ალექსეი მალაშენკო - ვიდრე ანკარა და მოსკოვი სირიის, ირანისა და თუნდაც ლიბანის პრობლემებით იქნებიან დაკავებული, საქართველოზე  ვერანაირად ვერ შეთანხმდებიან

ახლო აღმოსავლეთსა და საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილ ვითარებასა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს არაბისტს, „ცივილიზაციათა დიალოგის“ ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელს ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, მას შემდეგ რაც ამერიკელებმა აშშ-ს პრეზიდენტის განკარგულებით ირანის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ყასიმ სულეიმენი მოკლეს, უკიდურესად დაძაბული ვითარება ჩამოყალიბდა ერთი მხრივ აშშ-სა და ირანს შორის, ხოლო მეორე მხრივ ახლო აღმოსავლეთში.

მას შემდეგ რაც მსოფლიომ ამ თემებზე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის განცხადება მოისმინა, შეიძლება ითქვას - ომი დასრულებულია. რა იქნება შემდეგ, ჩვენ ამ თემას შევეხებით. მაგრამ მანამდე თქვენგან გვინდა მოვისმინოთ შეფასება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე. თქვენი აზრით, რა თქვა თავისი განცხადებით პრეზიდენტმა ტრამპმა?

- ტრამპმა უპირველესად თქვა, რომ აშშ ომში ჩაბმასა და ბრძოლას არ აპირებს. მან ევროპელებს, რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდა არ დათანხმდნენ ირანის ქცევას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მან ცალსახად და მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს ირანთან პრობლემების პოლიტიკური საშუალებებით მოგვარება.

სხვათა შორის, ტრამპის მიერ ამგვარი განცხადებების გაკეთება სავსებით მოსალოდნელი იყო. სრული ბლეფი იყო იმ ექსპერტების ხმაური, რომ სოლეიმანის განადგურების შემდეგ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის წინაშე იდგა.

სრული ბლეფი იყო იმ ექსპერტების ხმაური, რომ სოლეიმანის განადგურების შემდეგ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის წინაშე იდგა

არადა, თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ მხარეები ომში ჩართვას არ აპირებდნენ და მათ მოუწევდათ მოლაპარაკებების გზით გართულებული ვითარების ჩაცხრობა. მაგრამ ამ თემით სპეკულირებისთვის არსებული ვითარება ძალიან დაძაბული იყო და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ბევრმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა შესანიშნავად გამოიყენა, - მე უპირველესად რუს ექსპერტებსა და პოლიტიკოებს ვგულისხმობ.

ერთადერთი, რაც კარგა ხანს არ გაქრება ეს ევროპის გაღიზიანებაა იმით, რომ ისინი საქმის კურსში არ ჩააყენა მათმა მოკავშირე ამერიკამ. როცა ამ მასშტაბის ოპერაცია მზადდება მოკავშირეები უნდა იყვნენ საქმის კურსში. მაგრამ ასე არ მოხდა.

სოლეიმანის განადგურების ოპერაცია იყო ტერაქტი, პასუხი იმ ტერაქტზე, როცა სოლეიმანის დაქვემდებარებულმა ძალებმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე მიიტანეს.

სხვათა შორის, აშკარად ცუდი განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა საჭიროების შემთხვევაში ირანის კულტურული ობიექტების განადგურების შესახებ. მისი ეს განცხადება არაფრით განსხვავდებოდა იმ განცხადებებისგან, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით ისლამური სახელმწიფოს ლიდერები აკეთებდნენ და რომლებმაც დაანგრიეს და განადგურეს ქალაქი პალმირა.

- ტრამპის ამ განცხადების კორექტირება ვაშინგტონმა კი მოხდინა მაგრამ ...

- დიახ, კორექტირება მოხდა, მაგრამ ის, რომ მან ეს თქვა, ფაქტია და ნორმალურ ადამიანებზე ამან სამწუხარო შთაბეჭდილება დატოვა.

- ბრძანეთ, რომ რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები სოლეიმანის მკვლელობაზე ბევრს ხმაუროდნენ. თქვენი აზრით, ამ ხმაურით რის მიღწევას ცდილობდნენ ისინი?

- ისინი ამბობდნენ, რომ მსოფლიო დიდი ომის წინაშეა. საფრთხე დიდია. ყველაფერში დამნაშავე ამერიკა და მისი პრეზიდენტი ტრამპია. არადა, ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი ექსპერტების წუხილი იყო ის, რომ რუსეთი ირანში განვიტარებული პროცესებისაგან სრულიად დისტანცირებულ როლში აღმოჩნდა, მაგრამ ისინი ამაზე არ ამახვილებდნენ ყურადღებას.

ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი ექსპერტების წუხილი იყო ის, რომ რუსეთი ირანში განვიტარებული პროცესებისაგან სრულიად დისტანცირებულ როლში აღმოჩნდა, მაგრამ ისინი ამაზე არ ამახვილებდნენ ყურადღებას

თუ ზახაროვას განცხადებებს არ მივიღებთ მხედველობაში, მოსკოვში მთავარი წუხილის თემა იყო ის, რომ ამ პროცესებში რუსეთი არანაირად არ მონაწილეობდა. ამიტომ, რუსეთი მომლოდინე ვითარებაში იყო და პარალელურად აკრიტიკებდა ტრამპსა და ამერიკას. მაგრამ ამერიკისა და აშშ-ს პრეზიდენტის კრიტიკა ხომ რუსეთში ყველაზე მიღებული ამბავია.

- ყველა თანხმდება, რომ ომი დასრულებულია, მაგრამ რა იქნება შემდეგ? ვაშინგტონმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები თეირანთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ახლა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების დაწყება?

- ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში არანაირი მოლკაპარაკებები არ დაიწყება. ისეთივე სიტუაცია შენარჩუნდება, როგორც სულ ცოტა ხნის წინ იყო და ახლაა. აშშ-სა და ირანს შორის არანაირი ურთიერთობები არ იქნება. აშშ-სა და ევროპას შორის, ასევე ევროპასა და ირანს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. არაფერი ექსტრაორდინალური არ მოხდება.

გასაგებია, რომ დიდი ხმაური მოჰყვა სოლეიმანის დაღუპვას. ახლა საინტერესოა თუ როგორ განვითარდება პროცესები თავად ირანში. გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც კოლოსალური გავლენა ჰქონდა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე.

უახლოეს ხანებში არანაირი მოლკაპარაკებები არ დაიწყება. ისეთივე სიტუაცია შენარჩუნდება, როგორც სულ ცოტა ხნის წინ იყო და ახლაა. აშშ-სა და ირანს შორის არანაირი ურთიერთობები არ იქნება. აშშ-სა და ევროპას შორის, ასევე ევროპასა და ირანს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. არაფერი ექსტრაორდინალური არ მოხდება

გარდაიცვალა რადიკალი, რომლისაც ეშინოდათ, რომელზეც ამბობდნენ, რომ იგი ირანის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა. მისი მხარდამჭერი აქციები ალბათ ბევრი გაიმართება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ირანის პოლიტიკური ცხოვრებიდან წავიდა რადიკალური მიმართულების გავლენიანი ფიგურა. ახლა საინტერესო ისაა, მისი გარდაცვალება როგორ აისახება ირანის საშინაო პოლიტიკაზე.

არ ხდებოდა იმის აფიშირება, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე სოლეიმანის პოზიციები გაცილებით რადიკალური და მკაცრი იყო, ვიდრე პრეზიდენტ რუხანის პოზიციები და მიდგომები. სოლეიმანი ხომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოლეიმანის გარდაცვალებას ბევრი აპროტესტებდა, ვფიქრობ, ირანში ბევრად მეტნი არიან ისინი, ვინც პრეზიდენტ რუხანის უჭერს მხარს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ახლა მათი პოზიციები გაძლიერდება. როდესაც ამ დონის რადიკალი მიდის ასპარეზიდან, მისი ოპონენტები თავს უფრო მშვიდად გრძნობენ ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ სოლეიმანის გარდაცვალებას ბევრი აპროტესტებდა, ვფიქრობ, ირანში ბევრად მეტნი არიან ისინი, ვინც პრეზიდენტ რუხანის უჭერს მხარს

- თუ უფრო დისტანციიდან შევეცდებით მოვლენების დანახვას ასეთი სურათი იკვეთება - ცივილიზებული სამყარო სუნიტ ბენ ლადენს ებრძოდა. მისი განადგურების შემდეგ აშკარად შესამჩნევად არიან გაძლიერებული შიიტები.

სუნიტური სახელმწიფოები მეტნი კი არიან, მაგრამ ახლა მუსლიმური სამყაროს ლიდერობაზე პრეტენზიები შიიტებს აქვთ და ისინი მეტად აქტიურობენ. მეტიც, ვხედავთ, რომ სოლეიმანის დაღუპვის შემდეგ ირანულ საზოგადოებაში კონსოლიდირება უფრო ხდება შიიტური მოძრაობის ირგვლივ, ვიდრე ვთქვათ, იგივე შიიტებში უფრო ლიბერალური დაჯგუფებების ირგვლივ.

ძნელად სავარაუდოა, რომ იგივე პრეზიდენტი რუხანი შეძლებს სერიოზული გავლენა მოახდინოს შიდაირანულ პროცესებზე...

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება სულ იყო. ისინი ერთმანეთს თავებს მეშვიდე საუკუნიდან ჭრიდნენ. სხვათა შორის, რადიკალური სუნიტები შიიტებს მუსლიმანებად არც თვლიან.

მუსლიმებში შიიტები სუნიტებზე ბევრად ნაკლებნი არიან და მუსლიმების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 12%-ს შეადგენენ. შიიტები ძირითადად არიან ირანში, სირიასა და ლიბანში, ბევრად ნაკლები - იემენსა და ბახრეინში. გარკვეული ნაწილი საუდის არაბეთშიც ცხოვრობს.

ირანში ისლამური რევოლუციის, ანუ 1979 წლის შემდეგ შიიტები ცდილობენ შიიტური კარტის გათამაშებას. ამის გაკეთებას ისინი ცდილობენ ერაყში, სირიაში, ლიბანში და სხვაგანაც. მათი რელიგიური, შეიძლება ითქვას რელიგიურ-ნაციონალისტური ამბიციები საკმაოდ დიდია. მათ სპარსეთის იმპერიის შთამომავლობაზე აქვთ პრეტენზიები. აქ ისლამი პოლიტიკური ინსტრუმენტის როლს თამაშობს.

სუნიტებსა და შიიტებს შორის ბრძოლა სულ იქნება. ეს ხან უმწვავეს ფორმებს იღებს, ხან ნაკლებად მწვავე ხასიათი აქვს. ახლა მათ შორის დაპირისპიერება მსოფლიოს შუა საუკუნეებში აბრუნებს.

სუნიტებსა და შიიტებს შორის ბრძოლა სულ იქნება. ეს ხან უმწვავეს ფორმებს იღებს, ხან ნაკლებად მწვავე ხასიათი აქვს. ახლა მათ შორის დაპირისპიერება მსოფლიოს შუა საუკუნეებში აბრუნებს

უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ახლა მუსლიმურ სამყაროში ის ხდება, რაც შუა საუკუნეებში კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის. ეს დასავლეთის წარსულია, ხოლო რაც ახლა მუსლიმურ წრეებში ხდება - დღევანდელობაა.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპი ცდილობს ანტიირანული კოალიციის შექმნას და შეეცდება საქმე ირანის სრულ კაპიტულაციამდე მიიყვანოს. ამაში იგულისხმება უპირველესად ის, რომ თეირანმა უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ირანთან, მხედველობაში მაქვს ის, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად პეკინი ირანისგან ნავთობს ყიდულობს, მოსკოვი და ბერლინი მეგობრობენ თეირანთან, საფრანგეთის დახმარებით ირანმა მშვიდობიანი ატომის შექმნა შეძლო, რამდენად რეალისტურად გამოიყურება ტრამპის მიერ ანტიირანული კოალიციის შექმნა?

- აქ ორი გარემოებაა, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება და შეუთავსებელია. პირველი - ირანის ატომური პროგრამა არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ მათ გადაწყვიტეს ბირთვული იარაღის შექმნა, ამის ძალით შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია.

კიდეც რომ შექმნას ირანმა ატომური ბომბი, იგი ვერავის საფრთხეს ვერ შეუქმნის. ირანისთვის ატომური ბომბის ქონა მათი ნაციონალური იდეის ნაწილი და მათივე სიძლიერის სიმბოლოა. ისინი თვლიან, რომ მათაც უნდა ჰქონდეთ ატომური იარაღი. ისრაელის გარდა ისინი საფრთხეს ვერავის შეუქმნიან.

ისრაელს კი შეუძლია მათგან თავის დაცვა. კიდეც რომ გამოიყენოს თეირანმა ეს იარაღი ისრაელის წინააღმდეგ, ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი იქნება ისრაელის პასუხი. ამიტომ ვამბობ, ამ თემაზე მსჯელობა დემაგოგიაა.

მაგრამ არსებობს მეორე საფრთხე, რის გამოცაა ეს თემები ერთმანეთთან შეუთავსებელი. დღეს მსოფლიოში მოქმედებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმება. ამას მხარს უჭერს ყველა, ვისაც იგი აქვს. ჩინეთი, რუსეთი და ასე შემდეგ. თუ ირანით დაიწყება ბიურული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების დარღვევა, მისი გაკეთება შეეძლება ისრაელს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და ასევე სხვებსაც.

თუ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმება დაირღვა, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 10-15 წლის შემდეგ არ აღმოჩნდება ბინ ლადენის მსგავსი ლიდერის ხელში. ამიტომაცაა, რომ მეც ვთვლი, რომ ეს შეთანხმება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს.

თუ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმება დაირღვა, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 10-15 წლის შემდეგ არ აღმოჩნდება ბინ ლადენის მსგავსი ლიდერის ხელში

თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით შესაძლებელია პატარა ატომური იარაღის შექმნა, რომელიც შეიძლება აფეთქდეს ნებისმიერ ადგილზე - ნიუ-იორკში, პარიზში, მოსკოვში და ნებისმიერ ადგილზე. ამიტომ მის გაუვრცელებლობაზე ყველა თანხმდება.

- ჩინეთსაც რომ თავი დავანებით, ახლა ბევრს საბრობენ იმაზე, რომ დაღუპულ სოლეიმანისთან აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთი. იმასაც კი ამბობენ, რომ სწორედ სოლეიმანი იყო ის პიროვნება, რომელიც თხოვდა პუტინს სირიის საკითხში აქტიურად ჩარევას...

- არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ სირიაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პუტინს აქვს მიღებული.

თუ რატომაა სირიაში რუსეთი, გასაგებია, იგი იქ თავის სამხედრო ბაზებს და მის მოკავშირე ბაშარ ასადს იცავს. რუსეთს სირიაში სამხედროების გარდა ჰყავს სამხედრო პოლიცია, სამხედრო ტექნიკა, მაგრამ სახმელეთო ოპერაციებს სწორედ რომ გენერალი სოლეიმანი ატარებდა. სირიის ოპერაციაში რუსეთს მხარს უჭერდა ირანი და მისი მონაწილეობა ამ ისტორიაში საკმაოდ დიდი იყო.

მიუხედავად ამისა, რუსეთი და ირანი სირიაში ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ და ასეთებადვე რჩებიან. ბაშარ ასადი და მისი მხარდამჭერები ალავიტები შიიტებთან უფრო ახლოს არიან რელიგიურად, ვიდრე სუნიტებთან.

ვიდრე ბაშარ ასადი ხელისუფლებაშია, ირანი სირიიდან არ გავა, - ეს მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსიის მონაპოვარია. ასეთივე ამბიციები აქვს ირანს ლიბიაში და სხვაგანაც.

ვიდრე ბაშარ ასადი ხელისუფლებაშია, ირანი სირიიდან არ გავა, - ეს მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსიის მონაპოვარია. ასეთივე ამბიციები აქვს ირანს ლიბიაში და სხვაგანაც

- ამ მოვლენების ფონზე თურქეთი გააქტიურდა ლიბიაში. მეტიც, ცდილობს იმ ნავთობსაბადოებზე დაამყაროს კონტროლი, რომელსაც თავის დროზე მუბარაქი აკონტროლებდა... ისე სწრაფად და ისეთ მასშტაბებში იცვლება ახლო აღმოსავლეთში ვითარება, რომ მანდ სიტუაცია კარგა ხანს არ ჩაწყნარდება...

- დიახ, მაგრამ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არასდროს არ ყოფილა დამშვიდებული, განსაკუთრებით 1947 წლიდან. ყოველ წელს რაღაც ხდებოდა და კიდევ ბევრი მოხდება.

როცა ჩვენ მუსლიმანურ სამყაროზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ავღანეთი. მუდმივი არეულობები და ფეთქებადსაშიში ვითარებები ახლო აღმოსავლეთში არ უნდა გვიკვირდეს.

არც ის უნდა დაგვავიწდეს, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ყველაზე მეტი ომები იყო კაციობრიობის ისტორიაში. ასე რომ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთი ომები მანდ კიდევ ბევრი იქნება.

- სოლეიმანის დაღუპვის შემდეგ რისი თქმა შეიძლება - აშშ-მ გაიმყარა პოზიციები ახლო აღმოსავლეთში თუ გაურკვეველია ახლო აღმოსავლეთში რა და როგორ იქნება?

- ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში გაუგებარი ვითარებაა და მგონი კარგად თქვით - გაურკვეველია რა და როგორ იქნება.

ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა რეგიონიდან ხან გადის, ხან შემოდის. ახლაც გააგზავნა დამატებითი ძალები ერაყში. რამდენადაც ვხედავ, არა მარტო ვაშინგტონში, არამედ ევროპის ქვეყნებში და სხვაგანაც ნაკლებად თუ არიან ახლო აღმოსავლეთის კვალიფიციური მცოდნეები.

ეს განსაკუთრებით ეხებათ იმათ, ვინც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობს ანდა სულაც გადაწყვეტილებებს იღებს.

მუსლიმანების პრობლემა, დაწყებული მიგრანტებიდან, რომელთა ნაკადები შეესია ევროპას, ასევე ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, იმდენად დიდია, მათთან გამკლავება ახლა შეუძლებელია. წინააღმდეგობები, რომელიც ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებობს სულ იარსებებს. მეტიც, ისინი მუდმივი პრობლემების რიცხვს მიეკუთვნება.

წინააღმდეგობები, რომელიც ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებობს სულ იარსებებს. მეტიც, ისინი მუდმივი პრობლემების რიცხვს მიეკუთვნება

სულ ახლახან იყო „არაბული გაზაფხული“, მარტო ეგვიპტეში რამდენი გადატრიალებები იყო, სხვათა შორის, ეგვიპტეში ხელისუფლებაში „ძმები მუსლიმანები“ იყვნენ, შემდეგ მოვლენები ტუნისში, სირია, ახლა ლიბია, ერაყი, ირანი, იემენი, ავღანეთი... ის, რაც ამ ქვეყნებში ხდება, გინდათ მალე დასრულდეს? ეს მალე არ დასრულდება და სულ ისე იქნება, როგორც ახლაა.

- გასაგებია, რომ პუტინი ე.წ. „თურქული ნაკადის“ გასაშვებად თურქეთში უნდა ჩასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს და რუსეთს სხვადასხვა ინტერესები აქვთ და მათი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამ ქვეყნების ორივე საკმაოდ ძლიერი ლიდერი ახერხებს ბევრ საკითხში თანამშრომლობას.

ირანსა და ერაყში განვითარებული პროცესების ფონზე, სავარაუდოდ რა ურთიერთობები შეიძლება ჰქონდეს მოსკოვსა და ანკარას?

- თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების პროგნოზირება საკმაოდ ძნელია. გახსოვთ 2016 წლამდე ეს ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, შემდეგ თურქებმა ჩამოაგდეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთმა იგი არ შეიმჩნია. რატომ? იმიტომ რომ მასაც აწყობს თურქეთთან თანამშრომლობა და თურქეთსაც აწყობს რუსეთთან თანამშრომლობის აქტიურ ფაზაში ყოფნა.

სხვათა შორის, „თურქული ნაკადის“ გახსნაზე იყვნენ სერბეთის და მაკედონიის პრეზიდენტებიც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ის დიდად მომგებიანია არცაა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ფაქტია, რომ პუტინმა შეძლო უკრაინის გვერდის ავლით თავისი გაზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეყვანა.

თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშროლობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, რუსეთი ხილსა და ბოსტნეულს იღებს თურქეთიდან, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ვერ ხერხდება.

მე ვერც წარმომიდგენია როგორ შეიძლება გადაწყდეს თურქეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობები ისეთ საკითხებში როგორიცაა ქურთების პრობლემა, იდლიბის პრობლემა. ასევე ლიბიის პრობლემები. სხვათა შორის, ლიბიაში, ჩემი აზრით, ყველაფერი ახლა იწყება.

მე ვერც წარმომიდგენია როგორ შეიძლება გადაწყდეს თურქეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობები ისეთ საკითხებში როგორიცაა ქურთების პრობლემა, იდლიბის პრობლემა. ასევე ლიბიის პრობლემები. სხვათა შორის, ლიბიაში, ჩემი აზრით, ყველაფერი ახლა იწყება

თურქებს არ უყვართ ამერიკელები, ამერიკელები არც რუსებს უყვართ. ამაზე თამაშობს რუსეთი. მაგრამ თურქებისთვის რუსეთთან თანამშრომლობა ამერიკაზე ზეწოლის ინსტრუმენტია. გარდა ამისა, არის კიდევ პირადი ურთიერთობის ფაქტორი. სხვათა შორის, პირად ურთიერთობებს პუტინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და აფასებს.

პუტინს და ერდოღანზე ვერ ვიტყვი, რომ მეგობრული ურთიერთობები აქვთ, მაგრამ ისინი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ყოფილი იმპერიების ლიდერები, ორივეს არ უყვარს ამერიკელები, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

რა იქნება შემდეგ, არავინ იცის“. არავინ არ წინასწარმეტყველებდა „არაბულ გაზაფხულს“, მაგრამ იგი შედგა. 1979 წელს არავინ არ წინასწარმეყველებდა ირანში ისლამურ რევოლუციას, მაგრამ იგი მოხდა.

ამიტომ, როცა ახლო აღმოსავლეთზე ვსაუბრობთ ანდა იმ ხალხზე, ვინც ამ რეგიონში პოლიტიკის წარმოებას ცდილობს, რაიმე ლოგიკურის პროგნოზირება საკმაოზე მეტად ძნელია.

შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი პროგნოზების კეთება დროის ფუჭი კარგვის ტოლფასია. ამიტომ ასე შეიძლება თქმა - ახლო აღმოსავლეთში იყო „ბარდაგი“, არის „ბარდაგი“ და იქნება „ბარდაგი“.

ახლო აღმოსავლეთში იყო „ბარდაგი“, არის „ბარდაგი“ და იქნება „ბარდაგი“

- მართალია, საქართველო ახლო აღმოსავლეთი არაა, მაგრამ ჩვენგან ახლო აღმოსავლეთამდე არც ისე შორია. ამიტომ, ვიდრე ტრამპი თავის ბოლო განცხადებას არ გააკეთებდა, ჩვენც ყურადღებით ვადევნებდით თვალს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები მოსკოვის, ვააშინგტონის, ანაც თუნდაც ანკარის სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაზე?

- სხვათა შორის, თქვენ სანამ დარეკავდით სომეხი კოლეგა მესაუბრა. ერევანში ირანიდან დევნილთა ნაკადის გამოჩენის ეშინიათ. მე მას ვუთხარი - სამხრეთ კავკასიას არანაირი კავშირი არ აქვს ახლო აღმოსავლეთთან. ამიტომ, ვთვლი, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები ახლო აღმოსავლეთში, ეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე არანაირად არ აისახება.

მეტიც, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ეკეთესი და მომგებიანიც კი იყოს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მარაზმი არ სრულდება. ხშირად ასეც ხდება - რაც უფრო შეუმჩნეველი ხარ, მით უკეთესია. და არავის სცალია შენს საქმეებში ჩაერიოს.

არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ერდოღანმა და პუტინმა საქართველოს საკითხთან მიმართებაში ითანამშრომლონ

- კარგა ხანია იგეგმება პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი თბილისში. ცოტა ხნის წინ ანკარაში მას ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ახლა ოდნავ განსხვავებული რეალობაა. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ჩამოსვლამდე ერდოღანს პუტინთან ჰქონდა შეხვედრა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მათ საქართველოზე არა მარტო ემსჯელათ, არამედ გარკვეული გადაწყვეტილებებიც კი მიეღოთ?

- ვფიქრობ, რომ არა. საქართველო ლიბია არაა. ერდოღანითვის სირიასა და ლიბიაში აქტიურობა იმის სიმბოლოა, რომ იგი დიდი სახელმწიფოს ლიდერია და აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.

საქართველოსთან მიმართებაში რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ ერდოღანსა და პუტინს არც კი ვიცი. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ერდოღანმა და პუტინმა საქართველოს საკითხთან მიმართებაში ითანამშრომლონ.

ანკარასა და მოსკოვის ურთიერთობებში სამხრეთ კავკასიური ქვეყნების საკითხები განმსაზღვრელი არაა და თანამშრომლობის მთავარი საკითხი ვერანაირად ვერ იქნება. ვიდრე ანკარა და მოსკოვი სირიის, ირანისა და თუნდაც ლიბანის პრობლემებით იქნებიან დაკავებული, საქართველოზე იმიტომ ვერ შეთანხმდებიან ვერაფერზე, რომ ეს პრობლემები მუდმივად იარსებებს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო