თენგიზ ფხალაძე - მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არ არსებობს - მგონია, რომ ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს

ობიექტურად არ არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე. მგონია, რომ ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირანსა და აშშ-ს შორის გამწვავებულ ურთიერთობას. ფხალაძის განცხადებით, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების საშიშროება არ არის. მისივე თქმით, ირანში მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებმაც კარგად იციან როგორც ირანის, ასევე ამერიკის შესაძლებლობები.

„ობიექტურად არ არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე. სრულიად გამორიცხულია, რომ ასეთი რამ მოხდეს. ვერც იმას ვიტყვით, რომ პროცესები უკონტროლოა. ის, რომ ირანის მხრიდან რაღაც ტიპის საპასუხო დარტყმა განხორციელდებოდა, ამაზე ყველა შეთანხმებული იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი შეიძლება დაიწყოს. მე მგონია, რომ სიტუაცია წავა უახლოეს მომავალში იქითკენ, რომ ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ სიტუაცია გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო დაიძაბა, მაგრამ რეალურად სიტუაცია დაიძაბა მაშინ, როდესაც შეტევა განხორციელდა ამერიკის საელჩოზე. საელჩოზე შეტევის განხორციელება ომის გამოცხადების ტოლფასია. ასე, რომ ის, რაც მერე მოხდა, საპასუხო ნაბიჯი იყო. მგონია, რომ მიუხედავად ამ რიტორიკისა, ირანში არიან პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თავისი შესაძლებლობებიც და ამერიკის შესაძლებლობებიც,“- განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, ერაყში განთავსებული ამერიკული ბაზების წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებულ შეტევაზე როგორი იქნება ამერიკის პასუხი, ფხალაძე პასუხობს, რომ საპასუხო ქმედება აუცილებლად მწვავე იქნება. მისივე თქმით, ამერიკა ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და მისი მოთხოვნების შესრულებას აიძულებს.

„სანამ ამერიკის პასუხი იქნება, იქამდე უნდა მოხდეს მიყენებული ზიანის და ზარალის შეფასება. პრეზიდენტმა ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ „ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის“. აქ სიტყვა „ჯერჯერობით“ ნიშნავს, რომ ინფორმაცია მსხვერპლთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

მე მგონია, რომ ამერიკის პასუხი იქნება მწვავე. შესაძლებელია ეს იყოს როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო ქმედებები, თუმცა პასუხი აუცილებლად იქნება მწვავე. ტრამპის სტრატეგიაში ჩანს, რომ ის მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნის ირანის დღევანდელ ხელმძღვანელობას, აიძულებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და იმ მოთხოვნების შესრულებას, რაც აშშ-ს აქვს,“ - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება ირანის მუქარას, რომ აშშ-ის მხრიდან საპასუხო დარტყმის შემთხვევაში, ის შეტევას ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე განახორციელებს, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ირანი ბოლო ათეული წელია იმუქრება, თუმცა მუქარა და განხორციელებული ქმედებები განსხვავდება.

„მე არ მიკვირს, რომ ირანი იმუქრება. ირანი ბოლო ათეული წელია იმუქრება, მაგრამ მუქარა და განხორციელებული ქმედებები ყოველთვის თანაზომადი არ არის. უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარი ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთანაც კონფლიქტში შესვლა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანი და დასაწყისშივე წაგებულია,“ - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა