ვაჟა ბერიძე - პოლიტიკური პროცესი არაპროგნოზირებადი და ქვეყნისთვის სახიფათო გახდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, გასაგებია, რომ წელს დაწყებული პოლიტიკური პროცესები დასრულებული არაა, მაგრამ რადგან წელი სრულდება, ახლა სწორედ ის დროა, რამდენადაც შესაძლებელია, 2020 წლის შედეგები შეჯამდეს.

გასაგებია ისიც, რომ პოლიტიკური პროცესების დინამიკა თითქმის ყოველ დღე გვთავაზობს სხვადასხვა სახის საკმაოდ დამაფიქრებელ მოვლენებს, მაგრამ მე პირველ კითხვას მაინც ასე დავსვამდი - როგორი იყო 2019 წელი ქვეყნისთვის?

- 2019 წელი ჩემთვის და ვფიქრობ, ქვეყნისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის 28–ე წელი იყო და უწინარეს ყოვლისა ამითაა ღირსშესანიშნავი. ჩვენ უკვე 28 წელია ვიბრძვით თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად, რაც თაობების თავგანწირული ბრძოლის მთავარი მიზანი იყო.

თავისთავად ცხადია, საქართველოს თავისუფლება ქართველი ხალხის და ეროვნული მოძრაობის გმირული ბრძოლის შედეგია, რის გამოც ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები უნდა ვიყოთ მათი ღვაწლისადმი.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობა გლობალური გეოპოლიტიკური ტექტონური ძვრების შედეგი იყო და ჩვენი მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

ამ ყოველივედან გამომდინარე, 2019 წლის მთავარი შედეგი ქვეყნისთვის, ესაა გლობალური გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლა, დაპირისპირება გლობალური ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტ ტრამპსა და შეერთებული შტატების პოლიტიკურ კლასს შორის, ნატოსადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, „ბრექსიტი“ – ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა, შტატებსა და თურქეთს შორის სერიოზული უთანხმოებების ჩამოყალიბება და რუსეთის გავლენის გაძლიერება საერთაშორისო არენაზე.

2019 წლის მთავარი შედეგი ქვეყნისთვის გლობალური გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლაა

იმდენად რამდენადაც, საქართველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაცემას და დასავლეთის კომუნისტურ ბლოკზე გამარჯვებას მოჰყვა. ჩვენი მომავალი ბევრადაა დამოკიდებული მსოფლიოში მოვლენათა განვითარებაზე.

მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი ტენდენციები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის უაღრესად არახელსაყრელი და სახიფათოა. ამ ყველაფერზე რეაგირება ვერ დავინახე ხელისუფლების მხრიდან, უფრო მეტიც – პრობლემის ადეკვატური აღქმაც კი.

მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი ტენდენციები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის უაღრესად არახელსაყრელი და სახიფათოა. ამ ყველაფერზე რეაგირება ვერ დავინახე ხელისუფლების მხრიდან, უფრო მეტიც – პრობლემის ადეკვატური აღქმაც კი

მიუღებელი და შემაშფოთებელია, რომ ოპოზიციასაც არ აქვს ამ წელს დასახული საფრთხეების განეიტრალების ხედვა და გეგმა. ესაა ჩემთვის 2019 წლის მთავარი და მიუღებელი შედეგი.

სხვა წვრილმანი კინკლაობა და მიეთმოეთი ქვეყნის შიგნით ფაქტობრივად არაფერს წყვეტს. ამ ხელისუფლების ბედიც და მომავალი ხელისუფლების ვინაობაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქვეყნის ირგვლივ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგი იქნება და არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების.

მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი ქართული პოლიტიკიდან, ფაქტობრივად, განდევნილია 1991–1992 წლების პუტჩის და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და ძირითადად მისი ფუნქცია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლაზე თანხმობით შემოიფარგლება არჩევნებისას და არ წარმოადგენს შიდა პოლიტიკური პროცესების, საყოველთაო, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი არჩევნების შედეგს.

- დაუსრულებელი პროცესები ვახსენე. ამ თვალსაზრისით 2019 წელი მართლაც საკმაოდ გამოირჩევა. ჩამოთვლას არ შევუდგები, მაგრამ ალბათ შესაძლებელია უკვე იმ ტენდენციებზეც საუბარი, რომელიც 2020 წლის მახასიათებელიც კი იყოს.

თქვენი დაკვირვებით, რა ტიპის დადებითი, ანაც უარყოფითი ტენდენციები გამოავლინა 2019-მა წელმა?

- შეიძლება სოფისტურად ჟღერდეს, მაგრამ 2019 წლის დადებითი ტენდენციაც იგივეა, რაც უარყოფითი. ესაა, პირველ რიგში, პოლიტიკური პროცესის რეანიმაცია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მმართველი ძალის და ივანიშვილის კურსი გულისხმობდა პოლიტიკის დეპოლიტიზაციას.

მან თანდათან ჩამოიშორა პოლიტიკური მოკავშირეები – „რესპუბლიკელები“, სხვა პარტიების წარმომადგენლები, „სოციალ–დემოკრატებიც“ კი და ტექნოკრატებით შეუდგა ქვეყნის მართვას.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მმართველი ძალის და ივანიშვილის კურსი გულისხმობდა პოლიტიკის დეპოლიტიზაციას

ხალხის მერე პროცესიდან პოლიტიკური სუბიექტების გასვლაც არ აღმოჩნდა საკმარისი მშვიდი და უპრობლემო მართვისთვის. „ბათუმის ამბოხს“ ნარკოლიბერალიზაციის მოთხოვნით გამოსვლები მოჰყვა, ხოლო გავრილოვის ჩასმას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, უმართავი პროცესები დაემატა.

მოვლენათა ეს რიგი, რა თქმა უნდა, გადის 2019 წლის ქრონოლოგიური ჩარჩოებიდან, მაგრამ მაინც ერთი უწყვეტი ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენს. დადგა გარდუვალი შედეგი – დეპოლიტიზებულ რეალობაში დაბრუნდა პოლიტიკა, დაბრუნდა დესტრუქციით, დაპირისპირებით და ქვეყნისთვის, სტაბილურობისა და პერსპექტივისთვის უაღრესად სახიფათო სახე მიიღო.

ივანიშვილის მართვის მოუქნელ სტილს დაერთო მიუტევებელი შეცდომაც – დანაპირებ პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა და ქვეყანა შევიდა ნაადრევ წინასაარჩევნო ბატალიებში, რამაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და ბიზნესგარემოზე.

ამ ყველაფერმა პოლიტიკური პროცესი, რეანიმირებული რამდენიმე წლის შემდეგ, არაპროგნოზირებადი და ქვეყნისთვის სახიფათო გახადა. ეს, ჩემი აზრით, დადებითი ტენდენციაცაა, უარყოფითიც და უაღრესად სახიფათოც.

პოლიტიკური პროცესი არაპროგნოზირებადი და ქვეყნისთვის სახიფათო გახდა. ეს, ჩემი აზრით, დადებითი ტენდენციაცაა, უარყოფითიც და უაღრესად სახიფათოც

- ერთი წელი ძალიან დიდი დრო არ არის ისტორიისთვის, მაგრამ როცა წელი სრულდება ყველა ცდილობს მის შეჯამებას. თქვენი აზრით, როგორი იყო 2019 წელი ხელისუფლებისთვის?

- ხელისუფლებისთვის ეს წელი იყო უმძიმესი გამოცდა, რომელიც მან ასე თუ ისე ჩააბარა. მმართველი პარტია დათანხმდა დიალოგს ოპოზიციასთან დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით. ეს გონივრული მიდგომა იყო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ სერიოზული დანაკარგები განიცადა, ფაქტობრივად რღვევის და საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის ზღვარზე გაიარა. თუმცა, ივანიშვილმა და „ოცნებამ“ შეძლო მხარდამჭერების შენარჩუნება, რაც სახელისუფლო რესურსის მოშველიებითაც კი არ იყო იოლი.

ხელისუფლებამ შეაჩერა ლარის დევალვაცია, პრინციპში საპროგნოზო მაჩვენებლების მიდამოებში შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდა – საქსტატის მონაცემებით მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 5.8%–ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 14.2%–ით და ა.შ.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ივანიშვილმა, როგორც ის გვპირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მას 2020–ში მოუხდება იმის დასაბუთება, თუ რატომ უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა მის ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით დარჩენას მხარი, არადა, ასეთი ხედვის და კონკრეტიკის ჩამოყალიბებას ივანიშვილი არ ჩქარობს.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ივანიშვილმა, როგორც ის გვპირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მას 2020–ში მოუხდება იმის დასაბუთება, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა მის ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით დარჩენას, არადა, ასეთი ხედვის და კონკრეტიკის ჩამოყალიბებას ივანიშვილი არ ჩქარობს

- რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ თემებზე, ყველაფერი მაინც იმას უკავშირდება თუ როგორი იყო მიმავალი წელი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და საერთოდ ხალხისთვის.

თუ 2020 წლის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტით ვიმსჯელებთ, იგი სოციალური თვალსაზრისით შარშანდელზე უკეთესია, საკმაოდ ბევრი პროფესიის ადამიანს, მათ შორის პენსიონრებს მოემატებათ ხელფასები და პენსიები. დარწმუნებული ვარ, არავის გაკვირვებია ის, რომ ოპოზიციამ 2020 წლის ბიუჯეტს საარჩევნო ბიუჯეტი უწოდა.

ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის რა იქნება, უკვე ვიცით, ოდნავ გაუუმჯობესდებათ მდგომარეობა. თქვენი დაკვირვებით, როგორი იყო 2019 წელი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და საერთოდ ხალხისთვის?

- ეს წელი მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის ისევე რთული იყო, როგორიც ყველა წინა წელი. რა თქმა უნდა, სოციალური თვალსაზრისით ბიუჯეტში ხარჯების ზრდა მისასალმებელია, მაგრამ სავარაუდოდ იგი საგრძნობი ადამიანებისთვის არ იქნება. თან ხელფასების და პენსიების მატება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ლარის მსყიდველობითი უნარი არ შემცირდეს და ინფლაცია თარგეთირებულ მაჩვენებელს არ აცდეს.

ამ თვალსაზრისით, მომავალი წლის ბიუჯეტი, ვფიქრობ, მეტს ვერც შესთავაზებდა საზოგადოებას. და საერთოდ, მოლოდინები რომ მოქალაქეთა სოციალური დაცულობის თვალსაზრისით უახლოეს წლებში გარდატეხა მოხდება, არ უნდა გვქონდეს.

ეს წელი მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის ისევე რთული იყო, როგორიც ყველა წინა წელი

ხუთ და გნებავთ შვიდ პროცენტიანი ზრდა ეკონომიკის მოქალაქეთა ყოველდღიურობაზე, რა თქმა უნდა, ვერ აისახება. ჩვენ გვინდა ეკონომიკური განვითარების ახალი კონცეფცია, ახალი ხედვა და არა გაუთავებელი კინკლაობა პრიმიტიულ თემებზე.

ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც ჩვენმა სუსტმა ხელისუფლებამ ისე მნიშვნელოვანწილად უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, მთელი მომავალი წელი პოლიტიკური კინკლაობით კი არ გაგვართონ, არამედ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ხედვები შემოგვთავაზონ, რეალისტური და არა პოპულისტური, დემაგოგიაზე და შეუსრულებელ დაპირებებზე დაფუძნებული.

- 2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ჯერ ცალ-ცალკე აქტიურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მის მიერვე ინიციირეებულ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე თქვა უარი, ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ერთ საკითხში.

თქვენი აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაათვალისწინებით, როგორი იყო 2019 წელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

- 2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. 2019 წელს ოპოზიცია, შეიძლება ითქვას, „დაბრუნდა თამაშში“. ივნისის ცნობილ მოვლენებამდე პოლიტიკურ ინიციატივას მაინც ივანიშვილი და „ოცნება“ ფლობდა. იგი კარნახობდა საზოგადოებას პოლიტიკურ დღის წესრიგს. მაგრამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული „გადაგდების“ შემდეგ, ოპოზიციამ ხელთ იგდო ინიციატივა და დღემდე კარნახობს ივანიშვილს დღის წესრიგს.

მიუხედავად გამოცოცხლებისა, ოპოზიციას აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა. მისი მხარდაჭერის არეალი მაინც შეზღუდულია და ელექტორატის მესამედს არ აღემატება. მათი პერსპექტივა, ვფიქრობ, ამის გაცნობიერებაზე იქნება დამოკიდებული.

2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. 2019 წელს ოპოზიცია, შეიძლება ითქვას, „დაბრუნდა თამაშში“... პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული „გადაგდების“ შემდეგ, ოპოზიციამ ხელთ იგდო ინიციატივა და დღემდე კარნახობს ივანიშვილს დღის წესრიგს

და მთავარი – მიუხედავად საპროტესტო მოძრაობის ფორმალური მრავალპარტიულობისა, იგი მაინც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთანაა აფილირებული. ოპოზიციის ლიდერებს უნდათ და ყოველნაირად ცდილობენ, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის. მთავარი ოპოზიციური ძალა დღემდე საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.

მიუხედავად საპროტესტო მოძრაობის ფორმალური მრავალპარტიულობისა, იგი მაინც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთანაა აფილირებული. ოპოზიციის ლიდერებს უნდათ და ყოველნაირად ცდილობენ, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის

ვინ და როგორც არ უნდა ეცადოს, ამ რეალობას ვერ შეცვლის. შესაძლოა, თავად სააკაშვილსაც ესმოდეს, რომ მის სახელთან ასოცირება ოპოზიციისთვის წამგებიანია, მაგრამ გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. საკმაოდ შესუსტდა ოპოზიციის პრორუსული ფლანგიც. ისინი გააქტიურებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ერთი ნაწილი მეამბოხე ოპოზიციას მიეკედლა, ხოლო მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი, მიყუჩდა და თავის დროს ელოდება. მაგრამ საამისოდ კარგი დრო არ არის.

საქართველოში მიმდინარე წელს მოვლენები რუსული სცენარით მიმდინარეობდა. მოსკოვისთვის უფრო მომგებიანია არა ღიად პრორუსულ ძალებზე დაყრდნობა, არამედ ოპოზიციაში თავისი გავლენების გამოყენება და რუსული საქმის რუსოფობების ხელით გაკეთება. ასე ისინი საქართველოში არაერთხელ მოქცეულან.

საქართველოში მიმდინარე წელს მოვლენები რუსული სცენარით მიმდინარეობდა. მოსკოვისთვის უფრო მომგებიანია არა ღიად პრორუსულ ძალებზე დაყრდნობა, არამედ ოპოზიციაში თავისი გავლენების გამოყენება და რუსული საქმის რუსოფობების ხელით გაკეთება. ასე ისინი საქართველოში არაერთხელ მოქცეულან

- ერთ საარჩევნო საკითხში ერთიანობის მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პროცესი საკმაოდ რთულადაც კი გამოიყურება.

აქტუალობას არ კარგავს თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი ოდესღაც ერთიან „ნაცმოძრაობაში.“ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპოზიციის ლიდერი კვლავ სააკაშვილი იყოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ოცნებას“ სააკაშვილის დაბრუბენის იდეის პროპაგანდით არ უჭირს მხარდამჭერების მობილიზება.

მოახლოებულ არჩევნებზე რა იქნება ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა?

- სააკაშვილი კვლავ რჩება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერად. ამას თავად ისინიც არ უარყოფენ. ეს, ბუნებრივია, ხელს აძლევს „ოცნებას“, მაგრამ სააკაშვილისგან ოპოზიციის გამიჯვნა შეუძლებელია. ეს ადამიანისთვის თავისი თავისგან გამიჯვნის ტოლფასია. რაც შეეხება ოპოზიციის ყველაზე დიდ პრობლემას, ისე როგორც ხელისუფლების მთავარ პრობლემას, ეს, ქართველი ხალხია, ჭირსა შიგან მთმენი, მაგრამ მტრისა და მოყვრის მცნობი, უხიაგი და იმავდროულად ქვეყანაზე თავდადებული. რაც არ უნდა გასაჭირში ჩავარდეს, რაც არ უნდა ტვინი გამოურეცხონ მედიამ და პოლიტიკოსებმა, ის ბოლოს მაინც სწორ გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე.

ვიდრე „ლელო-საქართველოსთვის“ „ოცნების“ ალტერნატივად ჩამოყალიბდება, ის უკვე არის „ნაციონალური“ ოპოზიციის ალტერნატივა

თუნდაც NDI–სა და IRI-ს კვლევები ავიღოთ. დავუშვათ და მათი შედეგები რელევანტურია. მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ხელისუფლებაც მიუღებელია და მისი ოპოზიციაც, მესამედმა არ იცის ვის დაუჭიროს მხარი, მესამედი იმდენად გულგატეხილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას არც აპირებს.

არადა, ქართული საზოგადოების სწორედ ეს ნახევარი განსაზღვრავს ბოლო 30 წელია მოვლენათა განვითარების ლოგიკასაც და ხელისუფლების ვინაობასაც. ეს არის სწორედ ოპოზიციის და ხელისუფლების მთავარი პრობლემა.

- პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დააფუძნა. მასში ქართულ პოლიტიკისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანები შევიდნენ. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო პარტიის ლიდერად არჩეული მამუკა ხაზარაძის საპროგრამო სიტყვაც.

„ლელოს“ თემა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის კონსორციუმისადმი დამოკიდებულების საკითხსაც უკავშირდება.

თქვენი დაკვირვებით, საბოლოოდ, რა პოზიციას დააპიქსირებს ხელისუფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით?

და მთავრი - თქვენი აზრით, რა შანსები აქვს „ლელო საქართველოსთვის“, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს? კითხვა ასედაც შეიძლება დაისვას - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო- საქართველოსთვის“ არჩევნებამდე „ოცნების“ ალტარნატივად ჩამოყალიბდეს?

- ვიდრე „ლელო-საქართველოსთვის“ „ოცნების“ ალტერნატივად ჩამოყალიბდება, ის უკვე არის „ნაციონალური“ ოპოზიციის ალტერნატივა. ეს ეჭვგარეშეა. „ლელო“ მომხრეებს პირველ რიგში ოპოზიციის ფლანგზე აკრეფს. აბა მისკენ ნინო ბურჯანაძის ან თარხან მოურავის და ირმა ინაშვილის ამომრჩეველი არ წავა.

„ოცნების“ ელექტორატი ასევე საეჭვოა ხაზარაძისკენ გადავიდეს. უფრო აი იმ, ჩვენს მიერ ნახსენებ, მოსახლეობის გამოურკვეველ ნაწილში უნდა ეძებოს „ლელომ“ მხარდამჭერები.

რაც შეეხება ოპოზიციის ყველაზე დიდ პრობლემას, ისე როგორც ხელისუფლების მთავარ პრობლემას, ეს, ქართველი ხალხია

თავისთავად „ლელო-საქართველოსთვის“ არენაზე გამოსვლა მისასალმებელია. ორპულუსიანი და პოლარიზებული რეალობა უნდა დამთავრდეს. ისიც ყველასთვის ცხადია, რომ აქამდე არენაზე იყო ორი ძალა, ორი ფული, ორი კონკურენტუნარიანი სუბიექტი. არადა, ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ამერიკულ–ბრიტანულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე ოცნება უნდა დამთავრდეს. ბოლო–ბოლო, საქართველოში მხოლოდ ორ ხმაში სიმღერითაც კი არც მღერიან.

დღევანდელი პოლიტიკური რეალობისთვის უფრო ბუნებრივი იქნება 4–5 საერთოეროვნული პოლიტიკური სუბიექტის არსებობა. ერთ–ერთ ასეთად სწორედ „ლელო-საქართველოსთვის“ მესახება. აქ არის სათანადო ინტელექტუალური რესურსიც და ფინანსურიც. მამუკა ხაზარაძეც მოქნილი და გონიერი პიროვნებაა, თუ თანმიმდევრული იქნება, არ გამოვრიცხავ მის წარმატებულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას.

აი, თუნდაც, ერთი ასპექტი ავიღოთ: თავიდან მოძრაობის შექმნა და პარტიის დაფუძნებისკენ სვლა პოლიტიკოსების გარეშე მოინდომა, ნიჭიერი, განათლებული და საკუთარ პროფესიაში წარმატებულ ადამიანებთან ერთად. მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს სწორი და მართებული გზა არ იყო და პოლიტიკოსებსაც უხმო. ამაზე ერთ–ერთ წინა ინტერვიუში თქვენთან მეც ვისაუბრე.

რა თქმა უნდა, ახალი სახეები პოლიტიკაში მისასალმებელია, მაგრამ თავის პროფესიაში წარმატებული ყოველი ასი ადამიანიდან გამორჩეული პოლიტიკოსი მხოლოდ ერთი შეიძლება გახდეს. პოლიტიკა საქმიანობის უაღრესად სპეციფიკური სფეროა. ვერ გეტყვით, რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა გახდება „ლელო-საქართველოსთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ერთი წელი ძალზედ მცირე დროა ახალი პოლიტიკური ძალის პოზიციონირებისთვის.

თუმცა გააჩნია, რას მოიმოქმედებს ხაზარაძე, რამდენად თანმიმდევრული და მიზანსწრაფული იქნება იგი დარჩენილ დროში. თუ ხაზარაძე სწორ სტრატეგიას აირჩევს, ვფიქრობ, მას წარმატების მოპოვებაში ხელს ვერც ბანკირის ბექრაუნდი შეუშლის და ვერც ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით მოსალოდნელი რეპრესიული ქმედებები.

თუ ხაზარაძე სწორ სტრატეგიას აირჩევს, ვფიქრობ, მას წარმატების მოპოვებაში ხელს ვერც ბანკირის ბექრაუნდი შეუშლის და ვერც ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით მოსალოდნელი რეპრესიული ქმედებები

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პერსპექტივას, მე და თქვენ ამაზე გვისაუბრია. ნაადრევია საბოლოო პროგნოზების გაკეთება. ივანიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უარს ვერ იტყვის, ვერც სხვადასხვა ხელშემშლელ გარემოებას მოიმიზეზებს. მას სცილასა და ქარიბდას შორის გავლა მოუწევს. მაგრამ საქართველო, დარწმუნებული ვარ, ანაკლიის პორტს უეჭველად ააშენებს.

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა თავისივე ინიციატივაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე, ერთი მხრივ ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებასთან მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულების საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა.

ევროკავშირის ინიციატივით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაწყებულია, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს.

საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ურჩევენ ხელისუფლებას დაპირებულ პროპორციულ არჩვნებზე გადასვლას. ვნახეთ, რომ ხელისუფლების ბოლო ინიციატივა-შეთავაზება ოპოზიციამ არ მიიღო.

დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, საარჩევნო თემებთან დაკავშირებით ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგის შედეგზე სავარაუდოდ როგორ აისახება ოპოზიციის მოთხოვნაზე ეუთო-ოდირის ან დადებითი, ან უარყოფითი დასკვნა?

- ეუთო-ოდირის დასკვნა, ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, აისახება კიდეც ხელისუფლება–ოპოზიციის დიალოგის შედეგზე. საერთოდ, საარჩევნო სისტემების სპეციალისტებმა უნდა გამოიტანონ საბოლოო ვერდიქტი.

ჩემთვის სხვა რამეა მიუღებელი - ორივე მხარე ცდილობს საზოგადოებას თავს მოახვიოს ისეთი საარჩევნო მოდელი, რომელიც მას გამარჯვების უფრო მეტ შანსს აძლევს.

ეუთო-ოდირის დასკვნა, ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, აისახება კიდეც ხელისუფლება–ოპოზიციის დიალოგის შედეგზე

არავინ ფიქრობს, რომ ამ მოდელმა უფრო ადეკვატურად ასახოს ელექტორატის განწყობა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ რიგითი ამომრჩევლისთვის შეთავაზებულ ვარიანტებში გარკვევა და ხმის მიცემა იყოს იოლი და გასაგები. ყველა თავისკენ ექაჩება ბაგირს.

ოპოზიცია ცდილობს საყოველთაო ისტერიის ფონზე მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე. არადა, ვერ იაზრებენ ზოგიერთები, რომ იმდენად აღიზიანებენ მოსახლეობას, შეიძლება შეიქმნას ვითარება, რომ თავმობეზრებულმა და გაღიზიანებულმა ამომრჩეველმა, პროპორციული არჩევნების პირობებშიც ერთმნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი „ქართულ ოცნებას“.

ახლა ჯიუტი თხები რომ შეხვდებიან ვიწრო ხიდზე ერთმანეთს, ისეთი ვითარებაა. ან ერთ–ერთმა მხარემ უნდა დათმოს, ან შუამავალმა დიპლომატებმა უნდა თქვან თავიანთი მკაცრი, კატეგორიული და ავტორიტეტული სიტყვა. სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ამერიკელი პოლიტიკოსები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და არა ამა თუ იმ ხელისუფლებას თუ ოპოზიციას. აბსოლუტურად სარწმუნო პოზიციაა

- ამას წინათ თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - „მთავარია არა საარჩევნო სისტემა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი“.

საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დაძაბულობის ზრდის ფონზე სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა. რა კორექტივებს შეიტანს ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შედეგი ერთი მხრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებზე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მიმართ ამერიკისა და ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაში?

- საუბრის დასაწყისში ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლაზე გავამახვილე ყურადღება. ასეთია მოცემულობა, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას ძლიერი გარანტორი სჭირდება. ეს გარანტორი ამ ეტაპზე შეერთებული შტატებია.

80–იან, 90–იან წლებში ჩვენ გავაკეთეთ სტრატეგიული არჩევანი და ამ არჩევანმა რუსეთი გაანაწყენა და გააშმაგა. ჩვენ დღემდე ამ არჩევანს ვერთგულებთ. ქვეყანამ, ვფიქრობ, ამ არჩევანს არც უნდა გადახედოს. ამიტომ, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ–ს, ჩვენს ქვეყანაში ამდენი ხანია ელჩი რომ არ ჰყავს, ეს ცუდია და ბევრ რამეზე მეტყველებს.

თუმცა, მარტივი ვითარება არც თავად შეერთებულ შტატებშია. კონგრესის მიერ იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტი ჩანს საგარეო პოლიტიკურ თემებს ოპერატიულად და შედეგიანად ვეღარ ალაგებს.

ქალბატონი რუდი, აშშ–ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, შესანიშნავი დიპლომატია, მაგრამ ელჩის სტატუსით აღჭურვილ დიპლომატთან ქვეყნის ხელისუფლებას ურთიერთობა ცხადია უფრო გაუიოლდებოდა. იმედია, ქალბატონი დეგნანი მალე ჩამობრძანდება თბილისში და თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. ამერიკელი პოლიტიკოსები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და არა ამა თუ იმ ხელისუფლებას თუ ოპოზიციას. აბსოლუტურად სარწმუნო პოზიციაა.

ახლა ჯიუტი თხები რომ შეხვდებიან ვიწრო ხიდზე ერთმანეთს, ისეთი ვითარებაა. ან ერთ–ერთმა მხარემ უნდა დათმოს, ან შუამავალმა დიპლომატებმა უნდა თქვან თავიანთი მკაცრი, კატეგორიული და ავტორიტეტული სიტყვა. სხვა გამოსავალი არ არსებობს

თუმცა, კარგი იქნებოდა ჩვენს მეგობრებს ურთიერთობა ჰქონოდათ საქართველოში არა პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების ვიწრო წრესთან, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებასთან და ქართველ ხალხთან.

- ცხინვალის სასამართლოს მიერ ექიმ გაფრინდაშვილისთვის განაჩენის გამოტანამ, რომელიც მისთვის თავისუფლების აღკვეთას 1 წლითა და 9 თვით ითვალისწინებს, ცხადად დაგვანახა თუ როგორ აპირებს მოსკოვი თბილისთან ურთიერთობას.

ამ გადაწყვეტილებით კრემლმა ცალსახად მიგვანიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მის გეგმებში არც ჟენევის ფორმატი, არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი, არც გაეროს, არც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნები არაფერს წარმოადგენენ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, კრემლი მით მეტად დაიწყებს თბილისთან ღიად ვაჭრობას საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკის წარმოებაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საქართელოს მიმართ?

– რუსულ სცენარზე მოგახსენეთ. რუსეთი ერევა „ბრექსიტში“, ერევა აშშ–ს პრეზიდენტის არჩევნებში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში. მას აქვს იქ ინტერესები და პოლიტიკა. ხარჯავს ფულს. აფინანსებს კონსერვატორებს ბრიტანეთში, ეროვნულ ფრონტს საფრანგეთში. ბალტიის მეშვეობით გაჰყავს გაზსადენი გერმანიაში ამერიკელების წინააღმდეგობის მიუხედავად...

ბუნებრივია, რუსეთს აქვს სცენარი საქართველოსთვის და ცდილობს აქ მართოს პროცესები. ჩვენი ვალია გავიაზროთ, რისი და ვისი მეშვეობით აპირებს იგი თავისი მიზნების მიღწევას. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ აქ რუსეთი მხოლოდ ღიად პრორუსული ძალების იმედადაა.

ბუნებრივია, რუსეთს აქვს სცენარი საქართველოსთვის და ცდილობს აქ მართოს პროცესები. ჩვენი ვალია გავიაზროთ, რისი და ვისი მეშვეობით აპირებს იგი თავისი მიზნების მიღწევას. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ აქ რუსეთი მხოლოდ ღიად პრორუსული ძალების იმედადაა

მოკლედ, შემიძლია რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ასე ჩამოვაყალიბო - არასტაბილურობა ქვეყანაში, მძაფრი დაპირისპირება, მძიმე სოციალური ფონის შენარჩუნება. ახლა ყველანი დავფიქრდეთ, ამის მიღწევა მას როგორ და რა ძალების მეშვეობით შეუძლია.

კიდევ სხვა თემაა, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რაც უნდა ძნელი იყოს ეს, როგორც ამას ჩვენი დასავლეთელი მეგობრები და პარტნიორები გვირჩევენ. კიდევ სხვა თემაა, რომ ვთქვათ, გიგა ბოკერიას აქვს ამის უფლება, მაგრამ ვთქვათ ზურაბ აბაშიძეს არა...

მოკლედ, შემიძლია რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ასე ჩამოვაყალიბო - არასტაბილურობა ქვეყანაში, მძაფრი დაპირისპირება, მძიმე სოციალური ფონის შენარჩუნება. ახლა ყველანი დავფიქრდეთ, ამის მიღწევა მას როგორ და რა ძალების მეშვეობით შეუძლია

- რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის პირობებში თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს აშშ და ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას?

- როგორც აღვნიშნე, აშშ–ევროპა დღეს აღარ არის ძველებურად ერთიანი და ერთსულოვანი. შესაბამისად, ბევრი მიმართულებით ისინი ვეღარ ახერხებენ ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას.

არც ის ვითარებაა გამორიცხული, რომ რუსეთის პირისპირ ჩვენ ერთი–ერთზე დავრჩეთ. ამიტომაა ოკუპანტ ქვეყანასთან დიალოგი აუცილებელი და ამ პროცესში მონაწილეობისთვის ჩვენი პოლიტიკოსების ლიცენზირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

არც ის ვითარებაა გამორიცხული, რომ რუსეთის პირისპირ ჩვენ ერთი–ერთზე დავრჩეთ... ამიტომაა ოკუპანტ ქვეყანასთან დიალოგი აუცილებელი და ის, რომ ჩვენ კი ყველა მიმართულებით გვმართებს თანხმობა და ერთიანობა, შედეგზე ორიენტირებული, დაბალანსებული, მოქნილი საგარეო პოლიტიკის წარმოება

მთავარია, ეს იყოს ღია, ტრანსფარენტული პროცესი, რომელსაც მთელი ქართული საზოგადოებისგან ექნება თანხმობა და მხარდაჭერა. რაც შეეხება შტატებსა და ევროპას, იმედი ვიქონიოთ, რომ ნაციონალ–პოპულიზმი ვერ მოახერხებს ევროატლანტიკური სივრცის დაზიანებას და დათიშვას.

ჩვენ კი ყველა მიმართულებით გვმართებს თანხმობა და ერთიანობა, შედეგზე ორიენტირებული, დაბალანსებული, მოქნილი საგარეო პოლიტიკის წარმოება.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო