ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2020

რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე

მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად

ავთანდილ სილაგაძე - “ამ ტემპით ძალიან შორს ვართ...” - საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

* * *

რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე

“უცნობი კორონავირუსის გამო, რომელმაც მსოფლიო პანიკაში ჩააგდო და რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, 22 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საგანგებო სხდომას გამართავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე კი “რეზონანსთან” საუბრისას იმას განმარტავს, თუ რატომ არ ხდება თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების სამედიცინო შემოწმება. ცნობა ოთხშაბათს დაგეგმილი საგანგებო შეხვედრის შესახებ “ტვიტერში” ჯანმო-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მასზე დაგეგმილია იმაზე მსჯელობა, წარმოადგენს თუ არა ახალი უცნობი კორნავირუსი საერთაშორისო საფრთხეს და რა არის საჭირო ვირუსთან საბრძოლველად. აღსანიშნავია, რომ უკვე ოფიციალურად დადასტურდა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რამდენიმე შემთხვევა, რაც მედიკოსთა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე.

“ვირუსის გამოვლენილ შემთხვევათა დიდი უმრავლესობა ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა თითო-თითო შემთხვევა უკვე დადასტურებულია სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში. აშშ-ის, ბრიტანეთის, ტაილანდისა და იაპონიის აეროპორტებში ახალი ვირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ექიმები ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ამოწმებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ უცნობი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი საქართველოს არ აქვს, რადგან, მისი თქმით, ჩინეთში მცხოვრებ მილიარდნახევარი ადამიანიდან დაახლოებით 200 ადამიანია ინფიცირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩინეთში გავრცელებული” - ასეთი შეფასება ალბათ ცოტა გადაჭარბებულია იმიტომ, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 16 მილიონია, ჯერჯერობით დაახლოებით 200 შემთხვევაა. ჩინეთში მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ანუ შეფასება “გავრცელებული” ცოტა გადაჭარბებულია. საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი რეკომენდაციაა, რომ არავითარი შეზღუდვა ჩინეთთან მგზავრობაზე, ან ჩინეთთან ვაჭრობაზე რეკომენდირებული არაა, ჩვენთან რეისი მოფრინავს პეკინიდან. პეკინიდან იმ ქალაქამდე, სადაც შემთხვევებია დაფიქსირებული, დაახლოებით ისეთივე მანძილია, რაც აქედან სტამბულამდე. ანუ, პეკინში ვირუსი არაა ჯერ და რეისი პეკინიდანაა. სხვა ქვეყნებში იმიტომაა დაწესებული შეზღუდვები, რომ პირდაპირი რეისებია იმ ქალაქიდან, სადაც ვირუსია და პირდაპირი რეისები რომაა იმ ქალაქიდან, საიდანაც 300-ზე მეტი მგზავრი ჩადის ერთი რეისით, ამიტომ ამოწმებენ. თანაც შეზღუდვა როგორც ასეთი არაა, ადამიანებს ნახულობენ ავად ხომ არ არიან, განგაშის საფუძველი საქართველოსთვის კი არა, მსოფლიოსათვის არის ხოლმე ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა იმნაძე.

“წინა კორონავირუსი საუდის არაბეთში რომ გავრცელდა, მე ვიყავი საგანგებო კომიტეტის წევრი. ხდება ხოლმე ასე - როცა რაღაც ასეთი გაჩნდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწვევს ხოლმე საგანგებო კომიტეტს და თვითონ შეარჩევს ხოლმე მსოფლიოში ექსპერტებს. ვარ საგანგებო კომიტეტის წევრი და ვიცი როგორც ხდება. ჯერ არაფერი ისეთი სანერვიულო არაა დ ვნახოთ რა იქნება”, - განმარტავს იმნაძე. ბოლო მონაცემებით, უცნობი კორონავირუსის მქონე პაციენტთა რაოდენობამ 200 ადამიანს გადააჭარბა, რომელთაგან სამი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა უმეტესობა ჩინეთშია. გავრცელებული ინფორმაციით, პირველად უცნობი ვირუსის გავრცელება ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზრიდან მოხდა. ვირუსი ხველებას, სიცხესა და ფილტვების ანთებას იწვევს”, - დასძენს გამოცემა.

მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად

“ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ პრაქტიკულად ოფიციალურად დადასტურებულია. თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის ამ ცვლილებების მასშტაბი და ზუსტი დრო. სამშაბათს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ ეს “სულ რამდენიმე თვეში” მოხდება და ასევე გაირკვა, რომ მთავრობას დატოვებს “ქართული ოცნების” ყველაზე სტაჟიანი მინისტრი. გარდა ამისა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტირის მიმართულების გამოყოფა იგეგმება. ამ საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და პროცესი თებერვალში დაიწყება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად.

“იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელსაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ უცვლელად უკავია ეს თანამდებობა, სამშაბათს თავადვე დაანონსა თავისი გადადგომა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მან თქვა, რომ “სულ რამდენიმე თვე დარჩა” მისი და მისი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა. “ქართული ოცნების” დეპუტატი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს არც წულუკიანის შესაძლო წასვლის შესახებ და არც მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე. დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე წულუკიანთან ერთად ზოგადად ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” წასვლას პროგნოზირებს. ანალიტიკოსი გია ნოდიას აზრით, წინასაარჩევნოდ საკადრო ცვლილებების განხორციელება “ოცნებისთვის” შედეგის მომტანი არ არის და არც წულუკიანის გადადგომას მიიჩნევს სარწმუნოდ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ვიცი ამ ქალბატონს ასეთი მიდგომა აქვს - თვითონ რომ მიდის ხოლმე სადმე, ვინც კი ძველია ყველას ხსნის და მიჰყავს. თუ ამ გაგებით უყურებს, ეს ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის... თეა წულუკიანი რას გულისხმობს ძნელი გასაგებია, არც “ოცნებას” არ აქვს საქმე ისე, რომ გარანტირებულად დარჩეს ხელისუფლებაში. ასე რომ, შესაძლოა რაღაც დაზღვევის განცხადებაა და შემდეგ თქვას - “მე ხომ ვთქვი, მივდიოდი”. ნაკლებად ვფიქრობ, წულუკიანი რა განცხადებებს აკეთებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“რა ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს - მათ შორის პრემიერ-მინისტრის ცვლილებაც, ეს არსებითად არაფერს შეცვლის წინასაარჩევნოდ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეაცვლევინებს აზრს “ოცნებაზე”. წულუკიანის შესაძლო წასვლეზე ხშირად იყო ჭორები, თუმცა ფაქტია, რომ ის ყველაზე ვეტერანია მინისტრთა კაბინეტში, ვინ შერჩა ივანიშვილის შექმნის კაბინეტს. ასე რომ, შეუძლებელია საუბარი იმაზე, ნამდვილად წავა თუ არა თეა წულუკიანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად დააანონსა ეს შესაძლებლობა. თუ წავა, რატომ წავა მაინცდამაინც დღეს, აქმდე რატომ იყო წულუკიანი კარგი, ახლა რა დააშავა - ამაზე არაფრის თქმა არაა შესაძლებელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ნოდია.

ავთანდილ სილაგაძე - “ამ ტემპით ძალიან შორს ვართ...” - საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

“4.5-5% - ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს. ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს / 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, სომხეთისა - 5.4%-ით, აზერბაიჯანი - 2.5%-ით

“ამასთანავე, საქონლისა და მომსახურების სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებას გააგრძელებს, რაც რეალური მშპ-ს ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო დანახარჯების დაჩქარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა. სებ-ის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაზე ინფლაციის ზრდის პირობებში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებს, წმინდა ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის ზრდა გარკვეულწილად ანეიტრალებს. საბაზო სცენარში რეალური მშპ-ს წლიური ზრდის პროგნოზი 2020 წელს 4.5 პროცენტია. საშუალოვადიან პერიოდში, საგარეო შოკების ეფექტის ამოწურვისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების კვალდაკვალ კი, მოსალოდნელია ეკონომიკური დონის 5 პროცენტამდე გაუმჯობესება. ამ დროს უფრო მაკრძალებულ პროგნოზს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეს რეგიონის საერთო მაჩვენებელზე - 3.7% - მაღალია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავის ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2020-2021 წლებში დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაა მოსალოდნელი. რეგიონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.3%-ია მიმდინარე წლისთვის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან საქართველოსა და ყაზახეთში, მიზნობრივზე მაღალმა ინფლაციამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია წლის მეორე ნახევარში. გაეროს ანალიზის მიხედვით, გასული წელს გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. კერძოს მშპ-ს ზრდის ტემპი მსოფლიოში 2.3%-ის ფარგლებში იყო, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე აცხადებს, რომ საქართველო შორსაა მშპ-ს ზრდის იმ ტემპისაგანაც კი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ამ მხრივ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი”, - დასძენს გამოცემა.

“პროგნოზი ნამდვილად არის რეალური. მონაცემი როგორც საერთაშორისო ორგანიზაცების, ისევე ეროვნული ბანკის საკმაოდ დაახლოებულია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ეს არის საქართველოს მაქსიმუმი. მეტი რესურსი აქ არ არის. რასაკვიველია ეს მაჩვენებელი არის არა საკმარისი. თუკი გავითვალისწინებთ რეგიონის ქვეყნებს, იქაც კი აღარ გვაქვს ის უპირატესობა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად იყო. ჩვენი ვექტორი ევროკავშირია და ამ მაჩვენებელთან მიახლოებისათვის ეს ტემპი ძალიან დაბალია. მსოფლიო ეკონომიკა გასაგებია რომ ორჯერ ნაკლებით გაიზარდა ვიდრე საქართველოსი, მაგრამ ისინი არ არიან განვითარებადი ქვეყნები და შესაბამისად, გააჩნია ნაზრდი რამდენია ევროკავშირის კრიტერიუმით, ამ ტემპით ძალიან შორს ვართ სტანდარტისაგან რომლის წევრობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ სილაგაძე.

“სამეზობლოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვენებიდან კიდევ რამდენიმეს უკეთესი მაჩვენებლები აქვს: საქართველო - 4.5%, სომხეთი - 5.4%, აზერბაიჯანი - 2.5%, რუსეთი - 1.8%, უკრაინა - 3%, ბელარუსი - 2%, მოლდოვა - 3.9%, ყირგიზეთი - 4.5%, ტაჯიკეთი - 6%, უზბეკეთი - 5.7%, ყაზახეთი - 3.5%, თურქმენეთი - 5.6%”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა