლები (განათლების სამინისტრო და სტუ) შეხვდნენ საფრანგეთის წარმომადგენლებს, სადაც აღინიშნა, რომ 2018 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში, ყველაზე ხელშესახებ წარმატებას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიაღწია და 2020 წლიდან მზადაა მიიღოს სტუდენტები ორმაგდიპლომიან პროგრამაზე. საბაკალავრო პროგრამა - „რძის ტექნოლოგია და მენეჯმენტი“ - შემუშავდა უნივერსიტეტ რენ 1-სა და სტუ-ის შორის თანამშრომლობის საფუძველზე და ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო პროგრამის - სასურსათო ტექნოლოგიების - ნაწილი იქნება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ორ დიპლომს მიიღებენ. შეხვედრის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტისა და რენ 1-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს მოეწერა ხელი.

- კონკრეტულად ვისაუბროთ, რას ითვალისწინებს აღნიშნული მემორანდუმი?

- ამ საკითხზე მოლაპარაკება დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის დიდი ევროპული კონსორციუმი, სადაც შედის საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიის, სლოვაკეთის უნივერსიტეტები. სამწუხაროდ, მხოლოდ ფრანგული მხარე ვერ წყვეტდა ჩვენს კონსორციუმში გაწევრიანების საკითხს. მქონდა შეხვედრები და პრეზენტაციები კონსორციუმის წარმომადგენლებთან, განწყობა არის ძალიან დადებითი. ვფიქრობთ, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში, ერთ წელიწადში სრულიად შესაძლებელია, გავხდეთ არა მარტო ორმაგდიპლომიანი ხელშეკრულების თანამონაწილე, არამედ, მთლიანად კონსორციუმის თანამონაწილეც. პრინციპში, ჩემი პრეზენტაცია ნიშნავდა იმას, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არის საერთო ევროპული სამაგისტრო პროგრამა მევენახეობასა და მეღვინეობაში, სადაც გაერთიანებულია ყველაზე ძლიერი ინსტიტუციები ამ მიმართულებით. დღეისათვის კონსორციუმში 8 სრულფასოვანი წევრია, ორი კი მალე გახდება კონსორციუმის წევრი. საბოლოო ჯამში, ჩვენ კონსორციუმის 10 წევრთან გვექნება ხელშეკრულება ორმაგ დიპლომებზე. აქვე ვიტყვი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ამ 8 უნივერსიტეტიდან ორთან „ერასმუს პლუსის“ ფარგლებშიო თანამშრომლობს და ეს ძალიან დაგვეხმარა მათთან ურთიერთობაში. ასევე, ძალიან დაგვეხმარა ისიც, რომ მილანის უნივერსიტეტთან ჩვენ საბაკალავრო პროგრამაზე გვაქვს ორმაგი დიპლომი. გამოითქვა აზრი, რომ ის პროცედურა რომელიც სხვა უნივერსიტეტებთან მიმართებაში 2 წელი გრძელდება, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება გაცილებით ხანმოკლე იყოს, რადგან წინამოსამზადებელი ეტაპი გავლილი გვაქვს.

- რაც შეეხება მეორე შეხვედრას?

- 2018 წელს საქართველოსა და საფრანგეთის მხარეებს შორის ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში ხელმოწერილ შეთანხმებას, მხოლოდ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიაღწია ხელშესახებ წარმატებას და ჩვენ უკვე გვაქვს ორმაგდიპლომიანი პროგრამა, რომელიც მომავალი წლიდან ამუშავდება. ეს ეხება რძის გადამუშავებასა და მენეჯმენტს. 2021 წლის ბოლოს უკვე გვეყოლება პირველი კურსდამთავრებულები. მსგავსი რამ არც ერთ უნივერსიტეტს და კონსორციუმის არც ერთ მონაწილე მხარეს არ აქვს. უფრო კარგი სიახლე ის არის, რომ უნივერსიტეტს დაფინანსების წყაროები უკვე გამოუჩნდა. მომავალი წლიდან სახელმწიფოც ვალდებულებას იღებს, რომ აუცილებლად გაიზრდება დაფინანსება. რაც ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტები აიღებენ ორ დიპლომს, როგორც ქართულს, ასევე ფრანგულს.

- სტუდენტთა მხრიდან ინტერესი როგორია?

- ვფიქრობდით, რომ 15-20 სტუდენტი მიგვეღო. სწავლება ბოლო წელს წარიმართება ინგლისურ ენაზე და ჩვენი პროგრამის დასრულების შემდეგ, ვისაც სურვილი ექნება, სწავლას ინგლისურ ენაზე გააგრძელებს. როგორც გითხარით, 15-20 სტუდენტის მიღებას ვვარაუდობდით, მაგრამ როგორც კი სტუდენტებმა სიახლის შესახებ შეიტყვეს, ბევრმა მათგანმა გამოხატა დაინტერესება. ამ დროისთვის 120 სტუდენტი გვყავს, მათ შორის 55-მა სურვილი გამოთქვა სწავლა ინგლისურ ენაზე გააგრძელოს.

- სწავლის საფასური გაიზრდება, თუ იგივე დარჩება?

- მთელი მიზანი ის არის, რომ სტუდენტისთვის სწავლის საფასური არ შეიცვლოს და დარჩეს იგივე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, სტუდენტისათვის სწავლება უფასოა. მეორე, რასაც ჩვენ აუცილებლად დავაკმაყოფილებთ - ეს არის პილოტური საწარმოს გახსნა, რომელიც ამ პროგრამის სტუდენტებს მოემსახურება. იანვრიდან დავიწყებთ მუშაობას, რომ თანხების სწრაფი მობილიზება გავაკეთოთ და ავაშენოთ საწარმო.

- დასაქმება დიდ სირთულეს წარმოადგენს?

- სწორედ ამ პრინციპითაა შერჩეული ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ეს მიმართულება. მაგალითად, რძის ტექნოლოგიის მხრივ, ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა გვაქვს ტექნოლოგებთან დაკავშირებითაც - ფაქტიურად, ტექნოლოგები აღარ გვყავს. საქართველოში, ასე ვთქვათ, „რძის პატრიარქად“ ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი ითვლება. თავიდან ის კრიტიკულად იყო განწყობილი. თუმცა, პროგრამის გაცნობის შემდეგ თავადაც მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ის სასწავლო პროგრამაა, რომელიც საბოლოოდ სასურველ შედეგს მოგვიტანს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა