სერგეენკო - პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან გაჟღერდა, რომ C ჰეპატიტის მედიკამენტების ფარული გადაყიდვა მოხდა, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული

2017 წელს როდესაც „სოვალდიდან“ „ჰარვონზე“ გადავედით, 1500 პაციენტის სამკურნალო „სოვალდი“ გვრჩებოდა, რომელზეც ჩვენს პარტნიორებს მივმართეთ და მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ორი ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გადაგვეცა ის - სომხეთისა და ბელორუსისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ განმარტებების გაკეთებისას განაცხადა.

„გაჟღერდა ინფორმაცია პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან, რომ მოხდა ამ მედიკამენტების ფარული გადაყიდვა. 2018 წლის განმავლობაში, უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანოებმა ძალიან სკურპულოზურად შეამოწმეს მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით და არა თუ ერთი ფლაკონის, არამედ ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული.

2017 წელს, როდესაც ჩვენ პირველიდან მეორე თაობაზე გადავედით ანუ „სოვალდიდან“ „ჰარვონზე“, გვრჩებოდა 1500 პაციენტის სამკურნალო „სოვალდი“, რომელზეც მივმართეთ ჩვენს პარტნიორებს და მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ორი ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გადაგვეცა სომხეთისა და ბელორუსისთვის“, - განაცხადა დავით სეერგეენკომ.

რაც შეეხება საკითხს, შეიძლებოდა თუ არა პროექტის მართვა, იმისთვის რომ მედიკამენტებს ვადა არ გასვლოდა, სერგეენკო აცხადებს, რომ 2018 წელს პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები.

„შესაძლებელი იყო თუ არა რაღაცნაირად ამის თავიდან აცილება?! 2018 წელს პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები. თუკი 2015 წელს მხოლოდ 5 ცენტრი აკმაყოფილებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალ ხარისხობრივ მოთხოვნას, 2018 წელს ასეთი ცენტრი უკვე 30-მდე იყო. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლო ბევრად მეტი პაციენტის მიღება. 2018 წელს იყო 23 ათასი ადამიანი, ვინც იცოდა, რომ მას ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით არ ერთვებოდა მკურნალობაში. დღეის მდგომარეობით ასეთი არის 30 ათასი ადამიანი. მე ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ექიმის კოდექსი, რომელიც ამბობს, რომ თუ ექიმმა რაღაც აუხსნა პაციენტს, მაგრამ მან მაინც არ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულო პაციენტი. ესე იგი, შენ ვერ აუხსენი რაღაც და ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკაა აბსოლუტურად. მე ამ ადამიანს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთხოვ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე განმარტებით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების დღიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დიაგნოსტიკა ფინანსდებოდა 100 %-ით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის 30%-ით.

„ამ წლების განმავლობაში არა მარტო ჩვენ არამედ საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად აკეთებდნენ მონიტორინგს ბევრი პარამეტრით, მათ შორის ჩართულობის ინდექსი სოციალურად დაუცველ და არადაუცველ მოსახლეობას შორის დაახლოებით თანაბარი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადეთ, რომ მთლიანად დაგვეფარა ეს დიაგნოსტიკური ხარჯები და ეს სავარაუდოდ, მოგვცემს შედეგს, მაგრამ დღეის მდგომარეობით ჩართულობის ინდექსი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ამის გამო. ძირითადი ბარიერები არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და დეცენტრალიზაციის პროექტი, რომელიც 2 წელია დაიწყო სწორედ აქეთ არის მიმართული. მარტო დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში არ უნდა უწევდეს პაციენტს მისვლა. საბოლოო ჯამში, წლის განმავლობაში 70 ასეთი დაწესებულება იქნება. ყველა რაიონში იქნება ასეთი დაწესებულება და უკვე ოჯახის ექიმები განახორციელებენ ამ ყველაფერს. თუმცა მათაც რა თქმა უნდა, შესაბამისი ტრენინგი და აღჭურვა სჭირდებათ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა