ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020

ხათუნა ლაგაზიძე - “მეშინია, ხელისუფლებამ თავი კედელთან მიყენებულად არ იგრძნოს და გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვას”

წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები

გია ხუხაშვილი - “სამწუხაროდ, არა გვყავს ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “მეშინია, ხელისუფლებამ თავი კედელთან მიყენებულად არ იგრძნოს და გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვას”

“რას საყვედურობს ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას? პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმას; სამართლიანი არჩევანის უფლებისთვის, შესაბამისად - თანასწორუფლებიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის ხელის შეშლას, რის მაგალითადაც მოჰყავთ ოპოზიციონერი ლიდერების თაროზე შემოდებული საქმეების გახსენება და ძიების დაწყება; დასავლური ინვესტიციებისთვის გარანტიების არმიცემას, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის საკითხი; ხელისუფლების მიერ საინფორმაციო სივრცის - სოციალური ქსელების არაკანონიერ გამოყენებას საკუთარი საზოგადოების ზომბირებისა და ანტიდასავლური განწყობის გაღვივების მიზნით... უარესი რაღა უნდა იყოს, არ ვიცი. განსაკუთრებულად მწვავე იყო რესპუბლიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის მოკლე წერილი, რომელიც “ტვიტერზე” დაწერა - საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებსო!”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მეშინია, ხელისუფლებამ თავი კედელთან მიყენებულად არ იგრძნოს და გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვას” / “დღეს საქართველოს ხელისუფლება ორივეს - დასავლეთსა და რუსეთს - კოჭს ვეღარ გაუგორებს; ან ერთი უნდა აირჩიოს, ან - მეორე, ამიტომაც მას, გარდა კრიტიკისა, სჭირდება დაცვის მექანიზმების შეთავაზებაც”...

“ამერიკელი კონგრესმენების განწყობებთან უნისონშია ევროპარლამენტარების განცხადებები. ამ კრიტიკულ შეფასებებს წითელ ხაზად გასდევს ერთი ფრაზა - თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ეჭვქვეშ დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, ანუ დასავლეთისგან მისი შედეგების აღიარებაო, რაც “ქართული ოცნების” ჩატარებულ 2020-ის არჩევნებს კანონგარეშედ გამოაცხადებს. ამავდროულად, იმატა სანქციებზე მინიშნებებმა. პირდაპირ ამბობენ, რომ კონგრესმა შეიძლება განიხილოს აქტი საქართველოში ბიზნესის სამართლიანი წესებით წარმოების მოთხოვნით, რომელიც სანქციების აქტი იქნება. 27 წელია, აქტიურად ვაანალიზებ პოლიტიკურ პროცესებს და შემიძლია ვთქვა, რომ მამა-ბუშის განცხადების შემდეგ, როდესაც მან გამსახურდიაზე თქვა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, ასეთი მძაფრი შეფასებები ამერიკელებისგან არ მომისმენია. რაც შეეხება ევროპარლამენტს, ვშიშობ, რომ იქ უკიდურესად მწვავე და მზარდმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ დღის წესრიგში არ დააყენოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი, ან სხვა ტიპის არანაკლებ მძიმე სანქციები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“დღეს ქვეყანას სჭირდება ამ შეფასებებს მოჰყვეს ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან ავირიდოთ დამანგრეველი შედეგები, რაც ამ შეფასებებს შეიძლება მოჰყვეს. დღეს რასაც ვაკვირდები, ხელისუფლება რაციონალურობისგან შორს დგას. პირიქით, მათსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ჩამოვარდნილ გაუცხოებას უფრო ამწვავებენ. ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ ხელისუფლებამ არ იგრძნოს თავი კედელთან მიყენებულად, არ მიიჩნიოს, რომ მას მტრები ელაპარაკებიან და არ დაიწყოს “მოკავშირის” ძებნა ამ ვითომ მტრული განწყობის გასანეიტრალებლად. ეს მას უფრო გამოუსწორებელ შეცდომებს დააშვებინებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ მძაფრი კრიტიკის პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების გარანტიებიც შესთავაზონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ ის ვერ მოიყვანს საქართველოში აშკარად პრორუსულ უმრავლესობას, მაგრამ აუცილებლად ეცდება შეინარჩუნოს გავლენა, რომელიც წარმოუდგენლად გააფართოვა 2012 წლის შემდეგ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საინფორმაციო სივრცეში, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან სრული კაპიტულაცია გამოაცხადა. დღეს რუსეთი ახორციელებს სრულ და მასშტაბურ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დივერსიას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რისი საბოლოო მიზანიც არის ქართველი საზოგადოების მენტალური კაპიტულაცია, უბრძოლველად ჩაბარება. საინფორმაციო სივრცის ფლობა არის მისი მთავარი მიღწევა. აღარაფერს ვამბობ ანაკლიის პორტზე, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლებოდა ყოფილიყო და იქნება კიდეც ჩვენი ქვეყნის ადგილისა და როლის განმსაზღვრელი გლობალურ პოლიტიკაში. ეს ორი უმთავრესი რამ საქართველოს ხელისუფლებამ დათმო, შესაბამისად, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, საქართველოს ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის ჩათვლით, რომ ეს მოპოვებული გავლენები შეინარჩუნოს და თუ მიეცემა საშუალება, გაზარდოს კიდეც”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ორივეს - დასავლეთსა და რუსეთს - კოჭს ვეღარ გაუგორებს; ან ერთი უნდა აირჩიოს, ან - მეორე, ამიტომაც მას, გარდა კრიტიკისა, სჭირდება დაცვის მექანიზმების შეთავაზებაც. რაც ხდებოდა და ხდება დღესაც და რის შედეგებსაც ვიმკით, იმით არის განპირობებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ზეწოლის ხარისხი და წინააღმდეგობის შესაბამისი პოლიტიკა ვერ თუ არ აამოქმედა. ბელორუს-რუსეთის ურთიერთობა იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ რუსეთი მანამდე არ მოისვენებს, სანამ საბოლოოდ არ გაგსრესს და სახელმწიფოებრიობას არ დაგათმობინებს. ვფიქრობ, დღეს საქართველოს­ ხელისუფლება ორმაგი წნეხის ქვეშაა, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ რუსეთი საქართველოს რუსულ სივრცეში კიდევ უფრო შესრუტვას ცდილობს, დასავლეთი კი “ქართულ ოცნებას” მისი ლიდერიანად დემოკრატიული თამაშის მინდორზე დაბრუნებას სთავაზობს. შეიძლება ასეც ითქვას: რუსეთი “ოცნებას” სახელმწიფოს ინტერესების დათმობის სანაცვლოდ ხელისუფლებაში დარჩენას სთავაზობს, ამერიკა კი _ სახელმწიფოებრიობის დაცვას დემოკრატიული თამაშის წესების დაცვით! მაგრამ დღეს რუსეთის ზეწოლის პირისპირ საქართველოს მარტო დატოვება შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ამიტომაც ვლაპარაკობ დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის მიმართ უსაფრთხოების გარანტიების ამოქმედებაზე”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“მაგრამ ერთია რუსეთის ზეწოლა და მეორეა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. თუ ხელისუფლება ამ სურვილმა ისე გადაძალა, რომ ნებისმიერი უკანონობის ჩადენა გაბედა, დასავლეთი მას პარტნიორად და დამცველად არ გამოადგება. “ქართული ოცნება” უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა ისტორიაში შევიდეს - როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნით ატარებს არჩევნებს და საკუთარი საზოგადოების ნებას მიიჩნევს უზენაესად, თუ ძალა, რომელიც მზად არის, ძალაუფლების წყურვილს ქვეყნის განვითარება ანაცვალოს... ხელისუფლებას არც თავის გასამართლებელი არგუმენტები დარჩა დასავლეთთან და არც ადამიანები, ვისაც დასავლელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ და მათი ნდობით სარგებლობენ. ხელისუფლების დასავლური ფლანგი სრულად მოშიშვლდა მას მერე, რაც პროპორციული არჩევნების ჩავარდნის შემდეგ “ქართული ოცნება” დატოვა პარლამენტის პროდასავლურმა ფრთამ... დღეს `ოცნება~ ისეთ მდგომარეობაშია, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო...”, - თვლის რესპონდენტი.

“ოცნებას” ძალიან ეშინია, რომ მისი ნებისმიერი დათმობა პროპორციული არჩევნების თემაზე და ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორებისკენ გადადგმული ნაბიჯი ამომრჩევლის თვალში სისუსტედ არ შეფასდეს. ხელისუფლება ფიქრობს, თუ მისმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ იგი სუსტდება, შეიძლება მხარდამჭერები, მათ შორის - ადმინისტრაციული რესურსიც შემოეცალოს, რადგან ახსოვთ, როგორ შემოეცალა შევარდნაძეს 2003 წელს, არჩევნებამდე, მინისტრებით დაწყებული მთელი ვერტიკალი. ხისტი განცხადებებით საკუთარ მხარდამჭერებს უმაგრებენ გულს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა ჩანდეს, მგონია, რომ დღეს ყველას ამოცანაა, “ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს დავანახოთ გადარჩენისა და დასავლეთთან მისასვლელი გზები. გადარჩენაში ძალაუფლების გადარჩენა-შენარჩუნებას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რაც მათ დემოკრატიულ სახეს შეუნარჩუნებს, მისცემს უსაფრთხოების და, სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკაში იმ სტატუსით დარჩენის გარანტიებს, რა სტატუსსაც მათ 2020-ის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობა განუსაზღვრავს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა პროცესები არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს არც არჩევნებამდე და მით უფრო - არც მას მერე. ამისთვის მოსაძებნია ფორმულა, რომელიც “ოცნებას” მისცემს, ერთი მხრივ, საკუთარ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნების საშუალებას და დასავლეთისგანაც აღიქმება, როგორც რაციონალური ნაბიჯი და მეორე მხრივ - შექმნის სამართლიან საარჩევნო გარემოს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის”, - დაასკვნის ექსპერტი.

“პროპორციული არჩევნების ჩაგდების ნაცვლად, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თავის დროზე ”ოცნებას” დაეწყო მზადება კოალიციური მთავრობისთვის. ეს იქნებოდა მისი ყველაზე რაციონალური ნაბიჯი! ეს იქნებოდა კარგი გამოსავალი ივანიშვილისთვისაც, იმიტომ, რომ იგი პასუხისმგებლობას გაანაწილებდა სხვა პოლიტიკურ ძალებზეც. დღეს ივანიშვილის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ მისი გარემოცვა ცდილობს, რაც შეიძლება მრუდე სარკეში ჩაახედონ”, - აცხადებს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, თურმე დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ოპოზიციის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის ბრალია...” - პასუხობს:

“კი მაგრამ, ხელისუფლებას რომ არ მიეცა მიზეზი, რას შეძლებდა ოპოზიცია? დავუშვათ, ეს ევროპარლამენტარები თუ კონგრესმენები ქართული ოპოზიციის ლობისტები არიან, მაგრამ თუ “ოცნება” არ მისცემდა საბაბს ანაკლიის პორტის პროექტისა თუ პროპორციული არჩევნების ჩაგდებით, ოპოზიციის ლიდერების მიმართ თაროებზე შემოდებული საქმეების გახსენებით, სასამართლო სისტემის “ჯიბეში ჩადებით”, რის “ლობირებას” შეძლებდნენ ქართული ოპოზიციის “დაქირავებული” კონგრესმენ-ევროპარლამენტარები?! თქვენი აზრით, ამდენი წლის განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას” “ქართული ოცნების” გაშავების სურვილი არ ჰქონდა? მერე რას მიაღწია?! ვერაფერს, ვიდრე “ქართულმა ოცნებამ” არ მისცა ხელშესახები მიზეზი კრიტიკისთვის. ისიც საკითხავია, უზარმაზარი ფინანსური რესურსის მქონე “ოცნებამ” რით ვერ მოახერხა ამერიკელი კონგრესმენებისა თუ ევროპელი პარლამენტარების “დაქირავება” საკუთარი “სიმართლის” დასამტკიცებლად?!

“რაც შეეხება წულუკიანის შეტევას სახალხო დამცველზე, აქაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობასთან გვაქვს საქმე... აქამდე “ქართული ოცნების” შეცდომების ჩამონათვალში სახალხო დამცველის კონსტიტუციით აღიარებული უფლებების ხელყოფა არ იყო და ესეც მოახერხეს. რა მოიგეს ამით? რა წარმატება მოუტანა ხელისუფლებას მდინარაძის სატირალმა განცხადებამ, სახალხო დამცველი “ნაციონალ” პატიმრებთან იყო შესულიო?!… “ოცნება” იმასაც ვერ ხვდება, რომ პატიმარს პარტიულობა არა აქვს და ადამიანის უფლებების დაცვაზე უარის თქმა მისი პარტიული კუთვნილების გამო დანაშაულია, რისკენაც მოუწოდა მდინარაძემ სახალხო დამცველს! ეს არის “ოცნების” გამრუდებული აზროვნების კიდევ ერთი ნიმუში. ეს არის სეგრეგაციის “ოცნებისეული” მეთოდი, რაც იმას გულისხმობს, რომ ვიდრე სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვას გადაწყვეტს, თურმე მისი პარტიულობა უნდა გამოიკითხოს"...

წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები

“საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კიდევ ერთი კრიტიკული წერილი მიიღო; კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი უკვე მეშვიდე ამერიკელი კანონმდებელია, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. წერილში ძირითადი აქცენტი ჩავარდნილ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კეთდება. ბოლო დროს დასავლელი დიპლომატების მხრიდან “ოცნებისადმი” კრიტიკამ იმატა, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, იმ პრობლემებიდან გამომდინარეობს, რაც “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას დაგროვდა. ნაწილი კი თვლის, რომ წერილების ამ სერიას კონკრეტული პირები ლობირებენ, ამ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა”. სენატორ როჯერ ვიკერის წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, 26 იანვარს „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვა. სენატორის წერილში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრებმა “ქართული ოცნებიდან” ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურ ცვლილებებს გაატარებდნენ, რაც 2020 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას უზრუნველყოფდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები.

“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის, სადაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველო კვლავაც იქნება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი მომავალი წლების განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაესობას და ანტიკორუფციული ძალისხმევები”. ამის შესახებ ბაბინმა “ტვიტერზე” დაწერა. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კონგრესის კიდევ ოთხმა წევრმა - ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ, გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი მიწერეს. ამასთან, 18 იანვარს, ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. რესპუბლიკელი კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს სანქციებისა და ჯარიმების დაწესებით ემუქრება. ამის შესახებ სწორედ ამერიკელი კონგრესმენის ღია წერილშია საუბარი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების პირველი მცდელობა 2017 წელს იყო, კონგრესმენ სტივ რასელის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესში 500-ზე მეტი კონგრესმენია. ეს კი ერთ-ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომელსაც 2017 წელს მხოლოდ ექვსმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. ერთ-ერთი კონგრესმენი, რომელმაც 2017 წელს სტივ რასელის მიერ შეტანილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა სწორედ მარკუეინ მალინი იყო. ხოლო რასელის საქმე მალინმა გააგრძელა. მან კონგრესში 2019 წელს ანალოგიური კანონპროექტი შეიტანა. მაშინ კი მალინის ამ ინიციატივას მხოლოდ ორმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები ამ ხნის განმავლობაში თავს იკავებდნენ “ქართული ოცნების” კრიტიკისგან, თუმცა, პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდება ბოლო წვეთი აღმოჩნდა იმ პრობლემების ფონზე, რაც, მისი თქმით, “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას წლების განმავლობაში დაგროვდა. ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ “რეზონანსთან” კი თქვა, რომ ის ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში შეინიშნება, მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - იკვეთება “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები და ჩნდება ეჭვი, რომ ამ საკითხს კონკრეტული პირები ლობირებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოცნებისადმი” კრიტიკული დამოკიდებულება იზრდება, რადგან წლების განმავლობაში შეინიშნებოდა შედარებით უფრო ლოიალური დამოკიდებულება იმ ბევრი უკანონო ქცევის მიმართ, რაც საქართველოში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. კონგრესმენებმა და დასავლეთმა უკვე ნათლად დაინახა ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. მათ შეშფოთებას იწვევს ის, რომ პირადად აღმოჩნდნენ მოტყუებულები მას შემდეგ, რაც “ოცნებამ” გასცა პირობა, რომ არჩევნები პროპორციული წესის ფარგლებში ჩატარდებოდა. ამასთან, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებით პრობლემა შეექმნა დასავლურ ინვესტიციას, პირველ რიგში კი ამერიკულ ინვესტიციებს. აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ანაკლიის პორტის მშენებლობას, როგორც ეკონომიკური, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. 20 ივნისის მოვლენები, საარჩევნო სისტემა და სხვა იწვევს შეშფოთებას, როგორც ამერიკელ კონგრესმენებში, ასევე პარლამენტარებს შორისაც. ამიტომაც, ეს კრიტიკული დამოკიდებულება უფრო მეტად იზრდება. თავის დროზე თითქოს თავს იკავებდნენ ასეთი აშკარა კრიტიკისგან, რადგან არ სურდათ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთისკენ გადახრილიყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოკლე დროში ასეთი წერილების სერია ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორებისგან ახალი ტრენდია, რომელსაც ადრე ამერიკულ-ქართული ურთიერთობების 28 წლის მანძილზე ადგილი არ ჰქონია. ეს გარკვეულ ეჭვებსა და ვარაუდებს აჩენს, რომ ასეთი ერთმანეთზე მიწყობილი წერილები ხომ არ არის გარკვეული ლობისტური საქმიანობის და კონკრეტული სტრატეგიის შედეგი “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების მხრიდან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ ხელისუფლებაზე მოახდინონ ზეწოლა როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ერთ დიდ მიზანს - ხელისუფლების დელიგიტიმაციას უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო პარტნიორების თვალში. ემსახურება ამერიკულ და ქართულ საზოგადოებაში ისეთი განწყობების შექმნას, რომ “ქართული ოცნება” არის განწირული მისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მას სხვა გზა არ დარჩენია გარდა იმისა, რომ ხელისუფლება გადააბაროს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“თუ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს შესაძლოა კონკრეტული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყოს, მაშინ ამ წერილების სერია ამით არ დამთავრდება და მომავალშიც გაგრძელდება. გააჩნია რამდენ კონგრესმენს ნახავენ, რომლებსაც ამაში დაარწმუნებენ. ხელისუფლებისთვის ეს არის ცალსახად უარყოფითი სიგნალი, მაგრამ ხელისუფლებას მწირი არჩევანი აქვს. ხელისუფლებას მოუწევს ოფიციალურად უპასუხოს კონგრესმენების და სენატორის ამ წერილებს, ახსნა-განმარტებები გააკეთოს, როგორც წერილობით, ასევე პირადი შეხვედრების დროს. ეს ალბათ იქნება არჩევნებამდე ერთგვარი შეჯიბრი “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” შორის, თუ ვინ მოახერხებს იმას, რომ მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს”, - ამბობს ანჯაფარიძე და შეკითხვაზე - “ რა შესაძლო გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს”, - პასუხობს:

“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამ წერილებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აღმასრულებელი ხელისუფლება. თუ მათ ჩათვალეს, რომ ეს წერილები იმსახურებს რეაგირებას, შესაძლოა საქართველოს მიმართ ჯერ დიპლომატიური არხებით წამოვიდეს გაფრთხილებები, მაგრამ თუ არასაკმარისად ჩათვალეს, შესაძლოა გარკვეულ სფეროში თანამშრომლობა შეიზღუდოს. ვინც ამ წერილების ინიცირება მოახდინა და ჩათვალა, რომ ეს საუკეთესო საშუალება იყო “ქართულ ოცნებაზე” ზემოქმედების მოხდენისთვის, კარგად არ იცნობენ ადგილობრივი საზოგადოების განწყობებს, მენტალიტეტს, კულტურას და ა.შ. ყოველი ასეთი მენტორული ტონით დაწერილი წერილი ფართო საზოგადოებაში არ იწვევს დადებით ემოციას, პირიქით - საზოგადოება ცდილობს, რომ ამას უპასუხოს ისე: რატომ უნდა გვასწავლიდნენ ჭკუას. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა და უფრო ინტენსიური გახდა, ამით შესაძლოა ისარგებლოს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა და ე.წ. რბილი ძალა გამოიყენოს, რომელიც საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი. ამან კი ხელი შეუწყოს ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების გაღვივებას. ასე რომ, კარგი იქნება თუ ამ კამპანიის ინიციატორები ამასაც გაითვალსწინებენ, თუ ვისი ინტერესები იკვეთება საქართველოში, ზოგადად კავკასიაში. მხედველობაში მიიღება, რომ ყოველი ასეთი მეგობრის ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლებაზე, ყოველთვის არ აღიქმება ისე, როგორც მათ სურთ. ამით შეიძლება ისარგებლოს მათმა სტრატეგიულმა მოწინააღმდეგემ”.

“ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ამ წერილების გაგრძელება შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ქონებისთვის ყადაღის დადება იყოს, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი საქართველოში შესაძლოა ამერიკული პროგრამების დახურვა გამოიწვიოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუ დასავლეთის მხრიდან კრიტიკა საქართველოს მიმართ გაიზრდება, არ არის გამორიცხული რუსეთი გააქტიურდეს და საქართველოს ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკება აწარმოოს, რომ საქართველომ შეცვალოს თავის საგარეო პოლიტიკური ვექტორი რუსეთის მიმართულებით. პარალელი შეიძლება გავავლოთ 2003 წლის მოვლენებთან. „ვარდების რევოლუციის" წინ გვახსოვს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით შევარდნაძე ასლან აბაშიძესთან შევიდა ალიანსში. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ივანიშვილის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთის ბანკებშია განთავსებული და მეორე სცენარის მიხედვით, შესაძლოა დასავლეთის ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე” გაიზარდოს, რის შემდეგაც ხელისუფლებას მოუწიოს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. თუ სანქციები ამოქმედდა, მაგალითად, ივანიშვილს შესაძლოა აეკრძალოს შესვლა ამერიკის ტერიტორიაზე, მასთან ერთად გარკვეულ მაღალჩინოსნებს. თუმცა, შესაძლოა სხვა პრობლემები გაჩნდეს, გარკვეული პროგრამები დაიხუროს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კონგრესმა საქართველოსთვის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთი თავს დაანებებს საქართველოს, რადგან მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

გია ხუხაშვილი - “სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”

“ოცნება” პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, რაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით არის განპირობებული. ფიქრს თავი დაანებეს და აქტიურ თავდაცვაზე გადავიდნენ, ეს კი მუდმივ თავდასხმას ნიშნავს. დარღვეულია ყოველგვარი ცივილიზებული ნორმები. ეს ამბავი საშიში არ იქნებოდა, “ოცნება” ხელისუფლებაში რომ არ იყოს. გასაგებია, რაც სჭირთ, მაგრამ სახელმწიფოებრივი პრობლემებია გადასაწყვეტი, რომელთა მოგვარება უვადოდაა გადადებული“, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კალაძე და კობახიძე ამბობდნენ, 4 ამერიკელი კონგრესმენის აზრი რა სათვალავში ჩასაგდებიაო. ეს 4 უკვე 6 გახდა...” / “წულუკიანმა ამ ვიდეოს გამოქვეყნებით პატიმრებს უთხრა, ენა ჩაიგდეთ, თორემ გისმენთ, გიყურებთ და ყველაფერს ვიწერთო”.

“ხელისუფლების აზრით, ოპოზიცია, ასევე ექსპერტთა და მედიის ერთი ნაწილი ილუზორულ გარემოს ქმნიან - რა არის ილუზორული, ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს რომ შეგვპირდა და მერე გადაგვაგდო? პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, ჩატარდება თუ არა არჩევნები პროპორციული წესით, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ დანაპირებით განსაზღვრულ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწია, ქვეყანა დაწყნარდა და მერე უცებ ისევ ხელოვნურად ააფეთქა სიტუაცია. “ოცნებამ” მხოლოდ ოპოზიცია კი არ გადააგდო, უტიფრად გადააგდო მთელი საზოგადოება. ახლა გვეუბნება, რომ კუნთების თამაშით, ხელების გადაგრეხით შეუძლია მოერიოს ოპოზიციას. თუ კუნთების თამაშზე მიდგება საქმე, ხელისუფლება ყოველთვის მოერევა ოპოზიციას, იმიტომ, რომ ძალადობაზე მონოპოლია მის ხელშია. თუმცა ავიწყდებათ ან არ იციან, რომ კუნთების თამაშით შესაძლოა ერთი-ორი თვით გადაწყვიტო პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ასეთი თამაში ცუდად მთავრდება. ილუზიაა, რომ ამერიკელი კონგრესმენები “ოცნებას” დღითი დღე უფრო მწვავე და კრიტიკულ წერილს წერილზე სწერენ? კალაძე და კობახიძე ამბობდნენ, ოთხი ამერიკელი კონგრესმენის აზრი რა სათვალავში ჩასაგდებიაო. ეს ოთხი უკვე ექვსი გახდა...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჯერ ერთი, მხოლოდ 4 თუ 6 კონგრესმენში ხომ არ არის საქმე - აღარ დარჩა პოლიტიკური თუ მედიაინსტიტუტი ევროპასა და ამერიკაში, ვინც მწვავედ არ შეაფასა “ოცნების” საქმიანობა. სწორედ ეს რამდენიმე კაცი მუშაობს საქართველოს საკითხზე და მათი მოსაზრებებით აყალიბებს კონგრესი და თუნდაც აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებულ თავის პოლიტიკას. რაც შეეხება “ოცნების” განცხადებებს, რომ კონგრესმენების წერილები უზუსტობებს შეიცავს - საარჩევნო ცვლილებები რომ ჩააგდეს და მთელი სამყაროს მოტყუებას ცდილობდნენ, უზუსტობაა? ხუნდაძის ამბოხის რომ არავის სჯერა და ივანიშვილის ხელი ურევია ამ ამბავში, არასწორი პრეტენზიაა? ვის რა უნდა აუხსნან, ინგლისურის მცოდნე აღარ დატოვეს თავიანთ წიაღში. პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებად სრულიად უცოდინარი პირები არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ღმერთმა არ ქნას, ეს ადამიანები ვაშინგტონში ჩავიდნენ, მთლად გადარევენ ამერიკელებს. ცოტა ხნის წინ ხომ იყვნენ კობახიძე და ბერაია, პასუხად რა მოჰყვათ? 6 კონგრესმენის კრიტიკული წერილი ხომ არა? ამათ რა ჰგონიათ, ნებისმიერ ტყუილს იტყვიან და მთელი მსოფლიო დაიჯერებს? მმართველი გუნდი ნაცვლად იმისა, კრიტიკაზე კვალიფიციური პასუხი გასცენ, მუდმივად კონტრბრალდებებზე გადადის. ნახეთ, რა გააკეთა წულუკიანმა? სახალხო დამცველის კრიტიკაზე პასუხის ნაცვლად კონტრშეტევაზე გადავიდა და მისი წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ვიდეოფირი გამოაქვეყნა, მერე თავად სახალხო დამცველის ციხეში ვიზიტი გაასაჯაროვა. ასეთი შეხვედრების კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს. წულუკიანმა ამ ვიდეოს გამოქვეყნებით პატიმრებს უთხრა, ენა ჩაიგდეთ, თორემ გისმენთ, გიყურებთ და ყველაფერს ვიწერთო - ანუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “წულუკიანმა ისიც თქვა, სასაცილოა ოპოზიციის რეაქცია, რაც პარლამენტის შემოღობვას მოჰყვაო... ხელისუფლებას ქირქილის საფუძველი ნამდვილად აქვს?” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება. შეცდომებს ოპოზიციაც უშვებს. პოლიტიკური პროცესი იმდენად მღვრიე, ბუნდოვანი და აფექტურია, პოლიტიკური პროგნოზებისგან თავს შევიკავებ”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა