ბექა დავითულიანი - თბილისის ბიუჯეტი ნამდვილად უპრეცედენტოდ მაღალია

თბილისის ბიუჯეტი ნამდვილად უპრეცედენტოდ მაღალია - ჯამში თბილისზე დაიხარჯება მილიარდ 300 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა თბილისის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, რომელსაც დღეს თბილისის საკრებულოს კომისიები განიხილავენ, ხოლო ხვალ უნდა დამტკიცდეს.

„როდესაც ოპონენტები საუბრობენ, რომ თითქოს მანამდე გვქონდა მეტი ბიუჯეტი, კი, შარშან უფრო მეტი დაიხარჯა ფაქტობრივად, თუმცა ის ბიუჯეტი გაიზარდა დაზუსტებებით, მეგობრებო. მილიარდ 20 მილიონი არის პირველადი ვარიანტი, წლის განმავლობაში გაიზრდება ჯერ მილიარდ 100 მილიონამდე დაზუსტებით, შემდეგ დაემატება დაახლოებით 200 მილიონზე მეტი EBRD-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით ავტობუსების შესაძენად და ჯამში წელს თბილისზე დაიხარჯება მილიარდ 300 მილიონი ლარი, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა და არ დახარჯულა არასდროს. როდესაც გესაუბრებიან ოპონენტები, უბრალოდ, ციფრებით მანიპულირებენ და პირველად ბიუჯეტს ადარებენ შარშანდელ მეორადს და ამით გატყუებენ, თითქოს შარშანდელთან შედარებით შემცირდა. სინამდვილეში წელს კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შარშან მილიარდს მივაღწიეთ და დავხარჯეთ რეალურად ბევრად მეტი, წელს მილიარდ 300 მილიონს დავხარჯავთ რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდ 21 მილიონამდეა პირველადი ბიუჯეტი", - განაცხადა დავითულიანმა.

მანვე ისაუბრა ერთი მხრივ, კადრების დამატებისა და მეორე მხრივ, პიარის ბიუჯეტის შესახებაც.

„მოხდა რამდენიმე რაღაც. როდესაც ამბობენ, რომ საშტატო ერთეულები გაზრდილია, ეს არის კანონის მოთხოვნა. ვინც გვყავდა ხელშეკრულებით, გადავიყვანეთ შტატში და ამიტომ საშტატო ერთეულები გაიზარდა, ოღონდ ის ხალხი მანამდეც მუშაობდა და იღებდა ხელფასს მუნიციპალიტეტიდან, ახლაც იღებს, ოღონდ უკვე შტატშია. ესაა ერთი და ესეც მანიპულაციაა ჩვეულებრივი ფორმალობებით. მეორე, რაც შეეხება პიარს, თბილისის მერიას რამდენი სსიპ-იც, რამდენი გამგეობაც და ა.შ. ჰყავდა, ყველას ცალ-ცალკე ჰყავდა პიარ სამსახურები და ყველგან მუშაობდნენ თანამშრომლები. ეს ყველაფერი გაერთიანდა ერთ სსიპ-ში და გამოჩნდა ჯამურად დიდი ციფრი. უბრალოდ გაერთიანდა და დაიწყო ერთი ცენტრიდან ამის მართვა“, - აღნიშნა დავითულიანმა.

საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრმა კომენტარი გააკეთა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრალურ ბიუჯეტში გადასვლასთან დაკავშირებითაც.

"სასწრაფო სამედიცინო მომსახურება თბილისში იყო მუნიციპალური და ახლა მიდის საუბარი 112-ის, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ერთი ცენტრიდან მართვის შესახებ და გადავა ცენტრალურ ბიუჯეტში, დაექვემდებარება იმ მთავარ უწყებას, რომელიც ახორციელებს ჯანდაცვის სერვისებს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში