ვარკეთილში, ,,ანას ბაღთან” მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის ,,ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბენაშვილის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და ხვალ დილით ისევ განახლდება.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან” გიორგი ბენაშვილმა აღნიშნა, ადგილზე ,,არაფერი სერიოზული” არ ხდება, გარდა იმისა, რომ რიგ ადამიანებს კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის დესტაბილიზაციის შემოტანა სურთ.
,,კომპანია როგორ აქამდე, დღეის ჩათვლით მოქმედებდა სრული კანონის დაცვით. ეს მოსახლეობა, საპროტესტო აქციის წარმომადგენლები, როგორც ხულიგნობდნენ ასე გააგრძელეს ხულიგნობა. მიზანს ვერ მიაღწიეს გამომდინარე იქიდან, რომ კანონს არღვევდნენ. კომპანიამ მაინც შეძლო და შეიყვანა სპეცტექნიკა სამუშაო მოედანზე, სამშენებლო სამუშაოები ამ წუთისთვის დასრულებულია და ხვალ დილით ისევ განახლდება. არაფერი სერიოზული არ ხდება გარდა იმისა, რომ რიგ ადამიანებს სურთ, დესტაბილიზაცია შემოიტანონ აქციის მონაწილეებსა და მშენებლობის მწარმოებელი კომპანიას შორის. პროტესტი მათი უფლებაა და ამაში ხელს არ ვუშლით, თუმცა პროტესტი არ მდგომარეობს იმაში, რომ სხვა ადამიანს შეუზღუდო კანონით მინიჭებული უფლებები”, - განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.
ცნობისთვის, ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს.