ქართული პრესის მიმოხილვა 30.12.2019

მამუკა არეშიძე - “რუსეთი ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში და კუდის ქიცინი არ შეიძლება”

ასობით მოქალაქეს საახალწლოდ გადადებული ფული მოპარეს

სპეციალური დანიშნულების ტროლები

* * *

მამუკა არეშიძე - “რუსეთი ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში და კუდის ქიცინი არ შეიძლება”

“მქონდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ე.წ. ხელისუფლება ახალ წლამდე გეგმავდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. აშკარაა, რომ მისი პატიმრობა მათ უკვე დიდ პრობლემებს უქმნიდა. ამოუვიდათ ყელში, განსაკუთრებით მოსკოვში ის, რომ უკვე ლამის მთელი მსოფლიო აგინებდა რუსეთს ექიმის დატუსაღების გამო. ვფიქრობ, ამ საქმის ასეთ რეზონანსულობაში განსაკუთრებული როლი სწორედ მისმა პროფესიამ ითამაშა... როგორც ვიცი, ამ კვაზიწარმონაქმნის ე.წ. ხელისუფლებაში დიდი ჭიდაობა ჰქონდათ გამართული. გაფრინდაშვილის გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი ითხოვდა, რა იქნება, მარტო ის დაწეროს, რომ შეცდომა დაუშვა და საზღვარს ნუ ახსენებსო... ადგნენ და ახალი წლისთვის ვითომ გულმოწყალება გამოიჩინეს, არადა, უკვე ერთი სული ჰქონდათ, გამოეშვათ, თან როგორმე სახეც შეენარჩუნებინათ” - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი - ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში და კუდის ქიცინი არ შეიძლება” / “მთავარი უბედურება ის არის, რომ ქვეყანაში პატრიოტიზმის დიდი დეფიციტია. სუფრის პატრიოტიზმი გამოგვდის, პოლიტიკური პატრიოტიზმი კი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაწყვეტილებებში უნდა ჩანდეს, გამქრალია”.

“ფაქტია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა თავისი იქ ყოფნით, პრინციპულობით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა - მან მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ეს არის ქართული მიწა და ქართული სახელმწიფოს ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს! მსოფლიომ ვაჟა გაფრინდაშვილის წყალობით ჩვენს პრობლემას კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება, თან - ძალიან მასშტაბურად. აქვე აღვნიშნავ, მის გათავისუფლებაზე უხერხული აჟიოტაჟი ატყდა; ყველა ცდილობს, თავისი ღვაწლი წარმოაჩინოს. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ცნობილია ყველას ნამოქმედარი... უნდა ვთქვათ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში ყველამ თავისი წილი აგური დადო. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რაც უფრო ერთიანი პოზიციით ვიმოქმედებთ, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის... არ არის საჭირო, საბანს ყველა თავისკენ ექაჩებოდეს, არავის ღვაწლი არ დარჩება შეუმჩნეველი. გვახსოვდეს - ტრაგედიიდან ფარსამდე ერთი ნაბიჯია. ნუ გადავდგამთ ამ ნაბიჯს...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მუდმივია. კრემლისთვის საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური ინტეგრაციისკენ, მიუღებელი იქნება. გადავხედოთ ვითარებას - ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ საქართველოა მუდმივად ჯანყის მდგომარეობაში და რუსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებს. პოტენციური თვალსაზრისით, ვიქნებით თუ არა ნატოს წევრი ქვეყანა, დიდად მნიშვნელოვანი არც არის, რადგან საქართველოზე აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა ისედაც უკვე ძალიან დიდია. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას საქართველო და მისი ხელისუფლებები უშლიდნენ და უშლიან ხელს. რაც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ რუსულ გავლენაზე, რუსულ ნარატივსა და ათას სხვა სისულელეზე, ეს არის მხოლოდ ლაპარაკი. გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობას იდიოტად მიიჩნევს. ძალიანაც რომ მოინდომოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქვეყნის საგარეო კურსს ვერ შეცვლის - ბოლოს და ბოლოს, იმხელა ვალდებულებები გვაქვს აღებული დასავლეთის მიმართ! გარდა ამისა, დასავლეთს აქ ვითარების კონტროლისთვის საკმაოდ დიდი ბერკეტები აქვს,” - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოკლედ, რუსეთის მუდმივი მცდელობა - საქართველოში ვითარება შეცვალოს, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია, თუმცა ბოლო დროს კრემლის მიდგომები შეიცვალა. თუ ადრე რუსეთი აქცენტს აკეთებდა პრორუსულ პოლიტიკურ ძალებზე, დღეს ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია - რუსეთი აქცენტს აკეთებს საზოგადოებასა და პერსონალიებზე, ანუ რბილი ძალა მოქმედებს საზოგადოების ცნობიერების შესაცვლელად. ძირითადად, იმაზე კი არ ხდება აქცენტირება, რომ რუსეთი კარგია და დასავლეთი - ცუდი, არამედ მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ თურმე დასავლეთია ცუდი. ეს უნდა დავინახოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ბრძოლის იარაღად მხოლოდ ის დარჩათ, ერთმანეთს პრორუსი ეძახონ. რუსეთი - ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. არ შეიძლება კუდის ქიცინი დაასკვნის ექსპერტი. “სიტუაციის მეტ-ნაკლებად მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური კონსოლიდაციით. შეიძლება ერთბაშად არ გადაწყდეს ქვეყნის ერთიანობის პრობლემა, მაგრამ მოქმედების ახალი მეთოდებისა და ერთიანი პოზიციის შემუშავება, იმ საკითხების გამოკვეთა, რომელთა გარშემოც ქვეყანა გაერთიანდება, ბევრ რამეს შეცვლის. ვფიქრობ, სწორად მოიქცა ხელისუფლება, ჩორჩანაში საგუშაგო რომ გახსნა. ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, ამის საპასუხოდ საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზეა, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგმულიყო. ახლა აუცილებელია ახალგორელებზე ვიფიქროთ და პრობლემის გადაჭრის გზები ვეძებოთ, მაგრამ აქაც აუცილებელია ჩვენი ერთიანი პოზიცია”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ვიდრე პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთის გაშავების პრინციპით იმოქმედებს, ვერასდროს მოიგებენ ამომრჩევლის გულს და ქვეყანას რა მოუვა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. მთავარი უბედურება ის არის, რომ ქვეყანაში პატრიოტიზმის დიდი დეფიციტია. სუფრის პატრიოტიზმი გამოგვდის, პოლიტიკური პატრიოტიზმი კი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაწყვეტილებებში უნდა ჩანდეს, გამქრალია. 2019 წელს პოლიტიკურ ძალებს შორის აშკარა ბრძოლამ ძალიან მძაფრი ფორმა მიიღო და ეს არ ხდებოდა მხოლოდ თბილისში. დაპირისპირება დაიწყო სასამართლოს თემაზე, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ამას ერთვოდა ახალ-ახალი თემები, რომელთა უმეტესობა გამოწვეული იყო ხელისუფლების შეცდომებით და იმ მეთოდოლოგიით, რაც, როგორც ჩანს, საარჩევნოდ შეიმუშავა ოპოზიციამ - ვგულისხმობ, ძირითადად, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის განაყოფებს. მათ ამ მეთოდოლოგიის გამოყენება მოუხდათ ერთი წლით ადრე ან შესაძლოა მიზანმიმართულად გამოცადეს - აინტერესებდათ, რა შედეგს მიიღებდნენ და საარჩევნოდ როგორ გამოადგებოდათ. გარკვეული მეთოდოლოგიით რომ მოქმედებდნენ, ცხადია. ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდული “პოლიტიკური სკოლების” შექმნითა და ამ “სკოლების შეგირდების” ქუჩაში გაშვებით. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად და დაგეგმილად ხდებოდა. ამგვარი რამ ჩვენ გვახსოვს “კმარას” მაგალითზე. არ გამოვრიცხავ, რომ ახლა მისი კლონის შექმნა ქვეყნის გარეთაც მომხდარიყო. ეს ყველაფერი საბოლოოდ ქმნიდა სურათს, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილური ვითარება”, - თვლის რესპონდენტი.

“... ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო იმ დაპირების შეუსრულებლობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გასცეს. ხომ გახსოვთ, ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მიდგომებს ძირფესვიანად შეცვლიდა, რაც არ მოხდა. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა დაუშვეს პანკისში, სადაც ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სრულიად გაუთვლელი და არაადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა. ხელისუფლების შეცდომა იყო გავრილოვის ვიზიტი - ვერ გათვალეს, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის პარლამენტში სტუმრობას. მოგეხსენებათ, რამხელა საპროტესტო ტალღა აგორდა, რა დროსაც ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, ბოლოს კი იძულებული გახდა, ხალხს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას დაჰპირებოდა და ამით განემუხტა ვითარება. შეცდომა იყო ამ დაპირების შეუსრულებლობაც, რამაც ისევ ქუჩაში გადაიტანა პოლიტიკური პროცესი. ამასთანავე, `ქართულმა ოცნებამ~ დაუშვა უმრავლესობიდან მნიშვნელოვანი ბირთვის წასვლა... ამომრჩეველი დაიბნა - რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეშინებულია. მას აშინებს არასტაბილურობა და მაინცდამაინც არ ენდობა ხელისუფლებას; არ სჯერა, რომ კრიტიკულ ვითარებაში ის მის სტაბილურობას დაიცავს”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

ასობით მოქალაქეს საახალწლოდ გადადებული ფული მოპარეს

“ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ბანკები ჰაკერების თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ბოლო ერთ კვირაში კერძო პირების ანგარიშებიდან თანხების მოპარვამ მასობრივი სახე მიიღო და “რეზონანსისთვის” ცნობილი ხდება, რომ შეტევის მთავარი ობიექტი “თიბისი” და “ვითიბი” ბანკები არიან. კლიენტთა ანგარიშებიდან თანხა მოულოდნელად ქრება. თაღლითური ჯგუფები საბანკო ბარათებზე წვდომას სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ. ხშირ შემთხვევაში თანხების გადარიცხვა ონლაინ კაზინოებში გახსნილ ანგარიშებზე ხდება. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანხის მოხსნა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ფიქსირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ღამით სამ საათზე ჩვენთვის სოლიდური თანხა განიავდა...” - ასობით მოქალაქეს საახალწლოდ გადადებული ფული მოპარეს.

“ამ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას არ იღებს ბანკი და ვერც შს სამინისტრო ახერხებს ინტერნეტ ქურდების გამოვლენას, რადგანაც ვინაობის მათი დადგენა საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, თუ ეს საზღვარგარეთიდან ხდება. ბანკს კი არგუმენტი აქვს, რომ თუ თანხა დაზღვეული არ გაქვს, ის დანაკარგის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. “ჰაკერების მსხვერპლი გახდა “პალიტრანიუსის” ჟურნალისტი ეკა წივწივაძე. მან “რეზონანსს” განუცახდა, რომ ოჯახის კუთვნილი დანაზოგი “თიბისი” ბანკში პირად ანგარიშზე ჰქონდათ, რომელიც გვიან ღამით მოხსნეს. ანგარიშიდან ჰაკერმა 2000 ლარის მოპარვა შეძლო. როდესაც ის თანხის კიდევ გატანას ცდილობდა, “თიბისი” ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა საეჭვოდ მიიჩნია და მათი გაფრთხილება მოასწრო. წივწივაძე ამბობს, რომ შს სამინისტროში მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არაფერია. ბანკი კი თანხის ანაზღაურებაზე უარს ამბობს, რადგანაც მათ ანგარიში დაზღვეული არ ჰქონდათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გუშინ ღამით სამ საათზე, როდესაც ოჯახს მშვიად გვეძინა, ჩვენი ანგარიშიდან ჩვენთვის სოლიდური თანხა განიავდა - მეოთხე ტრანზაქციაზე გაგვაღვიძა “თიბისი” ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა. ძალიან არ მაინტერესებს ეს ბარათი დაზღვეული იყო თუ არ იყო. მე რომ ბანკს ვენდობი, მან უნდა შეინახოს ჩემი თანხა. ძალიან დიდი იმედი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსი. მაქვს ბარათის ნომერი, სადაც გადაირიცხა თანხა და აიპი მისამართი. იმედია ისე არ ბნელა, რომ ვერ გამოიძიონ, მაგრამ ვცდილობ ამოვხსნა ადამიანის ფენომენი, რომელმაც წინასაახალწლოდ სამჯერ გადარიცხა თანხა და მეოთხედაც ცდილობდა”, - წერს ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში. კიდევ ერთი დაზარალებული მოქალაქე ანანო დევდარიანი “რეზონანსთან” ყვება, რომ მას დეკემბრის ხელფასი “თიბისი” ბანკიდან ჰაკერმა რამდენიმე წუთში მოპარა. მას როგორც კი თანხის ჩარიცხვის შესახებ მესიჯი მიუვიდა, 10 წუთში მიიღო ახალი შეტყობინება, რომ მისი ანგარიშიდან თანხის გატანა დაფიქსირდა. დევდარიანი აცხადებს, რომ მას 800 ლარი მოპარეს და ბანკი ამ თანხის ანაზღაურებაზე უარს ამბობს. მის შემთხვევაშიც ანგარიში დაზღვეული არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, თანხა სავარაუდოდ საქართველოს აიპი მისამართიდან არის მოპარული და წესით შს სამინისტროს ქურდის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც “რეზონანსმა” გაარკვია, ეკა წივწივაძის და ანანო დევდარიანის მსგავსად საქართველოში ნამდვილად ასობით ადამიანია დაზარალებული. სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოსტი ვრცელდება და ყველა მათგანი ერთ პრობლემას უკავშირდება - მომხმარებელთა სახელფასო ბარათებისა და პირადი მონაცემების დაუცველობა. მოქალაქეები წერენ, რომ პერიოდულაად მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვის ფაქტები ფიქსირდება. როგორ ახერხებენ თაღლითური შეტევის ორგანიზატორები მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან ასე მარტივად და სწრაფად თანხის მოპარვას? “რეზონანსი” კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს გიორგი როგავას ესაუბრა. იგი ამის მიზეზად კერძო კომპანიების საიტების შიდა სისტემის დაუცველობას ასახელებს. მისი თქმით, ასეთი საიტების შექმნა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ბანკები თავს დიდად არ იწუხებენ, რადგანაც ბაზარზე სხვა ალტერნატივა არ არსებობს. იციან, რომ მოქალაქეები მათი ბანკიდან უბრალოდ ვერ წავლენ”, - დასძენს გამოცემა.

“როგავა ამბობს, რომ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ფულთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია აუცილებლად დაცული ქსელიდან უნდა განხორციელდეს. სპეციალისტი ამბობს, რომ კაფეების, რესტორნების და მსგავსი საჯარო სივრცეების ვაიფაიდან ტრანზაქციები არ უნდა განვახორციელოთ. ასევე აუცილებლად უნდა მოვერიდოთ იმას, რომ საიტმა ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდი არ დაიმახსოვროს. ხოლო სახელფასო ბარათების დაცვის კუთხით, იმ ბარათზე, რომლითაც ვახდენთ ონლაინ ოპერირებას, არ უნდა გვქონდეს მთელი ხელფასი, ცალკე ბარათია ამისთვის საჭირო. სპეციალისტების შეფასებით, სხვა გამოსავალი არ არის, რადგანაც თაღლითი ჰაკერებისგან დაცულები არასდროს არ ვართ”, - წერს სტატიის ავტორი.

“პირველ რიგში ჩვენი ბარათი უცხო პირის ხელში არ უნდა მოხდეს. ბარათზე დატანილი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, თაღლითები ანგარიშზე არსებულ თანხებს ეუფლებიან. ეს თაღლითობის ყველაზე მარტივი და შეიძლება ითქვას, მოძველებული ფორმაა. ასევე, ყველაზე გახშირებული თაღლითობა ე.წ. ფიშინგია. ეს არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. თაღლითები ვირტუალურად ვითომ კომპანიებს ქმნიან და აკეთებენ ყალბ მიმსგავსებულ ვებგვერდებს. გზავნიან ელექტრონულ ფოსტას კომპანიების სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები - პაროლი, ბარათის ნომერი და სხვა. ამიტომ მონაცემების შეყვანამდე აუცილებლად გადაამოწმეთ საიტის მისამართი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება. არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გვაქვს საქმე”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი როგავა.

სპეციალური დანიშნულების ტროლები

"ცოტა ხნის წინ “ფეისბუკის” ადმინისტრაციამ გააუქმა ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად საქართველოში მოქმედი 418 ქართული ფეისბუკპროფილი, გვერდი და ჯგუფი. “ფეისბუკის” განცხადებით, ეს იყო საგანგებოდ შექმნილი ქსელი, პოსტები მიმართული იყო ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე და უმთავრესად შეეხებოდა პოლიტიკურ საკითხებს. პოსტების რეკლამაში 316 000-მდე აშშ დოლარი დახარჯეს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ოპონენტის დისკრედიტაციის მიზნით ცრუინფორმაციის გავრცელებაზე არც ხელისუფლება ამბობს უარს და არც ოპოზიცია. მეტიც, ეს სისტემა მიმზიდველია ბიზნესისთვისაც - გაჩნდა კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს აწყობილ სქემებს სთავაზობენ. საინტერესოა, როგორია ტროლებისა და ბოტების მუშაობის სისტემა, რა აუცილებლობამ განაპირობა ამ ტექნოლოგიის შექმნა და რა საფრთხეს უქმნის ის საზოგადოებას. ამ თემაზე უფრო ვრცლად კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო გოცირიძე და ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე­ გვესაუბრებიან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით სპეციალური დანიშნულების ტროლები.

“კრემლმა ინტერნეტის და საინფორმაციო ველის ძალა ჯერ კიდევ 2011 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ “ფეისბუკში” დაინახა და გააძლიერა საინფორმაციო სივრცის საკონტროლო ღონისძიებები. რუსულმა სპეცსამსახურებმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს ტროლების ტექნოლოგიის გამოყენება. მათი მიზანი იყო ინტერნეტში, ერთი მხრივ, ჩაეხშოთ, გამოედევნათ ოპოზიციის აზრი, ხოლო მეორე მხრივ, მოეხდინათ ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაცია. ბოლო დროს საინფორმაციო სივრციდან ანტირუსული ინფორმაციის და განწყობების გამოსადევნად ეს ტექნოლოგია გამოიყენეს უკრაინაში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, დიდი ალბათობით, საქართველოშიც. ტექნოლოგია დაიხვეწა და სახელმწიფო დონემდე ავიდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე

“ანაზღაურებადი ტროლების უმსხვილესი დაჯგუფებაა ინტერნეტის კვლევის სააგენტო­ (The Internet Reserch Agency (IRA), იგივე Trolls from Olgimo) - კრემლისგან დაფინანსებული­ ორგანიზაცია, რომელიც პროსამთავრობო, ხშირად ცრუკონტენტს აქვეყნებს ან ონლაინ დისკუსიაში კრემლის სასარგებლოდ ერთვება. ორგანიზაციის ამოცანაა “დასავლურ გავლენასა” და ანტირუსულად განწყობილ მედიასთან ბრძოლა. ტროლებს ანაზღაურებას უხდიან ანტირუსული სტატიების კომენტირებაში, რეჟიმის საწინააღმდეგო ვიდეოების დისლიკე-აქციაში, ყალბი ონლაინპროფილების მართვასა და ანტირუსული აზრის შევიწროებაში. კონკრეტული ტროლი ხშირად უამრავ ონლაინპროფილსა და ბლოგს მართავს. მიზანი ყოველთვის რუსული თვალსაზრისის სისწორეში აუდიტორიის დარწმუნება კი არ არის, მათ მისიას წარმოადგენს სოციალური მედიის წალეკვა ყალბი კონტენტით, ეჭვის, შიშის, არასტაბილურობის განცდის შექმნა და ინტერნეტის დემოკრატიულ სივრცედ გამოყენებისთვის ხელის შეშლა. რუსეთისთვის მანიპულაციის ერთ-ერთი საშუალებაა კრემლის კონტროლირებადი უამრავი ინტერნეტბოტი, რომლებიც სოცმედიაში კონტენტის ავტომატურად გამავრცელებელი აპლიკაციაა. ბოტს შეუძლია ჩაძიროს არასასურველი ინფორმაცია და შეუძლებელი გახადოს რეალური კონტენტის ნახვა”, - განმარტავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი.

“რუსული ტექნოლოგია გულისხმობს აპრობირებულ სქემას - კიბერთავდასხმით შესაძლებელია ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვება და კონტროლირებადი ინფორმაციის გაჟონვა სხვადასხვა საიტსა და სოციალურ ქსელში. ამის შემდეგ ტროლები ერთვებიან საქმეში და იწყება მსჯელობა, რასაც საბოლოოდ რუსული ნარატივის დამკვიდრება მოჰყვება. იმავდროულად, ახშობენ საწინააღმდეგო მოსაზრებებს ან უპირისპირებენ საწინააღმდეგო კომენტარების ნიაღვარს. ტექნოლოგიის თავდაპირველი სამიზნე აუდიტორია სწორედ საკუთარი მოსახლეობა იყო. მოგვიანებით, მათი გამოყენება აქტიურად დაიწყეს საგარეო ვექტორზე, ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმებზე ზემოქმედებისთვის, ასევე ამერიკის არჩევნებში ბენეფიტების მისაღებად. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, დასავლური ცივილიზაციის ქვეყნების ხელისუფალნი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად უფრო გამჭვირვალე ღონისძიებებს მიმართავენ. ტროლებისა და ბოტების ტექნოლოგიები უფრო ჩრდილოელი “სუვერენული დემოკრატიის~ ქვეყნის იარაღია. ჩვენს ქვეყანაში ბოტებისა და ტროლების გააქტიურება ბოლო 4-5 წელია დაიწყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყალბი პროფილის შექმნა ყველას შეუძლია. ჯერჯერობით გვაქვს “ფეისბუკის” განცხადება, რომელშიც მითითებულია ის ტროლები, რომელთა პროფილიც ამ კომპანიამ გააუქმა და ისინი მმართველი პარტიისადმი იყვნენ ლოიალურად განწყობილი და მათ მართვაში ძალზე დიდი თანხაა დახარჯული. ეს არის დასკვნა, რომელიც ჯერ არავის გაუბათილებია. გარდა ამისა, აქსიომაა, რომ ტროლების ტექნოლოგიას ყოველთვის უფრო ნაყოფიერად იყენებს მმართველი ძალა. ოპოზიციურ ძალებს არ შესწევთ იმის შესაძლებლობა, ფართომასშტაბიანი კამპანია გააჩაღონ სოციალურ ქსელში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, და მეორე - ამ კამპანიას თან რისკიც ახლავს, თუნდაც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისგებაში მიცემა... რადგან სოციალური ქსელი საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა, ამას მანიპულირებისათვის ზოგიერთი ბიზნესიც იყენებს - ეს არ არის პატიოსანი მეთოდი, ყალბი ინფორმაციის გავრცელება კლიენტს არჩევნის თავისუფლებას უზღუდავს”, - დასძენს ანდრო გოცირიძე და შეკითხვაზე - “ასეთი პროფილების წაშლა, ალბათ, გამოსავალი არ არის, რადგან მათი ხელახლა შექმნა შესაძლებელია. როგორია სისტემა, რომლის საშუალებითაც დასავლური სამყარო ტროლებისა და ბოტებისგან იცავს თავს?” - პასუხობს:

“ყალბი პროფილებისა და ვებგვერდების აღდგენა არც ისე იოლია. ეს გამართული ინფრასტრუქტურაა და თავიდან მის შექმნას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. თუმცა, ცხადია, ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზებით ხელახლა შექმნა შესაძლებელია. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასთან ბრძოლაში მოსახლეობის ცნობიერებაა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყალბი ანგარიშის, ყალბი ინფორმაციის გარჩევა. ასეთ შემთხვევაში ტროლი ვეღარ იქნება ძლიერი იარაღი გამომყენებლის ხელში. კრემლი ბოტებსა და ტროლებს იმიტომ იყენებს, რომ რუსეთში ინფორმაცია შეზღუდულია და მოქალაქეს არა აქვს გაცნობიერებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. იჯერებს იმას, რასაც ეუბნებიან, სხვა, ალტერნატიული ინფორმაცია არა აქვს - მახსენდება ერთი კვლევის შედეგი - კრემლის საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას დაქვემდებარებულ რუსეთის მოსახლეობას საქართველო 40-მილიონიან ქვეყნად წარმოედგინა... საზოგადოებაში, სადაც ცნობიერების მაღალი­ დონეა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ინსტრუმენტები ეფექტიანად ვერ მოქმედებენ”.

“ქართულ რეალობაში ტროლებისა და ბოტების ტექნოლოგია, როგორც “ფეისბუკის” ადმინისტრაცია აღნიშნავს, გამოიყენებოდა მოსახლეობაზე ზემოქმედებისთვის, ლეგენდებისა და მითების გავრცელებისთვის. ამ კამპანიას რამდენიმე მიმართულება და მიზანი ჰქონდა: პირველი იყო მმართველი გუნდისთვის სასურველი იმიჯის შექმნა, შემდეგ იყო განსხვავებული აზრის დატროლვა, რათა რაც შეიძლება მეტი ჩირქი მოეცხოთ მათთვის არასასურველი მოსაზრებებისთვის. ამასაც ორმაგი დანიშნულება ჰქონდა - ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული მოსაზრების ავტორებზე და მეორე მხრივ, უშუალოდ ამ მოსაზრების გაშავების მცდელობა საზოგადოებაში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“თავად განსაჯეთ, როდესაც სოცქსელში რაიმეს კითხულობ და ხედავ, რომ კომენტარებში გაუთავებლად ლანძღავენ ავტორს და მის მოსაზრებას აცამტვერებენ, ეს შენზე, ნეიტრალური განწყობის მკითხველზეც ნეგატიურად მოქმედებს. სულ მცირე, იმას მაინც გაიძულებს, ვეღარ გაბედო განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირება, არ გინდა შენც მსხვერპლი გახდე. ანუ სამიზნე იყო არა მარტო განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანი, არამედ მთელი საზოგადოება. სამწუხაროდ, “ოცნებისთვის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა ავტორიტეტების ნგრევა ნებისმიერ სფეროში. მათ მიზნად დაისახეს, საზოგადოებაში არ ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ ხალხის გაერთიანებას­ ერთი იდეის გარშემო. ამიტომ ავტორიტეტული პირების შესახებ ფეიკნიუსებს ავრცელებდნენ და მათ იმიჯს ანგრევდნენ”, - ამბობს ექსპერტი.

“ეს სქემა ორ მიმართულებად იყოფოდა - გარდა იმისა, რომ პოპულარული პირების იმიჯს ამსხვრევდნენ, პოლიტიკაში მოსვლის სურვილს სხვებსაც უკარგავდნენ. ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას, რატომ არ მოდიან ახალი სახეები პოლიტიკაში? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ამ სოცქსელის ეპოქაში ის არის, რომ ახალგაზრდებს ეკარგებათ სურვილი, როდესაც ხედავენ, ასეთებს რა კუპრშიც აყოფინებენ ფეხს. განათლებული ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყანაში კერძო ბიზნესში თუ უცხოეთში ათასი სხვა ალტერნატივა აქვს, რატომ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს თავისი ტროლი ცერბერების საშუალებით?! ახალგაზრდებისთვის პოლიტიკაში მოსვლის სურვილის დაკარგვა ტროლების ქარხნის გენერალური ხაზი იყო. და კიდევ, საზოგადოების დაქსაქსვა და წაკიდება, რათა მან ვერ მოახერხოს საერთო მიზნის გარშემო მობილიზება. მოკლედ, ეს არის “დაყავი და იბატონეს” პრინციპით საზოგადოების მართვის ძველი მეთოდის განახლება ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირების გზით. “ფეისბუკის” ადმინისტრაციამ ტროლებისა და ბოტების დიდი ნაწილის გაუვნებლებით დიდი საქმე გაუკეთა ქართველ საზოგადოებას. ისე გამოვიდა, რომ “ფეისბუკის” ადმინისტრაციამ ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან დაიცვა”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა