ვაჟა ბერიძე - თუ ივანიშვილმა ვერ მოძებნა საზოგადოებასთან მისვლის გზა, არ გაარკვია მის რომელ ნაწილს წარმოადგენს, სავარაუდოდ, ოპოზიციის სცენარი განხორციელდება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტრეპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ს კონგრესმენების წერილები ჩვენში ახლა ყველაზე განხილვადი თემაა, შესაბამისად, ჩვენი საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ. თუ მანამდე ამერიკელი კონგრესმენების წერილები პრემიერ გიორგი გახარიას მიმართ კრიტიკულობით გამოირჩეოდა, ახლა კონგრესმენი პიტ ოლსონი კიდევ უფრო შორს წავიდა და ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა, ხოლო თავის კოლეგა კონგრესმენებს საქართველოში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ვინაიდან ამერიკელ კონგრესმენთა წერილები ვაშინგტონიდან თბილისში საარჩევნო საკითხებზე „ოცნებისა“ და ოპოზიციის ჩაშლის ზღვარზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე იგზავნება, უპრიანიც კია კითხვა ასე დავსვათ - თუ „ოცნებამ“ საარჩევნო კანონთან დაკავშირებით თავის პოზიციაში კორექტივები შეიტანა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სავარაუდოდ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს?

- ვფიქრობ, მართებულია, რომ საუბარს დღევანდელი ურთულესი ვითარების საგარეოპოლიტიკური ასპექტით ვიწყებთ. საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელება, მისი ორგანული ნაწილია, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში ბოლო 28 წლის განმავლობაში, საშინაო პოლიტიკას დიდწილად ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებთან დამოკიდებულება, მეზობლებთან ურთიერთობა და მეტროპოლიასთან, რუსეთთან დამოკიდებულება განსაზღვრავს.

ამიტომ, ამერიკის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მწვავე კრიტიკული განცხადებები უდაოდ საყურადღებო და ანგარიშგასაწევი ფაქტორია. აქ ნურავის შეიყვანს შეცდომაში, რომ ზოგი კრიტიკოსი კომპანია „ფრონტერას“ ლობისტია, სხვა, შესაძლოა, რომელიმე გავლენიანი პოლიტიკური ძალის მესიჯებს ახმოვანებდეს.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მწვავე კრიტიკული განცხადებები უდაოდ საყურადღებო და ანგარიშგასაწევი ფაქტორია

გლობალურ გეოპოიტიკაში ისეა დღეს ვითარება დახლართული, იმის თქმაც ძნელია, გავლენის რომელი ცენტრიდან იმართება პროცესები ქვეყანაში. თვით ვაშინგტონში იმდენადაა ვითარება არაორდინარული, რომ ძნელი სათქმელია, რამდენად გამოხატავენ ზემოხსენებული პოლიტიკოსები ტრამპის ადმინისტრაციის თვალსაზრისს.

თავად ტრამპი საარჩევნო კამპანიითა და იმპიჩმენტის პროცედურის მოგერიებითაა დაკავებული. სახელმწიფო დეპარტამენტის თავსატეხთა სიაში საქართველო საეჭვოა პრობლემების პირველ 20-ეულში ფიგურირებდეს.

თუმცა, კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკა ერთი მხრივ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელია შტატებსა და საერთაშორისო მედიაში, მეორე მხრივ, კი სერიოზული შემწეობაა არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქართული ოპოზიციისთვის.

გლობალურ გეოპოლიტიკაში ისეა დღეს ვითარება დახლართული, იმის თქმაც ძნელია, გავლენის რომელი ცენტრიდან იმართება პროცესები ქვეყანაში

ასე რომ, თქვენს ამ შეკითხვას ბევრი ასპექტი აქვს, რომელთა განსჯაც ამ ფორმატის ფარგლებშიც კი შეუძლებელია. ამიტომ, ვიტყოდი, რომ საარჩევნო კანონი აქ არაფერ შუაშია. ხელისფლებაც და ოპოზიციაც ისეთ ვარიანტებს გვთავაზობენ, რომელიც მათ არჩევნებში გამარჯვების შანსს აძლევს. ამდენად, ეს მიეთ-მოეთი მიუღებელი უნდა იყოს როგორც აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის, ისე ჩვენთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის.

რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს? ვფიქრობ, მოსახლეობის რეალური განწყობა იქ კარგად იციან. ეს განწყობა კი არც ხელისუფლების სასარგებლოა და არც ოპოზიციის.

ახლახანს NDI-მა შემოგვთავაზა თავისი ვერსია. მერე ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაასაჯაროვა „ქართული ოცნების“ შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი გამოკითხვის შედეგები.

ჩვენ არცერთი მათგანის მონაცემების არ გვჯერა, რადგან უკვე 10 წელზე მეტია ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს არ სწავლობს სოციოლოგიური კვლევების არცერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, ვის მიმართაც მოსახლეობას ნდობა ექნებოდა. და ეს წინა და ამ ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკის ნაწილი იყო და არის.

შესაძლოა, აქ რაღაცა როლი ჩვენი ქვეყნის პარტნიორებსაც ჰქონდეთ. ეს ყველაფერი ყველა მხარეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებას აძლევს. საზოგადოება, მოქალაქეები კი ყველაზე მეტად ზარალდებიან, რადგან პოლიტიკის სუბიექტების რეალური რეიტინგის გაზომვა და დადგენა არ ხდება.

მაგრამ, მოდით, დავუშვათ, რომ ეს ორი ზემოხსენებული კვლევა ადეკვატურია და ვითარებას მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს. აქ ოპოზიციის ზარ-ზეიმი, რომ ჯამში მეტი უჭერს მხარს, ვიდრე მმართველ პარტიას, უადგილო და არასწორია. ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერთა პროცენტების შეჯამება არასგზით არ შეიძლება მარტივი არითმეტიკის მეშვეობით.

ჯერ ერთი, უნდა გამოვრიცხოთ „პატრიოტთა ალიანსი“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“. ეს და კიდევ რამდენიმე სუბიექტი არასგზით ითანამშრომლებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, ან ალიანსთან მათი მონაწილეობით.

ძნელია „ნაციონალებთან“ „ლელოს“ თანამშრომლობის წარმოდგენაც, რომელსაც ერთ-ერთი გამოკითხვით უკვე 10%-იანი რეიტინგი აქვს. მთელ ამ ოპოზიციას, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების ინტერესი და მისი სიძულვილი აერთიანებს.

მაგრამ გავიხედოთ ამის მიღმაც და დავაკვირდეთ მონაცემებს. NDI-ის კვლევა გვეუბნება, რომ ამომრჩევლის 56%-ისთვის არცერთი პოლიტიკური სუბიექტი მისაღები არ არის.

მაგრამ გავიხედოთ ამის მიღმაც და დავაკვირდეთ მონაცემებს. NDI-ის კვლევა გვეუბნება, რომ ამომრჩევლის 56%-ისთვის არცერთი პოლიტიკური სუბიექტი მისაღები არ არის

სხვა გამოკითხვის თანახმად, ზოგიერთები მექანიკურად აჯამებენ რა არცთუ სანდო მონაცემებს, ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგების ჯამი, ანუ იმ პარტიების, რომელთაც ჰყავთ კონკრეტული მხარდამჭერები, 57%-ს შეადგენს... ასეთი ლოგიკით შორს ვერ წავალთ.

და კიდევ ერთი, - ყველა გამოკითხვით, გამარჯვებული „ქართული ოცნებაა“. ერთგან 25% აქვს, სხვაგან 20% და გაცილებით მეტი, ვიდრე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - მთავარ ოპოზიციურ ძალას.

ძნელი წარმოსადგენია, რომ „ოცნებამ“ მიმდინარე ურთულესი წლის განმავლობაში მოკავშირეები ვერ იპოვნოს. ესეც რომ არ იყოს, მთავარი ოპოზიციური ძალების სტრატეგია - მაქსიმალურად აწიონ ტემპერატურა და დესტაბილიზაციის, არეულობების ზღვარზე მივიდნენ არჩევნების მიჯნასთან, იმდენად გამაღიზიანებელია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომ შესაძლოა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაშიც კი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებისა და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შანსი გაუჩნდეს.

მთავარი ოპოზიციური ძალების სტრატეგია - მაქსიმალურად აწიონ ტემპერატურა და დესტაბილიზაციის, არეულობების ზღვარზე მივიდნენ არჩევნების მიჯნასთან, იმდენად გამაღიზიანებელია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომ შესაძლოა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაშიც კი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებისა და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შანსი გაუჩნდეს

მე როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, შტატების ახალ ელჩს ქალბატონ დეგნანს ვურჩევ ყველაფერი გააკეთოს, რათა მოვლენათა განვითარება უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს. ეს დააზიანებს როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ისე შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში.

ვურჩევ ასევე, გააფართოვოს ქართულ საზოგადოებასთან დიალოგის დიაპაზონი, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული აშშ-ის როლი და მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის მიმართულებებით.

- თქვენ კი ამბობთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორების, ამერიკელების პრობლემა ისაა, რომ მათ ბიძნას ალტერნატივად "ნაციონალური" ოპოზიცია ეგულებათ, რაც ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მაგრამ, დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების პრობლემა სწორედ ისაა, რომ „ოცნების“ ალტერნატივა რეალურად არ ჩანს.

ასეთ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაშინგტონის მთავარი პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა, იგი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს კი ლობირებდეს, მაგრამ საბოლოოდ რომელიმეზე ფსონის დადება აშკარად უჭირს.

თქვენ დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი შთაბეჭდილების არსებობა?

- შტატები აცხადებს და რეალურადაც ასეა, რომ ის არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი. იგი მხარს უჭერს საქართველოს და მის ხალხს. ჩვენთან სჯერათ, და მეც, მათ შორის, რომ რეალურადაც ასეა და ასეთი პოზიციის დაფიქსირება ოდენ პოლიტიკური ეთიკის ელემენტი არ არის.

ბოლო დროს მავანმა ჩათვალა, რომ აშშ-მა რუსეთს გადაგვაბარა და ამ განცდას, სავარაუდოდ, სირიის პრობლემისგან მისი დისტანცირებით ხსნის. მაგრამ ეს ასე არ არის.

ვფიქრობ, უამრავი პრობლემის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაციას კარგად აქვს გააზრებული საქართველოსთან მეგობრობის და პარტნიორობის მნიშვნელობა განსაკუთრებით თურქეთთან ურთიერთობების გაუარესების, ირანთან ლამის კონფლიქტამდე მისული ვითარების და საერთაშორისო არენაზე რუსეთის მზარდი გავლენის გათვალისწინებით.

ვფიქრობ, უამრავი პრობლემის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაციას კარგად აქვს გააზრებული საქართველოსთან მეგობრობის და პარტნიორობის მნიშვნელობა

- სპიკერი არჩილ თალაკვაძე კვლავაც აცხადებს, რომ არჩევნებისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია „ოცნების“ შეთავაზება 100/50-ზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ოპოზიციამ უკვე დაანონსა საპროტესტო აქციები. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი ვაშინგტონში დაგვიანებულია და უშედეგოდ დასრულდება. თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თავის პოზიციებშიი კორექტირებს შეიტანს, თუ უნდა ველოდოთ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს?

- ყველა ვარიანტის გათვალისწინებით, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა შეჯერდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები შედგება.

ვფიქრობ, იმიტომ, რომ გააზრებული აქვს პრონაციონალურ ოპოზიციას, რომ მშვიდი საარჩევნო პროცესის პირობებში, მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ. და აქ მთავარი ფაქტორი სახელისუფლებო ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მასშტაბური ფინანსები როდია.

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა შეჯერდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები შედგება... ვფიქრობ, ოპოზიციას გააზრებული აქვს რომ მშვიდი საარჩევნო პროცესის პირობებში, მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ

საერთოდ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმაც და თუნდაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმაც ცხადყო, რომ არჩევნების გაყალბება, თუნდაც ჩვენი დემოკრატიის ხარისხის გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 7 წელიწადში დემოკრატიის თვალსაზრისით რეალური ნაბიჯები გადაიდგა წინ, კონსოლიდირებული დემოკრატიისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა.

განსაკუთრებით იგრძნობა საზოგადოებრივ პროცესებსა და ქვეყნის იმიჯზე არაფორმალური მმართველობის უარყოფითი ზეგავლენა.

- ოპოზიციის გეგმები მეტ-ნაკლებად გასაგებია. ვხედავთ, რომ ხელისუფლება სულაც არ გავს ხელ-ფეხ დაკრეფილს. ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, მან შეძლო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა. მართალია, ამ პროცესში გათვალისწინებული არ ყოფილა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, მაგრამ მაინც.

ვხედავთ, რომ ხელისუფლება მალე უპრობლემოდ შეძლებს გენპროკურორის პოსტზე შოთაძის დაბრუნებას. ამის პარალელურად ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები დაეხურა თემირლან მაჩალიკაშვილის თემაც. მხედველობაში მაქვს ის, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

თუმცა, მგონი აქ ზედმეტიც კი მოუვიდა. მხედველობაში მაქვს სუს-ის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადება, რომლის მტკიცებითაც isis-ის ტერორისტების უკან „ნაციონალები“ დგანან.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიცია „ოცნებას“ ქვეყნის მართვაში ქუჩის სტილის შემოტანაში ადანაშაულებს, რადგან წელს საარჩევნო წელია, კითხვა ასე შეიძლება დაისვას - რისთვის ემზადება ხელისუფლება?

- ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ სოსო გოგაშვილი კარგად ინფორმირებული ადამიანია და მისი ეს განცხადებაც საყურადღებოა. მეტს ვერაფერს ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კავშირის შესახებ მოარული ხმები ადრეც იყო და გარკვეული ფაქტებითაც დასტურდებოდა.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ადამიანები პანკისის ხეობიდან იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. რამდენიმე დასანანი და მძიმე ფაქტის მიუხედავად, ვგულისხმობ „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს ჯგუფის ლიკვიდაციას და სპეცოპერაციის მსვლელობისას თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრას, ურთიერთობა ხეობის ქისტ მოსახლეობასთან დაპირისპირებაში არ გადაზრდილა და ეს ამ ხეობის ადამიანების ღირსებაზე, კარგ ქართველობასა და გონიერებაზე მეტყველებს.

ეს ხალხი 200 წელზე მეტია, რაც სახლობს ამ რეგიონში და ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი თავგამოდებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ამას ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ. თუმცა, ტერორიზმთან ჩვენი ქვეყნის ცალკეულ მოქალაქეებს ჰქონდათ შეხება და ამ ფაქტის მიმართ უნდა ვიყოთ განსაკუთრებული ყურადღებით.

რისთვის ემზადებაო, მეკითხებით, ხელისუფლება. არც ივანიშვილს და არც მის პარტიას რაიმე განსაკუთრებული მზადება არ ემჩნევათ. დიდი სიკეთე, რაც ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა, თავისი მმართველობის ნეგატიური ასპექტებით მას სასწორზე აქვს შეგდებული.

ივანიშვილი ერთგულებს არჩეულ გეზსს. მას მიაჩნია, რომ მოახერებს ოქტომბრისთვის, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენოს არჩევანის წინაშე - მე, თუ მიხეილ სააკაშვილი, „ოცნება“, თუ „ნაციონალები“. მან კარგად იცის, რომ რაც უნდა ჭრელი იყოს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.

ივანიშვილი ერთგულებს არჩეულ გეზს. მას მიაჩნია, რომ მოახერებს ოქტომბრისთვის, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენოს არჩევანის წინაშე - მე, თუ მიხეილ სააკაშვილი, „ოცნება“, თუ „ნაციონალები“. მან კარგად იცის, რომ რაც უნდა ჭრელი იყოს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი

„ევროპული საქართველოც“ კი სააკაშვილის ჩრდილიდან ვერ გამოსულა და ვერც გამოვა. სხვადასხვა სახის მეტაფორმოზას, ცალკეული ლიდერების და პარტიების, ქართული საზოგადოება არ იღებს და არც მიიღებს.

ელექტორატის მაქსიმუმ მესამედი მიშა სააკაშვილის ფანი და მიმდევარია. ხისტი და აგრესიული საარჩევნო კამპანია გამოურკვეველი ამომრჩევლის თუნდაც იმ 56%-იდან, ჩემი აზრით, ცოტა მეტისგან, ბევრს აიძულებს ისევ „ოცნებას“ დაუჭიროს მხარი.

იცის ეს ბიძინამ და ამ კოზირის გამოყენებისთვის ემზადება. ოპოზიციას კი რა დარჩენია, - სიტუაციის და განწყობის შექმნა და არჩევნების მისთვის მიუღებელი შედეგების მასობრივი პროტესტის ორგანიზება, რათა უმართავი პროცესების მეშვეობით დაბრუნდეს, გნებავთ მოვიდეს ხელისფლებაში.

ოპოზიციას კი რა დარჩენია, - სიტუაციის და განწყობის შექმნა და არჩევნების მისთვის მიუღებელი შედეგების მასობრივი პროტესტის ორგანიზება, რათა უმართავი პროცესების მეშვეობით დაბრუნდეს, გნებავთ მოვიდეს ხელისფლებაში

სწორედ ამ მიზნის შემადგენელი ნაწილია ძალოვანების დისკრედიტაციის ტაქტიკა, რასაც, ვფიქრობ, მალე მოჰყვება საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და თავდასხმები.

თუ ივანიშვილმა ვერ მოძებნა საზოგადოებასთან მისვლის გზა, დღეს გაუგებარია მის რომელ ნაწილს წარმოადგენს ის, სავარაუდოდ, ოპოზიციის სცენარი განხორციელდება.

- თბილისში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ საქართველო მზადა მაისში მიიღოს ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის დელეგაცია რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანლის სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ვითარებაში, როცა მოსკოვი ცდილობს დანარჩენმა მსოფლიომ სოხუმი და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს და ამის შემოქმედი ბატონი ლავროვია, მისი ვიზიტი თბილისში გაუგებარიც კი იქნებოდა.

ბევრმა კი გამოთქვა აზრი, რომ მისი თბილისში ჩამოუსვლელობა ჩვენს პარტნიორებს გააღიზიანებს, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა არ იციან რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დამრღვევი რუსეთია?

ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სერგეი ლავროვი თბილისში ჩამოვა, „გავრილობის ღამე“ მონაგონი იქნება. თქვენი აზრით, პირველი-თავად ლავროვი მოისურვებს თუ არა თბიულისში ჩამოსვლას, მეორე - თუ ჩამოვა, რისთვის და რა გზავნილებით?

- და რატომ არ ჩამოვა? თქვენ როგორ ფიქრობთ, მოსკოვი თავის გეგმების განხორციელებას საქართველოში პრორუსულებად მონათლული პარტიების და პოლიტიკოსების მეშვეობით ცდილობს?

თუ ჩვენ არ დავსვით კითხვა, - რაა რუსეთის მიზანი საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხი არ გვექნება. რუსეთს უნდა არა მთელი საქართველოს ანექსია, არამედ სუსტი, ეკონომიკურად დაუძლურებული და პერმანენტული შიდა კონფლიქტებით მოცული საქართველო, რომელსაც არც ტერიტორიების დაბრუნების თავი ექნება და არც თავისი სუვერენიტეტის დაცვის. პირადად ჩემთვის, გავრილოვის ღამედ წოდებული ამბავი თბილისში, რუსული სპეცსამსახურების წარმატებული სპეცოპერაცია იყო.

ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, ლავროვის ჩამოსვლა რას გამოიწვევს...ეს, სავარაუდოდ, არ იქნება „ლავროვის ღამე“ - იქნება „ბართლომეს დილა“... ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, მძიმე არჩევანი - რა ურჩევნია, საერთაშორისო ვალდებულების შესრულება, თუ ქვეყანაში არსებული სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დაყენება.

ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, მძიმე არჩევანი - რა ურჩევნია, საერთაშორისო ვალდებულების შესრულება, თუ ქვეყანაში არსებული სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დაყენება

ჩვენ რომ ცივილიზებული და მართლაც დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და ოკუპაციის შესახებ კანონის არსებობის მიუხედავად, მიიღოს რუსეთის ოფიციალური დელეგაცია.

თუ ამას მოჰყვება მასობრივი პროტესტი, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, ცივილიზებული, თუნდაც მტერი და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებით. ასე რომ, ჩვენ ჩიხში ვართ და ყველა შემთხვევაში, გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი რისკების გათვალისწინებით.

ყველა შემთხვევაში, რუსეთთან დიალოგი დაგვიანებული, მაგრამ ადრე თუ გვიან დასაწყებია. რუსეთთან ძალიან ძნელი, მძიმე და სახიფათო დიალოგის გარეშე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა ვერ გადაწყდება.

ჩვენ ჩიხში ვართ და ლავროვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი რისკების გათვალისწინებით

ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი პრობლემები ფართო პლანის, დიდი სურათის დანახვის მეშვეობით, იმის გათვალისწინებით, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. აბა, ნახეთ რას აკეთებს ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ, რომელსაც უახლოეს მომავალში რიგგარეშე არჩევნები ელის, რადგან წინა, სხვათა შორის, პროპორციული არჩევნების შედეგად ვერც მან და ვერც მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს.

იგი ჩავიდა ვაშინგტონში, დაესწრო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების ტრამპისეული ახალი „საუკუნის გარიგების“ გეგმის პრეზენტაციას და იქედან მიფრინავს მოსკოვში, სავარაუდოდ, რათა პუტინთან განიხილოს ამ გეგმის დეტალები.

მესმის, რომ საქართველო ისრაელი არ არის. არც ისეთი ეკონომიკა აქვს, არც პოლიტიკური სისტემა და არც უძლიერესი ლობი ჰყავს მთელ მსოფლიოში... მაგრამ ასეთ ისრაელსაც კი მუდმივი დიალოგი აქვს რუსეთთან.

- ამასობაში, ჩვენს ირგვლივ დაჩქარებულადაც კი ვითარდება პროცესები. თურქეთმა აშშ-სა და ნატოს ავიამზიდებს მონტრეს კონვენციის აკრძალვის მიუხედავად შავ ზღვაში შემოსვლის უფლება მისცა. რუსეთი შიშობს, რომ შავ ზღვაში ამერიკული მე-6 ფლოტი შესაძლოა საამუდამოდ შემოვიდეს და მისი სამიზნე სევასტოპოლსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსული სამხედრო ფლოტის ძალები აღმოჩნდეს.

ეს ხდება იმის ფონზე, რომ რაც სულ ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერების შესახებ საუბრები კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ შავი ზღვის ბასეინში და შესაბამისად, ამ ბასეინის ქვეყნებში პროცესები დაჩქარებულად კი შეიძლება განვითარდეს.

თქვენი დაკვირვებით, აშშ-სა და ნატოს ავიამზიდებს შავ ზღვაში შემოსვლის შემდეგ სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითადეს პროცესები?

- ფორმალურად მონტრეს კონვენცია დაცულია. ეს ხომალდები შავ ზღვაში შემოდიან არა ბოსფორით და დარდანელით, არამედ ახალგაყვანილი არხით „სტამბოლი“. არსებითად კი ეს ყველაფერი დიდი თამაშის და გლობალური გეოპოლიტიკის ნაწილია.

შავი ზღვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების ნაწილი ხდება. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის კარგიც არის და ხიფათების შემცველიც. შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ჩვენი სტრატეგიული პარნიორობის ლოგიკიდან გამომდინარე, საქართველო უნდა მიესალმოს ნატოს სამხედრო ყოფნას შავი ზღვის აკვატორიაში.

შავი ზღვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების ნაწილი ხდება. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის კარგიც არის და ხიფათების შემცველიც. შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ჩვენი სტრატეგიული პარნიორობის ლოგიკიდან გამომდინარე, საქართველო უნდა მიესალმოს ნატოს სამხედრო ყოფნას შავი ზღვის აკვატორიაში

სხვა პოზიცია, უბრალოდ წარმოუდგენელი და გამორიცხულია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის აგრესიული ზრახვები რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში, საქართველოსთვის არაფერს იმედისმომცემს არ შეიცავს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა