ქართული პრესის მიმოხილვა 10.01.2020

აფხაზური რევოლუცია - ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღო

ვინ შევა ანაკლიის ახალ კონსორციუმში - “ახალი ინვესტორი შესაძლოა ჩინური კომპანია იყოს”

***

აფხაზური რევოლუცია - ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღო

“ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა და შეტაკებებია - ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაცია შტურმით აიღეს და შენობაში შეიჭრნენ. ოკუპირებულ სოხუმში აქციაზე შეკრებილებსა და ე.წ. ადმინისტრაციის დაცვას შორის შეტაკებაც მოხდა. ხმაური ამ წუთებშიც გრძელდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, აფხაზური რევოლუცია - ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღო

"დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდიან და ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სექტემბერში ჩატარდა. ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ოპოზიციური პარტია "ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია. სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს შენობის შესასვლელი კარი.7 ოქტომბერს პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატმა კვიცინიამ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა. მოსამართლემ სარჩელი მიიღო, თუმცა, სხდომა რამდენიმე თვით გადადო. სწორედ მის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცის მხადამჭერების მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"6 იანვარს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მომხრეებს მოუწოდეს, 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ. "აფხაზეთის მოქალაქეებო, დადგა დრო ჩვენი სამშობლოს დასაცავად დავდგეთ, პატრიოტების სისხლით მოპოვებული ჩვენი ქვეყანა დამნაშავე ხელისუფლების მიერ ცუდად მართულ ტერიტორიად იქცა“ - ნათქვამია ოპოზიციური პარტია "ერთიანი აფხაზეთის“ მიმართვაში. პარტია „ამცახარის“ განცხადებით, აფხაზეთის მოქალაქეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, "ხელისუფლების საკონსტიტუციო განუკითხაობის ფონზე“ და სამართალდამცავი უწყებები რაულ ხაჯიმბას პირად გვარდიად იქცა. "მხოლოდ იმ დანაშაულთა გამოძიება ხდება, რომლებიც არანაირ ზიანს არ მოუტანს ხელისუფლების იმიჯს“,- ნათქვამია „ამცახარის“ მიმართვაში”, - განაგრძობს გამოცემა.

"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. 11 სექტემბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს. ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა რა პროცესებიც აფხაზეთში ვითარდება, მოულოდნელი და უცნაურია. მისი თქმით, სასამართლომ ოპოზიციისგან მოულოდნელადაც კი მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩევნებთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა, სხდომა რამდენიმე თვის შემდეგ ჩაინიშნა”, - დასძენს გამოცემა.

"ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ აფხაზეთში პროცესი მინელდა, თუმცა, სრულიად მოულოდნელად სიტუაცია ისევ აფეთქდა და ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ მომიტინგეებმა შტურმი დაიწყეს. ზაქარეიშვილი აბობს, რომ როგორც ხაჯიმბა ასევე მეორე კანდიდატი კვიცინია, ორივე რუსეთისთვის მისაღები ფგურები არიან. თუმცა, კრემლი ყოველთვის ცდილობს, რომ მისთვის მაინც ყველაზე ერთგული და სანდო პირი შეარჩიოს. თუმცა, თუ კი ე.წ. არჩევნების შედეგებს გავითვალსიწინებთ, ხაჯიმბამ თავისი დე ფაქტო მმართველობის პერიოდში აფხაზ მოსახლეობაში საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება გააჩინა. ის კორუფციაში არის ჩაბმული და ასევე, კრიმინალებთან თანამშრომლობითაც გამოირჩევა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ახლა პროცესებს აკვირდება. ის იმის მიხედვით იმოქმედებს, სიტუაცია უფრო გამწვავდება თუ არა. ყოფილი მინისტრი ვადამდელ არჩევნების დანიშვნასაც არ გამორიცხავს. „ახლა ორივე მხარე რუსეთისთვის თამაშობს. ოპოზიციაც და ე.წ. ხელისუფლებაც რუსეთს უმტკიცებს რომ ყველაზე კარგები ისინი არიან. აქ ახლა ბრძოლა იმისთვის მიდის, კრემლს თავს ვინ უფრო მოაწონებს. გვახსოვს ალბათ, რომ პუტინმა ხაჯიმბას პრეზიდენტობა მიულოცა, ამიტომაც აფხაზეთში რაღაცა პერიოდის განმავლობაში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა ახლა ყველასთვის მოულოდნელად ისევ აფეთქდა. ხაჯიმბა იმდენად არის კორუფციაში ჩაფლული და კრიმინალებთან თანამშრომლობაში ჩაძირული, რომ მოსახლეობას მისი მმართველობა აღარ უნდა. რა თქმა უნდა, ორივე კანდიდატი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს. “იქ ანტირუსული ძალა არ არსებობს, მაგრამ კრემლისთვის ასეთ სიტუაციაში მთავარია ხოლმე ერთგულებით ვის უფრო აფასებს, მაგრამ, თუ კი ამის გამო აფხაზეთში სიტუაცია აირევა, მას ეს უკვე აღარ აწყობს. ამიტომაც მოვლენების განვითარებას დაელოდებიან. წესით პროცესები ერთ კვირაში უკვე უნდა დასრულდეს. “კვიცინიას უკან დგას ბჟალია, რომელიც აფხაზეთში ავტორიტეტით სარგებლობს. ის ახლა რუსეთთან კავშირზე იმყოფება და რა შუქსაც იქიდან აუნთებენ, მომინტიგეებსაც იმას მოუწოდებენ. ვნახოთ, თუ კი ის აქციის მონაწილეებს ეტყვის, რომ სასამართლოს დაელდონ ასეც, იქნება. თუმცა თუ კი მოსკოვიდან თანხმობას მიიღებენ, მაშინ ხაჯიმბას დაამხობენ“, - აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. რაც შეეხება საქართველოს, როგორ შეიძლება ამ პროცესებით ისარგებლოს, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლება რომც შეიცვალოს, ჩვენთან დაკავშირებით დამოკიდებულება იგივე დარჩება. მისი თქმით, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი გეგმა არც ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

ვინ შევა ანაკლიის ახალ კონსორციუმში - “ახალი ინვესტორი შესაძლოა ჩინური კომპანია იყოს”

"მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში აცხადებს, რომ პროექტი გაგრძელდება ახალ ინვესტორთან ერთად. მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ახალი ინვესტორი შესაძლოა ის ჩინური კომპანია იყოს, რომელიც პროექტით თავდაპირველად დაინტერესდა, (ჩინეთში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილ სამშენებლო კომპანია China Railway International Group-ზეა საუბარი)”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვინ შევა ანაკლიის ახალ კონსორციუმში - “ახალი ინვესტორი შესაძლოა ჩინური კომპანია იყოს”

"ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ პროცედურას მთავრობა უკვე იწყებს. საკითხზე 9 იანვრის სხდომაზე იმსჯელეს. რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" 2016 წლის ხელშეკრულებას უწყვეტს, რომლის მიხედვითაც, კონსორციუმს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა. მაია ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმმა ნაკისრი ვალდებულბები ვერ შეასრულა. „პროექტი, რა თქმა უნდა, არ ჩაიშლება, გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როდესაც იქმნება კონსორციუმი, უნდა იცოდნენ, რა რესურსების მოპოვება შეუძლიათ, აქ საუბარი მხოლოდ ფინანსურზე არ არის. მგონია, რომ თავიდან ვერ გათვალეს, როდესაც პარტნიორების შერჩევა ხდებოდა. „გამოჩნდებიან ახლები. თავიდან, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩინური მხარე იყო, რომელიც შემდეგ ამოვარდა. ახლა შეიძლება, თავიდან შეიქმნას ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც ამ საქმეს მიხედავს," - განაცხადა რევაზ არველაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კონსორციუმს შეუძლია საკითხის სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო დონეზე მოახდინოს, რაც რეალურად პროექტის შეფერხებას გამოიწვევს. მისივე თქმით, არცერთი ინვესტორი არ დაინტერესდება ისეთი პროექტით, რომელიც სასამართლოში დავის საგანია, თანაც ამ საკითხმა უკვე, პოლიტიკური სახე მიიღო. "პრობლემები თავიდანვე, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ამ ტიპის პროექტებს ხელისუფლების მხრიდან უნდა ჰქონდეთ ცალსახა მხარდაჭერა. სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში რიტორიკულად, ხელისუფლება მუდმივად ახდენდა მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე ხელით ყველაფერს აკეთებდა, კონსორციუმის და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მოსახდენად. "კონსორციუმის მფლობელს ფულის გათეთრებაში რომ დასდებ ბრალს, ბუნებრივია, ამით ინვერსტორს აფრთხობ. ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ერთგვარ შულერულ თამაშს თამაშობდა, თითქოს მომხრე იყო, თუმცა, ამასთანავე ინვერტორებს აფრთხობდა. ქმნიდა და ამწიფებდა იმ მოცემულობას, რაც დღეს უკვე გაფორმდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“კონსორციუმს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ სადაო გახადოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოებში შესაბამისი საქმეებით, რაც ამ პროექტის პერსპექტივას ბუნდოვანს გახდის. როდესაც თემა არის სადაო, ახალი ინვესტორის მოძიება გართულდება. ხელისუფლებამ შეიძლება მასთან აფილირებული ნახოს, რომელიც ამაზეც თვალს დახუჭავს. „ვითარება ძალიან სამწუხაროა, სახელმწიფო დაზიანდა და ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა დღეის მდგომარეობით, არ გაკეთდა, რადგან წინა პლაზე პოლიტიკამ წამოიწია და არა სახელმწიფოს ინტერესებმა. პოლიტიკურ კონიუნქტურას შეეწირა ეს ყველაფერი. ჩაშლის რისკი არის მაღალი, თუმცა, ხელისუფლება ალბათ აქტივობების იმიტაციას შეეცდება. რა გამოვა აქედან, ამას დრო გვიჩვენებს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

"ცნობისათვის, მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულებების შესრულების ვადა, კერძოდ: პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმება, საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ამ დროისთვის რა თანხას შეადგენს პირგასამტეხლო, თუმცა, აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია. მისივე განცხადებით, კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს