თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ

ამ დღეებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაცია საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ.

პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე (საბედნიეროდ) ჯგუფი აცხადებს, რომ პროგრამა „ჩავარდა“, „ჩაფლავდა“, „კრახი განიცადა“, „ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა დაკარგა“ და ა.შ.

გარდა იმისა, რომ ეს მთლიანად აცდენილია სინამდვილეს, ძალიან მძიმე სანახავია, თუ როგორი ენთუზიაზმით და კმაყოფილებით კეთდება ეს განცხადებები პრინციპით, რომ მათ „სხვისი აშენებული საქართველო არ უნდათ“. რას შეიძლება ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ენა უბრუნდებათ თქვან, რომ საქართველოში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პროგრამა „ჩავარდა“ და თან ეს უხაროდეთ?!

ეს ადამიანები მხოლოდ გაკვრით ახსენებენ, რომ კარგია, რომ 60 ათასი პაციენტი C ჰეპატიტისგან განიკურნა, მაგრამ ....... და შემდეგ იწყება პროგრამის და მისი შემსრულებლების ლანძღვა და დისკრედატაცია.

მე სხვებთან ერთად ვიდექი ამ პროგრამის სათავეებთან, ვარ მისი პატრიოტი და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის (ბ-ნი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე) მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ და მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით გავუწიო ოპონირება ნებისმიერ პირს, ვინც ამას ისურვებს. ამ პოსტში კი მოკლედ მინდა ვუპასუხო ოპონენტების ზოგიერთ ინსინუაციებს.

  1. საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში. ეს აღიარებულია ყველა, აბსოლუტურად ყველა საზღვარგარეთული ავტორიტეტული ინსტიტუციის და ექსპერტის მიერ. საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები. პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში. საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან მთელი რიგი ქვეყნების დელეგაციები და ა.შ.

საქართველოს მიღწევების უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება. დამერწმუნეთ, პროგრამის „ჩავარდნისთვის“ და „ჩაფლავებისთვის“ ასეთ მაღალ ჯილდოს არ ანიჭებენ.

  1. ოპონენტების სიტყვებით „საქართველოს გაუმართლა, რომ ამერიკელებმა აჩუქეს რამოდენიმე მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები“, და ეს „ციური საჩუქარი“ ჩვენი უნიათობის გამო ვერ გამოვიყენეთ.

ოპონენტებს ცოცხალი თავით არ უნდათ აღიარონ ის მიზეზი, თუ რატომ ამოირჩიეს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) და ფარმაცევტულმა კომპანია „Gilead”-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პირველ სამოდელო ქვეყანად მაინცდამაინც საქართველო და რატომ მიანდეს მათ საქართველოს ისტორიული მისია - მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად მომხდარიყო ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია. პასუხი ნათელია - იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, რომ სწორედ ჩვენ გვქონდა ამ ურთულესი მისიის შესრულების ყველაზე მეტი პოტენციალი და თან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი (თუ პირველი არა) ქვეყანა, რომელიც გამოვიდა C ჰეპატიტის ელიმინაციის ინიციატივით.

  1. „პროგრამა არ იყო სრულფასოვანი და სათანადოდ მომზადებული“.

სინამდვილეში საქართველოს პროგრამა მსოფლიოში ერთადერთი სრულფასოვანი და უნიკალური დიზაინის მქონე ელიმინაციის პროგრამაა, რომლის შექმნაშიც უდიდესია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში ძირითადად ეს არის მხოლოდ მკურნალობაზე გაფართოვებული ხელმისაწვდომობის პროგრამები. ჩვენი პროგრამა, პაციენტების მკურნალობის გარდა, მოიცავს საწყისი და განმეორებით სეროპრევალენტობის კვლევებს, საერთო ნაციონალურ HCV სკრინინგს, პაციენტების აქტიურ მოძიებას (მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით), ერთიან მონაცემთა ბაზას პაციენტების სკრინინგის, მკურნალობის და ზედამხედველობის ყველა მონაცემებით, HCV ინფექციის პრევენციის და კონტროლის სრულ პაკეტს, რეინფექციებზე კონტროლს და განმეორებით მკურნალობას და სხვ. პროგრამის მჭიდრო მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. საქართველოს პროგრამა ითვლება სამაგალითოდ და მომავალში გათვალისწინებულია მისი გამოყენება სხვა ქვეყნებისათვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პროგრამის მკურნალობის კომპონენტი, კერძოდ ოპტიმალური მენეჯმენტისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღწეულია C ჰეპატიტით პაციენტების განკურნების მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებლები - საშუალოდ 98,7% ყველა გენოტიპით ავადმყოფებში.

  1. როგორია პროგრამის შედეგები ქვეყნისთვის.

პროგრამით უკვე განიკურნა 60 ათასზე მეტი C ჰეპატიტით პაციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციას და/ან სიკვდილს გადარჩენილია სულ ცოტა 20 ათასი პაციენტი (ცნობილია, რომ ყოველ მესამე C ჰეპატიტით ავადმყოფს უვითარდებათ ღვიძლის ციროზი და/ან კიბო და საჭიროებენ ტრანსპლანტაციას). ეს მაშინ, როცა ტრანსპლანტოლოგიის უდიდესი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში დღემდე სულ გაკეთებულია მხოლოდ 60-მდე ღვიძლის ტრანსპლანტაცია. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც გადაერჩინოს ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ასეთ პროექტზე ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ის „ჩავარდა“ და „კრახი განიცადა“ და რომ ეს არის „დანაშული ქართველი ხალხის წინაშე?!. რა არის „დანაშაული“ - 60 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა? ამაზე მეტი მკრეხელობა შეიძლება?

საქართველოში სადღეისოდ ნამკურნალებია უკლებლივ ყველა C ჰეპატიტით ავადმყოფი, ვინც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და ვისაც მკურნალობის სურვილი ჰქონდა. ახლა პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს იმ პაციენტების გამოვლენა, ვინც თავისი დაავადების შესახებ ჯერ კიდევ არ იცის და იმ პაციენტების დარწმუნება, ვინც ამა თუ იმ მიზეზით მკურნალობის დაწყებას თავს არიდებს. ასეთი რამ (პაციენტების აქტიური მოძიება) მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ყველა ქვეყანაში მკურნალობენ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც თავისი დაავადების შესახებ იცის და ვინც თვითონ მიმართავს ექიმს სამკურნალოდ.

  1. პროგრამის შესრულების ვადები.

საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით. ანუ, თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ პროგრამა შეიძლება 10 წლამდე გაგრძელებულიყო. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით ცნობილია, რომ ასეთი სერიოზული პროგრამები თავდაპირველ ვადებში თითქმის ვერასოდეს ეტევა და გადავადება ხდება. ასე მაგალითად, ყვავილის ერადიკაციას 20 წელი დასჭირდა, ხოლო პოლიომიელიტის ელიმინაცია ბოლომდე ჯერაც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ის, რომ პროგრამის სამიზნეების ხუთ წელიწადში შესრულება ვერ ესწრება, არავის გაკვირვებია და არც ოფიციალურად და არც კულუარულად ერთი შენიშვნაც კი არავის გაუკეთებია (ჩვენი ოპონენტების გარდა). პირიქით - ყველგან ხაზს უსვამენ, რომ პროგრამა ძალიან მაღალ დონეზე სრულდება (სხვადასხვა მაჩვენებლების მონიტორინგისა და შეფასების მიხედვით). ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით პროგრამა 2023-24 წლისთვის დასრულდება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები, მათ შორის ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან. ასე, რომ ნუ ვიქნებით „რომის პაპზე მეტი კათოლიკეები“.

კონკრეტული რიცხვები შემდეგია: პროგრამის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე სულ გამოკვლეულია 1 750 000 პირი (მთელი მოზრდილი მოსახლეობის 62%), გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი (სამიზნის 61%), ნამკურნალებია 65 ათასი პაციენტი (სამიზნის 51%) და განკურნებულია ნამკურნალები პაციენტების 98,7%. ეს მაჩვენებლები გაცილებით აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის იმ 12 ქვეყნის ვინც მუშაობს ელიმინაციაზე, ანალოგიურ მაჩვენებლებს.

  1. რატომ მოიხსნა ფინანსური ბარიერები პროგრამის დაწყებიდან მხოლოდ მეოთხე წელს და რატომ თავიდან არ იყო უზრუნველყოფილი მისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სკრინინგი და მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ.

სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო, ხოლო დანარჩენებისთვის თანაგადახდა მინიმალური. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ბარიერის მთლიანად მოხსნას დიდი გავლენა არ მოუხდენია პაციენტების პროგრამაში ჩართვაზე. ზრდა არის, მაგრამ მცირე. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, გაითვალისწინეთ, რომ C ჰეპატიტის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული ინფექციის ელიმინაციის გამოცდილება მსოფლიოში 2015 წლამდე არ არსებობდა და ყველაფერი თავიდანვე მზად როგორ იქნებოდა? C ჰეპატიტის მკურნალობა 2015 წლამდე მხოლოდ ერთეულ სპეციალიზირებულ კლინიკებში ხდებოდა. საყოველთაო სკრინინგის და პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და ზიანის შემცირების ქსელში გამარტივებული მიდგომებით დიაგნოსტიკის და მკურნალობის დანერგვას სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა (სამთავრობო დადგენილებები, სამედიცინო პერსონალის მომზადება და გადამზადება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვ.) და ბუნებრივია, დრო დასჭირდა. 2018 წლიდან ქვეყანაში დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი - სამი დაავადების (C ჰეპატიტის, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი) ინტეგრირებული სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით და სხვ. C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო სკრინინგი დღესაც ბევრ ქვეყანაში არ ხდება, ხოლო C ჰეპატიტით პაციენტების აქტიური გამოვლენა, მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით, დღემდე მხოლოდ საქართველოში და კიდევ შეიძლება 1-2 ქვეყანაში ხორციელდება.

აი, ასეთია სინამდვილე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ - პროექტის, რომელიც საქართველოსა და აშშ -ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია, რომელმაც უდიდესი სიკეთე მოუტანა ქართველ ხალხს და რომლის შედეგებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში.

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით