მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით;

„მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ მოძრაობა შეიზღუდება; გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება; ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების, შენგელაიასა ან ლესელიძის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

ამასთანავე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ავტობუსები: N23, N24, N32, N33, N45, N51, N108 და მიკროავტობუსები: N77, N85, N96, N111 და N133 ვასაძის და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ისინი ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩას დაუკავშირდებიან.

ხოლო ავტობუსი N32 შეშელიძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩაზე გადავა.

„ახმეტელის თეატრიდან“ ავტობუსები N45, N73 და N108 და მიკროავტობუსები N86, N95, N116, N136 და N139 დადგენილი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობენ ვეკუას ქუჩაზე, სადაც ვეკუას N24ა-სთან მოუხვევენ ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ქერჩის ქუჩას ვასაძისა და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან.

N142 და N145 მიკროავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ იმოძრავებენ გობრონიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც N24ა-სთან ხიზანიშვილის ქუჩისკენ მოუხვევენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში