ქართული პრესის მიმოხილვა 09.01.2020

დიდი “აფიორა” - აირბალონების შემოწმების ცენტრებში გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს ატყავებენ

“საქართველოს არავითარი დიდი როლი არ ექნება ამერიკა–ირანის დაპირისპირებაში, რაც ძალიან კარგია”

“ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში” - პაატა იმნაძე

* * *

დიდი “აფიორა” - აირბალონების შემოწმების ცენტრებში გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს ატყავებენ

“ავტომობილების აირბალონების შემოწმებაზე დიდი “აფიორა” გაჩაღდა. აკრედიტებული ცენტრები იმაზე მეტ გადასახადს აწესებენ, ვიდრე ახალი ბალონის ღირებულებაა. გამოდის, რომ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომფლობელები შეცდომაში შეჰყავთ, რის გამოც, საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციაში მძღოლებმა ათობით საჩივარი შეიტანეს. საქმე ეხება მთავრობის მიერ მე-80 დადგენილებას, რომლის მიხედვითაც პირველი იანვრიდან, აირბალონები 5 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს. ინსპექტირების ცენტრში კი, მძღოლებს ეუბნებიან, რომ შემოწმება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს, ხოლოს საფასური 250 ლარია. ამ დროს სრულიად ახალი აირბალონი 150-200 ლარი ღირს...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შემოწმების ცენტრებში გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს ატყავებენ / “250 ლარი საიდან მოიტანეს, ამ თანხისას რას აკეთებენ, რეგლამენტში რაღაც სისულელეები წერია”.

“გარდა ამისა, ნებისმიერ აირბალონს, რომელიც ქარხანაშია დამზადებული, ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ისედაც თან ახლავს და მისი ვადაზე ადრე შემოწმება საჭიროებას არ წარმოადგენს და არც რაიმეს გადახდაა აუცილებელი. საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას განცხადებით, ფასი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრებში უწესებენ ავტომფლობელებს, არაადეკვატურია და წესით 30-50 ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. “მთავრობის მე-80 დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით, აირბალონი შემოწმებას ექვემდებარება მისი გამოშვებიდან 5 წლის თავზე, ანუ ექსპლუატაციიდან 5 წლის შემდეგ უნდა მოხდეს მისი შემოწება, ხოლო სისტემა კი, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა მოწმდებოდეს. საერთოდ, საქართველოში შემოწმება აუცილებელია, მაგრამ ფასი, რომელსაც აწესებენ ტექინსპექტირების ცენტრები, არაადეკვატურია. ასოციაცია მუშაობს მთავრობასთან, რომ საკითხი დარეგულირდეს უმოკლეს ვადაში”, - აცხადებს ხოფერია. ინსპექტირების ცენტრები, რომ თანხებს ბერავენ, ამაზე დაუფარავად საუბრობენ კომპანია “აირბალონში”. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი აცხადებს, რომ შემოწმებისთვის ამხელა თანხა საჭირო საერთოდ არ არის და ეს სფერო სრულიად უკონტროლოა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამხელა გადასახადი საერთოდ არ არის საჭირო. ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ არსებობს. საიდან მოიგონეს ეს ტექნიკური რეგლამენტი. ვისი შემოქმედებაა ან ვისი მოგონილია? დღეს არც მთავრობას და არც სხვა ვინმეს აინტერესებს ეკოლოგია, ადამიანთა და ტრანსპორტის უსაფრთხოება. ყველა ფულის კეთებაზეა გადასული, გინდა ბუნებრივი გაზი იყოს, გინდა თხევადი, თუ მანქანების ტექნიკური დათვალიერება... 250 ლარი საიდან მოიტანეს, რის მიხედვით ხელმძღვანელობენ და ამ თანხისას რას აკეთებენ, არ ვიცი. მომიტანეს რეგლამენტი, დავიწყე კითხვა და თავი დავანებე, რადგან რაღაც სისულელეები წერია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ რამიშვილი.

“რუსთავი საერთოდ ფულის კეთების საამქრო გახადეს. თბილისში მგონი ერთი თუ ორი პუნქტია და ქუთაისშიც. ვინ მისცა მათ საერთოდ აკრედიტაცია, რის საფუძველზე შეიქმნა, წარმოდგენა არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 25 წელია გაზებზე ვმუშაობ, ასეთი რაღაცები არ გამიგია. როგორი არანორმალური ქვეყანა და სახელმწიფოა, ისეთი არანორმალური მთავრობა გვყავს. მხოლოდ ეს სფერო კი არა, ყველაფერი უკონტროლოა. ფულის საამქროებია გახსნილი. თხევადი აირის სისტემის შემოწმების პროცედურები არ ვიცი, ბუნებრივ აირზე კი შემოწმების პროცედურა ჩემი დაწერილია და ზეპირად ვიცი რა და როგორ ხდება. 22 პუნქტია ჩამოთვლილი, ბალონის დათვალიერებიდან დაწყებული, მისი დემონტაჟით დამთავრებული. ბალონის სიმძიმეც გავითვალისწინეთ. თხევადი გაზის ბალონთან შედარებით, ბუნერივი აირის ბალონი 5-ჯერ მძიმეა. ამ პროცედურების გავლა ხელით ხდება და წარმოიდგინეთ რამდენად რთული სამუშაოა. ჩვენ ამ ყველაფერზე 130 ლარი დავაწესეთ. იქ რა ხდება და ამხელა ფასი რატომ არის წარმოდგნა არ მაქვს”, - დაასკვნის კომპანია “აირბალონის” წარმომადგენელი.

“პრობლემებია თავად ავტომობილების ტექნიკურ დათვალერებაზე. თავდაპირველად, არაერთი ხარვეზი გამოვლინდა დაგეგმარების პროცესშიც, დაწყებული საზოგადოების ინფორმირებიდან, დამთავრებული ტექინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციით. “საქართველოს გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილის განცხადებით, მთლიანად ეს მიმართულება სრულიად დაუხვეწავია, სადაც ბევრი ხარვეზი ვლინდება. “თხევადი გაზის ბალონებისა და სისტემის შემოწმება პირველი იანვრიდან მიუღებელია. ეს პროცესი არის მთლიანად მოუმზადებელი. პირველ რიგში საინფორმაციო კამპანია არ ყოფილა. მეორე მხრივ კი, ცენტრების რაოდენობაც არ არის საკმარისი”, - აცხადებს დავით მესხიშვილი, რომლის თქმით, ამ ეტაპისთვის თბილისში არის მხოლოდ 2 პუნქტი ხოლო ბათუმში საერთოდ არ არის”, - დასძენს გამოცემა.

“ელექტრობაზაც კი არ არის შექმნილი. ვიღაცამ რომ შემოწმება გაიარა, ბაზაშიც კი ვერ ხვდება. რომელი საუკუნეა საერთოდ და რა მეთოდით ხელმძღვანელობენ ესაა გასარკვევი. წესით, უნდა არსებობდეს ელექტრონული პროგრამა, ინფორმაციის იქ უნდა თავსდებოდეს. ესენი კი გასცემენ რაღაც ფურცლებს, რომელიც შეიძლება, ვიღაცამ ადგილზე გააყალბოს კიდეც. რაც შეეხება თანხას, ის შეუზღუდავია განსხვავებით ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისგან, სადაც ტარიფი არის ფიქსირებული. ჩვენ გვაქვს ღია ტარიფი რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, ვინც ინსპექტირებას აკეთებს, დააწესოს, მაგალითად, 400 ანდა 500 ლარი. ვერავინ წინ ვერ აღუდგება და პასუხსაც ვერ მოსთხოვს. ვინაიდან ეს სახელმწიფოს რეგულაციების შედეგად მიღებული ბიზნესია, საჭიროა მთავრობამ დაადგინოს ინსპექტირების ქვედა და ზედა ზღვარი. ერთ დღეს, შესაძლოა, ვინმემ უზარმაზარი თანხა დაადოს და მძღოლმა ინსპექტირების გავლა საერთოდ ვეღარ შეძლოს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მესხიშვილი.

“საქართველოს არავითარი დიდი როლი არ ექნება ამერიკა–ირანის დაპირისპირებაში, რაც ძალიან კარგია”

“აშშ-სა და ირანს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარების მიუხედავად, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზე არ ვართ. ამის შესახებ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საუბრობს. ის ასევე საქართველოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აშშ-ირანის სამხედრო შეტაკების შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველო, მთელი რეგიონი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება, თუმცა მოსაზრება, რომ პენტაგონმა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა სამხედრო ბაზა განათავსოს, ანდა ამ ტერიტორიიდან ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრა მოახდინოს, მისი აზრით, არასწორია... ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. ამერიკული მხარის ამ ქმედებას ირანის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა; ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “საქართველოს არავითარი დიდი როლი არ ექნება ამერიკა–ირანის დაპირისპირებაში, რაც ძალიან კარგია”

“ამ შემთხვევაში საუბარია პოლიტიკური სახის შენარჩუნებაზე. სადამდე მივა ეს ყველაფერი, რთული საკითხია. შემოიფარგლება მხოლოდ საჰაერო დარტყმებით თუ დაძაბულობა ხმელეთზე და ზღვაზე გადავა. ამ შემთხვევაში უფრო დაიძაბება სიტუაცია. “მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას. საშიშროება შეიძლება იყოს რეგიონალურ დონეზე, თუმცა ეს ყველაზე ცხელი წერტილია ჩვენ პლანეტაზე. ვინ ჩაერთვება ამ დაპირისპირებაში, სხვა საკითხია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ირანს იმედი აქვს რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერის”, - განაცხადა ალადაშვილმა. ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ს ირანთან სამხედრო კონფლიქტში დახმარებაზე რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა უარს ეტყვის და მის ერთადერთ მოკავშირედ საქართველო რჩება. ამიტომაც, ამერიკელები საქართველოს ტერიტორიის გამოყენების უფლებას ითხოვენ, რაც. ალადაშვილის თქმით, ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ირანის მიმართულებით აშშ-ს საჰაერო დარტყმების შემთხვევაში პენტაგონმა მეზობელ ქვეყნებს უნდა გადაუფრინოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველო პატარა ქვეყანაა, არავითარი დიდი როლი არ ექნება ამ დაპირისპირებაში, რაც ძალიან კარგია. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიცია, საქართველო პოლიტიკურად განაცხადებს, რომ ის წინააღმდეგია ყოველგვარი დაძაბულობის ახლო აღმოსავლეთში და ეს იქნება ყველაზე სწორი. გასაგებია საზოგადოების ნაწილი რატომ ფრთხილობს, ამერიკელებმა საქართველოში არ შექმნან სამხედრო ბაზა ან არ გამოიყენონ ქართული აეროდრომები სამხრეთ კავკასიის მხრიდან ირანის ჩრდილოეთ მიმართულებით საჰაერო თავდასხმებისთვის. რუკას რომ დავხედოთ, ტექნიკურად ეს ძალიან რთულია, თითქმის არარეალური, საქართველოს საჰაერო სივრციდან უშუალოდ ირანის ცაში მოხვედრა შეუძლებელია, რადგან ჩვენ შორის სხვადასხვა ქვეყნებია. ვინმემ ძალიანაც რომ მოინდომოს საქართველოდან შეაღწიოს ირანის საჰაერო სივრცეში, მან უნდა გადაუფრინოს თურქეთის, ან სომხეთის, ანდა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს. თუ ეს მოხერხდა, ირანზე თავდასხმა ამ ქვეყნების საჰაერო სივცრეებიდან მოხდება და არა საქართველოდან”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“მის გათვალისწინებით, რა ურთიერთობაა აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის, აბსოლუტურად გამორიცხული თურქეთმა საჰაერო სივრცე დაუთმოს ამერიკელებს, რომ თურქეთის გზის გავლით საჰაერო თავდასხმა შეძლონ ირანზე. რაც შეეხება სომხეთს, იქ დგას რუსეთის ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაც ასევე გამორიცხავს ამას, მით უმეტეს, სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან და ის ამაზე არ წავა. აზერბაიჯანს კი, ასევე კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელთან და ისრაელმა ეს ურთიერთობები შეიძლება გამოიყენოს, თუმცა, ძალიან საეჭვოა აზერბაიჯანი ამაზე წავიდეს, რადგან იქაც კარგად ხვდებიან, რომ ირანის საპასუხო დარტყმებმა შეიძლება გაანადგუროს აზერბაიჯანის ნავთობინდუსტრია. ასე რომ, ესეც ნაკლებად არის შესაძლებელი. ირანმა მეტ-ნაკლებად შესაძლოა თავი დაცულად იგრძნოს ჩრდილოეთის მიმართულებიდან შეტევისგან. ძირითადი თავდაცვის საშუალება დასავლეთის და სამხრეთის მიმართულებებზე უნდა გადაანაწილოს. აშშ-ს გვერდით პირველ რიგში ისრაელი დადგება. შესაძლოა ისრაელის დიდი სურვილიცაა, რომ ირანის “პრობლემა” მოაგვაროს. ამიტომაც ცდილობს ამერიკა წაიყოლიოს ამ მხრივ. საუდის არაბეთიც ჩადგება ამ კოალიციაში, ისევე როგორც ქუითი, ყატარი, იორდანია და შეიძლება არაბთა გაერთიანებული ემირატებიც”, - დასძენს ირაკლი ალადაშვილი.

“ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში” - პაატა იმნაძე

“გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 7 იანვარს ჭიათურის კლინიკაში 30 წლამდე ქალი ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მიიყვანეს, რომელიც ექიმების თქმით შეყვანიდან დაახლოებით 30 წუთში გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იმნაძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსით გარდაცვალების დადასტურებული ორი შემთხვევიდან, ორივე დაგვიანებული მკურნალობის გამო იყო გამოწვეული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში, არაფერი არაა მომრავლებული” - პაატა იმნაძე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„გარდაცვალებაზე საერთოდ არ ვიძლევი კომენტარებს, ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა, როგორც უნდა იყოს ზამთარში, არაფერი არაა მომრავლებული... დადასტურებული გარდაცვალების ორი შემთხვევა იყო, ორივე დაგვიანებული მკურნალობის გამო, რეკომენდაციები ჩვეულებრივია, 38.5-ზე მეტი ტემპერატურა ერთი დღე მაინც თუ აქვს ბავშვს, დაუყოვნებლივ ექიმმა უნდა ნახოს, ასევე რისკ-ჯგუფებზეც ასეა, დანარჩენები, გრიპი ალბათ ყველას გადაუტანია და სამი დღე თუ ასეთი ტემპერატურა აქვთ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა იმნაძე.

“თბილისში სამი პოლიკლინიკა 24 საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე ბათუმშიც, რიგებზე რა გითხრათ, ზუსტად იგივე ხდებოდა შარშანაც, შარშანწინაც, არაფერი პრობლემაა არაა ამ მხრივ, სამედიცინო მომსახურეობის გაუწევლობის გამო, არავის არაფერი არ მოსვლია, რა თქმა უნდა ამ დროს ცოტათი მეტი იქნება მომართვიანობა, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, დეკემბრის ბოლოს ერთი პიკი გადავიარეთ,მეორე შესაძლოა იყოს, ან არა, ჩვეულებრივ თებერვლის მეორე ნახევარში, ან მარტის დასაწყისში”, - დასძენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა