ვინ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში
პეკინი ტრამპის წნეხის ცენტრში - ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს
მსოფლიოში ავიასაწვავის დეფიციტია, რეისები უქმდება, ტურიზმი დაბლა მიექანება
* * *
ვინ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში
“საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინტერპელაციის წესით პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად შეეხებოდა საგარეო პრიორიტეტებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პარტნიორებთან ურთიერთობის ფაზებსა და საქართველოს პოზიციას რეგიონსა და მსოფლიოში. ბოჭორიშვილმა “ტყუილი” უწოდა ოპონენტების განცხადებებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე. მინისტრის შეფასებით, პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან “2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა "ქართული ოცნების”. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა პუნქტების შესრულება მოითხოვა და ეს რომ არ სურდა “ოცნებას”, უბრალოდ გადაწყვიტა შეეჩერებინა პროცესი. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ ბოჭორიშვილი დოკუმენტებზე დაყრდნობით საუბრობს და პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში.
“მაკა ბოჭორიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები. “ტყუილია, თითქოს “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა - პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა “ქართული ოცნების”... ევროპულ ბიუროკრატიას გაუჭირდა, მაგრამ მოუწია ჩვენი პროგრესის აღიარება 2023 წელს, მაშინ როდესაც წელიწადნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი თავისივე ანგარიშების და დასკვნების საფუძველზე...” - თქვა ბოჭოროშვილმა. შეგახსენებთ, 2024 წლის 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. მისი თქმით, „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია, ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ირაკლი კობახიძის განცხადება გვახსოვს, რომ “ქართული ოცნება” გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებსო და ბოჭორიშვილმა რაც არ უნდა თქვას, ეს ფაქტი ყველას ახსოვს. ეს განცხადება პრემიერმა გააკეთა, ვინმე სხვამ ხომ არა? ევროკავშირმა უბრალოდ იმ პუნქტების შესრულება მოითხოვა, რა პირობითაც კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. სტატუსი ჩვენთვის ასე ხელაღებით არ მოუციათ, გვითხრეს, რომ ესა და ეს პუნქტები უნდა შეასრულოთო. კობახიძის განცხადება იმის მცდელობა იყო, რომ “ოცნებას” ეს პუნქტები არ შეესრულებინა. ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომ პროცესი “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა და არა ევროკავშირმა - თუ სიტუაცია მართლა ისე იყო, როგორც “ოცნებაში” ახლა ამბობენ, მაშინ კობახიძის განცხადების ფორმულირებაც სხვანაირი იქნებოდა, სხვანაირი განცხადება გაკეთდებოდა. “ოცნება” ცდილობს პრობლემა რაღაც პროცესში კი არ განიხილოს, არამედ დისკრეტულად, რომ რაღაც მომენტში ეს ითქვაო, მაგრამ ამას წინ რა უძღვოდა, რატომ ითქვა და როგორ და რა რეაქციები მოჰყვა, ამაზე აქცენტს არ აკეთებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ანუ რა პოლიტიკური პირობა შეიქმნა ისეთი, რომ ევროკავშირმა ეს განცხადება გააკეთა და განცხადება გაკეთდა იმ კუთხით, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისივე დანაპირები უნდა შეასრულოს, რომ იმ პირობებს შეასრულებს, რითაც მას სტატუსი მისცეს. “ოცნების” ამოცანა კი ის იყო, რომ როგორმე ამ პირობებზე კამათისთვის გვერდი აევლოთ და თქვეს, რომ ჩვენ 2028 წლამდე შევაჩერებთო. ამ განცხადებას მოჰყვა პროტესტი და არა ევროკავშირის წინა განცხადებას. როგორც ჩანს, ამ პროტესტს არ ელოდნენ, რადგან არჩევნები ახალი ჩავლილი იყო, რასაც ისეთი მძაფრი პროტესტი არ მოჰყოლია. “ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ ქართული საზოგადოება ამ თემასაც გაატარებდა და ასე არ მოხდა. ბოჭორიშვილი აბა სხვას რას ილაპარაკებს, “ოცნებას” დღესაც არ აწყობს ამ პროცესის ერთიანობაში დანახვა და ამიტომ მხოლოდ ერთ მომენტზე ლაპარაკობს, ტოვებს რაღაცეებს, წინ რა უძღვოდა იმას არ ამბობს და ა.შ.” - დაასკვნის ძაბირაძე.
“როგორც იტყვიან, დოკუმენტები არ იწვის. ქალბატონი ბოჭორიშვილი ზუსტად დოკუმენტებზე დაყრდნობით ლაპარაკობს. თუ არ ვცდები, პირველად განცხადება 2024 წლის ზაფხულში იყო, სადაც ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა. შემდეგ, როცა ეს ბატონმა პრემიერმა გამოაცხადა, ამის გამო დიდი ამბები ატყდა. გვახსოვს, რომ მათივე დაფინანსებული და ხელდასმული არასამთავროები და პარტიები ქუჩაში გამოვიდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. მაშინვე განაცხადა პრემიერმა, რომ ა ბატონო, ჩვენ ხომ გვაბრალებთ ეს გავაკეთეთო, ამიტომ ახლავე, ამ წუთში შემოგვთავაზონ და მოლაპარაკებებს ვიწყებთო, რატომ არ გააკეთა ევროკავშირმა ამაზე ერთი განცხადებაც კი? პირველად მათ თქვეს ამის თაობაზე და თუ არ გინდათ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
პეკინი ტრამპის წნეხის ცენტრში - ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს
“ჩინეთი აშშ-ის გეოპოლიტიკური წნეხის ცენტრში ექცევა - აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს წერილობით მიმართა და ირანისთვის იარაღის მიწოდებისგან თავშეკავება მოსთხოვა, პარალელურად, ტრამპის განცხადებები ჰორმუზის სრუტის “გახსნაზე” და ნავთობის ბაზრებზე გავლენის შესახებ აჩენს კითხვებს - ცდილობს თუ არა ვაშინგტონი ენერგეტიკული ბერკეტებით ჩინეთზე ზეწოლას. ტრამპის თქმით, სი ძინპინმა უპასუხა, რომ ჩინეთი თეირანს იარაღს არ აწვდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Fox Business Network-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ეთერში ოთხშაბათს გავიდა. ინტერვიუ სამშაბათს ჩაიწერა, თუმცა ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის მისწერა წერილი ჩინეთის ლიდერს. გასულ კვირას მან გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც ირანს იარაღს მიაწვდიან, რომ მათ წინააღმდეგ შესაძლოა დაუყოვნებლივ დაწესდეს 50%-იანი ტარიფები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიიაში სათაურით პეკინი ტრამპის წნეხის ცენტრში - ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს.
“ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანთან ომის ფონზე გლობალური ნავთობის ბაზარზე შესაძლო ცვლილებები, ასევე ვენესუელასთან დაკავშირებული პროცესები, მის მომავალ შეხვედრაზე სი ძინპინთან, რომელიც მომავალ თვეშია დაგეგმილი, არ იმოქმედებს. “ის არის ადამიანი, რომელსაც ნავთობი სჭირდება. ჩვენ - არა”, -განაცხადა ტრამპმა. მოგვიანებით, სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპი წერდა, რომ ჰორმუზის სრუტეს “მუდმივად ხსნის” და ამით ჩინეთი ძალიან კმაყოფილია. “ამას მათთვისაც ვაკეთებ - და მსოფლიოსთვის”, - აღნიშნა ტრამპმა და დაამატა: “პრეზიდენტი სი ძინპინი რამდენიმე კვირაში, როცა ჩავაღწევ, დიდ მასპინძლობას მომიწყობს”. თუმცა, გაურკვეველია, რას გულისხმობდა ტრამპი , ჰორმუზის სრუტეზე საუბრისას, ვინაიდან, სრუტეში ნავიგაცია კვლავ შეზღუდულია. თეთრი სახლს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპი ჰორმუზის სრუტის ბლოკადით ჩინეთზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რადგან ნავთობის დიდი ნაწილი ჩინეთში სწორედ სრუტიდან გადის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როიტერსი წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის დაწყებიდან 45 დღის შემდეგაც მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია, სრუტის ბლოკირებამ ფაქტობრივად გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის გადაზიდვების დაახლოებით 20% შეაჩერა. წყაროების ინფორმაციით, სამშაბათისთვის სრუტეში გადაადგილება კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებულია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანთან მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე შესაძლოა მიმდინარე კვირაში განახლდეს, მას შემდეგ რაც შაბათ-კვირას შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტებიდან გამავალი გემების ბლოკადა აამოქმედა. აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ეს ზომა ფაქტობრივად სრულად აჩერებს ქვეყნის საზღვაო ვაჭრობას - როგორც იმპორტს, ისე ექსპორტს”, - დასძენს გამოცემა.
მსოფლიოში ავიასაწვავის დეფიციტია, რეისები უქმდება, ტურიზმი დაბლა მიექანება
“ზაფხულის ტურისტული სეზონი შეიძლება ჩავარდეს. ჯავშნების 50% უკვე გაუქმებულია. ამის მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რის გამოც საავიაციო ნავთის დეფიციტი უკვე აშკარაა. პრობლემა, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებითაა, მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორები სახმელეთო გზითაც შემოვლენ. სავარაუდოდ, ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება არაბული ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან, რადგან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია, რიგ შემთხვევაში - შეჩერებული. როგორც ცნობილია, ევროპაში საავიაციო საწვავის დეფიციტია მოსალოდნელი. თუკი ახალი პარტია ვერ მიიღეს, ზოგიერთ ქვეყანაში ავიასაწვავი შესაძლოა, 8-10 დღეში ამოიწუროს, რაც ზაფხულის ტურისტულ სეზონს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მსოფლიოში ავიასაწვავის დეფიციტია, რეისები უქმდება, ტურიზმი დაბლა მიექანება / საქართველოში ჯავშნების 50% უკვე გაუქმდა, აქცენტი ისევ შიდა ტურიზმზე უნდა გაკეთდეს.
“ევროპაში არსებული მთლიანი მარაგი, რომელშიც სპარსეთის ყურიდან უახლესი მიწოდებებიც შედის, შესაძლოა, მხოლოდ მაისის მეორე ან მესამე დეკადამდე იყოს საკმარისი. ამბობენ, რომ 90 დღის მარაგი მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს, უმეტესობა კი კრიზისს ერთ თვეზე მეტხანს ვერ გაუძლებს. ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია კიდევ უფრო კრიტიკულია: იქ მარაგი შესაძლოა, ორ კვირაზე ნაკლებ დროში ამოიწუროს. ამის მიუხედავად, საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ევროპის დამოკიდებულება იმპორტზე: მათი საავიაციო საწვავის, დაახლოებით, 43% სპარსეთის ყურიდან მოდის. ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ტრანზიტის შეფერხების გამო კონტინენტი ავიაგადაზიდვების პიკური სეზონის წინ მარაგის მწვავე დეფიციტის წინაშე უკვე დგას. ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სიმძლავრის მაქსუმუმზე მუშაობენ და მათი წარმოების სწრაფი ზრდა გამორიცხულია. რაც შეეხება საქართველოს. ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა დაადასტურა, რომ წელს მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის კლება, ვინაიდან ჯავშნების ნახევარი გაუქმდა და მათი აღდგენის ალბათობა მინიმალურია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. ამ ეტაპისთვის ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. დადასტურებული ჯავშნები არ არის. ვცდილობთ, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ, მაგრამ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა და ბილეთების ფასები კიდევ გაიზარდა, რა თქმა უნდა, ვიზიტორების შემცირება მოსალოდნელია. ჯავშნების 50% უკვე გაუქმდა, რომლის აღდგენის შანსი ძალიან მცირეა. ძირითადად ის ქვეყნებია, რომელთაც პირდაპირ დაარტყა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ და ავიარეისები არ არის აღდგენილი. არსებული შეკვეთებიც საფრთხის ქვეშაა, რადგან საავიაციო საწვავი თუ მკვეთრად გაძვირდა, ბუნებრივია, ავიაბილეთებზეც აისახება და ხალხის გადამისამართებას გამოიწვევს, თუკი საერთოდ იმოგზაურეს. ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა ჯავშანი, ფაქტობრივად, გაყინულია. ვერ მეუბნებიან ერთ თვეში ჩამოვლენ თუ არა, ვადას ვერ აკონკრეტებენ. აპრილი მთლიანად ჩაგვივარდა, მაისის ბოლოდან ივნისის ჩათვლით, შეიძლება შეიცვალოს ვითარება, მაგრამ დადასტურებულად არაფერი ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია მურაჩაშვილი.
“რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სახმელეთო გზით შემომავალი ტურისტები საერთო დანაკლისს ვერ დააბალანსებენ. ესენი არიან რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოსული დამსვენებლები. ფაქტია, საჰაერო მიმოსვლა საფრთხეშია, დიდ ნაწილს დავკარგავთ. ესენია გალფის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი, კორეა და ა.შ. ამ ეტაპისთვის ყველანი თავს იკავებენ. რაც შეეხება ევროპას, კიდევ უფრო ფრთხილობენ. პოლონეთი ჯერჯერობით ინარჩუნებს აქტიურობას და ჯავშნებს არ აუქმებს, თუმცა არ ვიცით მომავალში რა იქნება. სახმელეთო გზა ვერ დააბალანსებს ავაიხაზებით შემომავალი ტურისტების ნაკადს, თუნდაც აზერბაიჯანიც რომ გაიხსნას”, - დაასკვნის მაია მურაჩაშვილი.
“პროფესორ მანანა ალადაშვილის თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მდგომარეობის გამო ტურისტული ინდუსტრია უკვე ზარალობს. “ავიასაწვავის დეფიციტია და ეს მიმოსვლას მნიშვნელოვნად შეამცირებს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ჩავარდება თუ არა სეზონი, მაგრამ პრობლემა მოსალოდნელია. ზოგადად ომი და დაძაბულობა ტურიზმზე ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს. საავიაციო საწვავის დეფიციტი რომც შეივსოს, ადამიანებისთვის მოგზაურობა მაინც დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ხალხს დასვენება და ახალი ქვეყნების მონახულება იმისთვის უნდა, რომ უსაფრთხოდ იმოგზაურონ. როცა ამის საშუალება არ არის, თავს იკავებენ. არ ჩანს, რომ ომი მალე დასრულდება. არასტაბილურობაა და ჯავშნები მასობრივად უქმდება. რაც ხდება, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მიმდინარე ტენდენცია ადასტურებს, რომ მსოფლიო დაუცველია. ანალოგიური ვითარებაა ყველგან, ტურისტული ინდუსტრია ზარალს განიცდის”, - ამბობს მანანა ალადაშვილი, რომლის აზრით, “ასეთ სიტუაციაში გადაგვარჩენს შიდა ტურიზმი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი დანახარჯებით ნაკლებმომგებიანია” - განაგრძობს გამოცემა.
“უცხოური მედიის ცნობით, მაისი შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს: თუ ავიასაწვავის მიწოდება არ განახლდა, ქვეყნები სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას დაიწყებენ, რის შემდეგაც ცალკეულ აეროპორტებში საწვავის მიწოდების შეზღუდვა ან სულაც შეჩერება არის მოსალოდნელი. მაგალითად, იტალიას, წინასწარი შეფასებით, 30-60-დღიანი მარაგი აქვს დარჩენილი, რაც, მაისის ბოლომდე იქნება გარანტირებულად საკმარისი. უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანია ავიაკომპანია "რაინეარის" აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო ლირი უკვე აფრთხილებს ყველას, რომ თუ ირანში ომი მალე არ დასრულდება, მაისის დასაწყისში საავიაციო საწვავის მიწოდებაში პრობლემები გაჩნდება”, - დასძენს გამოცემა.