დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ 12 დეკემბერს სასესიო დარბაზში თუ მძაფრი სუნის ნივთიერების დასხმა მოსამართლეების კენჭისყრის ჩაშლას უკავშირდებოდა, ეს არასწორი ფორმით იყო გაკეთებული.
თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან დეპუტატებისთვის მანდატის შესაძლო შეჩერების საკითხსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ ამაზე ხელაღებით საუბარი არ შეიძლება.
„რამდენად იყო ნივთიერება საფრთხის შემცველი, ამაზე ბევრი რამ არის დამოუკიდებული, ამიტომ მე ბევრი საუბარი გამიჭირდება, ნამდვილად ვერ გავაკეთებ ქიმიურ ანალიზს. ზოგადად, რა თქმა უნდა, კარგი არ იყო და არავისთვის მოსაწონი მგონი, არ იყო. თუ მიზანი ის იყო, რომ სხდომა არ ჩატარებულიყო, მაშინ ეს ძალიან ცუდი ფორმით იყო გაკეთებული, რაც შეეხება დანარჩენს, რეალურად შეეძლო თუ არა ამ ნივთიერებას ვინმეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ეს რა თქმა უნდა, გამოძიების დასადგენია. ამ ეტაპზე რთულია რამის თქმა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა, მაგრამ ზოგადად, ასე მარტივად დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე საუბარი, როგორც გვესმის და ერთ შემთხვევაში მოხდა უკვე, მე არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ასე ხელაღებით საუბარი არჩეული პარლამენტის წევრების მანდატის შეწყვეტაზე, ზოგადად, სწორად არ მიმაჩნია,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ გასარკვევი არ არის, ვინ დაასხა ნივთიერება სასესიო დარბაზში და ეს ყველამ კარგად იცის. მისივე თქმით, თუ გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს დაინახავს და ამას გაიზიარებს სასამართლო, კონკრეტული დეპუტატების მიმართ უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დადგება.