პროფესია მეხანძრე - საქართველო პოლონეთის გამოცდილებას იზიარებს

მე­ხან­ძრე­ო­ბა ერთ-ერთი იმ პრო­ფე­სი­ა­თა­გა­ნია, რომელსაც სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ხანძრების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით იზრდება.

საქართველოში დაახლოებით 3 500 მეხანძრეა. რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობასთან შედარებით არ არის დაბალი მაჩვენებელი. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარმა სკოლამ ქართველი მეხანძრეების გადამზადება დაიწყო. ქართველ მეხანძრეებს გადაეცათ აღჭურვილობაც.

პოლონეთის ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის წარმომადგენლები, რაფალ მატუშკევიჩი – პროექტის ხელმძღვანელი, ანეტა კუჩინსკა - მეხანძრე მაშველი და მარჩინ ლაპიჩი - პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე. რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ სკოლას და რა დახმარებას უწევს პოლონეთი, ნახეთ ჩვენს ინტერვიუში:

- მოგვიყევით პოლონეთის სახანძრო სამსახურის სკოლის და მის მიერ ქართველი მეხანძრეებისთვის განხორციელებული პროექტების შესახებ

- სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლას, რომელიც მდებარეობს ვარშავაში, აქვს შესაძლებლობა, რომ ითანამშრომლოს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ უკრაინასთან. Polish AID პროგრამა მომზადებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ. 3 წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ახალი შეგვექმნა მეხანძრეებისთვის. პოლონეთში ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილებაა დაგროვილი. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობაც და ვინმეს გადამზადება პრობლემას არ წარმოადგენს. საქართველოდან პერიოდულად ვიწვევდით მეხანძრეებს გადამზადებისთვის. თუმცა მუდმივად ვფიქრობდით, თუ რა იქნებოდა მათთვის უკეთესი. ჩვენს მიერ გაწვრთნილი მეხანძრეები მზად არიან, რომ სხვები გადაამზადონ. თუმცა მათ ამის რეალური შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რადგან საქართველოში არ იყო შესაბამისი აღჭურვილობა.

ჩვენს გუნდთან ერთად ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა, რა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ვარშავის ანალოგიური ტრენინგ ცენტრი საქართველოში. 2016 წელს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. 2018 წელს კი უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ტრენინგ ცენტრის გახსნაზე. ვამაყობთ ამ პროექტით, რადგან ის არ არის დაბალბიუჯეტიანი და პარტნიორი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ საქმეს ვაკეთებთ.

- პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული. რა სახის საჩუქარი გადაეცა საქართველოს?

- 2017 წელს საქართველოს გადავეცით მცირე კონტეინერი, რომელიც ცეცხლის ჩასაქრობად იყო განკუთვნილი. ამჯერად უფრო მასშტაბური საჩუქარი გადავეცით საქართველოს. ამ ეტაპზე პროექტი მოიცავს პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ მრავალფუნქციურ სახანძრო-სამაშველო სიმულატორს, 17 ინსტრუქტორისთვის განკუთვნილ სრულ სახანძრო ეკიპირებასა და შესაბამის სასწავლო აღჭურვილობას.

ზოგადად, არ არსებობს მეხანძრეების გადამზადების უკეთესი გზა, ვიდრე პატარა კონტეინერი. რადგან მასში არის საუკეთესო პირობები ცეცხლის შესაქმნელად. კონტეინერში ტემპერატურა 60 გრადუსს უახლოვდება და ყველაფერი რეალური ხანძრის მსგავსად ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა. მაგალითად, პოლონეთის უნივერსიტეტში პირველი კონტეინერი 1997 წელს გავაკეთეთ და მას 20 წლის განმავლობაში ვიყენებდით.

- პროექტის შემდეგ რა შეიცვლება ქართველი მეხანძრეებისთვის?

- მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა მათი საწვრთნელი ბაზაც, რადგან დაემატა დიდი კონტეინერი და გადამზადებაში უფრო მეტი მეხანძრის ჩართვა იგეგმება. მეხანძრეების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა არის სტანდარტიზებული და ქართველები ისეთივე სტანდარტების მიხედვით გადამზადდებიან, როგორც პოლონელები. ჩვენ მიერ გადამზადებული ინსტრუქტორები კი შემდეგ ეტაპზე ქართველ მეხანძრეებს გადაამზადებენ.

საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის ეს არის საუკეთესო გზა მეხანძრეების გასაწვრთნელად. თუ ქვეყანა შეძლებს, რომ მაღალი სტანდარტების სახანძრო სკოლა შექმნას, ნამდვილად პოზიტიური შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

ქვეყანაში მეხანძრეების საკმარისი რაოდენობაა, ამ ეტაპზე მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა პრიორიტეტული. აკადემიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ადამიანს მიიწვევს გადამზადებაზე. გადამზადების სრული ეტაპისთვის 1–2 წელი ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ვიმედოვნებ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს პროექტს.

ანალოგიური ცენტრი რეგიონის სხვა ქვეყნებში არ არსებობს, სწორედ ამიტომ შემდეგ ეტაპზე სოხეთის ან აზერბაიჯანის მეხანძრეების გადამზადებაც შესაძლებელია.

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოსთან თანამშრომლობა და რა კრიტერიუმებით მოხდა პარტნიორი ქვეყნის შერჩევა.

- ეს გადაწყვეტილება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ამ ეტაპზე ვეხმარებით უკრაინას, საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანას. უკრაინასთან ისტორია და არაერთი ტრადიცია გვაკავშირებს. სწორედ ამიტომ პოლონელები განსაკუთრებულად ზრუნავენ უკრაინაზე. საქართველოშიც უამრავი პოლონელი ცხოვრობს და მოგზაურობს. სწორედ ამიტომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა. ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 5 ან 10 წლის წინ არ დაწყებულა.

- გადამზადება რამდენი ხანი გაგრძელდება?

- გადამზადება ორ ეტაპად იყოფა. საწყის ეტაპზე 1 კვირიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართება. საკმაოდ ცივი ზამთარია საქართველოში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეორე ეტაპი გარკვეული პერიოდის მერე ჩაგვეტარებინა. პირველ ნაკადში 17 მეხანძრეს გადავამზადებთ. თითოეულ მათგანს თანამედროვე სახანძრო აღჭურვილობაც გადაეცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს