ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?

უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, ევროკავშირში პუტინის მხარდამჭერი ორბანის დამარცხების ევროპულ, ამერიკულ, ჩინურ და რეგიონალურ, კერძოდ, სამხრეთ კავკასიურ განზომილებაზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, 12 აპრილს უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პირეტ მადიარის პარტია „ტისა“-მ, საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამარცხა ორბანის პარტია, რომელიც ქვეყანას 16 წელი მართავდა.

ვიდრე საქართველოში იმედოვნებდნენ რომ ერთიანი ევროპა დაშლის გზაზე იყო და რუსულ გაზის არქონის გამო ევროპული ქვეყნები სადაცაა გაიყინებოდნენ, უნგრელმა ხალხმა საოცარი ერთიანობის დემონსტრირებით დაამტკიცა რომ ევროპული ერია, მისთვის მიუღებელია კორუფცია და ევროპისგან იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომელსაც ვიქტორ ორბანი ატარებდა.

მოდით, საუბარი დავიწყოთ იმით, სავარაუდოდ, რას მიიღებს ორბანის დამარცხებით ობრანის დამმარცხებელი უნგრელი ხალხი?

რა მიზეზებმა განაპირობა საკმაოდ მონოლითური ორბანის პარტიის დამარცხება?

- მომწონს თქვენი პროფესიული მიდგომა. მოცულობითი შეკითხვები, ბევრი ასპექტით. რა თქმა უნდა, რესპოდენტისთვის ეს გამოწვევაა, რადგან ვარიანტების სიმრავლიდან უმთავრესი უნდა გამოარჩიოს და მრავალშრიანი პრობლემის არსი მხედველობიდან არ გამორჩეს.

დიახ, ორბანი და მისი პარტია უნგრეთს 16 წელი მართავდა და თქვენ ამ ფაქტის კონსტატაციით პასუხისკენ მიმანიშნეთ. უმთავრესი მიზეზი ამისა, ეს 16 წელია, როცა უნგრულ პოლიტიკურ ველს ერთი და იგივე ძალა, ერთი და იმავე პრინციპებით მართავდა.

შესაბამისად, ხელისუფლებათა ცვალებადობის პრინციპის უგულებელყოფამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და გარდუვალი გახადა ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა. ძნელია, ევროკავშირში მოიძებნოს ქვეყანა, საცა ამდენი და მეტი ხნის განმავლობაში მართავს ერთი პირი და ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია. ესეც, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი.

ხელისუფლებათა ცვალებადობის პრინციპის უგულებელყოფამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და გარდუვალი გახადა ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა. ძნელია, ევროკავშირში მოიძებნოს ქვეყანა, საცა ამდენი და მეტი ხნის განმავლობაში მართავს ერთი პირი და ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია

აქვე, თქვენ მეკითხებით უნგრეთის სიტუაციის გაკვეთილზე საქართველოსთვის და ისიც შევნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველი ძალა - „ქართული ოცნება“ უკვე 14 წელია ხელისუფლებაშია, ცხადია, ბიძინა ივანიშვილიც და მისი გუნდიც. აი ეს გაკვეთილი კი გამოადგება მმართველ პარტიასაც და ქვეყანასაც.

რამდენად რეალურია ჩვენს მიერ ამ გაკვეთილის ჩვეთვის სასიკეთოდ გათავისება, საკითხავია. ან კი ვინ უნდა იტვირთოს „ერთიანი ოპოზიციის“ მისია, - ვინ უნდა იმადიაროს? რომელ ძალას აქვს, პერსპექტივაში, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი? – „გაერთიანებულ“ ოპოზიციას? რეინკარნირებულ „ნაცმოძრაობას“? ექსორიაქმნილ გახარიას? პოლიტიკური რაგბის ჩვენებური ლელობურთით მოგების მსურველ „ლელოს“, რომლის ლიდერიც 6 თვის წინ დაუმშვიდობებლად გაეცალა პოლიტიკურ არენას, არც დაბრუნებულა და არც თავისი ხვაშიადის თაობაზე უცნობებია საზოგადოებისთვის.

ვინ უნდა იმადიაროს? რომელ ძალას აქვს, პერსპექტივაში, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი? – „გაერთიანებულ“ ოპოზიციას? რეინკარნირებულ „ნაცმოძრაობას“? ექსორიაქმნილ გახარიას? პოლიტიკური რაგბის ჩვენებური ლელობურთით მოგების მსურველ „ლელოს“, რომლის ლიდერიც 6 თვის წინ დაუმშვიდობებლად გაეცალა პოლიტიკურ არენას, არც დაბრუნებულა და არც თავისი ხვაშიადის თაობაზე უცნობებია საზოგადოებისთვის

არადა, „ლელო“ ის ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, სამწუხაროდ, რომელსაც ლეგალური ფული აქვს პოლიტიკისთვის აუცილებელი საქმიანობის მხარდასაჭერად... „სამართლებრივი ინდულგენციისთვის“ ამდენი ძალის და რესურსის დახარჯვა არ ღირდა... თუ რომელიმე ოპოზიციური საპარლამენტო, ან „ოცნებისგან“ წარმოშობილი ძალა იტვირთავს, 2030-ისთვის მაინც, „ოცნების“ ჩანაცვლებას - „ხალხის ძალა“? „ნეიტრალური საქართველო“?..

უნგრულ გაკვეთილზე მკითხეთ - არის ერთი პატარა, თუმცა არასერიოზული პასაჟი, რომელიც შეიძლება გაკვეთილად გამოგვდგომოდა. - მადიარი, ორბანის გუნდის წევრი და მისი კაბინეტის მინისტრის მეუღლე იყო (აწ უკვე ყოფილი მეუღლე, - მას შემდეგ, რაც ფარულად ჩაწერა მეუღლის „სამზარეულო“ საუბრები კორუფციაზე ორბანის ხელისუფლებაში, რაც შემდგომ ეფექტურად გამოიყენა, უკვე განდგომილმა, თავისი პოლიტიკური კარიერის ასაწყობად და დასაგვირგვინებლად).

როგორც მადიარი იყო ორბანის გუნდის ნაწილი, ისევე გიორგი გახარია, ივანიშვილის გუნდის წევრი და პრემიერი. მას ერთადერთს შეეძლო „მეზოლითური“ აქტივის შეკრება, ოპოზიციის წინამძღვრობა და ხელისუფლებაში მოსვლა. თუმცა, „ვერ იდავითა“ და ქვეყანას გაეცალა.

როგორც მადიარი იყო ორბანის გუნდის ნაწილი, ისევე გიორგი გახარია, ივანიშვილის გუნდის წევრი და პრემიერი. მას ერთადერთს შეეძლო „მეზოლითური“ აქტივის შეკრება, ოპოზიციის წინამძღვრობა და ხელისუფლებაში მოსვლა. თუმცა, „ვერ იდავითა“ და ქვეყანას გაეცალა

ასეთი ვარიანტის რეალობა ქმნიდა მიზერულ წანამძღვარს ხელისფლებასთან დაპირისპირებაში, მაგრამ მას ბოლომდე არ ენდობოდნენ და სავარაუდოდ, არ ენდობიან დასავლეთში მისი მოსკოვური განათლების და აქედან გამომდინარე ფაქტორების გამო. თუმცა, ეს ვარიანტი რომ რეალური იყო, ამას ისიც ადასტურებს, რომ ძირითადად თავშეკავებულმა და მოზომილმა ბიძინა ივანიშვილმა მას გარეწარი უწოდა...

ასე რომ, „უნგრული ექსპერიმენტის“, რომლის შემოქმედიც ცალსახად უნგრელი ხალხია, ავტორების ვინაობა მაინც არ საჯაროვდება და ეს ამ ეტაპზე არც არის საჭირო. მთავარია, უნგრელების დიდმა უმრავლესობამ ახალ ლიდერს და ხელისუფლების შეცვლას დაუჭირა მხარი. ეს ყველაფერია სწორედ „უნგრული გაზაფხულის“ მთავარი გაკვეთილი.

- როცა არჩევნებამდე უნგრეთში 12 აპრილისათვის დაგეგმილ არჩევნებზე საუბრობდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ქვეყანაში იყო არასამართლიანი საარჩევნო სისტემა. იმის გათვალისწინებით რომ უნგრეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა, გაუგებარია რატომ ვერ შეძლეს ევროკავშირის სტრუქტურებმა კორექტივები შეტანა ორბანს უნგრეთის უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობაში.

თან უცნაური იყო ისიც, რომ ორბანმა ისე სწრაფად აღიარა დამარცხება და ოპონენტს გამარჯვება მოულოცა, რომ დარჩა შთაბეჭდილება უსაფრთხოების გარანტიები როგორც მინიმუმ აშშ-გან უკვე მიღებული ჰქონდა. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ორბანს ქუჩაში არჩევნების შედეგების დასაცავად გამოსული ხალხის შეეშინდა და ამიტომ აღიარა არჩევნებში დამარცხება.

რატომ ვერ შეძლეს ევროპულმა სტრუქტურებმა უნგრეთის საარჩევნო სისტემა მეტ-ნაკლებად სრულყოფილი და სამართლიანი ყოფილიყო?

რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ორბანი დამარცხებას ზედმეტი და გაუგებარი მოძრაობების გარეშე შეგუებოდა?

- უნგრეთის საარჩევნო კანონმდებლობა უსამართლო რომ ყოფილიყო, ოპოზიციური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა. რა თქმა უნდა, უნგრულ საარჩევნო სისტემას თავისი ხარვეზები აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ხალხის ნებას ადეკვატურად ასახავს.

მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, გადაჭარბებული მგონია ორბანს მიეღო უსაფრთხოების გარანტიები ამერიკელებისგან და ამის გამო შეგუებოდა მარცხს მშვიდად. აი, 51/49 -ზე რომ ყოფილიყო პროცენტული თანაფარდობა, ან 50/50-ზე, მაშინ ნახავდით სხვა, აბობოქრებულ უნგრეთს მოვლენათა არაპროგნოზირებადი განვითარებით.

აი, 51/49-ზე რომ ყოფილიყო პროცენტული თანაფარდობა, ან 50/50-ზე, მაშინ ნახავდით სხვა, აბობოქრებულ უნგრეთს მოვლენათა არაპროგნოზირებადი განვითარებით

რაც შეეხება ევროსტრუქტურებს, მისი ფორმირების, ფუნქციონირების, ურთიერთდაზღვევის და ამომრჩეველთან უკუკავშირის სისტემა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. დარტყმები ადრეც მიიღო ევროკავშირმა, უსერიოზულესი. მაგალითად „ბრექსიტი“, ანუ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან. კიდევ უფრო ადრე საერთოევროპული კონსტიტუციისა და ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნის პროექტებზე მისი ცალკეული წევრების უარი და ასე შემდეგ.

თუმცა, მიმაჩნია, რომ ხმები ევროპის გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებულია. მას, ვფიქრობ, აქვს ფუნქცია სისტემური რეფორმის ჩატარების შემთხვევაში. თუმცა, მის დღევანდელ უმძიმეს ვითარებას ეს არ შეცვლის.

მიმაჩნია, რომ ხმები ევროპის გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებულია. მას, ვფიქრობ, აქვს ფუნქცია სისტემური რეფორმის ჩატარების შემთხვევაში. თუმცა, მის დღევანდელ უმძიმეს ვითარებას ეს არ შეცვლის

არ შეიძლება უნგრეთის არჩევნების შედეგებს სამართლიანად და ადეკვატურად მიიჩნევდე, რადგან ევროკავშირის ლიდერებისათვის უფრო მისაღებმა ძალამ და კანდიდატმა გაიმარჯვა და იმავდროულად, რუმინეთის არჩევნების შედეგებს აუქმებდე და ამის მიზეზად რუსეთის ჩარევას ასახელებდე.

ახლა სად იყო რუსეთი? უფრო ფხიზლად იყო ევროკავშირი? - ასეთი მიდგომები არასერიოზულია და სწორედ ის უქმნის საფრთხეს მის არსებობას.

- ორბანის პარტიის დამარცხებას რამდენიმე განზომილება აქვს. ევროპული, რომელსაც უკრაინის საკითხი უკავშირდება, და ასევე ამერიკული, რომელიც, უნდოდა თუ არა ეს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, ამერიკა-ევროპის ურთიერთობებს უკავშირდება.

ბევრი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ორბანის დამარცხება, შესაძლოა, გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდეს რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინის სასარგებლოდ.

იმის გათალისწინებით რომ უკვე ვიცით, რომ ორბანის პარტიის მიერ ბრიუსელისაგან გამოყოფილი თანხების ხარჯვის საქმეს ბრიუსელი გამოიძიებს, ცხადია, რომ მადიარის მთავრობას საქმიანი ურთიერთობა ექნება ბრიუსელთან.

ევროპის პოლიტიკური სცენიდან ოდიოზურობით გამორჩეული ორბანის წასვლით რა შეიცვლება ევროპის პოლიტიკურ ველზე, ევროპულ სტრუქტურებში და უკრაინა-რუსეთის ომში?

- ამ არჩევნების შედეგები ერთიანი ევროპის იდეის მომხრეებს გაამხნევებს, ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, მათი იმიჯის დევალვაციის მიზეზებზე დააფიქრებს და შეიძლება მოსალოდნელი კრახის თავიდან აცილებაც გახდეს შესაძლებელი.

ასეც მოხდება, თუ ევროკავშირის სუბიექტების როლი და ავტორიტეტი ევროსტრუქტურების მიერ პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში გაიზრდება. რაც შეეხება უნგრეთის არჩევნებში ორბანის დამარცხების ფაქტის ზეგავლენას რუსეთ-უკრაინის ომზე, ის უფრო ხელსაყრელია ზელენსკის ხელისუფლებისთვის, რადგან უწინარეს ყოვლისა, დახმარებების მიღების გზაზე ერთი სერიოზული წინაღობა აღარ იარსებებს.

რაც შეეხება უნგრეთის არჩევნებში ორბანის დამარცხების ფაქტის ზეგავლენას რუსეთ-უკრაინის ომზე, ის უფრო ხელსაყრელია ზელენსკის ხელისუფლებისთვის, რადგან უწინარეს ყოვლისა, დახმარებების მიღების გზაზე ერთი სერიოზული წინაღობა აღარ იარსებებს

- 12 აპრილს უნგრეთში ჩატარებული არჩევნების ყველაზე დიდი უცნაურობა გახლდათ ის რომ ორბანს ღიად უჭერდა მხარს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

მხარდაჭერის ფარგლებში უნგრეთში ჩასული იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუბიო და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი. და ასევე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. და ეს იმ ფონზე როცა აშშ-გან დამოუკიდებლად ლამის მთელი ევროპა ეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში.

ამის პარალელურად თვალს ვადევნებთ აშშ-ს მიერ ევროპაში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალების მხარდაჭერას. მათ შორის ამერიკელების მხრიდან გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გერმანიის მიერ აშშ-გან ენერგომატარებლების შეძენას და მხარს უჭრენ რუსეთისაგან ენერგომატარებლების მესყიდვას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ღიად შეიჭრა უკრაინაში და მეხუთე წელია უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს ომს.

რადგან ვიცით, თუ რა ცვილებები მოხდება ევროპა უნგრეთის ურთიერთობებში, ახლა დროა პასუხი გაეცეს კითხვას - უნგრეთში ორბანის დამარცხებით სავარაუდოდ, რა შეიცვლება აშშ-ევროპის ურთიერთობებში?

- ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რატომ უჭერდა მხარს ღიად ტრამპი და თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, ორბანს და რატომ არ უჭერდა მას მხარს ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევრობიუროკრატია. ყველას თავისი, მკაფიო, არცთუ დაფარული ინტერესი ამოძრავებდა. იმდენად ტრივიალური, რომ მათზე შეჩერება არ ღირს. ტრამპს ევროკავშირის მოთვინიერება უნდა, ფაქტობრივად დაქვემდებარება. მის ქვეყნებში, თანდათან, 2035-მდე პერიოდში, სამხედრო ხარჯების რეალურად გაზრდა მშპ-ის 5 %-მდე.

ტრამპს ევროკავშირის მოთვინიერება უნდა, ფაქტობრივად დაქვემდებარება. მის ქვეყნებში, თანდათან, 2035-მდე პერიოდში, სამხედრო ხარჯების რეალურად გაზრდა მშპ-ის 5 %-მდე

ტრამპი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალებს. ის ძალები, რომლებსაც ტრამპი მხარს უჭერს, ასეა სახელდებული საერთაშორისო პოლიტიკურ ლექსიკონში. თუმცა, ჯერ კიდევ არ ყოფილა მცდელობა, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და სხვები ულტრალიბერალებად მოენათლოთ.

აქ დაგვჭირდება დეფინიციის განსაზღვრა, რატომ არის ცალკეული მემარჯვენე და მემარცხენე ძალები „ულტრა“ და რატომ არის ფაქტობრივად ნეოლიბერალიზმის მიმდევარი ევრობიუროკრატია ზომიერი და არარადიკალური. ასე რომ, აქაც საფიქრალი ბევრია.

როცა ტრამპი „ალტერნატივას გერმანიისთვის“ მხარს უჭერს, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-სგან ენერგომატარებლების შეძენას და ემხრობა რუსეთისგან მის შესყიდვას, არაფერი ფანტასმაგორიული აქ არ არის. ეს გერმანიას უფრო იაფი დაუჯდება.

თუ ვგულისხმობთ, რომ ამით ტრამპი ამერიკის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალას და ამერიკის ეკონომიკის დანაკარგებს ახალისებს, ასე პრიმიტიულად ამის აღქმა დაუშვებელია, რადგან შეიძლება ტრამპმა „ნება დართოს“ გერმანიას უფრო იაფი რუსული ენერგორესურსები შეიძინოს, მაგრამ სანაცვლოდ რუსეთისგან დანაკარგზე დიდი სარგებელი მიიღოს ამერიკის ეკონომიკისთვის.

ამგვარის მაგალითი უკრაინასთან დადებული ხელშეკრულებაა, საცა ამერიკელები და უკრაინელები თანხმდებიან, რომ ერთობლივი კომპანიის მეშვეობით მოიპოვონ იშვიათი ლითონები უკრაინის ტერიტორიაზე და ამონაგების ნაწილი ომისგან გაჩანაგებული უკრაინის აღდგენის ფონდისკენ მიმართონ. ასე რომ, მიდგომები აქ, არაცალსახაა.

ჩვენ, ქართველებს კი, მიღმური სივრცეებიც გვაინტერესებს, რამეთუ მეტაფიზიკოსები ვართ, მოწოდებით, რაღა თქმა უნდა...

- პუტინისა და ტრამპის კომპანიონი ორბანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. შემდეგ ვნახეთ ევროპის ჩინეთთან ორბანის გარეშე დაახლოება. ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი-ის შორის შეხვედრები.

დარწმუნებულიც კი ვარ რომ მას შემდეგ, რაც ევროპის პოლიტიკურ მოედანზე ორბანი აღარ იქნება, ევროპასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური დაახლოება კიდევ უფრო დაჩქარდება.

სავარუდოდ, როგორ აისახება ევროპა-ჩინეთის ურთიერთობებზე ევროპული პოლიტიკური ველიდან ორბანის იძულებითი გასვლა?

- ვფიქრობ, პოლიტიკაში ორბანის ყოფნა-არყოფნაზე ცოტა გადამეტებულ აქცენტს ვსვამთ. არ ყოფილა ის იმდენად გავლენიანი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვჩვენებოდა.

უფრო ტრამპის ღია მხარდაჭერამ გაზარდა მისი წონა. ევროპა-ჩინეთის ურთიერთობებს რაც შეეხება, ორივე მხრიდან ამ ურთიერთობების ბოლოდროინდელ ინტენსიფიკაციას, ვიზიტების ჩათვლით, ის განაპირობებს, რომ არსებითად მიმართული იყო ტრამპის სატარიფო იმპროვიზაციების წინააღმდეგ.

ამ ყველაფერზე ორბანის ყოფნა-არყოფნა დიდ ზეგავლენას ვერც ახდენდა და ვერც მოახდენდა.

- თავიდანვე გაუგებარი იყო ორბანთან „ქართული ოცნების“ ლიდერების დაახლოება. შემდეგ, გაჩნდა აზრი რომ არაა გამორიცხული თბილისს ორბანი ტრამპთან ურთიერთობების დასალაგებლად სჭირდებოდა.

მალევე ვნახეთ რომ დიდი ალბათობით ჩვენმა ხელისუფლებამ ორბანს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არჩია. თუმცა, არავინ ადასტურებს რომ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში ამას უკავშირდებოდა.

თქვენთან დაკავშირებამდე გავეცანი საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის პარლამნეტში გამოსვლის მასალებს. მინისტრი ქართულ საზოგადოებას დაპირდა რომ „საქართველო 20230 წელს ევროკავშირის წევრი გახდება“.

ევროკავშირში რომ შევიდეთ ევროკომისიას უნდა უნდოდეს, ევროსაბჭოსაც, ევროპარლამნეტსაც. არადა, გვახსოვს ამ ევროპული სტრუქტურების უკიდურესად კრიტიკული შეფასებები საქართევლოზე, რაზეც მმართველი გუნდის პასუხი იყო რომ მათ „ჩალის ფასი აქვს“.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს, ანუ, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი 0-ის ტოლია. თუ მმართველი გუნდის რიტორიკას გადავხედავთ, ევროკავშირმა რომც გვთხოვოს, „ამ საშინელ ორგანიზაციაში მაინც არ უნდა შევიდეთ“.

როცა ასეთი ვითარებაა, გაუგებარია მინისტრ ბოჭორიშვილის დაპირებები, რომელიც ზუსტად გუშინ ამბობდა რომ ისევე როგორც წინა წელს ქართული დელეგაცია იყო თურქმენეთში, ყაზახეთში და უზბეკეთში, წელს გეგმავენ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. არც ერთ ამ ქვეყანას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან არანაირი კავშირი აქ აქვს.

სავარუდოდ, რა ურთიერთობების ექნება ორბანის გარეშე დარჩენილ ევროკავშირს საქართველოსთან?

ასევე, საინტერესოა, ევროპის პოლიტიკური ველიდან ორბანის გაქრობის შემდეგ, სავარუდოდ, ურთიერთობების რა გზას აირჩევს აშშ საქართველოსთან?

- ჩვენს მმართველ ძალას და ხელისუფლებას ცოდვები საკმაოდ აქვს. სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა. 14 წელი მცირე დრო არ არის. ამიტომ, ახალი ცოდვების ძიება, მით უმეტეს, თუ საფუძველი არ გვაქვს, არ იქნებოდა სწორი.

როცა ურსულა ფონ დერ ლაიენი არ გელაპარაკება და დირექტიულ - იმპერატიული ტონით შემოიფარგლება, როცა კალასი თითს გიქნევს, რასაც სხვათა შორის, ცალკეული ქვეყნების მთავრობების და პარლამენტების ლიდერები არ აკეთებენ, რაც არ უნდა გასხვავებული მიდგომები ჰქონდეს საქართველოს მთავრობას და მოცემულ ქვეყანას, არ არის საჭირო ბნელ ოთახში შავი კატის ძიება. გამორიცხული არ არის, რა თქმა უნდა, რომ ორბანს გარკვეული დადებითი როლი შეესრულებინა ტრამპთან ურთიერთოების დალაგების პროცესში.

ორბანს ალიევი რატომ ამჯობინა საქართველოს ხელისუფლებამ? - უფრო უპრიანი არ იქნებოდა, რომ ერთიც და მეორეც მიხმარებოდა ივანიშვილს და კომპანიას ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგებაში?..

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, 2030-ში საქართველო ამ გაერთიანების წევრი გახდებაო, ეს მაკა ბოჭორიშვილის ექსკლუზივი არ არის, ამაზე ირაკლი კობახიძეც საუბრობდა ადრე, ხოლო სულ თავიდან, ბიძინა ივანშვილისთვის იყო 2030 „საკრალური“ თარიღი. როგორც იტყვიან, - აღდგომა და ხვალეო.

თუ ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ცხადია, იქ არავინ მიგვიღებს. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკა და სოციალური დაცულობის დონე უნდა იყოს ევროსტანდარტების შესატყვისი, მაგრამ ზეწოლა ქვეყანაზე, განსაკუტრებით ისეთი ტიპის, როგორიცაა უვიზო რეჟიმის გაუქმებით მუქარა, სხვა და სხვა სახის სავარაუდო სანქციები და მამხილებელი პათოსით გაჟღენთილი რეზოლუციები, ევროკავშირის მხრიდან, დაუშვებელია და ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რის გამოც იგი ქვეყნებისა და ადამიანებისთვის თავისუფლების სავანე და მიმზიდველი არეალია.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ, რა შესაძლებლობებს და საფრთხეებს შეიცავს ეს პროცესი, რა მოუტანა ევროკავშირის წევრობამ ბულგარეთს, რუმინეთს, პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს და ვთქვათ, საბერძნეთს.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ, რა შესაძლებლობებს და საფრთხეებს შეიცავს ეს პროცესი, რა მოუტანა ევროკავშირის წევრობამ ბულგარეთს, რუმინეთს, პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს და ვთქვათ, საბერძნეთს

იმაზეც ღირს დაფიქრება, რატომ არის ნატოს წევრი თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი აწ უკვე შორეული 1999-იდან, ხოლო წევრობაზე მოლაპარაკებებს კი იგი 2005 წლიდან აწარმოებს...

რაც შეეხება, აშშ-ს არჩეულ გზას საქართველოსთან მიმართებაში, ის დამოკიდებულია ტრამპის ირანული კამპანიის შედეგებზე, რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების პროცესზე, ეგრეთ წოდებული ტრამპის გზის პერსპექტივაზე და რაც მთავარია, ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების პერსპექტივაზე.

თუ ტრამპმა ერდოღანი დაკარგა, ისრაელ-თურქეთის მძაფრი შინაგანი და არსებითი დაპირისპირების გამო, სირიაში თურქეთის პოზიციები შეირყევა და ის იძულებული გახდება, თურქმანული სახელმწიფოების მიმართულებით ძალისხმევა გააძლიეროს, რაც გამორიცხავს „ტრამპის გზის“ (ზანგეზურის კორიდორის) ამერიკელებისთვის დათმობას.

სავარაუდოდ, და მაინც მიმაჩნია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი სწორ და კარგად გათვლილ ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა თავისას იზამს და აშშ-საქართველოს შორის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

და მაინც მიმაჩნია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი სწორ და კარგად გათვლილ ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა თავისას იზამს და აშშ-საქართველოს შორის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი ურთიერთობები ჩამოყალიბდება

მიუხედავად იმისა, რომ ამას წინათ ტრამპმა სამხრეთ კავკასიას „პუტინის სამხრეთ კავკასია“ უწოდა, რაც უფრო წამოცდენას გავდა. არ მგონია, საქართველოს და სამხრეთ კავკასიას ტრამპი იოლად შეელიოს და იგი რუსეთს ან თურქეთს დაუთმოს, მით უმეტეს, ირანს.

- უნგრეთის არჩევნებზე სასაუბროდ თქვენთან შეხმიანებამდე, „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს წინა ინტერვიუს გადავავლე თვალი.

მასში თქვენ ამბობთ - „პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს.“

ასევე ხაზგასმით შენიშნავთ -„პარლამენტის არცნობით ქვეყნის დესუვერენიზაციისკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯს თუ მუდმივი ქაოსიც მიემატა, ჩვენი სახელმწიფოებრიობისგან ფაქტობრივად არც არაფერი დარჩება ... „ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებაა ჩვენს ირგვლივ. რა იქნება საზოგადოების რეაქცია ამ ყველაფერზე, ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს“...

რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ უნგრეთში ორბანის დამარცხების შემდეგ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებებს. იყო მოლოდინი, რომ ქართული ოპოზიცია საქართველოსთვის „უნგრეთის გაკვეთილებზე“ ისაუბრებდა. ჯერ ამის მსგავსი არ ჩანს.

ანუ, „არსებითისა და არაარსებითის გამიჯვნაც“ არაა დაწყებული?

თუ ასეა, არაა გამორიცხული „უნგრული გაკვეთილებისაგან“ ქართულმა ოპოზიციამ ვერც ვერაფერი ისწავლოს?

- უნგრული იქნება ეს თუ სხვა, მთავარი გაკვეთილიც ისაა და გამოსავალიც, რომ ქართველი ხალხი დაბრუნდეს პოლიტიკაში. 90-იანი წლების დასაწყისიდან, მავანთა მიერ არასწორად გაკეთებული არჩევანის გამო დასჯილი, შემდეგი 3 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში ამბიციური პოლიტიკოსების გარიგებებზე კვერის დამკვრელი ქართველი ხალხი უნდა დაბრუნდეს გადაწყვეტილეების მიღების სათავეებთან. მერწმუნეთ, ის სტრატეგიულ შეცდომას არასდროს დაუშვებს.

ამ ქვეყნის ხალხს არასდროს არაფერი შეშლია, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ ხშირად საკმაოდ დაუნდობლებიც ვყოფილვართ

შეიძლება, შეცდეს, გადაიტანოს ბაზალეთი, მარაბდა და კრწანისი, შეიძლება მისი დიდი შვილები - ილია და ნიკო ნიკოლაძე დუელისთვისაც კი განეწყონ, მაგრამ მერწმუნეთ, ამ ქვეყნის ხალხს არასდროს არაფერი შეშლია, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ ხშირად საკმაოდ დაუნდობლებიც ვყოფილვართ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა