უნდა გვესმოდეს, რომ მშვიდობა არის მნიშვნელოვანი და მზადყოფნა მშვიდობის დასაცავად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაც დაცულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, თავდაცვის სისტემა არის ის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობა ჩვენს საზოგადოებაში.
„დღეს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების წარმატებული გრძელვადიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ წეროვანში ერთად ავაშენეთ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ქართველ სამხედროებს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს, წარმომადგენლებს, ადამიანებს, ვინც დაშავდნენ და მიიღეს ტრავმა ან დაიჭრა იმ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში, რომელთა მიზანიც არის თავისუფლების, მშვიდობის და ჩვენი საერთო ღირებულების დაცვა. ძალიან სიმბოლურია, რომ ამ ცენტრს დაერქვა მარო მაყაშვილის სახელი, ეროვნული გმირის სახელი, ვინც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წითელ არმიას დაუპირისპირდა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირა. ყველას გვახსოვს, რომ მარო მაყაშვილი დაიღუპა ყუმბარის ნამსხვრევით მიღებული ჭრილობის შედეგად და საქართველოს უახლეს ისტორიაში მას „ქართველ ჟანა დარკსაც“ უწოდებენ. თავდაცვის სისტემა არის ის ინსტიტუტი, რომელსაც დღეს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობა ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანაში. ჩვენ გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იცავენ მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას. ეს არის ჩვენთვის საპატიო მისია, წვრთნები, ინფრასტრუქტურული განახლება. ჩვენი სტანდარტების თავსებადობა ნატო-ს სტანდარტებთან არის ის გზა, რასაც ჩვენი ხელისუფლება პრინციპულად და თანმიმდევრულად ახორციელებს. უნდა გვესმოდეს, რომ მშვიდობა არის მნიშვნელოივანი და მზადყოფნა მშვიდობის დასაცავად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნიშნავს, რომ ჩვენთანაც, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაც დაცულია ამ შემთხვევში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „განვითარების გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები მიღწევები“.