2019 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2020 წლის პერსპექტივები

2019 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2020 წლის პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს, პოლიტიკის ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძეს და ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

როგორი იყო 2019 წელი ქვეყნისთვის?

ვაჟა ბერიძე - 2019 წლის მთავარი და მიუღებელი შედეგი ქვეყნისთვის გლობალური გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლაა

ხათუნა ლაგაზიძე - ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიიდან უკუსვლის წელი - დაწყებული სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებით, გაგრძელებული გავრილოვის ღამით და დამთავრებული პროპორციული არჩევნების ჩაგდებით

ზაზა ფირალიშვილი - თუ ერთი სიტყვით შევაფასებთ 2019 წლი რთული წელი იყო

პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, - „2019 წლის მთავარი და მიუღებელი შედეგი ქვეყნისთვის გლობალური გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლაა“.

მისივე განმარტებით, საქართველოს დამოუკიდებლობა გლობალური გეოპოლიტიკური ტექტონური ძვრების შედეგი იყო და ჩვენი მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

ვაჟა ბერიძის აზრით, ამ ხელისუფლების ბედიც და მომავალი ხელისუფლების ვინაობაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქვეყნის ირგვლივ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგი იქნება და არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების.

მიუღებელი და შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლების გარდა ოპოზიციასაც არ აქვს ამ წელს დასახული საფრთხეების განეიტრალების ხედვა და გეგმა. ესაა ჩემთვის 2019 წლის მთავარი და მიუღებელი შედეგი.“- აღნიშნავს ვაჟა ბერიძე

ხათუნა ლაგაზიძე - „ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიიდან უკუსვლის წელი - დაწყებული სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებით, გაგრძელებული გავრილოვის ღამით და დამთავრებული პროპორციული არჩევნების ჩაგდებით“

მისივე გარმატებით, 2019 წელი საგარეო ფლანგზე - დუღილის და არაპროგნოზირებადობის, წელი იყო, რასაც ყველაზე ნათლად გამოხატავს თურქეთის მუქარა, აშშ-ის სანქციების პასუხად ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზისა და ქურეჯიქის სარადარო ბაზის დახურვის თაობაზე. ინჯირლიკზე ამერიკის ბირთვული ქობინებია განლაგებული, ქურეჯიქში კი ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შემადგენელი ნაწილია განთავსებული.

„ასევე, ყურადსაღებია თურქეთის განცხადება სირიიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადის შესაძლო დაძვრის თაობაზე, რომლის შეკავების ვალდებულებასაც თურქეთი თავზე აღარ იღებს, რაც ევროპისთვის ახალ თავისტკივილად იქცევა. აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი, რაც ზოგადად მსოფლიოში ტურბულენტობას ზრდის.

რუსეთის კი სულ უფრო მზარდად ავლენს საბჭოთა სივრცის რეინკარნაციის თაობაზე - ეს არის ძალიან მოკლედ საგარეო მოცემულობა, რომლის პირობებშიც საქართველოს უწევს ცხოვრება.“ - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ზაზა ფირალიშვილის თქმით, „თუ ერთი სიტყვით შევაფასებთ, 2019 წლი რთული წელი იყო.“

მისივე განმარტებით, პირადად მასზე ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება რამდენიმე მოვლენამ დატოვა - ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო სისტემაზე მიცემული დაპირების უკან წაღებამ, რამაც ის სუსტი ძაფებიც გაწყვიტა, მას რომ ახალგაზრდულ სუბკულტურასთან აკავშირებდა, სასამართლო რეფორმის პროფანირებამ, იმ ადამიანების მიერ „ოცნების“ მიტოვებამ, ვის მიმართაც, ამა თუ იმ ხარისხით, ერთგვარი ნდობა და პოზიტიური მოლოდინი არსებობდა.

ასევე, პრეზიდენტის, რბილად რომ ვთქვათ, არაადექვატურმა განცხადებებმა და რამდენიმე ახალგაზრდის თვითმკვლელობამ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მძიმე რამ გახლავთ და ქვეყნის საერთო მორალურ და ფსიქოლოგიურ კრიზისზეა მიმანიშნებელი.

„რაც მთავარია, 2019-ში გამეორდა იგივე სიტუაცია, რაც 2011-ში გვქონდა - ერთნაირი უნდობლობა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ განწყობებს შორის კვლავ მაშინდელი უფსკრული იგრძნობა.“- აღნიშნავს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

რა ტიპის დადებითი, ანაც უარყოფითი ტენდენციები გამოავლინა 2019-მა წელმა?

ვაჟა ბერიძე - რეანიმირებული პოლიტიკური პროცესი არაპროგნოზირებადი და ქვეყნისთვის სახიფათო გახდა, რაც უაღრესად სახიფათოა

ხათუნა ლაგაზიძე - 2019-ში ბევრი ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და მოხაზავს 2020 წლის კონტურებს

ვაჟა ბერიძის აზრით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მმართველი ძალის და ივანიშვილის კურსი გულისხმობდა პოლიტიკის დეპოლიტიზაციას. მან თანდათან ჩამოიშორა პოლიტიკური მოკავშირეები – „რესპუბლიკელები“, სხვა პარტიების წარმომადგენლები, „სოციალ–დემოკრატებიც“ კი და ტექნოკრატებით შეუდგა ქვეყნის მართვას.

„2019 წელი ქრონოლოგიური ჩარჩოებიდან იმ თვალსაზრისით გავიდა, რომ დადგა გარდუვალი შედეგი – დეპოლიტიზებულ რეალობაში დაბრუნდა პოლიტიკა, დაბრუნდა დესტრუქციით, დაპირისპირებით და ქვეყნისთვის, სტაბილურობისა და პერსპექტივისთვის უაღრესად სახიფათო სახე მიიღო.“- აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

მისივე განამარტებით, ივანიშვილის მართვის მოუქნელ სტილს დაერთო მიუტევებელი შეცდომაც – დანაპირებ პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა და ქვეყანა შევიდა ნაადრევ წინასაარჩევნო ბატალიებში, რამაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და ბიზნესგარემოზე.

„ამ ყველაფერმა პოლიტიკური პროცესი, რეანიმირებული რამდენიმე წლის შემდეგ, არაპროგნოზირებადი და ქვეყნისთვის სახიფათო გახადა. ეს, ჩემი აზრით, დადებითი ტენდენციაცაა, უარყოფითიც და უაღრესად სახიფათოა.“- დასძენს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

ხათუნა ლაგაზიძის მტკიცებით - „2019-ში ბევრი ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და მოხაზავს 2020 წლის კონტურებს. ეს განსაკუთრებით არჩევნებზე ითქმის, რადგან სწორედ მოახლოებული არჩევნების ნიშნით იქნება აღბეჭდილი 2020 წელს თითქმის ყველა აქტივობა საქართველოში.“

მისი აზრით - უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენად რაციონალურად შეხვდება საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ბოლო დროს მომდინარე უპრეცედენტოდ მძაფრ კრიტიკას, რომლის გათვალისწინების გარეშე საქართველოს ხელისუფლება ან მარტო რჩება რუსეთის პირისპირ ან ექვემდებარება ამერიკულ სანქციებს.

„ამერიკის მხრიდან ასეთი მასირებული კრიტიკა, მე ვიტყოდი „ქართული ოცნების“ 2019 წლის მთავარი „მონაგარია“. ჯერჯერობით, ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამერიკულ კრიტიკას უფრო მეტად ისტერიით პასუხობს, ვიდრე გონიერებით“ - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე აზრით, დადებით ტენდენციად კი უდავოდ უნდა დავასახელო წლის მიწურულს ამერიკის სამხედრო ბიუჯეტში ჩადებული უპრეცედენტო დახმარება საქართველოსთვის - 132 მილიონის ოდენობით, რომელსაც საქართველო საარჩევნო წელს მიიღებს და რაც პირდაპირ და ნათლად ადასტურებს ამერიკის გაუხუნარ ინტერესს საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და იმასაც, რომ ამერიკა საქართველოს დათმობას რუსეთისთვის არ აპირებს.

„ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ამერიკა მკვეთრად მიჯნავს საქართველოს მიმართ ინტერესს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკას.“ - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

როგორი იყო 2019 წელი ხელისუფლებისთვის?

ვაჟა ბერიძე - 2019 წელი ხელისუფლებისთვის იყო უმძიმესი გამოცდა, რომელიც მან ასე თუ ისე ჩააბარა

ხათუნა ლაგაზიძე - 2019 წელი ხელისუფლებისთვის მძიმე შეცდომების და დაშლის პროცესის დაწყების წელი იყო

ზაზა ფირალიშვილი - თითქოს საქმე ხელისუფლებისთვის ფატალურ პროცესებთან გვაქვს, თუ ასე გაგრძელდა, ან წესების გარეშე ბრძოლა გველის, ან სიტუაციის მკვეთრი შეცვლა

ვაჟა ბერიძის აზრით, „2019 წელი ხელისუფლებისთვის იყო უმძიმესი გამოცდა, რომელიც მან ასე თუ ისე ჩააბარა.“

მმართველი პარტია დათანხმდა დიალოგს ოპოზიციასთან დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით. ეს გონივრული მიდგომა იყო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ სერიოზული დანაკარგები განიცადა, ფაქტობრივად რღვევის და საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის ზღვარზე გაიარა. თუმცა, ივანიშვილმა და „ოცნებამ“ შეძლო მხარდამჭერების შენარჩუნება, რაც სახელისუფლო რესურსის მოშველიებითაც კი არ იყო იოლი.

„ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურის წინ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მას 2020–ში მოუხდება იმის დასაბუთება, თუ რატომ უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით მის არჩევას, არადა ივანიშვილი ასეთი ხედვისა და კონკრეტიკის ჩამოყალიბებას არ ჩქარობს“ - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ხათუნა ლაგაზიძის მტკიცებით, „2019 წელი ხელისუფლებისთვის მძიმე შეცდომების და დაშლის პროცესის დაწყების წელი იყო.“

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება თავისივე შეცდომებიის ტყვეა - მას ეშინია უკანდახევის, იგივე არჩევნების საკითხში კომპრომისზე წასვლის, რადგან მიიჩნევს რომ ამას შემორჩენილი მომხრეები სისუსტედ ჩაუთვლიან და თუ სისუსტე შეატყვეს, ახალ პატრონს დაუწყებენ ძებნას. და თუ ხელისუფლება შიშმა აიტანა, ეს მას გაცილებით მეტ და მძიმე შეცდომას დააშვებინებს.

„მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში შემორჩნენ რაციონალურად მოაზროვნეები, მათ შორის მაღალ თანმდებობებზეც, რომლებიც მათ გვერდით დაბანაკებულ შავბნელ ძალებს მათზე და ქვეყანაზე გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ.“ - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

ზაზა ფირალიშვილი ეჭვს გამოთქვამს იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ნათლად გრძნობდნენ ვითარების სირთულეს, რომელშიც ქვეყანაა. „თითქოს იმ ფაზაშია შესული, არაერთხელ რომ გვინახავს - შეცდომები და ტლანქი ნაბიჯები ერთმანეთს მოსდევს. ცუდი ისაა, რომ ვერც ერთმა წინა ხელისუფლებებმა და ვერც ახლანდელმა ვერ შეიმუშავა ხელისუფლებიდან ისეთი წასვლის სტრატეგია, პოლიტიკაში დარჩენის საშუალებას რომ მისცემდა.“ - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თქმით, როგორც წესი, ისე ებღაუჭებიან ხელისუფლებას და იმდენ შეცდომასა და დანაშაულსაც კი სჩადიან, რომ მარცხის შემდეგ მათი მობრუნება ძნელი წარმოსადგენია.

ზაზა ფირალიშვილის გარმარტებით „უკიდურესად დამაფიქრებელია დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უუნარობა, დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორული დიალოგი შეინარჩუნონ. თან მასმედიაზე კონტროლის დაწესებას ლამობდე, სასამართლო რეფორმის იმიტირებას ლამობდე, შენთვის ხეირიან საარჩევნო სისტემას ებღაუჭებოდე და ამასთანავე, გსურდეს, რომ დასავლეთმა დემოკრატიულ მმართველობად მიგიღოს, რბილად რომ ვთქვათ, ნონსენსია.“

მისივე თქმით, ის, რომ „ოცნების“ ლიდერებმა მრავალათასიანი მიტინგის მოწყობა შეძლეს, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჯერაც მუშაობს ადმინისტრაციული ვერტიკალი და რომ ჯერაც შეუძლიათ იმ ადამიანების მობილიზება, ვისი ბედიც მთლიანად მათზეა დამოკიდებული. არც „ნაცმოძრაობას“ გასჭირვებია მრავალათასიანი მიტინგის მოწყობა უშუალოდ 2012 წლის არჩევნების წინ.

„თითქოს საქმე ხელისუფლებისთვის ფატალურ პროცესებთან გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, ან წესების გარეშე ბრძოლა გველის, ან სიტუაციის მკვეთრი შეცვლა.“- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

იგი თვლის, რომ „ოცნება“ ვერ იქცა ქვეყნის მოდერნიზაციის ლიდერად. მან ვერ შეძლო მოსახლეობა დაერწმუნებინა იმაში, რომ „ნაციონალების“ მიერ ხისტად და ხშირად ძალადობრივი მეთოდებით განხორციელებულის ნაცვლად, მას მოაქვს მოდერნიზაცია „ადამიანური სახით.“ მის პოლიტიკურ ქცევას აშკარად ეტყობა გვიანი საბჭოთა პოლიტიკური ესთეტიკის კვალი.

„საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელ მოსამართლეთა არჩევით მან თავადვე უარყო თავისი მთავარი სლოგანი - სამართლიანობის აღდგენა. მთელი კონცეპტუალური თვალთახედვა დაიყვანეს „ნაციონალების“ უვარგისობაზე და ამაზე სპეკულირებით ცდილობდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას.“- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

როგორი იყო 2019 წელი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და საერთოდ ხალხისთვის?

ვაჟა ბერიძე - 2019 წელი მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის ისევე რთული იყო, როგორიც ყველა წინა წელი

ხათუნა ლაგაზიძე - საზოგადოების დემორალიზაცია, დემოტივაცია, საზოგადოების აღმშენებლობითი ენერგიის ურთიერთდაპირისპირებაში ჩახარჯვა და განლევა, უძლურების განცდის დანერგვა დღეს საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მიმართულებაა

ზაზა ფირალიშვილი - ეკონომიკური თვალსაზრისით 2019 წელი ხალხისთვის რთული წელი იყო

ვაჟა ბერიძის აზრით, „2019 წელი მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის ისევე რთული იყო, როგორიც ყველა წინა წელი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, მოქალაქეთა სოციალური დაცულობის თვალსაზრისით არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ უახლოეს წლებში გარდატეხა მოხდება. ჩვენ გვინდა ეკონომიკური განვითარების ახალი კონცეფცია, ახალი ხედვა და არა გაუთავებელი კინკლაობა პრიმიტიულ თემებზე.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც ჩვენმა სუსტმა ხელისუფლებამ ისე მნიშვნელოვალწილად უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, მთელი მომავალი წელი პოლიტიკური კინკლაობით კი არ გაგვართონ, არამედ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ხედვები შემოგვთავაზონ, რეალისტური და არა პოპულისტური, დემაგოგიაზე და შეუსრულებელ დაპირებებზე დაფუძნებული.“- დასძენს ვაჟა ბერიძე.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „2019 წელს საქართველოს საზოგადოება პერმანენტული ფსიქოლოგიური დივერსიების, შტორმის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის მიზანი იყო და არის - საზოგადოების დემორალიზაცია, დემოტივაცია, საზოგადოების აღმშენებლობითი ენერგიის ურთიერთდაპირისპირებაში ჩახარჯვა და განლევა, უძლურების განცდის დანერგვა - ეს ყველაფერი დღეს საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მიმართულებაა.“

მისივე აზრით, როგორც „ფეისბუქის“ ბოლო კვლევები ადასტურებს, საქართველოს მოსახლეობა არანაკლები „წარმატებით“ იყო საკუთარი ხელისუფლების მანიპულაციის მსხვერპლიც. ამას თან დაერთო ლარის გაუფასურებაც, რამაც მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების გაღატაკების პროცესი გააღრმავა, ყოველდღიური უსუსურობის განცდა.

„რუსებისა და ოსების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის პერმამენტულ გადმოწევა და ადამიანთა გატაცება, რისი პრევენციისთვის, საპასუხოდ და შესაკავებლად ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ - ეს არის რეალობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერსად გავექეცით.“ - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ „ეკონომიკური თვალსაზრისით 2019 წელი ხალხისთვის რთული წელი იყო.“ მისივე თქმით, ლარის გაუფასურების გათვალისწინების გარეშე ხელფასისა და პენსიის მომატებაზე საუბარი, როგორც წარმატებული სოციალური პოლიტიკის ნიშნებზე, არ შეიძლება. უკეთეს შემთხვევაში, ეს ლარის გაუფასურებამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს.

„აუცილებლად შევნიშნავდი ახალგაზრდული მოძრაობების გააქტიურებას, როგორც განვლილი წლის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ მოვლენას. ახალგაზრდებს არა აქვთ გამოცდილება, ხშირად იდეალიზმი სძლევთ, მაგრამ, იქნებ, სწორედ ეს არის საჭირო იმ ჩიხში, რომელშიც აღმოვჩნდით. მომავალ წელს ეს მოძრაობები, როგორც ჩანს, უკვე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.“ - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაათვალისწინებით, როგორი იყო 2019 წელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

ვაჟა ბერიძე - 2019 წელს ოპოზიცია „დაბრუნდა თამაშში“ და დღემდე კარნახობს ივანიშვილს დღის წესრიგს

ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციას ამომრჩევლის მობილიზების თვალსაზრისით 2020 წელს უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩასატარებელი

ზაზა ფირალიშვილი - პოლიტიკური ჯგუფების ცხოვრებაშია რაღაც ძირეულად შესაცვლელი, რადგან ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იდეალურ საარჩევნო კანონმდებლობას, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური განვითარების აზრით ბევრი არაფერი შეიცვალოს

ვაჟა ბერიძის შეფასებით „2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. 2019 წელს ოპოზიცია, შეიძლება ითქვას, „დაბრუნდა თამაშში“.

მისივე აზრით, ივნისის ცნობილ მოვლენებამდე პოლიტიკურ ინიციატივას მაინც ივანიშვილი და „ოცნება“ ფლობდა. იგი კარნახობდა საზოგადოებას პოლიტიკურ დღის წესრიგს. მაგრამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული „გადაგდების“ შემდეგ, ოპოზიციამ ხელთ იგდო ინიციატივა და დღემდე კარნახობს ივანიშვილს დღის წესრიგს.

„მიუხედავად საპროტესტო მოძრაობის ფორმალური მრავალპარტიულობისა, იგი მაინც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთანაა აფილირებული. ოპოზიციის ლიდერებს უნდათ და ყოველნაირად ცდილობენ, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის. მთავარი ოპოზიციური ძალა დღემდე საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.“ - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე, რომლის თქმითაც - „ვინც და როგორც არ უნდა ეცადოს, ამ რეალობას ვერ შეცვლის.“

მისივე აზრით, საკმაოდ შესუსტდა ოპოზიციის პრორუსული ფლანგიც. ისინი გააქტიურებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ერთი ნაწილი მეამბოხე ოპოზიციას მიეკედლა, ხოლო მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი, მიყუჩდა და თავის დროს ელოდება. მაგრამ საამისოდ კარგი დრო არ არის.

„საქართველოში მიმდინარე წელს მოვლენები რუსული სცენარით მიმდინარეობდა. მოსკოვისთვის უფრო მომგებიანია არა ღიად პრორუსულ ძალებზე დაყრდნობა, არამედ ოპოზიციაში თავისი გავლენების გამოყენება და რუსული საქმის რუსოფობების ხელით გაკეთება. ასე ისინი საქართველოში არაერთხელ მოქცეულან.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე.

ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ 2019 წელს ერთი მხრივ, ოპოზიციამ სერიოზული დარტყმა მიიღო პროპორციული არჩევნების ჩაგდებით, რაც მის წარმომადგენლობითობას მომავალ პარლამენტში მნიშნელოვნად უწყობდა ხელს, მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე პროცესი, ვგულისხმობ, პროპორციული არჩევების ჩაგდებას, მისთვის ახალი სუნთქვის გახსნის შანსად იქცა - საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების და დასავლეთის თვალში იმიჯის გამოსწორების, რადგან მათ ხაზგასმით მშვიდობიან აქციებზე აიღეს სწორება და რაც საარჩევნო წელს, მათთვის აგრერიგად მნიშნველოვანია.

„ოპოზიციას ამომრჩევლის მობილიზების თვალსაზრისით 2020 წელს უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.“ - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

ზაზა ფირალიშვილის აზრით ოპოზიციურ ფლანგზე თემატური ერთიანობის მიღწევა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ ამასთან, თითქოს აშკარაა, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს წვრილი პოლიტიკური წარმონაქმნების ეპოქა. ყოველი შემდგომი არჩევნები ამას თვალსაჩინოდ გვაჩვენებს.

„თავად პოლიტიკური ჯგუფების ცხოვრებაშია რაღაც ძირეულად შესაცვლელი, რადგან ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იდეალურ საარჩევნო კანონმდებლობას, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური განვითარების აზრით ბევრი არაფერი შეიცვალოს.“- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თმით, საარჩევნო სისტემა ძალზე მნიშვნელოვანია. „დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხელს უშლის ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. მაგრამ, ამ უკანასკნელს არანაკლებ უშლის ხელს ის, რასაც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებული ფეოდალური პლურალიზმი უწოდეს, არანაკლებ უშლის ხელს თანამშრომლობისა და დიალოგის უნარის დეფიციტი. თუ ეს არ გადაილახა, მხოლოდ სისტემის შეცვლა არაფერს მოგვცემს.“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

მოახლოებულ არჩევნებზე რა იქნება ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა?

ვაჟა ბერიძე - ოპოზიციის ყველაზე დიდ პრობლემა, ისე როგორც ხელისუფლების მთავარი პრობლემა ქართველი ხალხია

ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციას ჰაერივით სჭირდება ინოვაციურობა და სტრატეგიების დივერსიფიკაცია-გამრავალფეროვნება

ზაზა ფირალიშვილი - ოპოზიცია და ხელისუფლებაც ჯიუტად იმეორებენ ერთსა და იმავეს, ფორმალურადაც კი არ ცვლიან არაფერს

ვაჟა ბერიძის მტიცებით, სააკაშვილი კვლავ რჩება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერად. ამას თავად ისინიც არ უარყოფენ. ეს, ბუნებრივია, ხელს აძლევს „ოცნებას“, მაგრამ სააკაშვილისგან ოპოზიციის გამიჯვნა შეუძლებელია.

„ოპოზიციის ყველაზე დიდ პრობლემა, ისე როგორც ხელისუფლების მთავარი პრობლემა ქართველი ხალხია, ჭირსა შიგან მნთმენი, მაგრამ მტრისა და მოყვრის მცნობი, უხიაგი და იმავდროულად ქვეყანაზე თავდადებული. რაც არ უნდა გასაჭირში ჩავარდეს, რაც არ უნდა ტვინი გამოურეცხონ მედიამ და პოლიტიკოსებმა, ის ბოლოს მაინც სწორ გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე.“- აღნიშნავს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

ხათუნა ლაგაზიძემ ოპოზიციის პრობლემებზე საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა - „პრობლემას ვერ დავარქმევდი, უფრო - გამოწვევა: ოპოზიციას ჰაერივით სჭირდება ინოვაციურობა და სტრატეგიების დივერსიფიკაცია-გამრავალფეროვნება.“

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია მხოლოდ ერთ საკითხზე კონცენტრირდა და თუ ასე გაგრძელდა, დრომ შესაძლოა ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავოს.

„ამომრჩევლის მიერ არჩევანის გაკეთებისას მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი არაა საკმარისი - ხელისუფლება თუ ცუდია, ვისაც მის მაგივრად აირჩევს - ის რითია კარგი, ამის ცოდნაც სჭირდებათ.“ - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე, რომლელიც თვლის, რომ „პროტესტის პარალელურად, აუცილებელია ოპოზიციამ პოზიტივზე ორიენტირებული, სტრატეგიული ხედვების მქონე კამპანიების წარმოება უნდა შეძლოს“.

იგი თვლის, რომ ოპოზიციამ ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტის ზრდის პარალელურად გაიზარდოს მათი მხარდამჭერთა რიცხვიც. ხოლო რაც შეეხება სააკაშვილს, - „ხელისუფლება სააკაშვილისგან ვეღარ გააკეთებს ისეთ საფრთხობელას, როგორც ის იყო 2012-ის შემდგომ ყველა არჩევნებში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ოცნება“ თავადაც ყალიბდება საფრთხობელად.“- მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ „როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას უჭირს აღიქვას, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და, შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებაში რას მოითხოვს მათგან პოლიტიკური განვითარების ლოგიკა.“, მისივე თქმით, „ერთიცა და მეორედ ჯიუტად იმეორებენ ერთსა და იმავეს, ფორმალურადაც კი არ ცვლიან არაფერს.“

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო- საქართველოსთვის“ არჩევნებამდე „ოცნების“ ალტარნატივად ჩამოყალიბდეს?

ვაჟა ბერიძე - თუ ხაზარაძე სწორ სტრატეგიას აირჩევს, ვფიქრობ, მას წარმატების მოპოვებაში ხელს ვერც ბანკირის ბექრაუნდი შეუშლის და ვერც ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით მოსალოდნელი რეპრესიული ქმედებები

ხათუნა ლაგაზიძე - თუ „ლელო“ მიზიდულობის ცენტრად არ იქცა, რიგითი პარტიების სიაში ჩაეწერება

ზაზა ფირალიშვილი - თუკი „ლელოს“ ამ ქვეყანაში რაიმეს გაკეთება შეუძლია, პირველ რიგში, ესაა სწორედ არსებული ორპოლუსიანი სისტემის გადალახვაა

ვაჟა ბერიძის შეფასებით „ვიდრე „ლელო-საქართველოსთვის“ „ოცნების“ ალტერნატივად ჩამოყალიბდება, ის უკვე არის „ნაციონალური“ ოპოზიციის ალტერნატივა. ეს ეჭვგარეშეა. „ლელო“ მომხრეებს პირველ რიგში ოპოზიციის ფლანგზე აკრეფს. აბა მისკენ ნინო ბურჯანაძის ან თარხან მოურავის და ირმა ინაშვილის ამომრჩეველი არ წავა.

მისივე თქმით, თავისთავად „ლელო-საქართველოსთვის“ არენაზე გამოსვლა მისასალმებელია. ორპულუსიანი და პოლარიზებული რეალობა უნდა დამთავრდეს.

მამუკა ხაზარაძეც მოქნილი და გონიერი პიროვნებაა, თუ თანმიმდევრული იქნება, არ გამოვრიცხავ მის წარმატებულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას.“- დასძენს ვაჟა ბერიძე.

რაც შეეხება „ლელო-საქართველოს“ პოლიტიკურ პერსპექტივასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შედეგებს ვაჟა ბერიძე აცხადებს - „თუ ხაზარაძე სწორ სტრატეგიას აირჩევს, ვფიქრობ, მას წარმატების მოპოვებაში ხელს ვერც ბანკირის ბექრაუნდი შეუშლის და ვერც ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით მოსალოდნელი რეპრესიული ქმედებები.“

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, „თუ „ლელო“ მიზიდულობის ცენტრად არ იქცა, რიგითი პარტიების სიაში ჩაეწერება.“

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძეს ყრილობაზე გამოსვლისას ჰქონდა ძალიან საინტერესო და ინოვაციური ხედვები, განსაკუთრებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით, რომელთაც მართლაც შეუძლია წინ გაჭრას ქვეყანა, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოხვიდე.

„არჩევნებზე სერიოზული შედეგის მისაღწევად „ლელოს“ აკლია უმნიშვნელოვანესი - ენერგეტიკა, ადამიანების მოტივირების, ანთების, საერთო მიზნის გარშემო დარაზმვის უნარი, შარმი თუ ქარიზმა. პოლიტიკური ბრძოლისთვის „ლელო“ ზედმეტად შენელებული და აკადემიურია.“ - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

მისაივე თქმით, მართალია, „ლელო“ ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რასაც 2012-ის „ოცნება“, მაგრამ თუ სხვა ახალი ძალა არ გამოჩნდა, რისი ალბათობაც სულ უფრო მცირდება, იმ ამომრჩევლში, რომელსაც არსებული პოლიტიკური ძალები არ მოსწონს, უალტერნატივობის გამო ხმების სოლიდური ნაწილი „ლელოსკენ“ წავა.

„ლელოს“ შანსებს ისიც ზრდის, რომ დასავლეთი შეეცდება, აქ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ერთპიროვნული მმართველობა აღარ დაუშვას - მმართველი კოალიციის შემადგენლობაში კი, „ლელო“ მასში არსებული დიდი ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით, ღირებულად პარტნიორად შეიძლება იქცეს.“ - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ზაზა ფირალიშვილი მტკიცებით, „თუკი „ლელოს“ ამ ქვეყანაში რაიმეს გაკეთება შეუძლია, პირველ რიგში, ესაა სწორედ არსებული ორპოლუსიანი სისტემის გადალახვაა.“ მისივე თქმით, ისიც კარგად ჩანს, რომ საზოგადოებაც ელის ამგვარი ძალის გამოჩენას, რომელსაც ხშირად „მესამე ძალას“ უწოდებენ ხოლმე.

„მესამე ძალა“ იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ჩაერთვება უკვე არსებულ დაპირისპირებაში, როგორც მესამე სუბიექტი და ამით, არსებითად, არაფერი შეიცვლება. საჭიროა არა „მესამე ძალა“, არამედ პოლიტიკური ალტერნატივა და ეს ლელოს ლიდერებმაც განაცხადეს.“ - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე აზრით, ოპოზიციური პარტია მაშინ აღწევს წარმატებას, როცა მისი გამარჯვება საპროტესტო ელექტორატისათვის უკვე პრინციპული საქმე ხდება, ასეთ ცენტრებად იქცნენ 2003-ში „ნაცმოძრაობა“ და 2012-ში - „ქართული ოცნება“.

„ლელო“ როგორც პოლიტიკური გაერთიანება პროტესტის სახედ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი პოზიტიური ცვლილებების იმედად უნდა წარმოდგეს. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და საზოგადოებრივი განწყობები „ლელოს“ ამის შანსს აძლევს.“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

სავარაუდოდ, ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგის შედეგზე როგორ აისახება ოპოზიციის მოთხოვნაზე ეუთო-ოდირის ან დადებითი, ან უარყოფითი დასკვნა?

ვაჟა ბერიძე - ეუთო-ოდირის დასკვნა, ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, აისახება კიდეც ხელისუფლება–ოპოზიციის დიალოგის შედეგზე

ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებაზე ზემოქმედების დიალოგზე წამოყვანის რესურსი დასავლეთს ამოეწურა და დასავლეთის მხრიდან ინოვაციური მიდგომების შემუშავების დროა

ზაზა ფირალიშვილი - თუ ასე გაგრძელდა, „ოცნებასაც“ მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა

ვაჟა ბერიძის აზრით, „ეუთო-ოდირის დასკვნა, ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, აისახება კიდეც ხელისუფლება–ოპოზიციის დიალოგის შედეგზე“.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს, რომ ამ მოდელმა უფრო ადეკვატურად ასახოს ელექტორატის განწყობა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ რიგითი ამომრჩევლისთვის შეთავაზებულ ვარიანტებში გარკვევა და ხმის მიცემა იყოს იოლი და გასაგები. ყველა თავისკენ ექაჩება ბაგირს. ოპოზიცია ცდილობს საყოველთაო ისტერიის ფონზე მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე.

„ახლა ჯიუტი თხები რომ შეხვდებიან ვიწრო ხიდზე ერთმანეთს, ისეთი ვითარებაა. ან ერთ–ერთმა მხარემ უნდა დათმოს, ან შუამავალმა დიპლომატებმა უნდა თქვან თავიანთი მკაცრი, კატეგორიული და ავტორიტეტული სიტყვა. სხვა გამოსავალი არ არსებობს.“ - დასძენს ვაჟა ბერიძე.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უპრეცედენტოდ მძაფრმა კრიტიკამ აშშ-ის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.

„ხელისუფლებაზე ზემოქმედების დიალოგზე წამოყვანის რესურსი დასავლეთს ამოეწურა და დასავლეთის მხრიდან ინოვაციური მიდგომების შემუშავების დროა.“ - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე თმით, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ წინასაარჩევნო პროცესში მის მიერ დემოკრატიული თამაშის წესებზე უარის თქმა დაუსჯელი არ დარჩება, ხოლო მეორე მხრივ, მან უნდა მიიღოს ყველა საჭირო გარანტია, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, თუნდაც ის, რომ მათ ისევე ექნებათ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების საშუალება, როგორც ეს დასავლეთის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობას“ მიეცა 2012-ში.

თქვენი დაკვირვებით, საარჩევნო თემებთან დაკავშირებით ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგის შედეგზე სავარაუდოდ როგორ აისახება ოპოზიციის მოთხოვნაზე ეუთო-ოდერის ან დადებითი, ან უარყოფითი დასკვნა?

ზაზა ფირალიშვილის აზრით, პროპორციულზე უარის თქმით ხელისუფლებამ დაკარგა არა მხოლოდ ოპოზიციისა და უცხოელი პარტნიორების, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ახალგაზრდობის აქტიური ნაწილის ნდობა.

„სამწუხაროდ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ „ოცნებაში“ კარგად ვერ იაზრებენ, რა ამბავია მათ თავს. ბოლოს მოწყობილმა მრავალათასიანმა აქციამ კიდევ უფრო დაუკარგა სიფხიზლე და ისევ ჯიუტად განაგრძობენ თავისას.“- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც, ნდობის ეროზია იმდენად სწრაფია, რომ შორს არ არის დრო, როდესაც მნიშვნელობა არ ექნება საარჩევნო სისტემას. „მოქალაქეთა კავშირმა“ და „ნაცმოძრაობამ“ უკვე გამოსცადეს, რას ნიშნავს, როდესაც საზოგადოებაში შენი წასვლის ნება მწიფდება. „თუ ასე გაგრძელდა, „ოცნებასაც“ მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკის წარმოებაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საქართელოს მიმართ?

ვაჟა ბერიძე - ბუნებრივია, რუსეთს აქვს სცენარი საქართველოსთვის. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ აქ რუსეთი მხოლოდ ღიად პრორუსული ძალების იმედადაა

ხათუნა ლაგაზიძე - რუსეთი არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან და ყველანაირად შეეცდება არ დათმოს ბოლო 7 წლის განვლობაში საქართველოში მოპოვებული გავლენები

ზაზა ფირალიშვილი - რუსული ნეოიმპერიული პოლიტიკისათვის ნებისმიერი პარიტეტული დიალოგი იმპერიის იდეის დათმობას ნიშნავს

ვაჟა ბერიძის განმარტებით, რუსეთი ერევა „ბრექსიტში“, ერევა აშშ–ს პრეზიდენტის არჩევნებში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში. მას აქვს იქ ინტერესები და პოლიტიკა. ხარჯავს ფულს. აფინანსებს კონსერვატორებს ბრიტანეთში, ეროვნულ ფრონტს საფრანგეთში. ბალტიის მეშვეობით გაჰყავს გაზსადენი გერმანიაში ამერიკელების წინააღმდეგობის მიუხედავად...

„ბუნებრივია, რუსეთს აქვს სცენარი საქართველოსთვის მიზნების მიღწევას. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ აქ რუსეთი მხოლოდ ღიად პრორუსული ძალების იმედადაა.“ აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

„მოკლედ, შემიძლია რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ასე ჩამოვაყალიბო - არასტაბილურობა ქვეყანაში, მძაფრი დაპირისპირება, მძიმე სოციალური ფონის შენარჩუნება. ახლა ყველანი დავფიქრდეთ, ამის მიღწევა მას როგორ და რა ძალების მეშვეობით შეუძლია.“- აცხადებს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ძველი გავლენების აღსადგენად. ბელორუსს აიძულებს მასთან ერთიანი პარლამენტი და მთავრობა შექმნას. ზეწოლა იმდენად დიდია, რომ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბელორუსის მიერთება ნატო-რუსეთის კონფლიქტის დასაწყისი იქნება.

უკრაინელი ოლიგარქი - კოლომოისკი, რომელიც უდიდესი გავლენებით სარგებლობს უკრაინაში, მოუწოდებს უკრაინელებს იფიქრონ ახალი ვარშავის ხელშკერულების ბლოკის შექმნაზე რუსეთთან ერთად.

მოლდოვაში პრორუსმა პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი მხარდამჭერების საშუალებით დაშალა პროდასავლური სამთავრობო კოალიცია. საქართველოსთან მიმართებაში კი აქტიურად განიხილება ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ტრასის მშენებლობის საკითხი, რაც რუსეთს საქართველოში მუდმივი დესტაბილიზაციის, ტერორიზმის საფრთხის გაზრდის და პირდაპირი ოკუპაციის უნიკალურ შანსებს აძლევს.

„რუსეთი არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან და ყველანაირად შეეცდება არ დათმოს ბოლო 7 წლის განვლობაში საქართველოში მოპოვებული გავლენები. მაგრამ, ამ გზაზე საქართველოში მისთვის ფასეული და ღირებული პოლიტიკური ჯგუფი არ არსებობს.“ - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე თქმით, მოსკოვი სასტიკია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართაც, გამუდმებით ამცირებს მას - ხან ვაჟა გაფრინდაშვილის გამოშვებაზე უარით, ხან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევით და ჩვენი მოქალაქეების გატაცებით. რუსეთს საქართველოში მხოლოდ პატივაყრილი პოლიტიკური ძალები სჭირდება.

„მოსკოვს „ოცნების“ ყოფნა-არყოფნა კი არ ანაღვლებს ხელისუფლების სათავეში, არამედ იმ გავლენის შენარჩუნება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში მოიპოვა.

მაგრამ, ამ გავლენების კიდევ უფრო გაფართოვება საქართველოს დასავლური სივრციდან დისტანცირების და სამომავლოდ რუსულ რეინკარნირებულ ვარშავის ბლოკთან შეზრდის ტოლფასია“- დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

აზა ფირალიშვილის აზრით, რუსული პოლიტიკა რომ ძნელია, მცირედით მაინც შეიცვალოს, ამას კარგად ვხედავთ. ვაჟა გაფრინდაშვილის საქციელი მათთვის ძალიან ცუდი პრეცენდენტია და ამიტომაც შეეცადნენ ამ ადამიანზე შურისძიებას. მათ იგრძნეს, რომ, თურმე, ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ფსიქოლოგიური ომით ბევრს ვერაფერს მიაღწიეს და საქართველო კვლავ შობს ასეთ ადამიანებს.

დღევანდელი რუსეთი ნეოიმპერიული პროექტის წარმატების განცდით ცხოვრობს და ამ ვითარებაში არ მგონია უფრო მოქნილები და დიპლომატიურები გახდენ. რუსული ნეოიმპერიული პოლიტიკისათვის ნებისმიერი პარიტეტული დიალოგი იმპერიის იდეის დათმობას ნიშნავს“ - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში მხედველობაში მუდმივად უნდა გვქონდეს ეს აქსიომატური გარემოება. პარიტეტულ დიალოგს არ უშვებენ არა თუ ჩვენისთანა პატარა ქვეყანასთან, არამედ შეერთებულ შტატებთან ან გერმანიასთანაც კი.

ამის მაგალითად ზაზა ფირალიშვილს მოჰყავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონის მიერ ამ დღეებში გაკეთებული აღიარება, თუ როგორი შეცდომა იყო მისი იმედები, რომ რუსეთთან ურთიერთობები შეიძლებოდა გადატვირთულიყო.

თურმე, ის უშვებდა იმავე შეცდომას, რასაც დასავლეთის ბევრი სხვა ლიდერიც უშვებს, როდესაც ჰგონიათ, რომ რუსულ ირაციონალურ იმპერიალისტურ სწრაფვებს რაციოსა და სამართლიანობის საზღვრებში ჩასვამენ.

აშშ- მიერ ჩვენთვის მრავალმილიონიანი სამხედრო დახმარების გამოყოფა და აშშ ადმინისტრაციის ლამის ყოველკვირეული განცხადებები მოწმობს, რომ მარტო არ ვართ და რომ ჩვენი მხრიდან რუსეთის მიმართ ჩვენთვის არასასურველი დათმობების გაკეთების გარდუვალობა არ არსებობს. ცხადია, ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ სიხისტეს და ცეცხლოვან ანტირუსულ რიტორიკას“ - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თქმით, ჩვენი ხსნა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდგომარეობაშია. ესაა ჩვენი უპირველესი და ბუნებრივი პოლიტიკური განძი, რომელიც მტერსაც იზიდავს და მოყვარესაც. ანაკლიის პორტი ამ პოტენციის გამოყენების შესაძლებლობაა და სწორედ ამაზე ამბობს უარს „ოცნების“ ხელისუფლება. ანაკლია და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ჩვენს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ არგუმენტად შეიძლება იქცეს.

მე ეკონომისტი არ ვარ და ამ თვალსაზრისით ანაკლიის პორტის პროექტის შეფასება ჩემგან არასერიოზული იქნება, მაგრამ როგორც გეოპოლიტიკურ ფაქტორს მას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა რომ ექნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

რამდენად შეძლებს აშშ და ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას?

ვაჟა ბერიძე - ჩვენ ყველა მიმართულებით გვმართებს თანხმობა და ერთიანობა, შედეგზე ორიენტირებული, დაბალანსებული, მოქნილი საგარეო პოლიტიკის წარმოება

ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებაზე ზემოქმედების სიტყვიერი რესურსი დასავლეთს ამოეწურა და ახლა მისი მხრიდან ინოვაციური მიდგომების დროა

ზაზა ფირალიშვილი - თუ ჩვენი სახელმწიფოს ფეხზე დაყენების ნება არ გვექნება, გარედან ვერავინ გვიშველის

ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ აშშ–ევროპა დღეს აღარ არის ძველებურად ერთიანი და ერთსულოვანი. შესაბამისად, ბევრი მიმართულებით ისინი ვეღარ ახერხებენ ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას.

„არც ის ვითარებაა გამორიცხული, რომ რუსეთის პირისპირ ჩვენ ერთი–ერთზე დავრჩეთ. ამიტომაა ოკუპანტ ქვეყანასთან დიალოგი აუცილებელი და ამ პროცესში მონაწილეობისთვის ჩვენი პოლიტიკოსების ლიცენზირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.“- აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, მთავარია, ეს იყოს ღია, ტრანსფარენტული პროცესი, რომელსაც მთელი ქართული საზოგადოებისგან ექნება თანხმობა და მხარდაჭერა. რაც შეეხება შტატებსა და ევროპას, იმედი ვიქონიოთ, რომ ნაციონალ–პოპულიზმი ვერ მოახერხებს ევროატლანტიკური სივრცის დაზიანებას და დათიშვას.

„ჩვენ კი ყველა მიმართულებით გვმართებს თანხმობა და ერთიანობა, შედეგზე ორიენტირებული, დაბალანსებული, მოქნილი საგარეო პოლიტიკის წარმოება.“- დასძენს ვაჟა ბერიძე.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკამ თანმიმდევრული პოლიტიკა გაატაროს, რადგან ერთი მხრივ, კონგრესის წევრთა უმკაცრესი განცხადებები და მეორე მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის შერბილებული ტონი, საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ორაზროვნად შეაფასოს ამერიკის პოლიტიკური ელიტის პოზიცია.

„თუ დასავლეთმა არ დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლება და არ დაითანხმა წინასაარჩევნოდ დემოკრატიული თამაშის წესებზე, მაშინ რუსეთი „დაარწმუნებს“ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს მისი „წესები“, რაც საქართველოში უაღრესად ტრაგიკული პროცესების დასაწყისი გახდება.“- დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ამ თემაზე საუბრისას ის ურჩევს დასავლელ პარტნიორებს - „ნუ დატოვებს საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მარტო, რუსეთის ზეწოლის ამარა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ის საქართველოს დაკარგავს.“

ზაზა ფირალიშვილის დაკვირვებით, აშშ-ს დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში რომ მკაცრდება, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ამის შედეგები ჩვენთან დამოკიდებულებაშიც აისახება და ისახება კიდეც.

მისივე თქმით, ის გარემოება, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია და ევროპული სტრუქტურები საკმაოდ დიდ დაინტერესებას იჩენენ ჩვენი საშინაო პროცესებთან დაკავშირებით, ამის საბუთია.

„პროცესი მიდის და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიული პესიმიზმის დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. თუ ჩვენი სახელმწიფოს ფეხზე დაყენების ნება არ გვექნება, გარედან ვერავინ გვიშველის. ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ფენომენი დღეს სუფთა ჰაერის ულუფასავითაა.“ - დასძენს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც „თუ აშშ-ს ახალი ელჩის ბიოგრაფიას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, როგორია ვაშინგტონის ადმინისტრაციის დამოკიდებულება „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.“

მისივე აზრით, ცხადია, „ოცნებაში“ ვინმეს შეიძლება აზრადაც მოუვიდეს გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა, რაზეც თითქოს მიანიშნა კიდეც ჩვენმა პრეზიდენტმა, მაგრამ მაინც არა მგონია კოლექტიურ ორჯონიკიძედ ქცევის სურვილი „ოცნებაში“ ორიოდე ადამიანის მეტს გაუჩნდეს.

„ასეთი განცხადებებით კიდევ უფრო ჩქარდება „ოცნებაში“ ისედაც მიმდინარე ეროზიული პროცესები.“- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა