ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2019

ალეკო ელისაშვილმა "ფეოდალი მაჟორიტარის" მხილებას თავი აარიდა

კლინიკაში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების გარემოებები – რას ამბობდნენ ისრაელიდან მოწვეული ექიმები

"თუ იმედი აქვთ, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, ვისაც უცხოელები დაუჯერებენ, ძალიან სცდებიან" - ხუხაშვილი

***

ალეკო ელისაშვილმა "ფეოდალი მაჟორიტარის" მხილებას თავი აარიდა

"დმანისი რომ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა, ხოლო ამ რაიონის უცვლელ მაჟორიტარს, კახა ოქრიაშვილს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ეს 7 დეკემბერსაც გამოჩნდა. ე.წ. ოლიგარქი მაჟორიტარების მხილების ფარგლებში, "სამოქალაქო მოძრაობა" და ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილი დმანისს ესტუმრნენ, სადაც მათ სპეციალური პლაკატები დაახვედრეს - "კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში!" გარდა ამისა, ქალაქის ბაზრის შესასვლელთან, სადაც ელისაშვილს ხალხთან შეხვედრა ჰქონდა დაანონსებული, გავრცელდა პლაკატები მისასალმებელი წარწერით: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო", - წერს "ვერსია" ჟურნალისტურ გამოძიებაში, სტატიაში სათაურით, ალეკო ელისაშვილმა "ფეოდალი მაჟორიტარის" მხილებას თავი აარიდა / რატომ ჩუქნის ფულს კახა ოქრიაშვილი სუს-სა და შსს-ს

"როგორც გაირკვა, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის ორიგინალურად დახვედრის ინიციატივაცა და ხარჯებიც კახა ოქრიაშვილს ეკუთვნოდა, მისივე თქმით, "პოლიტიკური დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად". თუმცა ალეკო ელისაშვილის გული მან ვერც ამ ნაბიჯით მოიგო - დმანისში ჩასულმა ოპოზიციონერმა, "ოლიგარქი დეპუტატის" მისამართით მძიმე ბრალდებები მაინც წამოაყენა: "მიუღებელია შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც ანგრევს ქვეყანას და აღატაკებს. აგერ, მთელი დმანისიც დაცლილია ხალხისგან, 5 ადამიანი თუ დადის ამხელა რაიონში იმ დროს, როდესაც ოქრიაშვილი მულტიმილიონერია და ბოლო 6 წელში, 112 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული. ჩვენ მტკიცედ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ფეოდალი მაჟორიტარებისგან უნდა გაიწმინდოს ეს ქვეყანა და ჩვენს კამპანიას - "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები", სხვა რაიონებშიც განვაგრძობთ". ელისაშვილს ეს ბრალდება არც "სტუმართმოყვარე დმანისში" შეხვედრებისას განუმარტავს და არც სხვადასხვა მედიასაშუალებებთან განუვრცია. ამიტომ "ვერსია" დაინტერესდა, კონკრეტულად, რა კორუფციულ სქემებშია გახვეული დმანისისა და წალკის მაჟორიტარი, რომელი სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა და რა ოდენობის თანხა დაუგროვდა ბოლო 6 წლის განმავლობაში, ამ ტენდერების საშუალებით", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ამ კითხვებით, პირველ რიგში, სწორედ ბრალდების ავტორს, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დავუკავშირდით. ჩვენ მას დეტალურად ავუხსენით, რომ "ფეოდალი მაჟორიტარის" მხილებას, მის განცხადებაზე დაყრდნობით, ოქრიაშვილის მიერ, ბოლო 6 წლის განმავლობაში მოგებული ტენდერების საშუალებით ვაპირებდით და ვთხოვეთ, გაეშიფრა ის კორუფციული სქემა, რომელზეც ტავად საუბრობდა. რა თქმა უნდა, ელისაშვილი შეხვედრაზე დაგვთანხმდა, რის შემდეგად მას კიდევ არაერთხელ შევეხმიანეთ, თუმცა ყოფილმა ტელესახემ ხან "ბევრი შეხვედრა" მოიმიზეზა, ხან დაგვიზუსტა, საჭესთან ვზივარ და საუბარს ვერ ვახერხებ, ამიტომ ერთ საათში დამიკავშირდითო. სამწუხაროდ, ერთი საათის შემდეგ, ელისაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მისგან პასუხი ვერც მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ და ვერც მეორე დღეს მივიღეთ - მოკლედ, ელისაშვილის დახმარებით, მაჟორიტარის მხილების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. უცნაურია, რატომ შეიკავა თავი ბრალდების ავტორმა ამავე ბრალდების დაზუსტებისა და ჩვენთან თანამშრომლობისგან. თუმცა "ვერსიამ" გამოძიება თავად განაგრძო. ზოგადად, ყველა ტიპის სახელმწიფო ტენდერი - გამარტივებული, ანუ დაჩქარებული წესით, ერთ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუ ელექტრონული აუქციონი, რომელიც სამეტაპიან ვაჭრობას გულისხმობს, საჯაროა. შესაბამისად, ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებული ნებისმიერი ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოკლედ, ამ საიტის საშუალებით, სახელმწიფო ტენდერის შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც ადვილად მოძებნით და იმასაც გაიგებთ, თავდაპირველად რა თანხაზე გამოცხადდა ტენდერი, მასში რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა, როგორი ვაჭრობა გაიმართა მათ შორის, ვინ გაიმარჯვა და რა ფასად. ალეკო ელისაშვილს იმაში ნამდვილად ვეთანხმებით, რომ როგორც წესი, ხშირად სწორედ სახელმწიფო შესყიდვებში იკვეთება კორუფციის ნიშნები და ასეთი ფაქტებიც უამრავია, ოღონდ ამ ყველაფერს შესაბამისი მტკიცებულება სჭირდება. სხვათა შორის, სახელმწიფო აუდიტის დასკვნები, რომლებიც ამა თუ იმ უწყების ფინანსურ ანგარიშებს ეხება, სწორედ ტენდერებში არსებული კორუფციის სავარაუდო, ან უკვე დადასტურებულ ფაქტებს ეხება, მაგრამ იმ დასკვნებში ეს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებითაა დადასტურებული და თუ კორუფციის ნიშნები იკვეთება, სქემაც დეტალურადაა გაშიფრული: უწყების რომელი წარმომადგენელი გაურიგდა კონკრეტულ კომპანიას, რა იყო ამ გარიგების მიზეზი და ასე შემდეგ. ამიტომ, როცა სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ კორუფციაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე დეტალი უნდა დავაკონკრეტოთ: ტენდერის გამოცხადების დროს, რომელიმე უწყებამ, მასში მონაწილე კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული პირობები ხომ არ წარადგინა, რითაც თავიდანვე შექმნა იმის საფუძველი, რომ სწორედ ამ კომპანიას გაემარჯვა? მოგების მიზნით, კომპანიამ საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალი ფასი ხომ არ წარადგინა ტენდერში, რათა კონკურენტები "ჩამოეშორებინა"? ამ კითხვებზე პასუხების გარეშე, ტენდერებში არსებულ კორუფციაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია და პოპულიზმის ელფერი დაჰკრავს", - განაგრძობს გამოცემა.

"სწორედ ამ გამოცდილებაზე და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძიება განვაგრძეთ და შევისწავლეთ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ რომელ ტენდერებში მონაწილეობდა კახა ოქრიაშვილის კუთვნილი კომპანია "PSP დაზღვევა". მეტიც, "ვერსიამ" არამარტო ბოლო 6 წლის, არამედ 2011-2018 წლებში გამოცხადებული იმ სახელმწიფო ტენდერების შესახებ მოიპოვა დეტალური ინფორმაცია, რომლებშიც ამ კომპანიამ გაიმარჯვა. როგორც ირკვევა, "PSP დაზღვევა", სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ორი ტიპის მომსახურებას სთავაზობდა - ავტოტრანსპორტისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევას. წლების მიხედვით, კონკრეტული უწყებების მიერ გამოცხადებული ტენდერების ამსახველ დოკუმენტებს "ვერსია" უცვლელად გთავაზობთ, მაგრამ ორივე ტიპის მომსახურების ჩათვლით, 2011 წლიდან 2018 წლამდე არსებული მონაცემების დაჯამებითაც კი, 112 მილიონი ლარზე ბევრად ნაკლები თანხა გროვდება, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ბრალდებების პოპულიზმში.წლების მიხედვით, კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ჯანმრთელობის დაზღვევაზე, 2011 წელს, კომპანიამ სახელმწიფო უწყებებს, ჯამში 760 010 ლარის მომსახურება გაუწია; 2012 წელს - 16 852 731 ლარი; 2013 წელს - 711 470 ლარი;2014 წელს - 75 146 ლარი;2015 წელს - 1 195 255 ლარი;2016 წელს - 21 968 157 ლარი;2017 წელს - 20 839 649 ლარი;2018 წელს - 5 716 681 ლარი;მთლიანობაში - 68 119 102 ლარი.

რაც შეეხება ავტოტრანსპორტის სახელმწიფო დაზღვევას, "PSP დაზღვევამ" სახელმწიფო უწყებებს ამ მიზნით, შემდეგი მომსახურება გაუწია: 2012 წელი, ჯამში - 51 900 ლარი.2013 წელი - 1 216 394 ლარი;2014 წელი - 1 020 469 ლარი;2015 წელი - 619 625 ლარი;2016 წელი - 974 387 ლარი;2017 წელი - 347 458 ლარი;2018 წელს - 291 019 ლარი;მთლიანობაში - 4 521 254 ლარი. მაშ ასე, ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2011 წლიდან 2018 წლების ჩათვლით,

PSP დაზღვევამ ჯამში, 72 640 356 ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო, რაც 112 მილიონ ლარზე გაცილებით ნაკლებია", - წერს გამოცემა.

"ინფორმაციის საბოლოოდ დადასტურების მიზნით, "ვერსია" კომპანია "PSP დაზღვევის" დირექტორს, სოფიო ლებანიძეს ესაუბრა, რომელიც თანამშრომლობაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა და რამდენიმე საინტერესო დეტალზეც გაამახვილა ყურადღება. კორესპოდენტის კითხვაზე, ბოლო 6 წლის განმავლობაში, კონკრეტულად რომელი სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ რა ტიპის ტენდერებში მონაწილეობდით და რომელი იყო მათ შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სოფიო ლებანიძის თქმით, საქმე ეხება სხვადასხვა ტენდერებს, მათ შორის, ჯანმრთელობისა და ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურებაზე. ეს ინფორმაცია საჯარო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, თუ როგორი გამჭვირვალე კონკურენციის პირობებში მონაწილეობდა "PSP დაზღვევა" სახელმწიფო შესყიდვებში. ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო ტენდერებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მიერაა შესყიდული, ანუ ამ ორი უწყების ტენდერები ყველაზე მაღალბიუჯეტიანი იყო. ეს იყო ე.წ. აუქციონი - SPA და NAT-ი. როდესაც ტენდერი ე.წ. SPA-წესით ცხადდება, ამ დროს, ჯერ პირველ ფასს უთითებ და შემდეგ პრეტენდენტებს შორის, სამ ეტაპად მიმდინარეობს ვაჭრობა. ესაა ელექტრონული აუქციონი და როგორც იცით, მისი ისტორია ინახება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, დაინტერესებულმა პირმა ნებისმიერ დროს ნახოს, როგორი იყო საფეხურეობრივი ვაჭრობა და საბოლოოდ, კომპანიამ რა პირობითა და ღირებულებით მოიგო ესა თუ ის სახელმწიფო ტენდერი. სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, სადაც წლების მიხედვითაა გაწერილი, კონკრეტულად რომელი უწყების მიერ გამოცხადებულ რომელ ტენდერში ვმონაწილეობდით, რა თანხაზე იყო გამოცხადებული ტენდერი და ჩვენ რა თანხა შევთავაზეთ უწყებას. გულახდილად გეტყვით, 112 მილიონი ლარი ძალიან მებევრება და ვფიქრობ, ეს ციფრი არავალიდურია. რაც შეეხება სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის განცხადებას, ის პოლიტიკოსია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ამიტომ მე მას არ ვუპასუხებ. "PSP დაზღვევა" ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სხვადასხვა სახის მაკონტროლებელი, თუ მარეგულირებელი ორგანიზაციების ზედამხედველობას ექვემდებარება და ყოველწლიურ აუდიტირებასაც გადის. აქვე, ყველას შევახსენებ, რომ კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ყველა კომპანიას, ნებისმიერ იურიდიულ პირს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს ტენდერში და დააფიქსიროს თავისი ფასი. ჩვენი კომპანია კვალიფიციური სუბიექტია და მას ნებისმიერ ტენდერში შეუძლია მონაწილეობა. გარდა ამისა, მრავალი წელია, "PSP დაზღვევა", სახელმწიფო ორგანიზაციებთან, სწორედ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში თანამშრომლობს. ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და აქამდე არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არ შეგვესრულებინა, ან რაიმე სასამართლო დავა გვქონოდა. როცა სახელმწიფო ტენდერებზე ვსაუბრობთ, გარდა მომსახურების მაღალი ხარისხისა და კეთილსინდისიერებისა, ანაზღაურებული ზარალების ოდენობაც უნდა გავითვალისწინოთ. პირდაპირ გეტყვით, ყველა კონტრაქტი ზარალიანი იყო. პირობითად, შსს-ს კონტრაქტი რომ ავიღოთ და ერთ-ერთ მაგალითად განვიხილოთ, მხოლოდ 2017 წლის მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ გაფორმებულმა კონტრაქტმა 3 200 000 ლარის ზარალი გამოიწვია. გიმეორებთ, ასე ხელაღებით, მხოლოდ ციფრებზე აპელირებით იმის თქმა, რომ კომპანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს, რაც ირიბი მინიშნებაა, თითქოს ამით მოგება გაეზარდა, არასწორია! ჩვენს შემთხვევაში, სწორედ პირიქით მოხდა. ტენდერებში მონაწილეობას თავისი ფინანსური ვალდებულებები აქვს, რასაც "PSP დაზღვევა" კეთილსინდისიერად და ზედმიწევნით სწორად ასრულებს", - დასძენს გამოცემა.

"სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ვერსიამ" მიღებული ინფორმაციის შემდეგ, გადაწყვიტა, უშუალოდ კომპანიის დამფუძნებლისა და უცვლელი მაჟორიტარისგან გაეგო, რატომ აგრძელებდა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას, თუკი მისი კომპანია სუს-თან და შს სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოგებაზე ვერ გადიოდა - რა იყო კახა ოქრიაშვილის ინტერესი ამ კონკრეტულ ტენდერებში. "ვერსია" საქართველოს პარლამენტის წევრს, დმანისისა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატს, კახა ოქრიაშვილს დაუკავშირდა: ოქრიაშვილის თქმით, PSP ჯგუფი 25 წლის წინ, ტრიალ მინდორზე დავაფუძნეთ და ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტს 40-50 მილიონ ლარს ვუხდით. ვასაქმებთ 7 000-მდე ადამიანს და ამ შედეგებით ეს კორპორაცია მარტო ჩემი კი არა, ამ ქვეყნის სიმდიდრეცაა. საქართველოში ასეთი კიდევ 100 კომპანია რომ არსებობდეს, ჩვენი მშპ ერთ სულზე ორჯერ მეტი იქნებოდა, ხელფასები და პენსიები ორჯერ გაიზრდებოდა და ქვეყანასაც მეტი შემოსავალი ექნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი კომპანიები ცოტაა და არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი შედეგების მიუხედავად, რაც ინდულგენცია სულაც არ არის, თუ ჩვენს მიმართ არსებობს კითხვები, ყველას მოვუწოდებ, მიმართოს პროკურატურას. რაც შეეხება კონკრეტულად ელისაშვილს, მისი ბრალდებების შესახებ მასვე უნდა ჰკითხოთ. ვისურვებდი, მან მსგავსი ბრალდებები არამარტო ტელევიზიით გააცნოს მოსახლეობას, არამედ პროკურატურას მიმართოს. ელისაშვილი ვალდებულიც კია, ასე მოიქცეს, თუკი რაიმე რეალურ ინფორმაციას ფლობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ზიანს მარტო საკუთარ ავტორიტეტს მიაყენებს. რადგან ისე მოხდა, რომ კომპანიამ გაიმარჯვა პირველ ტენდერში, დადგა საკითხი, რომ მაღალი ხარისხის ხარჯზე, შესაძლოა, კომპანია წაგებაზეც კი გასულიყო. ამიტომ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, გასულიყო დაგეგმილ ზარალზე და ჩვენი პოლიციელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება შეეთავაზებინათ. ჩათვალეთ, რომ ეს არის კომპანიის სოციალური პაუსიხისმგებლობა - ყოველწლიურად გავიდეს ზარალზე, მაგრამ უმაღლესი დონის სადაზღვევო მომსახურება შესთავაზოს ჩვენს პოლიციელებს.ეს გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ, მისმა მენეჯმენტმა და მთელმა გუნდმა მიიღო. თუმცა მათ ჩემი, როგორც დამფუძნებლის რეკომენდაციებიც გაითვალისწინეს. ზოგადად, ეს ჩვენი კომპანიის ხედვაა. ირიბი მოგება ჩვენს კომპანიასაც აქვს, რადგან "PSP დაზღვევის" იმიჯი ბაზარზე საკმაოდ ძლიერია. კვლევებმაც დაადასტურა, რომ ჩვენ სადაზღვევო ბაზრის ლიდერები ვართ "ჯიპიაი ჰოლდინგთან" ერთად და ამ რეიტინგში, ყველა დანარჩენი სადაზღვევო კომპანიები ჩამოვიტოვეთ. ჩვენი ირიბი მოგება სწორედ ისაა, რომ ხარისხიანი მომსახურების მიმწოდებელთა რეიტინგში ლიდერ პოზიციაზე ვართ", - წერს სტატიის ავტორი.

კლინიკაში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების გარემოებები – რას ამბობდნენ ისრაელიდან მოწვეული ექიმები

“15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და დიღომში 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია "რეზონანსს“ იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს. ექიმები აცხადებდნენ, რომ მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას გუშინ საღამოს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და მას ტვინის შეშუპება დაეწყო. მოზარდს ოპერაცია ისრაელიდან მიწვეული ექიმების მონაწილეობით ჩაუტარდა. მედიკოსები აცხადებდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა 4-5 დღეში უნდა შეცვლილიყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კლინიკაში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების გარემოებები – რას ამბობდნენ ისრაელიდან მოწვეული ექიმები

"მოზარდის ძმამ "რეზონანსს“ უთხრა, რომ ოპერაცია საჭირო ტვინის შეშუპების დაწყების გამო გახდა. მისი თქმით, ისრაელიდან მოწვეულ ექიმებს იმაზე მძიმე მდგომარეობა დახვდათ, ვიდრე ისინი ელოდნენ. "როგორც გვითხრეს, იმაზე მძიმე იყო მდგომარეობა ვიდრე თავადაც ელოდნენ. ისინიც მოლოდინში იყვნენ და ზუსტად არაფრის თქმა არ შეეძლოთ. ამბობდნენ, რომ დრო სჭირდებოდა და მედიკამენტურ მკურნალობას აგრძელებდნენ“, - აცხადებს მოზარდის ძმა. იაშვილის კლინიკაში კი აცხადებენ, რომ პაციენტს ტვინის შეშუპება გუშინ დაეწყო, რის გამოც საღამოს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდის მკურნალობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ისრაელიდან მოწვეული ექიმებიც აკვირდებოდნენ. როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ იყო, რომ შემდგომი გართულება თავიდან აეცილებინათ, თუმცა მდგომარეობა მძიმე იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი 11 დეკემბერს, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებითაა აღძრული. მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მოწმის სტატუსით გამოკითხეს „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად ბიჭზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. გამოძიების დასრულებამდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, უფლებამოსილება შეუჩერდათ. "თბილისის "მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი”, - განაგრძობს გამოცემა.

"უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს“, – აცხადებენ შსს-ში. 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა. მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტები მე-100 საჯარო სკოლაშიც მუშაობენ, სადაც დაშავებულმა მოზარდმა 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. ფსიქოლოგები როგორც მოსწავლეებთან, ასევე სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობენ. სამინისტროს ინფორმაციით, უწყება და სოციალური მომსახურების ცენტრი, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

"თუ იმედი აქვთ, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, ვისაც უცხოელები დაუჯერებენ, ძალიან სცდებიან" - ხუხაშვილი

"მუდმივი არსატაბილურობა არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" არის ცუდი, არამედ ქვეყნისთვის. ამ კრიზისის პროვოცირება თავად ხელისუფლებამ მოახდინა, თავისი გადაგდება-გადმოგდებით, მაგიდაც თვითონ ააყირავა, ამიტომ მუდმივმა რყევამ კი არა, ერთმა წვეთმა შეიძლება კედელი დაანგრიოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "თუ იმედი აქვთ, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, ვისაც უცხოელები დაუჯერებენ, ძალიან სცდებიან" - ხუხაშვილი

"ყოველდღე ვისმენთ, როგორ მკაცრდება ტონი დასავლეთიდან, ვაკვირდებით დინამიკას და ვხედავთ, რომ დიპლომატიური ენის ფარგლებს ცდება. კომენტარები კი, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ საერთაშორიოს შეფასებებთან მიმართებაში, არის ძალიან არადეკვატური. ხელისუფლებას თუ იმის ილუზია აქვს, რომ რასაც თვითონ იტყვის, იმას შეაჭმევს ვაშინგტონს, ან იმის იმედი აქვს, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, რომლებიც მოახერხებენ დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება თავის სიმართლეში, ძალიან სცდებიან. ამიტომ, როდის დადგება ეს კრიტიკული მომენტი ხელისუფლებისთვის არავინ იცის”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რა თქმა უნდა, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდიან, კომპრომატებით მართავენ ქვეყანას, თუნდაც ბოკერიას საქმე. მართალია მე ამ საქმეს სამართლებრივად ვერ შევაფასებ და ვერც იმას ვიტყვი, არის თუ არ ბოკერია დამნაშავე, მაგრამ თვითონ სურათია შემაშფოთებელი, რომ ქვეყანა კომპრომატებით იმართება. აღძრავენ საქმეს და შეინახავენ, იმ იმედით, რომ ხმას არ ამოიღებს, მაგრამ თუ ხმას ამოიღებს, აამუშავებენ. სად იყვნენ აქამდე, 5 წლის წინ არ აღძრეს ეს საქმე? ამიტომაც მიანიშნებს პოლიტიკურ მოტივებზე, რაც არის ძალიან ცუდი და ქვეყანას დადებითს ვერაფერს შესძენს”, - დასძენს გამოცემა.

"ხელისუფლებას ოპოზიციის კი არ უნდა ეშინოდეს, რადგან ოპოზიციაც ვერ გამოიყურება წელში გამართული, მაგრამ თუ მხოლოდ იმის იმედად არიან, რომ კუნთების თამაშით მოერევიან და ჭიდაობით, ეს საკითხი ვერ მოგვარდება. ბიძინას მთავარი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის, თავად ბიძინაა. რა თქმა უნდა, არასტაბილური ვითარება გაგარძელდება, მუდმივი არასტაბილურობა კი მხოლოდ "ოცნებისთვის" არ იქნება ცუდი, ქვეყნისთვის არის ცუდი. მუდმივამ რყევებმა კი არა, შეიძლება ერთმა წვეთმა კედელი დაანგრიოს. მაგრამ, ამ კრიზისის პროვოცირება თავად ხელისუფთლებამ მოახდინა, თავისი გადაგდება-გადმოგდებით და მაგიდაც თვითონ ააყირავა," - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს