გრიგოლ ვაშაძე - გაცილებით მრისხანე განცხადებები იქნება გაზაფხულზე, პიტ ოლსონმა რა შეფასებებიც მისცა ამ ხელისუფლებას, სამედიცინო დიაგნოზია იმ 8 წლის, რაც ეს ხელისუფლება იმყოფება

მოვიდა დრო რომ ჩვენ სასწრაფოდ მოვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა არჩევნებში შესვლისთვის და რაც შეიძლება სწარაფად დავიწყოთ წინასაარჩევნო კამპანია, რადგან ხელისუფლება თავისი რესურსებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია და ჩვენთვის დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება აქციები და პიკეტირება.

„დავილაპარაკებთ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ჩვენს დღის წესრიგშია. პიკეტირება და საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ერთ-ერთი თარიღი უკვე დასახელებულია - 4 თებერვალი",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ის დღეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა და განაცხადა, რომ რა განმარტებაც არ უნდა გააკეთოს პარლამენტის სპიკერმა, ხელისუფლების საქციელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ჩაგდებასთან დაკავშირებით ვერაფრით გაამართლებს.

"ბატონმა თალაკვაძემ რამენაირად უნდა ახსნას, როგორ მოხდა ჯერ ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქის მიერ მორალური და პოლიტიკური ვალდებულების გამოგლეჯა პროპორციულ არჩევნებზე და შემდეგ იმ უმსგავსო საქციელის და ნაბიჯის გამართლება, რომელიც ამ მორალური და პოლიტიკური ვალდებულების უკან წაღება იყო, რამაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი მოკავშირეების განრისხება. ამიტომ რა განმარტებაც არ უნდა მისცეს, ამ საქციელს ვერაფერი ვერ გაამართლებს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კონგრესმენების განცხადებები გაზაფხულზე კიდევ უფრო მწვავე იქნება.

„კონგრესმენები და ბატონი პიტ ოლსონი არც პირველი იყო და დარწმუნებული იყავით არც უკანასკნელი, გაცილებით მრისხანე განცხადებები იქნება გაზაფხულზე. ოლსონმა რა შეფასებებიც მისცა ამ ხელისუფლებას, არის სამედიცინო დიაგნოზი იმ რვა წლის, რაც ეს ხელისუფლება იმყოფება მართვის სადავეებში. მიხარია მე ეს? კატეგორიულად არ მიხარია, რადგან ზიანდება ჩემი სამშობლო და ზიანდება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესები. არ შეიძლება საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ჩვენზე ასე იყოს განრისხებული", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან კომენტარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზეც გააკეთა.

"მოქალაქე ზურაბიშვილიც ამ ხელისუფლების სამედიცინო დიაგნოზია, კატეგორიულად აცდენილები არიან რეალობას. რაც ჩუმად იქნება ეს ქალბატონი უკეთესი მისთვის და საქართველოსთვის", - განაცხადა ვაშაძემ.

ამ წუთებში "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს