ამირან გამყრელიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ევროპული საქართველოს“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს კითხვებზე პასუხობს. წერილში გამყრელიძემ იმ 7 კითხვას უპასუხა, რომელიც მას ჭიაბერაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ დაუსვა.

„1. ფინანსური ბარიერის შემცირებასა და მოხსნაზე ბევრჯერ იყო საუბარი სახელმწიფო კომისიაზე, ის პროგრესულად მცირდებოდა ყოველწლიურად და სრულიად მოიხსნა 2019 წლის 1 აგვისტოდან. ბარიერების კვლევამ დაადასტურა, რომ ფინანსური ბარიერი არ იყო წამყვანი და მთავარი დაბრკოლება მკურნალობაში ჩასართავად. ეს დაადასტურა ფინანსური ბარიერის მოხსნის შემდეგ მკურნალობაში ჩართულთა არცთუ რადიკალური ზრდის ტემპმა. ბარიერების კვლევა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობით ჩატარდა 2018 წლის შემოდგომაზე. აღნიშნული კვლევის წინასწარი შედეგები მოხსენდა საერთაშორისო მრჩეველთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ნოემბრის ბოლოს, ხოლო საბოლოო შედეგების პრეზენტაცია შედგა C ჰეპატიტის ეროვნული ელიმინაციის პროგრამის სამუშაო შეხვედრაზე 2019 წლის მარტში. ასევე, მსგავსი კვლევა ცალკე ჩატარდა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის. შედეგების თანახმა მკურნალობაში ჩართვის მთავარ ბარიერად დასახელდა პროგრამის ნაკლები ცნობადობა და მოსახლეობის განათლება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ვმუშაობდით ამ მიმართულებით. ეს საკითხი აქტუალურია არა მარტო ჰეპატიტის პროგრამისთვის, არამედ მეტ-ნაკლებად ეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა პროგრამას (იმუნიზაცია, კიბოს სკრინინგი, უსაფრთხო სისხლი, ტუბერკულოზი და სხვა);

2. ჰეპატიტის თემა აქტუალურია საზოგადოებაში, ის შუქდებოდა და შუქდება საკმაოდ ინტენსიურად მასმედიით, სოციალური მედიით, შეიქმნა და მუშაობს განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია, კამპანიებში სამედიცინო პერსონალთან ერთად ჩართულები არიან სოციოლოგები, ქცევითი ცვლილებების და მედია კომუნიკაციის სპეციალისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, მეცნიერები, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. სკრინინგის მიზნით მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში დაკომპლექტებულია სპეციალურად დატრენინგებული გამსვლელი ბრიგადები, საზოგადოებას მიეწოდება მიზნობრივი ნაბეჭდი თუ ელექტრონული საპრომოციო მასალა და სხვა. თუმცა, ჩვენი საზოგადოების კულტურული და ტრადიციების თავისებურებებიდან გამომდინარე, აღნიშნული კვლავ არ არის საკმარისი, ეტაპობრივად იგეგმება დამატებითი აქტივობები და როგორც მანამდე ხაზი გავუსვი, ყველას ერთად მეტი ძალისხმევა გვმართებს პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენც, პირადად, როგორც ყოფილ ჯანდაცვის მინისტრსა და დღეს დეპუტატს, ამ ქვეყნის ქომაგ-გულშემატკივარს უფრო ხშირად უნდა მოგეწოდებინათ მოსახლეობისა და თქვენი მომხრეებისთვის - გაევლოთ სკრინინგი და ჩაეტარებინათ მკურნალობა. დავიჯერო, თქვენ, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ შეძლებდით, მეტი ადამიანი მოგეზიდათ ამ უპრეცენდენტო პროგრამის მოსარგებლედ?ღირებულებები განაპირობებენ ქცევას. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა, სამწუხაროდ, არ არის მთავარი ღირებულება. ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და შესაბამის ქცევას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, განაპირობებს კომპლექსური ფაქტორები, მათ შორის დემოგრაფიული და კულტურული, ტრადიციები, ზოგადი განათლების დონე, სარგებლის გაცნობიერება, ხელმისაწვდომობა და სხვა; ამ კომპლექსური დამოკიდებულების ნათელი მაგალითია თქვენი პირადი ისტორია, რომელზეც საუბრობთ სისტემის ეფექტურობის თაობაზე თქვენსავე დასმულ ბოლო კითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის კარგად იყო ცნობილი C ჰეპატიტზე სკრინინგის მნიშვნელობის, ელიმინაციის პროგრამის სარგებლის და ხელმოსაწვდომი მკურნალობის ეფექტურობის შესახებ, დაგჭირდათ 4 წელი სკრინინგის მარტივი პროცედურის ჩასატარებლად. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ქცევის მოდელი ანალოგიურია ან უფრო მძიმე - გვყავს იდენტიფიცირებული 16 000 ადამიანი C ჰეპატიტის დადასტურებული დიაგნოზით, რომელთაც ესაჭიროებათ მკურნალობა, მაგრამ განმეორებითი შეხსენების მიუხედავად, ვერ ხერხდება მათი მკურნალობაში ჩართვა. ეს რთული ამოცანაა, რამდენადაც დაავადება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ჩივილების არარსებობის შემთხვევაში ადამიანები სხვა პრიორიტეტებს უთმობენ დროს. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, დარწმუნებას, რომ მკურნალობის გადავადება რისკების შემცველია მათი ჯანმრთელობისთვის, ქცევის მოდელის ცვლილება კი დროს მოითხოვს;

3. ამ კატეგორიის ადამიანების ჩართვა ნამდვილად არ არის დაბალი, მაქვს ჩვენი გუნდის მიერ წარმოებული სტატისტიკური გათვლები, რომ ამ რისკ-ჯგუფის ადამიანების დიდმა პროცენტმა ისარგებლა სერვისებით და ესეც აღნიშნული პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ამასთან, ნარკოდამოკიდებულთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უკვე ინტეგრირებულია და ეტაპობრივად ფართოვდება ზიანის შემცირების ქსელში, პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობის პირობის დაცვით. ამასთან, 2019 წლის დეკემბრიდან პირადობის იდენტიფიცირების გარეშე შესაძლებელია სკრინინგით იდენტიფიცირებული ანტისხეულდადებითი პირებისათვის დამადასტურებელი (კონფირმაციული) ტესტის ჩატარება და მხოლოდ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ხდება მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლვების ჩატარება და მკურნალობაში ჩართვა. ასევე, მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულიდან მოიხსნა ფინანსური ბარიერები დიაგნოსტიკური კვლევებისათვის და მკურნალობა მათთვის სრულიად უფასო იყო, თუმცა ამას არ მოჰყოლია ამ პირთა მხრიდან მიმართვიანობის მკვეთრი მატება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფინანსური ბარიერი არ იყო წამყვანი. დღეისათვის ზიანის შემცირების 4 ცენტრში ხდება მკურნალობის სერვისის მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფის წევრებისთვის, რათა სამედიცინო სერვისების მიწოდება განხორციელდეს მათთვის კარგად ნაცნობ მეგობრულ გარემოში.რაც შეეხება საკითხს ნარკოპოლიტიკის შესახებ, ალბათ ამ კითხვას მე არ უნდა მისვამდეთ, ადამიანს, რომელმაც სერიოზული წვლილი შეიტანა იმ საკითხში, რომ ეს ადამიანები კანონმდებლობით აღიარებულნი არიან პაციენტებად და არა ყოველთვის დამნაშავეებად და მათთვის ხელმისაწვდომია ჩანაცვლებითი თერაპია. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც ამ პროცესს დაუდო საფუძველი და გლობალური ფონდის პირველი პროექტი, რომელმაც უზრუნველყო მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ამოქმედება იმ დროს მიიღო ქვეყანამ, როცა თქვენი მონა-მორჩილი ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სისტემას და მისი პირადი წვლილიც არ უნდა იყოს უმნიშვნელო. თუ მერე რატომ არ განავითარეთ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა სწორი მიმართულებით, ალბათ თავად მოიკითხავთ გუნდის შიგნით. რადგან ამ თემის ირგვლივ ვტრიალებთ, აუცილებელია, ისიც აღინიშნოს და თქვენც იმედია დაადასტურებთ, საქართველოსთვის მუდმივად გაჟღერებული სამარცხვინო და არარეალური ციფრი (250 000 ნარკოდამოკიდებული, შეგიძლიათ, გაეცნოთ სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელ და ასევე, ლანცეტის შესაბამის პუბლიკაციებს) რომ შეიცვალა და ჩამოვიდა შედარებით რეალურზე, სერიოზული წვლილი თქვენი გუნდის მოღვაწეობის პერიოდში, თქვენს დღევანდელ მოპასუხეს აქვს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა თვითკრიტიკული და რეალისტი უნდა ვიყოთ;

4. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ არის სწორი და ან არ გაქვთ ინფორმაცია ან განგებ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებთ არსებულ სიტუაციას. მიზანდასახულად ჯერ არცერთ ინფექციაზე ამდენი ადამიანი არ გამოკვლეულა ქვეყანაში ჯანდაცვის ისტორიის განმავობაში და ამას უწოდებთ ცუდ მენეჯმენტს? სკრინინგზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია. სოფლის ექიმები აქტიურად არიან ჩართული სკრინინგში და საქართველო მხოლოდ თქვენ, მე და/ან სხვა ჯანდაცვის სექტორის მესვეურნი არ ვართ! 2018 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი პირველადი ჯანდაცვის დონეზე - სამი დაავადების (C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ-შიდსი) ინტეგრირებული სკრინინგი, სადაც მონაწილეობს სამი უწყება (გლობალური ფონდი, ცენტრალური ხელისუფლება წარმოდგენილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრით და ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც წახალისებას უკეთებს პირველადი ჯანდაცვის პერსონალს თითოეულ გამოკვლეულზე). სამი დაავადების ინტეგრირებული სკრინინგი სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყო და დღეისთვის მთელი საქართველო მოიცვა. ამ მიზნით გლობალური ფონდის მხარდაჭერით ტრენინგები ჩაუტარდა ქვეყნის მასშტაბით ათასობით ექიმსა და ექთანს პირველადი ჯანდაცვის სექტორში. პირველადი ჯანდაცის აქტიურმა ჩართვამ სკრინინგის პროცესში 2018-2019 წწ-ებში შესაძლებელი გახადა სკრინინგით მოცვის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 77%-მდე, გურიაში 84%, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 88%-მდე; ეს პროექტი დღეს უკვე აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომლის შეფასების კომპეტენტურობაში არავის შეაქვს ეჭვი და მისი იმპლემენტაციის ინტერესი ბევრ ქვეყანას აქვს. სკრინინგი გეოგრაფიულად გაშლილია და დღეს ქვეყანაში ტარდება დაახლოებით 1 200-მდე წერტილში. ჰეპატიტის პროგრამის დაწყების შემდეგ C ჰეპატიტზე სკრინიგი გარდა დონორებისა, სავალდებულო გახდა ჰოსპიტალიზებულებისათვის (დაახლოებით 400 000 ჰოსპიტალიზაცია წელიწადში), ორსულებისთვის, ახალწვეულებისთვის. თქვენს კითხვაზე, რატომ არ არის ის სავალდებულო ყველა ამბულატორიული ავადმყოფისთვის, პასუხია: რადგან წელიწადში გვაქვს 12-13 მილიონი ამბულატორიული ვიზიტი, ყველას სკრინინგი არ არის ხარჯთეფექტური და ფიზიკურადაც რთულია. ახლა, როცა ელექტრონული ბაზა საკმაოდ გამართულია, შეიძლება სელექტივიზმი და წელს განსაკუთრებული აქტივობები განხორციელდება თბილისში, სადაც სკრინინგი ჩაუტარდება პოლიკლინიკებზე მიმაგრებულ ყველა მოსახლეს, რომელთაც ეს სერვისი ჯერ არ მიუღია. ჩვენი ცენტრი პოლიკლინიკებს უზრუნველყოფს ტესტ-სისტემებით და სათანადო ინსენტივსაც გადაუხდის სამედიცინო პერსონალს.თქვენ თუ გსურდათ ჰეპატიტზე გამოკვლევა და არა იმის დადგენა, გამონაკლისის გარეშე ყველა დაწესებულება მონაწილეობს თუ არა ამ პროგრამაში, მაშინ შეგეძლოთ, თბილისში მიგემართათ იმ დაწესებულებებისათვის, სადაც სკრინინგი 2015 წლიდან მიმდინარეობს უსასყიდლოდ (ეს ჩამონათვალი ყველასთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე) ან იუსტიციის სახლებში, სადაც უკვე ორი წელია, ეს პროექტი მიმდინარეობს და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩაგიტარდებოდათ უფასოდ. შეგიძლიათ, ახლა უკვე ეს რეკომენდაცია თქვენს ახლობლებსაც გაუზიაროთ, რაც კიდევ უფრო წაადგება ამ პროგრამით მოსარგებლეთა მოცვის გაზრდას.

5. თავდაპირველად ერთ შენიშვნას გავაკეთებდი: ეს წამლები (მათი გენერიკები) ჩვენი ტიპის ქვეყნებში მკურნალობის ერთი კურსისთვის უკვე დიდი ხანია ღირს 300-500 აშშ დოლარის ფარგლებში, ზოგან კიდევ უფრო ნაკლები. არ არის სწორი, როდესაც ამ წამლის ღირებულებას ვითვლით ამერიკის საბაზრო ფასებში 2014-2015 წლების მდგომარეობით. ეს ციფრებით მანიპულირებაა პოლიტიკური მიზნით, რაც არ არის სწორი გათვლა და ინტერპრეტაცია (არც ადამიანურად და არც სახელმწიფოებრივი მიდგომის თვალსაზრისით). დიახ, გათვლებში ალბათ სოციალურ სააგენტოს და პარტნიორებს ჰქონდათ ხარვეზები და მეტობით იანგარიშეს (სტრატეგიული მარაგი, მკურნალობაში ჩართვის გაზრდის დაგეგმვა და ა.შ.), მაგრამ ეს არ არის დანაშაული ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, როგორც ამას სატელევიზიო გამოსვლებში აფასებთ თქვენ და სხვები. ერთი-ერთზე წამლის მარაგის პროგნოზირება არასდროს ხდება და 3-5% ფარგლებში ყოველთვის დასაშვებია უკმარისობა ან მეტობა. ზოგადად, გამართლებული მიდგომაა, რომ სტრატეგიული წამლის დეფიციტს სჯობს, გვქონდეს მეტობა. ამასთან დაკავშირებით მოგიყვანეთ მაგალითები გველის ტოქსინის საწინააღმდეგო და ანტიდიფტერიული შრატებისა და შეიძლება ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა;

6. პოლიტიკურ ქვეტექსტებში არ წამოგყვებით დისკუსიაში. ლუგარის ცენტრი არის ქვეყნის სიმდიდრე და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი თანამშრომლობისა. მე, ჩემი პირადი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ნიშანსვეტად მიმაჩნია, რომ რამოდენიმე მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად, რომელთა გვარების ხსენებაც წინა მთავრობის წარმომადგენლებს არ სიამოვნებთ, იმ გადაწყვეტილების მიღების მონაწილე ვარ, რომელმაც საფუძველი დაუდო ლუგარის ლაბორატორიის და მთლიანად, ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მომუშავე ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემის შექმნას ქვეყანაში. ამავე დროს, 2011 წელს გახსნილი ლუგარის ცენტრი ამუშავდა მხოლოდ 2013 წ-ში, მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუბრუნდა სამართლიანად და აქაც ძალიან დიდი ძალიხმევა დაგვჭირდა. ამიტომ, ნებისმიერი სპეკულაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის (რუსეთი, პიროვნებები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ) ჩემთვის მიუღებელია და მყისიერი პასუხი მაქვს, რადგან ეხება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და ეს ყველასთვის ზეპარტიული უნდა იყოს. ლუგარი არ არის მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრის საკუთრება. ის ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი შენაძენია და თუ დაგაინტერესებთ, გაჩვენებთ სენატორ ლუგარის მადლიერების წერილს, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოგვიგზავნა.კიდევ ერთხელ აღვნიშნავ საზოგადოების საყურადღებოდ, რომ ლუგარის ცენტრის როლი დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია და ამიტომ მწყდება გული, როცა ასე უდიერად და უაპელაციოდ აფასებენ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და ადამიანები, რომელთაც არაფერი სერიოზული ამ ქვეყნისთვის არ გაუკეთებიათ ამბობენ, რომ „ჩავარდა და ჩაფლავდა“. ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელად ხომ არ გეჩვენებათ ყველა განკურნებულისთვის, ბატონო ზურაბ?

7. დამიჯერეთ, თუ ამ პროგრამას პოლიტიკურ საჯილდაო ქვად არ ვაქცევთ და გადავალთ აკადემიური დისკუსიის რეჟიმში, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა თავის პარტნიორებთან ერთად, რომელიც დაამარცხებს ამ ვერაგ სენს და ეს იქნება ბევრად ადრე, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია (2030 წელი). მე მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ეს მიღწევადია 2022-2023 წწ ბოლოს. თუ გეგმები გაინტერესებთ, სიამოვნებით გაგიზიარებთ. დაესწარით მარტის ტრადიციულ მე-7 სამუშაო შეხვედრას და გაგაცნობთ. იქნებ, თქვენც გაქვთ მოფიქრებული რაიმე ინოვაციური მიზნის მიღწევისთვის? მე და ჩემს გუნდს გვჯერა, რომ ჯანმრთელი საზოგადოება თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალად პოლიტიზირებული თემებით ჯანდაცვის სექტორის მიღწევათა ნგრევა!“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ჭიაბერაშვილისადმი პასუხის წერილში.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის რჩევას მისცემს ზურაბ ჭიაბერაშვილს და დანარჩენებს, ვინც პროგრამას „კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ“ და მოუწოდებს აკადემიური დებატებისკენ.

„ოდესმე შესწრებიხართ, ალბათ, სამეცნიერო ნაშრომის თუ პროექტის ოპონირებას და სავარაუდოდ იცით, რომ ჯანსაღი ოპონირება ყოველთვის იწყება პოზიტივით, დადებითი მხარეების მითითებით, რა გაკეთდა, რას მივაღწიეთ, რა იყო სიახლე მეცნიერებისთვის, საზოგადოებისთვის, მერე ვსვამთ კითხვებს, რაც გაუგებარია (როგორც ახლა მისვამთ, მაგრამ ისინი უფრო პოლიტიკურია), შემდეგ გადავდივართ კრიტიკულ შენიშვნებზე, ბოლოს ვაკეთებთ დასკვნებსა და ვიძლევით ჩვენს რეკომენდაციებს. ასეთია ოპონირების საყოველთაოდ მიღებული პროცესი, რომელიც როგორც წესი, საერთო საქმისთვის კარგია. განსხვავებით ამ დამკვიდრებული მიდგომისა, თქვენი და სხვა ოპონენტების მთავარი დასკვნა იყო, რომ სახელმწიფომ ეს პროექტი „ჩააგდო და ჩააფლავა“, რომელიც სამწუხაროდ არავითარ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. არადა, თითქოს თქვენმა მეგობრებმა კარგად იციან მტკიცებითი მედიცინის არსი და როლი ჯანდაცვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეშლებათ ერადიკაცია და ელიმინაცია, ჰეპატიტების სახეობები, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი და ჯანდაცვის საერთო და საზოგადოებრივი დანახარჯი, ედრებიან ამერიკას, რომელიც ხარჯავს 2,5 ტრილიონს ჯანდაცვაზე და ა.შ. სწორედ ამიტომ მოგიწოდეთ აკადემიური დებატებისკენ და უარს ვამბობ პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობაზე. მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკით საერთო საქმე წინ ვერ წავა. დარგის ჭეშმარიტმა ექსპერტებმა კარგად იციან, რომ გლობალურ თუ ჩვენს ჯანდაცვას ჰქონდა, აქვს და ექნება ბევრი პრობლემა თუ გამოწვევა, მაგრამ მარტო უსაგნო კრიტიკით ვერ განვვითარდებით. მე მუდამ მომხრე ვარ ჯანსაღი ოპონირებისა და კრიტიკის და სიამოვნებით ვიღებ სწორ, მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დამყარებულ რეკომენდაციებს - რადგან მხოლოდ ეს არის სწორი ფორმატი, თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და თუ ვართ ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივრები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს 7 შეკითხვით მიმართა. ჭიაბერაშვილი გამყრელიძის ბრიფინგს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და კითხვებთან ერთად იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხება.

ამირან გამყრელიძის განცხადების სრული ვერსია ვრცლად იხილეთ ლინკზე:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა