არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე - პარლამენტი ახალი სამშენებლო კოდექსის 10 წლით გადავადებას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი ახალი სამშენებლო კოდექსის 10 წლით გადავადებას გეგმავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ აცნობა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

როგორც აბულაძე აცხადებს, ამ მოთხოვნას, ცვლილების ავტორები, კოდექსის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან შეუსაბამობით ხსნიან. საუბარია კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ათი წლით გადავადებასა და ამ ნაწილში, თბილისისთვის საკუთარი ადგილობრივი წესების შემუშავების უფლების შენარჩუნებაზე.

მისივე თქმით, მერიას ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ მაისში ჰქონდა, თუმცა მაშინ აღნიშნული არ დაკმაყოფილდა და დედაქალაქის მთავრობას მხოლოდ ექვსთვიანი ვადა მიეცა თავისი სერვისების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამჟამად მოთხოვნილმა ათწლიანმა ვადამ კი საკომიტეტო მოსმენები გაიარა და, სავარაუდოდ, ის სამივე მოსმენით პარლამენტში გავა.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე მიუღებლად მიიჩნევს სამშენებლო კოდექსის მნიშვნელოვანი ნაწილის 10 წლით გადავადება და აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი ან პოლიტიკური საბოტაჟია, ან პროფესიული უმეცრება“.

„მთავარი გამოწვევები ამ სფეროში, როგორც ყოველთვის, ქალაქ თბილისშია. იგი ახდენდა და მომავალშიც მოახდენს გავლენას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე. დარგის სპეციალისტებს ჰქონდათ მოლოდინი და იმედი, რომ აღნიშნული კოდექსით ერთხელ და სამუდამოდ მოხდებოდა ან/და დაიწყებოდა დარგებში ათეული წლების განმალობაში დაგროვილი, მავნე პრაქტიკის ცვლილებები, რომელიც მოიცავს დარგობრივ სამსახურებში გადაწყვეტილებების მიღებისას მიკერძოებულობასა და კვალიფიკაციის დეფიციტს, საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისას სპეციალისტების აზრის იგნორირებას, პრაქტიკის სფეროში დაბალ პროფესიონალიზმს და გაუმართავ საზედამხედველო სისტემებს, არაკონკურენტულ გარემოს. მაფიქრებინებს და ვშიშობ, ეს ყველაფერი ან პოლიტიკური საბოტაჟია, ან პროფესიული უმეცრება, ან ორივე ერთად“, - აცხადებს დავით აბულაძე.

აღნიშნულ თემას ასევე ეხმარება კოდექსის ერთ-ერთ ავტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი კობა ყალიჩავა. როგორც ყალიჩავა აცხადებს, თუ ახალი სამშენებლო კოდექსის გადავადებას პარლამენტმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი, ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისს ქალაქთმშენებლობის სფეროში კვლავ თავისი კანონმდებლობა ექნება.

„ეს ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელმაც ბევრ ადამიანს სამშენებლო სექტორში წესრიგის დამყარების იმედი და პოზიტიური მოლოდინები გაუჩინა, კვლავ გადავადდება. ამით, არსებული ქაოსი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, კიდევ 10 წლით დაკანონდება. თუ საპარლამენტო კანონში არ იარსებებს თამაშის თანაბარი წესები, ადგილობრივ ბიუროკრატს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიეცემა განუზომელი უფლებამოსილება შეზღუდვის გარეშე. ამ ცვლილებით, ერთი მხრივ, თბილისის საკრებულოს ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი თამაშის წესები და ყოველგვარი დისკუსიისა და განხილვის გარეშე შეიტანოს ცვლილებები ადგილობრივ წესებში. მეორე მხრივ, დღეს მოქმედი ადგილობრივი წესები, რომლის შენარჩუნებაც ხდება, პირდაპირ ქმნის შესაძლებლობას, რომ სამეზობლო მიჯნაზე კვლავ სამეზობლო ინტერესების დარღვევით მოხდება შენობის განთავსება და გათვალისწინებული არ იქნება მინიმალური მოთხოვნები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოქმედი ადგილობრივი წესებით, რაც კოდექსით უნდა გასწორებულიყო, განაშენიანების მართვის დაგეგმვა კერძო სუბიექტებს შორის ვაჭრობის საგანია. ამიტომ ქალაქი თავის უფლებამოსილებას ვერ ასრულებს, რაც აფერხებს დასახლებათა ეფექტიან და გააზრებულ განვითარებას. ცხადია, კვლავ ადგილობრივ წესებზე დაბრუნება აკნინებს პარლამენტის როლს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში და არ ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას. ეს კი შეუსაბამოა ახალი საკონსტიტუციო ცვლილების სულისკვეთებასთან და პარლამენტის მაკონტროლებელ ფუნქციის გაძლიერებასთან. 2018 წლის სამშენებლო სფეროს რეფორმის მიზანიც ხომ ამ პრობლემების მოგვარება იყო. ახლა კი გაუგებარი მიზეზით ხდება უკან დახევა“, - აცხადებს კობა ყალიჩავა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კოდექსი 6 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, ერთი წლის წინ მიიღეს და ძალაში 3 დეკემბერს შევიდა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო