თინათინ ზოიძე - ტურისტული თვალსაზრისით აჭარის რეგიონს გამორჩეული წელი ჰქონდა

2019 წელს აჭარაში განხორციელებულ პროექტებზე, ტურიზმის მზარდ სტატისტიკასა და სამომავლო გეგმებზე „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე ესაუბრა.

- მთელი წელი რომ შევაჯამოთ, როგორი იყო 2019 წელი ტურისტულად აჭარისთვის?

- ტურისტული თვალსაზრისით გამორჩეული წელი ჰქონდა აჭარის რეგიონს, რადგან წელს ჩვენმა რეგიონმა, ამ შემთხვევაში კი ბათუმმა, მიიღო World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო. ბათუმი გახდა ევროპის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, რამაც დამატებითი ცნობადობა შესძინა ჩვენც ქალაქს. ასევე, ბათუმი დასახელდა Airbnb-ის 19 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას და New York Times-ის 52 ტურისტულად საინტერესო ქალაქებს შორის.

რაც შეეხება რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას, ამ მხრივ აჭარაში ნარჩუნდება დადებითი ტენდენცია. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 11 თვის მონაცემებით 1 800 000-ზე მეტია, რაც 3%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ვიზიტორთა რაოდენობა 84%-ითაა გაზრდილი მაღალმთიანი აჭარაში ტურისტულ მარშრუტებზეც. სასიხარულოა, რომ გარდა საერთაშორისო მოგზაურებისა, რეგიონში მზარდია შიდა ტურისტების რაოდენობაც. ამ მიმართულებით, 9 თვის მონაცემებს თუ ავიღებთ, 12%-იანი მატება გვაქვს.

- რა საიმიჯო-სარეკლამო კამპანიები განხორციელდა მიმდინარე წელს, რომ რეგიონის ცნობადობა გაზრდილიყო და ტურისტები მოგეზიდათ?

- აჭარის საიმიჯო-სარეკლამო კამპანიები აქტიურად მიმდინარეობდა იმ 16 სამიზნე ქვეყანაში, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ბოლო წლებია ხორციელდება. რეგიონის საიმიჯო კამპანიები ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე განხორციელდა, როგორებიცაა BBC, Deutsche Welle, Euronews და უშუალოდ სამოგზაურო ტელეკომპანიები National Geographic, Travel Channel, რომლებშიც ბათუმის შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები პირველად გამოჩნდა. გარდა ამისა, რეგიონში ვუმასპინძლეთ 500-მდე ჟურნალისტსა და ტურ-ოპერატორს, შედეგად კი აჭარის შესახებ სტატიები ისეთ გამოცემებში გამოჩნდა, როგორებიცაა Vogue, Forbes, ZOE Magazine, Cosmopolitan, Travel, Emerging Europe.

- გარდა სარეკლამო აქტივობებისა, ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების კუთხით რამდენად საინტერესო წელი იყო და საახალწლოდ რა იგეგმება ბათუმში?

- ახალი წლისთვის განსაკუთრებით ემზადება ბათუმი და მთლიანად რეგიონი. წელს, საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრმა ევროპის მოედნიდან ბათუმის ბულვარში გადაინაცვლა, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი დეკორაციებითაა მორთული. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტი დატვირთულია საახალწლო პროგრამებით ხულო, ხელვაჩაური, ქედა, ქობულეთი, შუახევი და 28 დეკემბერს, გოდერძის უღელტეხილზე ვუმასპინძლებთ ზამთრის ძალიან კარგ ფესტივალს, სადაც მოვუწოდებ ყველას - გვესტუმრონ, დაისვენონ და ისიამოვნონ.

აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონი არის გახანგრძლივებული. სხვადასხვა ფესტივალი და ღონისძიება რეგიონში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჯაზ ფესტივალი, ზაფხულის ფესტივალი, საერთაშორისო ფილმების ფესტივალი - Biaff, სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა”, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, გონიოს მუსიკალური ფესტივალი, რომაული ფესტივალი, რომელიც წელს პირველად ჩატარდა და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე გამოფენები, რომლებიც მუდმივად იმართება ბათუმში. ახლახანს ვმასპინძლობდით საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომლის ფარგლებსიც თეატრალური დასები რეგიონს 5 ქვეყნიდან სტუმრობდნენ.

- რაც შეეხება მთიან აჭარას, რა მნიშვნელოვანი სიახლეები იყო 2019 წელს მთიან აჭარაში?

- უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე სეზონურობა რეგიონში ისევ რჩება გამოწვევად, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს. იმისთვის, რომ აჭარის რეგიონი ოთხივე სეზონზე გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, საჭიროა გაჩნდეს ახალი ტურისტული მიმართულებები. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთიან აჭარაში შეიქმნას მასშტაბური ტურისტული ინფრასტრუქტურა. ახალი მიმართულებების პოპულარიზაციის კუთხით, მოვნიშნეთ ძალიან ბევრი ტურისტული ბილიკი, რომელზეც ვიზიტორები მოგზაურობენ. უნდა აღინიშნოს, რომ მთიანი აჭარის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მიხედვითაც მომზადდა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა. ჭვანის ხეობა იქნება სწორედ ის ახალი მიმართულება, რომელიც დამატებით ტურისტულ პროდუქტს შექმნის მაღალმთიან აჭარაში. აქ შეიქმნება კაფსულების სასტუმრო, იქნება ბილიკი, რომელიც ხის თაღოვანი ხაბელაშვილების ხიდიდან წისქვილების სოფლამდე ტერიტორიას მოიცავს, მოეწყობა თავშესაფრები. ამ პროექტის დაგეგმარებითი ნაწილი დაგეგმილია 2020 წელს და გარკვეული ნაწილის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ მომავალ წელს. ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩირუხის მთის განვითარების პროექტზე, რომელიც გარდამავალი პროექტია და დასრულდება ივნისის თვეში.

- რომელი მარშრუტები დაემატა რეგიონს?

- ჩვენ მოვახდინეთ დაახლოებით რვა ახალი ტურიტული ბილიკის მონიშვნა, რომელთა პროექტების განხორციელებაზე ვიმუშავებთ 2020 წელს. წელს, მოხდა დაახლოებით 4 მარშრუტის მარკირება და დაემატა ახალი ტურისტული პროდუქტები რეგიონს. ჯამში მაღალმთიან აჭარაში გვაქვს 15 მარკირებული პროდუქტი, სადაც ტურისტს მოგზაურობა შეუძლია. აღნიშნული მარშრუტები ყველა დივერსიფიცირებულია და ხელს უწყობს რეგიონს იყოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი.

- რა მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავთ მომავალ წელს ?

- მომავალი წლისთვის ჩვენ გვექნება სამი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი იმუშავებს.

პირველი - ჩვენ რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და მარკეტინგი საერთაშორისო და შიდა ბაზარზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სწორად მოვახდინოთ ტურისტული პროდუქტების პოზიციონირება და მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი ტურისტი რეგიონში. ასევე, მნიშვნელოვანია მოვახდინოთ შიდა ტურიზმის სტიმულირება და ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილია 24%-ით.

მეორე - სერვისის განვითარება. სერვისი ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ტურისტული სერვისები და პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვანხორციელებთ და ვუწევთ პოპულარიზაციას. რეგიონში ჩამოსულ სტუმარს გვინდა დახვდეს შესაბამისი სტანდარტების მომსახურება. ამ კუთხით, ძალიან აქტიურად ვგეგმავთ ტრენინგებს, ვორქშოფებს, სემინარებს, სპოთლაითის ტიპის ტრენინგებს, ინდივიდუალურად მორგებულს სექტორის საჭიროებებზე, როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ქალაქ ბათუმში და ეს ყველაფერი დაეხმარება სერვისში ჩართულ სექტორს გაიუმჯობესონ უნარები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ მიმართულებით ბიუჯეტი 100%-ით გაზრდილია და მომავალი წლისთვის სერვისის განვითარება განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მესამე - მთავარი მიმართულება, რომელზეც ვიმუშავებთ, გახლავთ ტურისტული პროდუქტების განვითარება და მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ისე ქალაქში. ტურისტული პროდუქტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ტურისტი და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს არსებული პოტენციალის უფრო მეტ პოპულარიზაციას. გოდერძის უღელტეხილი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც 150 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება ახლა. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს ბილიკების მონიშვნა და პროექტების განხორციელება ქედის მუნიციპალიტეტში და მაჭახელას ხეობაში, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს. ამასთან, ქობულეთის მინიციპალიტეტი, რომელშიც დაცული ტერიტორიებიც არის და ჩვენ აქ ვიმუშავებთ გარდამავალი ტურისტული ბილიკების მონიშვნის კუთხით. ასევე, განვაახლებთ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც ქობულეთში მდებარეობს. ჩვენ უკვე მოვამზადეთ ბაზა, ტურისტებისთვის სპეციალური რუკები ქობულეთში, რომელიც დაიბეჭდება მომავალი წლისთვის. საერთო ჯამში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ტურისტული პროდუქტების განვითარების კუთხით გვექნება აქცენტი მარშრუტების დივერსიფიცირებაზე, იმ ბუნებრივი და კულტურული რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას.

ამასთან, მომავალ წელს განსაკუთრებული დეტალი გვემატება, ეს არის სტადიონი. 20 ათას ადამიანზე გათვლილი სტადიონი, რომელიც ბათუმს საშუალებას მისცემს, უმასპინძლოს დიდ ღონისძიებებს. სტადიონის გახსნა ზაფხულის პერიოდისთვის იგეგმება და შესაბამისად, ინფრასტრუქტურული ნაწილი თითქმის დასრულებულია. მომავალ წელს, საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს ვგეგმავთ უეფას დონის ფეხბურთის სტადიონზე.

- როგორც ვიცით, 26 დეკემბერს იმართება საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებელების დაჯილდოების ცერემონია „მაგნოლია 2019“. რას ემსახურება ღონისძიება და როგორ გამოვლინდება გამარჯვებულები?

- დაჯილდოების ღონისძიების მთავარი მიზანია ტურისტული სექტორის წახალისება და მათთვის მოტივაციის მიცემა, უფრო და უფრო კარგი სერვისი შესთავაზონ სტუმრებს. ჩვენ დავაჯილდოებთ გამარჯვებულებს 13 ნომინაციაში, რომელთა შორისაა საუკეთესო სასტუმრო, კვების ობიექტი, ტურისტულ სააგენტო, გიდი, საოჯახო-სასტუმრო სახლი, მარანი და ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილი. ყველა გამარჯვებული გამოვლინდება ტურისტების კვლევისა და სექტორის შეფასების შედეგად. ღონისძიების დასაწყისში შევაჯამებთ 2019 წელს და სტუმრებს ტურიზმის მიმართულებით 2020 წლის პრიორიტეტებს გავაცნობთ.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ციცქიშვილი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს