ზაზა ფირალიშვილი - თითქოს საქმე ხელისუფლებისთვის ფატალურ პროცესებთან გვაქვს, თუ ასე გაგრძელდა, ან წესების გარეშე ბრძოლა გველის, ან სიტუაციის მკვეთრი შეცვლა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, გასაგებია, რომ წელს დაწყებული პოლიტიკური პროცესები დასრულებული არაა, მაგრამ რადგან წელი სრულდება, ახლა სწორედ ის დროა, რამდენადაც შესაძლებელია 2019 წლის შედეგები შეჯამდეს.

გასაგებია ისიც, რომ პოლიტიკური პროცესების დინამიკა თითქმის ყოველდღე გვთავაზობს სხვადასხვა სახის საკმაოდ დამაფიქრებენ მოვლენებს, მაგრამ მე პირველ კითხვას მაინც ასე დავსვამდი - როგორი იყო 2019 წელი ქვეყნისთვის?

- ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, რთული წელი იყო. პირადად ჩემზე, ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება რამდენიმე მოვლენამ დატოვა - ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო სისტემაზე მიცემული დაპირების უკან წაღებამ, რამაც ის სუსტი ძაფებიც გაწყვიტა, მას რომ ახალგაზრდულ სუბკულტურასთან აკავშირებდა, სასამართლო რეფორმის პროფანირებამ, იმ ადამიანების მიერ „ოცნები“-ს მიტოვებამ, ვის მიმართაც, ამა თუ იმ ხარისხით, ერთგვარი ნდობა და პოზიტიური მოლოდინი არსებობდა.

ასევე, პრეზიდენტის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურმა განცხადებებმა და რამდენიმე ახალგაზრდის თვითმკვლელობამ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მძიმე რამ გახლავთ და ქვეყნის საერთო მორალურ და ფსიქოლოგიურ კრიზისზეა მიმანიშნებელი.

რთული წელი იყო, ბევრი რამ 2019 წელს მომხდარი ქვეყნის საერთო მორალურ და ფსიქოლოგიურ კრიზისზეა მიმანიშნებელი

რაც მთავარია, 2019-ში გამეორდა იგივე სიტუაცია, რაც 2011-ში გვქონდა - ერთნაირი უნდობლობა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ განწყობებს შორის კვლავ მაშინდელი უფსკრული იგრძნობა.

- დაუსრულებელი პროცესები ვახსენე. ამ თვალსაზრისით 2019 წელი მართლაც საკმაოდ გამოირჩევა. ჩამოთვლას არ შევუდგები, მაგრამ ალბათ შესაძლებელია უკვე იმ ტენდენციებზეც საუბარი, რომელიც 2020 წლის მახასიათებელიც კი იყოს.

თქვენი დაკვირვებით, რა ტიპის დადებითი, ან უარყოფითი ტენდენციები გამოავლინა 2019 წელმა და თქვენი აზრით, როგორი იყო 2019 წელი ხელისუფლებისთვის?

- ხელისუფლებისათვის ეს იყო ცუდი წელი, თუმცა ვეჭვობ, მისი წარმომადგენლები ამას ნათლად გრძნობდენ. მან კონტაქტი დაკარგა არა მხოლოდ რიგით მოქალაქესთან, არამედ თავის რიგებშიც ვერ ინარჩუნებს თანხმობას და მთლიანობას. თითქოს იმ ფაზაშია შესული, არაერთხელ რომ გვინახავს - შეცდომები და ტლანქი ნაბიჯები ერთმანეთს მოსდევს.

ცუდი ისაა, რომ ვერც ერთმა წინა ხელისუფლებებმა და ვერც ახლანდელმა ვერ შეიმუშავა ხელისუფლებიდან ისეთი წასვლის სტრატეგია, პოლიტიკაში დარჩენის საშუალებას რომ მისცემდა.

როგორც წესი, ისე ებღაუჭებიან ხელისუფლებას და იმდენ შეცდომასა და დანაშაულსაც კი სჩადიან, რომ მარცხის შემდეგ მათი მობრუნება ძნელი წარმოსადგენია.

ხელისუფლებისთვის ეს იყო ცუდი წელი, თუმცა ვეჭვობ, მისი წარმომადგენლები ამას ნათლად გრძნობდენ

არადა, ხელისუფლების გადაცემის მომენტისათვის მზადყოფნა დემოკრატიული პროცესის აუცილებელი ნაწილია. პიროვნული მესიანიზმის გამო ლიდერებისათვის მარცხი ფსიქოლოგიურად არის წარმოუდგენელი. ამით თავისდაუნებურად ამზადებდნენ და ამზადებენ რევოლუციურ თუ კვაზირევოლუციურ პროცესებს.

უკიდურესად დამაფიქრებელია დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უუნარობა, დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორული დიალოგი შეინარჩუნონ. თან მასმედიაზე კონტროლის დაწესებას ლამობდე, სასამართლო რეფორმის იმიტირებას ლამობდე, შენთვის ხეირიან საარჩევნო სისტემას ებღაუჭებოდე და ამასთანავე, გსურდეს, რომ დასავლეთმა დემოკრატიულ მმართველობად მიგიღოს, რბილად რომ ვთქვათ, ნონსენსია.

უკიდურესად დამაფიქრებელია დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უუნარობა, დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორული დიალოგი შეინარჩუნონ. თან მასმედიაზე კონტროლის დაწესებას ლამობდე, სასამართლო რეფორმის იმიტირებას ლამობდე, შენთვის ხეირიან საარჩევნო სისტემას ებღაუჭებოდე და ამასთანავე, გსურდეს, რომ დასავლეთმა დემოკრატიულ მმართველობად მიგიღოს, რბილად რომ ვთქვათ, ნონსენსია

ამ ნონსენსის გვირგვინი ისაა, ქვეყნის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს რომ მოუწოდა, დაუბალანსებელი კრიტიკისაგან თავი შეიკავონ, რადგან, ეს, თურმე, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ორიენტაციაზე. ასეთ შანტაჟის ნიშნების შემცველ განცხადებას უკვე ვეღარ მივაწერთ ენის ცუდ ცოდნას.

აქვე გავიხსენებ და ენის ცუდ ცოდნას ვერც იმ განცხადებას მივაწერთ, რომლის თანახმადაც მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან არა გვაქვს პრობლემური საზღვარი, არამედ ისეთივე მდგომარეობაა სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაშიც.

რა ვქნათ, გავახსენოთ მას, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან ჩვენ საზღვრების დემარკაციის პრობლემა არ გვაქვს? აღარაფერს ვამბობ, ქართული არმიის შესახებ განცხადებაზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ეს პრეზიდენტი მალე მათი მმართველობის უარყოფით სიმბოლოდ იქცევა და ამას ვეღარაფერს უშველიან. ჯერჯერობით კი ისე ჩანს, რომ „ოცნების“ ლიდერი კმაყოფილია პრეზიდენტის განცხადებებით.

ნდობა დაკარგა „ქართული ოცნების“ მცდელობამ, ნებისმიერი ოპოზიციური აზრი „ნაციონალებისა“ და მათი აგენტურის ხრიკებისათვის მიეწერათ. შესაძლოა, „ოცნების“ ლიდერებს, მართლაც, სჯერათ, რომ ეს ასეა, მაგრამ მაშინ კიდევ უარეს შემთხვევასთან გვქონია საქმე.

ის, რომ „ოცნების“ ლიდერებმა მრავალათასიანი მიტინგის მოწყობა შეძლეს, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჯერაც მუშაობს ადმინისტრაციული ვერტიკალი და რომ ჯერაც შეუძლიათ იმ ადამიანების მობილიზება, ვისი ბედიც მთლიანად მათზეა დამოკიდებული. არც „ნაცმოძრაობას“ გასჭირვებია მრავალათასიანი მიტინგის მოწყობა უშუალოდ 2012 წლის არჩევნების წინ.

თითქოს საქმე ხელისუფლებისთვის ფატალურ პროცესებთან გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, ან წესების გარეშე ბრძოლა გველის, ან სიტუაციის მკვეთრი შეცვლა.

„ოცნება“ ვერ იქცა ქვეყნის მოდერნიზაციის ლიდერად. მან ვერ შეძლო მოსახლეობა დაერწმუნებინა იმაში, რომ „ნაციონალების“ მიერ ხისტად და ხშირად ძალადობრივი მეთოდებით განხორციელებულის ნაცვლად, მას მოაქვს მოდერნიზაცია „ადამიანური სახით.“ მის პოლიტიკურ ქცევას აშკარად ეტყობა გვიანი საბჭოთა პოლიტიკური ესთეტიკის კვალი.

„ოცნება“ ვერ იქცა ქვეყნის მოდერნიზაციის ლიდერად. მან ვერ შეძლო მოსახლეობა დაერწმუნებინა იმაში, რომ „ნაციონალების“ მიერ ხისტად და ხშირად ძალადობრივი მეთოდებით განხორციელებულის ნაცვლად, მას მოაქვს მოდერნიზაცია „ადამიანური სახით.“ მის პოლიტიკურ ქცევას აშკარად ეტყობა გვიანი საბჭოთა პოლიტიკური ესთეტიკის კვალი

საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელ მოსამართლეთა არჩევით მან თავადვე უარყო თავისი მთავარი სლოგანი - სამართლიანობის აღდგენა. მთელი კონცეპტუალური თვალთახედვა დაიყვანეს „ნაციონალების“ უვარგისობაზე და ამაზე სპეკულირებით ცდილობდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას.

არადა, წლების განმავლობაში ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე კარგად მოფიქრებული პოლიტიკური ხერხი ცვდება და გაცვდა ესეც.

- რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ თემებზე, ყველაფერი მაინც იმას უკავშირდება თუ როგორი იყო მიმავალი წელი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და საერთოდ ხალხისთვის.

თუ 2020 წლის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტით ვიმსჯელებთ, იგი სოციალური თვალსაზრისით შარშანდელზე უკეთესია, საკმაოდ ბევრი პროფესიის ადამიანს, მათ შორის პენსიონრებს მოემატებათ ხელფასები და პენსიები. დარწმუნებული ვარ, არავის გაკვირვებია ის, რომ ოპოზიციამ 2020 წლის ბიუჯეტს საარჩევნო ბიუჯეტი უწოდა. ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის რა იქნება, უკვე ვიცით, ოდნავ გაუუმჯობესდებათ მდგომარეობა.

თქვენი დაკვირვებით, როგორი იყო 2019 წელი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და საერთოდ ხალხისთვის?

- ეკონომიკური თვალსაზრისით ეს იყო რთული წელი. ლარის გაუფასურების გათვალისწინების გარეშე ხელფასისა და პენსიის მომატებაზე საუბარი, როგორც წარმატებული სოციალური პოლიტიკის ნიშნებზე, არ შეიძლება. უკეთეს შემთხვევაში, ეს ლარის გაუფასურებამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს.

აუცილებლად შევნიშნავდი ახალგაზრდული მოძრაობების გააქტიურებას, როგორც განვლილი წლის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ მოვლენას. ახალგაზრდებს არა აქვთ გამოცდილება, ხშირად იდეალიზმი სძლევთ, მაგრამ, იქნებ, სწორედ ეს არის საჭირო იმ ჩიხში, რომელშიც აღმოვჩნდით. მომავალ წელს ეს მოძრაობები, როგორც ჩანს, უკვე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

აუცილებლად შევნიშნავდი ახალგაზრდული მოძრაობების გააქტიურებას, როგორც განვლილი წლის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ მოვლენას... მომავალ წელს ეს მოძრაობები, როგორც ჩანს, უკვე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ

- 2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ჯერ ცალ-ცალკე აქტიურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მის მიერვე ინიცირებულ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე თქვა უარი, ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ერთ საკითხში.

თქვენი აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, როგორი იყო 2019 წელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

- თემატური ერთიანობის მიღწევა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჩვენ გვახსოვს, როგორი რთული იყო ეს წინა წლებში. უფრო ღრმა ინტეგრაცია იდეოლოგიათა და პოლიტიკური ხედვის სიახლოვეს გულისხმობს. მექანიკური გაერთიანება შეუძლებელია. კარგად მახსოვს, 90-იან წლებში ერთ ბლოკებად როგორ ერთიანდებოდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც იდეოლოგიურად დიამეტრალურად იყვნენ განსხვავებულები.

ამასთან, თითქოს აშკარაა, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს წვრილი პოლიტიკური წარმონაქმნების ეპოქა. ყოველი შემდგომი არჩევნები ამას თვალსაჩინოდ გვაჩვენებს.

თითქოს აშკარაა, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს წვრილი პოლიტიკური წარმონაქმნების ეპოქა

და მაინც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ჯერაც არასასურველად ძლიერია პიროვნული ინტერესებისა და პოლიტიკური პარტიკულარიზმის როლი. ოდესღაც ასე თუ ისე წარმატებით მუშაობდა სატელიტური პოლიტიკური პარტიების ფენომენი. დღეს ჩვენი ამომრჩეველი უკვე იოლად სცნობს მათ.

თავად პოლიტიკური ჯგუფების ცხოვრებაშია რაღაც ძირეულად შესაცვლელი, რადგან ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იდეალურ საარჩევნო კანონმდებლობას, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური განვითარების აზრით ბევრი არაფერი შეიცვალოს.

თავად პოლიტიკური ჯგუფების ცხოვრებაშია რაღაც ძირეულად შესაცვლელი, რადგან ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იდეალურ საარჩევნო კანონმდებლობას, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური განვითარების აზრით ბევრი არაფერი შეიცვალოს

პარლამენტი იქცევა წვრილი პოლიტიკური წარმონაქმნების ასპარეზად, სადაც ცალკეულ ლიდერთა მესიანიზმი და კორპორაციული ეგოიზმი ყოველგვარი კონსესუსის შესაძლებლობას მოსპობს.

ვიმეორებ, საარჩევნო სისტემა ძალზე მნიშვნელოვანია. დღევანდელი სისტემა ხელს უშლის ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. მაგრამ, ამ უკანასკნელს არანაკლებ უშლის ხელს ის, რასაც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებული ფეოდალური პლურალიზმი უწოდეს, არანაკლებ უშლის ხელს თანამშრომლობისა და დიალოგის უნარის დეფიციტი.

თუ ეს არ გადაილახა, მხოლოდ სისტემის შეცვლა არაფერს მოგვცემს.

- ერთ საარჩევნო საკითხში ერთიანობის მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პროცესი საკმაოდ რთულადაც კი გამოიყურება.

აქტუალობას არ კარგავს თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი ოდესღაც ერთიან „ნაცმოძრაობაში.“

ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპოზიციის ლიდერი კვლავ სააკაშვილი იყოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ოცნებას“ სააკაშვილის დაბრუბენის იდეის პროპაგანდით, არ უჭირს მხარდამჭერების მობილიზება.

მოახლოებულ არჩევნებზე რა იქნება ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა?

- ნაწილობრივ შევეხე ამ თემას. როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას უჭირს, აღიქვას, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და, შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებაში რას მოითხოვს მათგან პოლიტიკური განვითარების ლოგიკა.

ჯიუტად იმეორებენ ერთსა და იმავეს, ფორმალურადაც კი არ ცვლიან არაფერს.

როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას უჭირს, აღიქვას, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში... და, ჯიუტად იმეორებენ ერთსა და იმავეს, ფორმალურადაც კი არ ცვლიან არაფერს

- პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ პოლიტიკური პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ დააფუძნა. უკვე ცნობილია, რომ მასში ქართულ პოლიტიკისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანები შევლენ.

„ლელოს“ თემა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის კონსორციუმისადმი დამოკიდებულების საკითხსაც უკავშირდება.

თქვენი დაკვირვებით, საბოლოოდ, რა პოზიციას დააფიქსირებს ხელისუფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით?

და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს „ლელოს საქართველოსთვის“, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს? კითხვა ასედაც შეიძლება დაისვას - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არჩევნებამდე „ოცნების“ ალტარნატივად ჩამოყალიბდეს?

- როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტისა და ქალაქი ანაკლიის პროექტის დაკონსერვება გადაწყვიტა. ეს აშკარაა. ძნელია, სერიოზულად აღიქვა მათი „მზადყოფნა,“ როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ და მეთოდურად ამუხრუჭებენ ამ საქმეს.

რაც შეეხება „ლელოს.“ „ლელოს“ გაჩენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ადრეც ხშირად მითქვამს, თუ რა ჩიხში შეიყვანა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარება „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ დაპირისპირებამ. თუკი „ლელოს“ ამ ქვეყანაში რაიმეს გაკეთება შეუძლია, პირველ რიგში, ესაა სწორედ არსებული ორპოლუსიანი სისტემის გადალახვა. ისიც კარგად ჩანს, რომ საზოგადოებაც ელის ამგვარი ძალის გამოჩენას, რომელსაც ხშირად „მესამე ძალას“ უწოდებენ ხოლმე.

„მესამე ძალა“ იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ჩაერთვება უკვე არსებულ დაპირისპირებაში, როგორც მესამე სუბიექტი და ამით, არსებითად, არაფერი შეიცვლება. საჭიროა არა „მესამე ძალა“, არამედ პოლიტიკური ალტერნატივა და ეს "ლელოს" ლიდერებმაც განაცხადეს.

„ლელოს“ გაჩენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა... საჭიროა არა „მესამე ძალა“, არამედ პოლიტიკური ალტერნატივა და ეს „ლელოს“ ლიდერებმაც განაცხადეს

მის რიგებში ახალგაზრდული პოლიტიკური სუბკულტურის პოპულარული წარმომადგენლების გამოჩენა ბევრ რამეზეა მიმანიშნებელი. პირველ რიგში, სწორედ ისინი არიან პოლიტიკური ალტერნატივის იდეის მატარებლები.

ერთსაც დავამატებ: იმ ჯგუფებმა და პიროვნებებმა, ვინც ლელო დააფუძნეს, შეძლეს პოლიტიკური პარტიკულარიზმის გადალახვა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა. ამით, ქართულ პოლიტიკაში ამ ამოცანამ უკვე გაიჟღერა და ეს უკვე ძალიან კარგი პრეცედენტია.

ვინც ქართულ პოლიტიკას ვაკვირდებით, გვაქვს იმის გამოცდილება, რომ თუ პოლიტიკაში ახლად შემოსული ძალა დიდი ენერგიის მატარებელ მძლავრ ცენტრად იქცა, რომელიც დღის წესრიგს ქმნის და ამით სხვა ცენტრებს თავის ორბიტაში აქცევს, მაშინ არჩევნებზე მისი გამარჯვება საპროტესტო ელექტორატისათვის უკვე პრინციპული საქმე ხდება და ეს წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია. ეს არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი აქსიომათაგანი. ასეთ ცენტრებად იქცნენ 2003-ში „ნაცმოძრაობა“ და 2012-ში - „ქართული ოცნება“.

„ლელო“ როგორ პოლიტიკური გაერთიანება პროტესტის სახედ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი პოზიტიური ცვლილებების იმედად უნდა წარდგეს. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და საზოგადოებრივი განწყობები „ლელოს“ ამის შანსს აძლევს.

„ლელო“ როგორ პოლიტიკური გაერთიანება პროტესტის სახედ და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი პოზიტიური ცვლილებების იმედად უნდა წარდგეს. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და საზოგადოებრივი განწყობები „ლელოს“ ამის შანსს აძლევს

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა თავისივე ინიციატივაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე, ერთი მხრივ ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებასთან მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულების საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა.

ევროკავშირის ინიციატივით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაწყებულია, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს. საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ურჩევენ ხელისუფლებას დაპირებულ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. ვნახეთ რომ ხელისუფლების ბოლო ინიციატივა-შეთავაზება ოპოზიციამ არ მიიღო.

დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, საარჩევნო თემებთან დაკავშირებით ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგის შედეგზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ოპოზიციის მოთხოვნაზე ეუთო-ოდერის ან დადებითი, ან უარყოფითი დასკვნა?

- პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ პროპორციულზე უარის თქმით ხელისუფლებამ დაკარგა არა მხოლოდ ოპოზიციისა და უცხოელი პარტნიორების, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ახალგაზრდობის აქტიური ნაწილის ნდობა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც ყოველთვის იოლად იჩენდა მტრებს. გეხსომებათ მისი დაპირისპირება ე.წ. ექსპერტთა საზოგადოებასთან, მისი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორთან და ჟურნალისტებთან.

პროპორციულზე უარის თქმით ხელისუფლებამ დაკარგა არა მხოლოდ ოპოზიციისა და უცხოელი პარტნიორების, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ახალგაზრდობის აქტიური ნაწილის ნდობა

საიმისოდ, რომ ასეთი დაპირისპირება შენთვის წარმატებით დამთავრდეს, გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე ოპოზიციური აზრის „ნაციონალებისათვის“ მიკუთვნება და დიდი რესურსები. ამისთვის რეალური პოზიტიური მუხტის შექმნაცაა საჭირო.

სამწუხაროდ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ „ოცნებაში“ კარგად ვერ იაზრებენ, რა ამბავია მათ თავს. ბოლოს მოწყობილმა მრავალათასიანმა აქციამ კიდევ უფრო დაუკარგა სიფხიზლე და ისევ ჯიუტად განაგრძობენ თავისას.

ნდობის ეროზია იმდენად სწრაფია, რომ შორს არ არის დრო, როდესაც მნიშვნელობა არ ექნება საარჩევნო სისტემას. „მოქალაქეთა კავშირმა“ და „ნაცმოძრაობამ“ უკვე გამოსცადეს, რას ნიშნავს, როდესაც საზოგადოებაში შენი წასვლის ნება მწიფდება. თუ ასე გაგრძელდა, „ოცნებასაც“ მოუწევს ამის გამოცდა.

„მოქალაქეთა კავშირმა“ და „ნაცმოძრაობამ“ უკვე გამოსცადეს, რას ნიშნავს, როდესაც საზოგადოებაში შენი წასვლის ნება მწიფდება. თუ ასე გაგრძელდა, „ოცნებასაც“ მოუწევს ამის გამოცდა

- საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დაძაბულობის ზრდის ფონზე სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა.

რა კორექტივებს შეიტანს ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შედეგი ერთი მხრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებზე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მიმართ ამერიკისა და ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაში?

- მხოლოდ ზოგადად შემიძლია თქმა. თუ აშშ-ს ახალი ელჩის ბიოგრაფიას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, როგორია ვაშინგტონის ადმინისტრაციის დამოკიდებულება „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

თუ აშშ-ს ახალი ელჩის ბიოგრაფიას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, როგორია ვაშინგტონის ადმინისტრაციის დამოკიდებულება „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ

ცხადია, „ოცნებაში“ ვინმეს შეიძლება აზრადაც მოუვიდეს გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა, რაზეც თითქოს მიანიშნა კიდეც ჩვენმა პრეზიდენტმა, მაგრამ მაინც არა მგონია, კოლექტიურ ორჯონიკიძედ ქცევის სურვილი "ოცნებაში" ორიოდე ადამიანის მეტს გაუჩნდეს.

ასეთი განცხადებებით კიდევ უფრო ჩქარდება „ოცნებაში“ ისედაც მიმდინარე ეროზიული პროცესები.

- ცხინვალის სასამართლოს მიერ ექიმ გაფრინდაშვილისთვის განაჩენის გამოტანამ, რომელიც მისთვის თავისუფლების აღკვეთას 1 წლითა და 9 თვით ითვალისწინებს, ცხადად დაგვანახა თუ როგორ აპირებს მოსკოვი თბილისთან ურთიერთობას.

ამ გადაწყვეტილებით კრემლმა ცალსახად მიგვანიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მის გეგმებში არც ჟენევის ფორმატი, არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი, არც გაეროს, არც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების არაფერს წარმოადგენენ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, კრემლი მით მეტად დაიწყებს თბილისთან ღიად ვაჭრობას საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკის წარმოებაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ?

- რუსული პოლიტიკა რომ ძნელია, მცირედით მაინც შეიცვალოს, ამას კარგად ვხედავთ. ვაჟა გაფრინდაშვილის საქციელი მათთვის ძალიან ცუდი პრეცედენტია და ამიტომაც შეეცადნენ ამ ადამიანზე შურისძიებას. მათ იგრძნეს, რომ, თურმე, ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ფსიქოლოგიური ომით ბევრს ვერაფერს მიაღწიეს და საქართველო კვლავ შობს ასეთ ადამიანებს.

დღევანდელი რუსეთი ნეოიმპერიული პროექტის წარმატების განცდით ცხოვრობს და ამ ვითარებაში არ მგონია, უფრო მოქნილები და დიპლომატიურები გახდნენ. რუსული ნეოიმპერიული პოლიტიკისათვის ნებისმიერი პარიტეტული დიალოგი იმპერიის იდეის დათმობას ნიშნავს.

დღევანდელი რუსეთი ნეოიმპერიული პროექტის წარმატების განცდით ცხოვრობს და ამ ვითარებაში არ მგონია, უფრო მოქნილები და დიპლომატიურები გახდნენ. რუსული ნეოიმპერიული პოლიტიკისათვის ნებისმიერი პარიტეტული დიალოგი იმპერიის იდეის დათმობას ნიშნავს

მასთან ურთიერთობაში მხედველობაში მუდმივად უნდა გვქონდეს ეს აქსიომატური გარემოება. პარიტეტულ დიალოგს არ უშვებენ არა თუ ჩვენისთანა პატარა ქვეყანასთან, არამედ შეერთებულ შტატებთან ან გერმანიასთანაც კი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ დღეებში აღიარა, თუ როგორი შეცდომა იყო მისი იმედები, რომ რუსეთთან ურთიერთობები შეიძლებოდა გადატვირთულიყო. თურმე, ის უშვებდა იმავე შეცდომას, რასაც დასავლეთის ბევრი სხვა ლიდერიც უშვებს, როდესაც ჰგონიათ, რომ რუსულ ირაციონალურ იმპერიალისტურ სწრაფვებს რაციოსა და სამართლიანობის საზღვრებში ჩასვამენ.

აშშ-ს მიერ ჩვენთვის მრავალმილიონიანი სამხედრო დახმარების გამოყოფა და აშშ ადმინისტრაციის ლამის ყოველკვირეული განცხადებები მოწმობს, რომ მარტო არ ვართ და რომ ჩვენი მხრიდან რუსეთის მიმართ ჩვენთვის არასასურველი დათმობების გაკეთების გარდუვალობა არ არსებობს. ცხადია, ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ სიხისტეს და ცეცხლოვან ანტირუსულ რიტორიკას.

აშშ-ს მიერ ჩვენთვის მრავალმილიონიანი სამხედრო დახმარების გამოყოფა და აშშ-ს ადმინისტრაციის ლამის ყოველკვირეული განცხადებები მოწმობს, რომ მარტო არ ვართ და რომ ჩვენი მხრიდან რუსეთის მიმართ ჩვენთვის არასასურველი დათმობების გაკეთების გარდუვალობა არ არსებობს. ცხადია, ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ სიხისტეს და ცეცხლოვან ანტირუსულ რიტორიკას

ჩვენი ხსნა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდგომარეობაშია. ესაა ჩვენი უპირველესი და ბუნებრივი პოლიტიკური განძი, რომელიც მტერსაც იზიდავს და მოყვარესაც. ანაკლიის პორტი ამ პოტენციის გამოყენების შესაძლებლობაა და სწორედ ამაზე ამბობს უარს ოცნების ხელისუფლება. ანაკლია და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ჩვენს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ არგუმენტად შეიძლება იქცეს.

მე ეკონომისტი არ ვარ და ამ თვალსაზრისით ანაკლიის პორტის პროექტის შეფასება ჩემგან არასერიოზული იქნება, მაგრამ როგორც გეოპოლიტიკურ ფაქტორს მას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა რომ ექნება, ამაში ეჭვი არ მეპარება.

- რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის პირობებში თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს აშშ და ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას?

- დასავლური, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში რომ მკაცრდება, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ამის შედეგები ჩვენთან დამოკიდებულებაშიც აისახება და ისახება კიდეც.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიული პესიმიზმის დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. თუ ჩვენი სახელმწიფოს ფეხზე დაყენების ნება არ გვექნება, გარედან ვერავინ გვიშველის. ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ფენომენი დღეს სუფთა ჰაერის ულუფასავითაა

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ის გარემოება, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ევროპული სტრუქტურები ასეთ დაინტერესებას იჩენენ ჩვენი საშინაო პროცესებთან დაკავშირებით, ამის საბუთია.

პროცესი მიდის და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიული პესიმიზმის დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. თუ ჩვენი სახელმწიფოს ფეხზე დაყენების ნება არ გვექნება, გარედან ვერავინ გვიშველის. ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ფენომენი დღეს სუფთა ჰაერის ულუფასავითაა.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს