ხათუნა ლაგაზიძე -  ხელისუფლებაზე ზემოქმედების სიტყვიერი რესურსი დასავლეთს ამოეწურა და ახლა მისი  მხრიდან ინოვაციური მიდგომების დროა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, გასაგებია, რომ წელს დაწყებული პოლიტიკური პროცესები დასრულებული არაა, მაგრამ რადგან წელი სრულდება, ახლა სწორედ ის დროა, რამდენადაც შესაძლებელია 2019 წლის შედეგები შეჯამდეს.

გასაგებია ისიც, რომ პოლიტიკური პროცესების დინამიკა თითქმის ყოველ დღე გვთავაზობს სხვადასხვა სახის საკმაოდ დამაფიქრებენ მოვლენებს, მაგრამ მე პირველ კითხვას მაინც ასე დავსვამდი - როგორი იყო 2019 წელი ქვეყნისთვის?

- ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიიდან უკუსვლის წელი - დაწყებული სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებით, გაგრძელებული გავრილოვის ღამით და დამთავრებული პროპორციული არჩევნების ჩაგდებით.

საგარეო ფლანგზე - დუღილის და არაპროგნოზირებადობის, რასაც ყველაზე ნათლად გამოხატავს თურქეთის მუქარა, აშშ-ის სანქციების პასუხად ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზისა და ქურეჯიქის სარადარო ბაზის დახურვის თაობაზე. ინჯირლიკზე ამერიკის ბირთვული ქობინებია განლაგებული, ქურეჯიქში კი ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შემადგენელი ნაწილია განთავსებული.

ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიიდან უკუსვლის წელი - დაწყებული სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებით, გაგრძელებული გავრილოვის ღამით და დამთავრებული პროპორციული არჩევნების ჩაგდებით

ასევე, ყურადსაღებია თურქეთის განცხადება სირიიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადის შესაძლო დაძვრის თაობაზე, რომლის შეკავების ვალდებულებასაც თურქეთი თავზე აღარ იღებს, რაც ევროპისთვის ახალ თავისტკივილად იქცევა. აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი, რაც ზოგადად მსოფლიოში ტურბულენტობას ზრდის.

სულ ახლახანს ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ში მონაწილე ყველა კომპანიას სანქციები დაუწესა, რის გამოც ამ მილსადენის მშენებლობა შეჩერდა, რომელსაც გაზი ევროპისთვის უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეწოდებინა, რუსეთის სულ უფრო მზარდი სურვილები საბჭოთა სივრცის რეინკარნაციის თაობაზე - ეს არის ძალიან მოკლედ საგარეო მოცემულობა, რომლის პირობებშიც საქართველოს უწევს ცხოვრება.

- დაუსრულებელი პროცესები ვახსენე. ამ თვალსაზრისით 2019 წელი მართლაც საკმაოდ გამოირჩევა. ჩამოთვლას არ შევუდგები, მაგრამ ალბათ შესაძლებელია უკვე იმ ტენდენციებზეც საუბარი, რომელიც 2020 წლის მახასიათებელიც კი იყოს.

თქვენი დაკვირვებით, რა ტიპის დადებითი, ანაც უარყოფითი ტენდენციები გამოავლინა 2019-მა წელმა?

- გეთანხმებით, 2019-ში ბევრი ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და მოხაზავს 2020 წლის კონტურებს. ეს განსაკუთრებით არჩევნებზე ითქმის, რადგან სწორედ მოახლოებული არჩევნების ნიშნით იქნება აღბეჭდილი 2020 წელს თითქმის ყველა აქტივობა საქართველოში.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენად რაციონალურად შეხვდება საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ბოლო დროს მომდინარე უპრეცედენტოდ მძაფრ კრიტიკას, რომლის გათვალისწინების გარეშე საქართველოს ხელისუფლება ან მარტო რჩება რუსეთის პირისპირ ან ექვემდებარება ამერიკულ სანქციებს.

2019-ში ბევრი ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და მოხაზავს 2020 წლის კონტურებს

ამერიკის მხრიდან ასეთი მასირებული კრიტიკა, მე ვიტყოდი „ქართული ოცნების“ 2019 წლის მთავარი „მონაგარია“. ჯერჯერობით, ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ კრიტიკას უფრო მეტი ისტერიით პასუხობს, ვიდრე გონიერებით, რის დასტურადაც ჩვენი სავალალო პრეზიდენტის შანტაჟის შემცველ განცხადებას მოვიყვან, რომლითაც მან დასავლელ პარტნიორებს მიმართა და რომლის არსი შემდეგი იყო - მძფარად და ინტენსიურად ნუ გვაკრიტიკებთ, თორემ რუსეთისკენ გვექცევა მხარიო.

ამერიკის მხრიდან ასეთი მასირებული კრიტიკა, მე ვიტყოდი „ქართული ოცნების“ 2019 წლის მთავარი „მონაგარია“. ჯერჯერობით, ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ კრიტიკას უფრო მეტი ისტერიით პასუხობს, ვიდრე გონიერებით

კიდევ კარგი, რომ „მთავარსარდლისგან“ განსხვავებით, თავდაცვის მინისტრი ადეკვატურია თავის განცხადებებში და ქმედებებში. დადებით ტენდენციად კი უდავოდ უნდა დავასახელო წლის მიწურულს ამერიკის სამხედრო ბიუჯეტში ჩადებული უპრეცედენტო დახმარება საქართველოსთვის - 132 მილიონის ოდენობით, რომელსაც საქართველო საარჩევნო წელს მიიღებს და რაც პირდაპირ და ნათლად ადასტურებს ამერიკის გაუხუნარ ინტერესს საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და იმასაც, რომ ამერიკა საქართველოს დათმობას რუსეთისთვის არ აპირებს.

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ამერიკა მკვეთრად მიჯნავს საქართველოს მიმართ ინტერესს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკას.

- ერთი წელი ძალიან დიდი დრო არ არის ისტორიისთვის, მაგრამ როცა წელი სრულდება ყველა ცდილობს მის შეჯამებას. თქვენი აზრით, როგორი იყო 2019 წელი ხელისუფლებისთვის?

- მძიმე შეცდომების და დაშლის პროცესის დაწყების წელი. დღეს ხელისუფლება თავისივე შეცდომებიის ტყვეა - მას ეშინია უკანდახევის, იგივე არჩევნების საკითხში კომპრომისზე წასვლის, რადგან მიიჩნევს რომ ამას შემორჩენილი მომხრეები სისუსტედ ჩაუთვლიან და თუ სისუსტე შეატყვეს, ახალ პატრონს დაუწყებენ ძებნას.

ხელისუფლებისთვის 2019 წელი მძიმე შეცდომების და დაშლის პროცესის დაწყების წელი იყო. დღეს ხელისუფლება თავისივე შეცდომებიის ტყვეა

და თუ ხელისუფლება შიშმა აიტანა, ეს მას გაცილებით მეტ და მძიმე შეცდომას დააშვებინებს. „ფეისბუკის“ მიერ, მათივე განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ანგარიშისა და ჯგუფის გაუქმება, ფაქტობრივად სანქციების დასაწყისია.

სიტუაციას ამძაფრებს ის, რომ იმ კვლევითი ორგანიზაციის განცხადებით, რომლებიც ამ გვერდებს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციასთან ერთად იკვლევდა, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ეს გვერდები აღვივებდნენ ანტიამერიკულ და პრორუსულ განწყობებს საქართველოში.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში შემორჩნენ რაციონალურად მოაზროვნეები, მათ შორის მაღალ თანმდებობებზეც, რომლებიც მათ გვერდით დაბანაკებულ შავბნელ ძალებს მათზე და ქვეყანაზე გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ.

მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში შემორჩნენ რაციონალურად მოაზროვნეები, მათ შორის მაღალ თანმდებობებზეც, რომლებიც მათ გვერდით დაბანაკებულ შავბნელ ძალებს მათზე და ქვეყანაზე გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ

- რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ თემებზე, ყველაფერი მაინც იმას უკავშირდება თუ როგორი იყო მიმავალი წელი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და საერთოდ ხალხისთვის.

თუ 2020 წლის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტით ვიმსჯელებთ, იგი სოციალური თვალსაზრისით შარშანდელზე უკეთესია, საკმაოდ ბევრი პროფესიის ადამიანს, მათ შორის პენსიონრებს მოემატებათ ხელფასები და პენსიები. დარწმუნებული ვარ, არავის გაკვირვებია ის, რომ ოპოზიციამ 2020 წლის ბიუჯეტს საარჩევნო ბიუჯეტი უწოდა. ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის რა იქნება, უკვე ვიცით, ოდნავ გაუუმჯობესდებათ მდგომარეობა.

თქვენი დაკვირვებით, როგორი იყო 2019 წელი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და საერთოდ ხალხისთვის?

- საზოგადოება პერმანენტული ფსიქოლოგიური დივერსიების, შტორმის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის მიზანი იყო და არის - საზოგადოების დემორალიზაცია, დემოტივაცია, საზოგადოების აღმშენებლობითი ენერგიის ურთიერთდაპირისპირებაში ჩახარჯვა და განლევა, უძლურების განცდის დანერგვა - ეს ყველაფერი დღეს საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მიმართულებაა.

თუმცა, როგორც „ფეისბუქის“ ბოლო კვლევები ადასტურებს, საქართველოს მოსახლეობა არანაკლები „წარმატებით“ იყო საკუთარი ხელისუფლების მანიპულაციის მსხვერპლიც.

საზოგადოება პერმანენტული ფსიქოლოგიური დივერსიების, შტორმის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის მიზანი იყო და არის - საზოგადოების დემორალიზაცია, დემოტივაცია, საზოგადოების აღმშენებლობითი ენერგიის ურთიერთდაპირისპირებაში ჩახარჯვა და განლევა, უძლურების განცდის დანერგვა - ეს ყველაფერი დღეს საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მიმართულებაა

ამას თან დაერთო ლარის გაუფასურებაც, რამაც მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების გაღატაკების პროცესი გააღრმავა, ყოველდღიური უსუსურობის განცდა, რომელიც თან სდევს რუსებისა და ოსების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის პერმამენტულ გადმოწევას და ადამიანთა გატაცებას, რისი პრევენციისთვის, საპასუხოდ და შესაკავებლად ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ - ეს არის რეალობა, რომელსაც სამწუხაროდ ვერსად გავექეცით.

- 2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ჯერ ცალ-ცალკე აქტიურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მის მიერვე ინიცირებულ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე თქვა უარი, ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ერთ საკითხში.

თქვენი აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაათვალისწინებით, როგორი იყო 2019 წელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

- ერთი მხრივ, ოპოზიციამ სერიოზული დარტყმა მიიღო პროპორციული არჩევნების ჩაგდებით, რაც მის წარმომადგენლობითობას მომავალ პარლამენტში მნიშნელოვნად უწყობდა ხელს,

ოპოზიციას ამომრჩევლის მობილიზების თვალსაზრისით, 2020 წელს უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩასატარებელი

მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე პროცესი, ვგულისხმობ, პროპორციული არჩევების ჩაგდებას, მისთვის ახალი სუნთქვის გახსნის შანსად იქცა - საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების და დასავლეთის თვალში იმიჯის გამოსწორების, რადგან მათ ხაზგასმით მშვიდობიან აქციებზე აიღეს სწორება და რაც საარჩევნო წელს, მათთვის აგრერიგად მნიშნველოვანია.

თუმცა, ოპოზიციას ამომრჩევლის მობილიზების თვალსაზრისით, 2020 წელს უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

- ერთ საარჩევნო საკითხში ერთიანობის მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პროცესი საკმაოდ რთულადაც კი გამოიყურება.

აქტუალობას არ კარგავს თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი ოდესღაც ერთიან „ნაცმოძრაობაში.“

ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპოზიციის ლიდერი კვლავ სააკაშვილი იყოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ოცნება“ სააკაშვილის დაბრუნების იდეის პროპაგანდით, არ უჭირს მხარდამჭერების მობილიზება.

მოახლოებულ არჩევნებზე რა იქნება ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა?

- პრობლემას ვერ დავარქმევდი, უფრო - გამოწვევა: ოპოზიციას ჰაერივით სჭირდება ინოვაციურობა და სტრატეგიების დივერსიფიკაცია-გამრავალფეროვნება.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია მხოლოდ ერთ საკითხზე კონცენტრირდა და თუ ასე გაგრძელდა, დრომ შესაძლოა ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავოს. იმას ვგულისხმობ, რომ ამომრჩევლის მიერ არჩევანის გაკეთებისას მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი არააა საკმარისი - ხელისუფლება თუ ცუდია, ვისაც მის მაგივრად აირჩევს - ის რითია კარგი, ამის ცოდნაც სჭირდებათ.

ოპოზიციას ჰაერივით სჭირდება ინოვაციურობა და სტრატეგიების დივერსიფიკაცია-გამრავალფეროვნება... არჩევანის გაკეთებისას მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი არააა საკმარისი - ხელისუფლება თუ ცუდია, ვისაც მის მაგივრად აირჩევს - ის რითია კარგი, ამის ცოდნაც სჭირდებათ

ამიტომ პროტესტის პარალელურად, აუცილებელია გაგრძელდეს პოზიტივზე ორიენტირებული, სტრატეგიული ხედვების მქონე კამპანიების წარმოება.

მთავარ გამოწვევად იქცევა მაჟორიტარული არჩევნები, თუ დარჩა, რა თქმა უნდა. ხელისუფლება ეცდება მაჟორიტარებით ევაჭროს დამოუკიდებელ დეპუტატებს და პატარა პარტიებს, რათა საერთო მაჟორიტარული კანდიდატების თემაზე ოპოზიციურ შეთანხმება-ერთობას აზრი დაუკარგოს.

ასევე, ხელისუფლება იმაზეც ითვლის, რომ ოპოზიციას გაუჭირდება არჩევნების შემდგომ, თუნდაც არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საპროტესტოდ ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ისევე როგორც ამ საკითხში ერთიანობის მიღწევა-შენარჩუნება ოპოზიციაში.

ანუ ხელისუფლება ეცდება, რომ ოპოზიციური პარტიებიდან ზოგიერთები მაინც დაითანხმოს შევიდნენ პარლამენტში და ამით ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია შესძინონ.

ოპოზიციამ ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტის ზრდის პარალელურად გაიზარდოს მათი მხარდამჭერთა რიცხვიც

მოკლედ, ოპოზიციას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, რადგან ხალხში არსებული მასობრივი საპროტესტო მუხტი ერთია, მაგრამ მეორეა ციფრებში გამოხატული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერთა რიცხვი, რომელიც რადიკალურ გაუმჯობესებას საჭიროებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოპოზიციამ ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტის ზრდის პარალელურად გაიზარდოს მათი მხარდამჭერთა რიცხვიც.

რაც შეეხება სააკაშვილს, მისგან ვეღარ გააკეთებენ ისეთ საფრთხობელას, როგორც ის იყო 2012-ის შემდგომ ყველა არჩევნებში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ოცნება“ თავადაც ყალიბდება საფრთხობელად.

სააკაშვილსგან ვეღარ გააკეთებენ ისეთ საფრთხობელას, როგორც ის იყო 2012-ის შემდგომ ყველა არჩევნებში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ოცნება“ თავადაც ყალიბდება საფრთხობელად

- პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ პოლიტიკური პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ დააფუძნა. უკვე ცნობილია, რომ მასში ქართულ პოლიტიკისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანები შევლნენ.

„ლელოს“ თემა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის კონსორციუმისადმი დამოკიდებულების საკითხსაც უკავშირდება.

თქვენი დაკვირვებით, საბოლოოდ, რა პოზიციას დააფიქსირებს ხელისუფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით?

და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს „ლელოს-საქართველოსთვის“, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს? კითხვა ასედაც შეიძლება დაისვას - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ არჩევნებამდე „ოცნების“ ალტარნატივად ჩამოყალიბდეს?

- ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, ერთი რაც უფრო იკვეთება, თითქოსდა პროცესი მიდის გამსხვილებისკენ - „გაერთიანებული ოპოზიცია“ ერთ მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება, ხოლო მეორე მიზიდულობის ცენტრად შეიძლება იქცეს - სწორედ „ლელო“, მით უფრო, თუ ის დამოუკიდებელ დეპუტატთა საპარლამენტო ფრაქციასაც შეიერთებს.

ასევე, თუ მასთან შერწყმას გადაწყვეტს „ოცნების“ ყოფილი მედასავლეთა ფრთა - თამარ ჩუგოშვილის მეთაურობით. გავლენას მოახდენს ორი მნიშვნელოვანი გიორგის - მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის პოზიციებიც - თუკი ისინი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტენ, ვისთან იქნებიან - „ლელოსთან“ თუ „ლელოს“ მიღმა.

გამსხვილება „ლელოსთვის“, ერთი მხრივ, აუცილებელია, მეორე მხრივ, საპარლამენტო სიების შედგენისას პრობლემა შეიძლება გახდეს, თუმცა თუ „ლელო“ მიზიდულობის ცენტრად არ იქცა, რიგითი პარტიების სიაში ჩაეწერება.

თუ „ლელო“ მიზიდულობის ცენტრად არ იქცა, რიგითი პარტიების სიაში ჩაეწერება

მამუკა ხაზარაძეს ყრილობაზე გამოსვლისას ჰქონდა ძალიან საინტერესო და ინოვაციური ხედვები, განსაკუთრებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით, რომელთაც მართლაც შეუძლია წინ გაჭრას ქვეყანა, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოხვიდე.

არჩევნებზე სერიოზული შედეგის მისაღწევად კი „ლელოს“ აკლია უმნიშვნელოვანესი - ენერგეტიკა, ადამიანების მოტივირების, ანთების, საერთო მიზნის გარშემო დარაზმვის უნარი, შარმი თუ ქარიზმა. პოლიტიკური ბრძოლისთვის „ლელო“ ზედმეტად შენელებული და აკადემიურია.

არჩევნებზე სერიოზული შედეგის მისაღწევად კი „ლელოს“ აკლია უმნიშვნელოვანესი - ენერგეტიკა, ადამიანების მოტივირების, ანთების, საერთო მიზნის გარშემო დარაზმვის უნარი, შარმი თუ ქარიზმა. პოლიტიკური ბრძოლისთვის „ლელო“ ზედმეტად შენელებული და აკადემიურია

გამონაკლისია მისი ახალგაზრდები გრიგოლ გეგელია-ირაკლი კუპრაძის დუეტის სახით, რომელთაც აქვთ რესურსი უფრო ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა აკეთონ.

მართალია, „ლელო“ ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რასაც 2012-ის „ოცნება“, მაგრამ თუ სხვა ახალი ძალა არ გამოჩნდა, რისი ალბათობაც სულ უფრო მცირდება, იმ ამომრჩეველში, რომელსაც არსებული პოლიტიკური ძალები არ მოსწონს, უალტერნატივობის გამო ხმების სოლიდური ნაწილი „ლელოსკენ“ წავა.

თუმცა, ოპოზიციური, საპროტესტო აქციებისგან განზე გადგომით, პრინციპით - სხვამ იბრძოლოს და თეთრი ხელთათმანებით ნაყოფს მე მოვწყვეტ, „ლელო“ ვერც თავისთვის და ვერც საქართველოსთვის ლელოს ვერ გაიტანს.

კარგია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ეტაპზე „ლელო“ საპროტესტო აქციებს გაემიჯნა, საბოლოო ჯამში, მისი ახალგაზრდების აქტიურობა მაინც თვალშისაცემი და მისასალმებელი იყო.

„ლელოს“ შანსებს ისიც ზრდის, რომ დასავლეთი შეეცდება, აქ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ერთპიროვნული მმართველობა აღარ დაუშვას - მმართველი კოალიციის შემადგენლობაში კი, „ლელო“ მასში არსებული დიდი ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით, ღირებულად პარტნიორად შეიძლება იქცეს.

„ლელოს“ შანსებს ისიც ზრდის, რომ დასავლეთი შეეცდება, აქ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ერთპიროვნული მმართველობა აღარ დაუშვას

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა თავისივე ინიციატივაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე, ერთი მხრივ ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებასთან მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულების საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა.

ევროკავშირის ინიციატივით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაწყებულია, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს. საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ურჩევენ ხელისუფლებას დაპირებულ პროპორციულ არჩვნებზე გადასვლა. ვნახეთ რომ ხელისუფლების ბოლო ინიციატივა-შეთავაზება ოპოზიციამ არ მიიღო.

დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, საარჩევნო თემებთან დაკავშირებით ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგის შედეგზე სავარაუდოდ როგორ აისახება ოპოზიციის მოთხოვნაზე ეუთო-ოდერის ან დადებითი, ან უარყოფითი დასკვნა?

საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დაძაბულობის ზრდის ფონზე სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა.

რა კორექტივებს შეიტანს ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შედეგი ერთი მხრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებზე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მიმართ ამერიკისა და ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაში?

- ხელისუფლების უპრეცედენტოდ მძაფრმა კრიტიკამ აშშ-ის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. უფრო მეტიც, რაც „ფეისბუქის“ მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მექანიზმები შეეზღუდათ, ახლა, როგორც ჩანს ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. ამიტომ, მგონია რომ ეუთო-ოდირის დასკვნაც ვერაფერს შეცვლის.

უფრო მეტიც, მრჩება შთაბეჭდლიება, რომ ამ ხელისუფლებაზე ზემოქმედების, დიალოგზე წამოყვანის სიტყვიერი რესურსი დასავლეთს ამოეწურა. დასავლეთის მხრიდან ინოვაციური მიდგომების შემუშავების დროა.

მრჩება შთაბეჭდლიება, რომ ხელისუფლებაზე ზემოქმედების, დიალოგზე წამოყვანის სიტყვიერი რესურსი დასავლეთს ამოეწურა და დასავლეთის მხრიდან ინოვაციური მიდგომების შემუშავების დროა

ერთი მხრივ, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ წინასაარჩევნო პროცესში მის მიერ დემოკრატიული თამაშის წესებზე უარის თქმა დაუსჯელი არ დარჩება, ხოლო მეორე მხრივ, მან უნდა მიიღოს ყველა საჭირო გარანტია, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, თუნდაც ის, რომ მათ ისევე ექნებათ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების საშუალება, როგორც ეს დასავლეთის მხარდაჭერით „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეცა 2012-ში.

- ცხინვალის სასამართლოს მიერ ექიმ გაფრინდაშვილისთვის განაჩენის გამოტანამ, რომელიც მისთვის თავისუფლების აღკვეთას 1 წლითა და 9 თვით ითვალისწინებს, ცხადად დაგვანახა თუ როგორ აპირებს მოსკოვი თბილისთან ურთიერთობას.

ამ გადაწყვეტილებით კრემლმა ცალსახად მიგვანიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მის გეგმებში არც ჟენევის ფორმატი, არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი, არც გაეროს, არც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების არაფერს წარმოადგენენ.

რჩბა შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, კრემლი მით მეტად დაიწყებს თბილისთან ღიად ვაჭრობას საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკის წარმოებაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ?

- რუსეთი ყველაფერს აკეთებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ძველი გავლენების აღსადგენად. ნახეთ რა ხდება - ბელორუსს აიძულებს მასთან ერთიანი პარლამენტი და მთავრობა შექმნას. ზეწოლა იმდენად დიდია, რომ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბელორუსის მიერთება ნატო-რუსეთის კონფლიქტის დასაწყისი იქნება.

უკრაინელი ოლიგარქი - კოლომოისკი, რომელიც უდიდესი გავლენებით სარგებლობს უკრაინაში, მოუწოდებს უკრაინელებს იფიქრონ ახალი ვარშავის ხელშკერულების ბლოკის შექმნაზე რუსეთთან ერთად.

მოლდოვაში პრორუსმა პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი მხარდამჭერების საშუალებით დაშალა პროდასავლური სამთავრობო კოალიცია. საქართველოსთან მიმართებაში კი აქტიურად განიხილება ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ტრასის მშენებლობის საკითხი, რაც რუსეთს საქართველოში მუდმივი დესტაბილიზაციის, ტერორიზმის საფრთხის გაზრდის და პირდაპირი ოკუპაციის უნიკალურ შანსებს აძლევს.

რუსეთი არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან და ყველანაირად შეეცდება არ დათმოს ბოლო 7 წლის განმვლობაში საქართველოში მოპოვებული გავლენები. მაგრამ, ამ გზაზე საქართველოში მისთვის ფასეული და ღირებული პოლიტიკური ჯგუფი არ არსებობს.

რუსეთი არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან და ყველანაირად შეეცდება არ დათმოს ბოლო 7 წლის განმვლობაში საქართველოში მოპოვებული გავლენები

ნახეთ, როგორი სასტიკია ის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართაც, გამუდმებით როგორ ამცირებს მას - ხან ვაჟა გაფრინდაშვილის გამოშვებაზე უარით, ხან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევით და ჩვენი მოქალაქეების გატაცებით. რუსეთს საქართველოში მხოლოდ პატივაყრილი პოლიტიკური ძალები სჭირდება. მას „ოცნების“ ყოფნა-არყოფნა კი არ ანაღვლებს ხელისუფლების სათავეში, არამედ იმ გავლენის შენარჩუნება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში მოიპოვა.

რუსეთს საქართველოში მხოლოდ პატივაყრილი პოლიტიკური ძალები სჭირდება. მას „ოცნების“ ყოფნა-არყოფნა კი არ ანაღვლებს ხელისუფლების სათავეში, არამედ იმ გავლენის შენარჩუნება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში მოიპოვა

მაგრამ, ამ გავლენების კიდევ უფრო გაფართოვება საქართველოს დასავლური სივრციდან დისტანცირების და სამომავლოდ რუსულ რეინკარნირებულ ვარშავის ბლოკთან შეზრდის ტოლფასია - ამას ნათლად უნდა ვხედავდეთ 2020 წელს საარჩევნო უბნებთან მისულები, ჩვენ - ქვეყნის შიგნით და ჩვენი დასავლელი პარტნიორები - ქვეყნის გარეთ.

- რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის პირობებში თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს აშშ და ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას?

- უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესია ამერიკამ თანმიმდევრული პოლიტიკა გაატაროს, რადგან ერთი მხრივ, კონგრესის წევრთა უმკაცრესი განცხადებები და მეორე მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის შერბილებული ტონი, საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ორაზროვნად შეაფასოს ამერიკის პოლიტიკური ელიტის პოზიცია.

თუ დასავლეთმა არ დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლება და არ დაითანხმა წინასაარჩევნოდ დემოკრატიული თამაშის წესებზე, მაშინ რუსეთი „დაარწმუნებს“ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს მისი „წესები“, რაც საქართველოში უაღრესად ტრაგიკული პროცესების დასაწყისი გახდება.

თუ დასავლეთმა არ დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლება და არ დაითანხმა წინასაარჩევნოდ დემოკრატიული თამაშის წესებზე, მაშინ რუსეთი „დაარწმუნებს“ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს მისი „წესები“, რაც საქართველოში უაღრესად ტრაგიკული პროცესების დასაწყისი გახდება

პირდაპირ ვურჩევდი დასავლელ პარტნიორებს: ნუ დატოვებს საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მარტო, რუსეთის ზეწოლის ამარა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ის საქართველოს დაკარგავს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი