სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების რეფორმა - დღემდე არსებული ქაოსი და მოსალოდნელი ცვლილებები

1. რეფორმის იმპულსები ახალ სამშენებლო კოდექსში

ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ძირეული რეფორმისთვის შესაბამის პლატფორმას ახალი სამშენებლო კოდექსი ქმნის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რომელიც გასული წლის 3 ივნისს ამოქმედდა.

მართალია, თბილისთან მიმართებით მოხდა კოდექსის ნაწილის (კერძოდ, ქალაქგეგმარების მარეგულირებელი ოცი მუხლის) 2029 წლამდე გადავადება, თუმცა შენობა-ნაგებობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს გადავადება არ შეხებია. ამიტომ, ამ ნაწილში კოდექსი სრულად ამოქმედებულია.

კოდექსი შენობა-ნაგებობისა (თავი IX) და სამშენებლო მასალის (თავი IX) მიმართ გვთავაზობს სისტემატიზირებულ ჩარჩო ხარისხობრივ მოთხოვნებს. მისი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო მშენებლობა, ხარისხის ამაღლება და სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება.

რეფორმის მთავარი შედეგი უნდა იყოს ჰარმონიზირებული ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მომზადება კონსტრუქციული პროექტირების, სახანძრო უსაფრთხოების, ინსოლაცია/ბუნებრივი განათებულობის, ენერგოეფექტურობის და სხვა მიმართულებით.

2. რეფორმამდე არსებული ქაოსი

საქართველოში დღეს მოქმედი სამშენებლო ნორმები და სტანდარტები ქმნის ქაოტურ მდგომარეობას და ვერ(არ) ემსახურება ტექნიკური რეგლამენტაციის რეალურ მიზნებს. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ის ურთიერთ წინააღმდეგობრივი საფუძვლებია, რომელსაც ეს ნორმები ემყარება. საქმე ისაა, რომ არქიტექტურულ ნაწილში მოქმედი ე.წ. საერთაშორისო (ამერიკული) სამშენებლო კოდები (IBC), კონსტრუქციულ ნაწილში ასამოქმედებელი ევროპული კოდები (Eurocodes) და მათთან პარალელურ რეჟიმში არსებული ე.წ. საბჭოური „სნიპები“ (СНиП) ქმნის სისტემურ და ღირებულებით შეუთავსებლობას.

ამ მოცემულობაში პროცესის მონაწილე ყველა მხარე ზარალდება. ვიღებთ ისეთ მდგომარეობას, როცა დეველოპერს არა აქვს განჭვრეტადი გარემო, არქიტექტორი/კონსტრუქტორი ვერ ახორციელებს ხარისხიან მომსახურებას, მომხმარებელი პროცესისადმი კარგავს ნდობას, ხოლო ნებართვის გამცემი თვითნებობისა თუ ცოდნის დეფიციტის გამო - რეპუტაციას.

შექმნილი მდგომარეობა, ცხადია, შეუსაბამობა როგორც სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებთან, ისე კონსტიტუციით გარანტირებული ეკონომიკური თავისუფლების იდეასთან. ამიტომ, ამ მიმართულებით არსებობს რეფორმის განხორციელების საჭიროება, რომელიც აღნიშნულ პრობლემებს გამოასწორებს.

3. რეფორმის ორიენტაცია ევროპულ სტანდარტებზე

საქართველოს შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მიხედვით, ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების რეფორმა უნდა დაეფუძნოს ევროპულ გამოცდილებას.

ეროვნულ დონეზე, კოდექსი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს, რომ სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებისას გათვალისწინებული იქნეს შენობათა დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ შემუშავებული ევროპული სტანდარტები (კოდექსის 78-ე მუხლი).

პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს გულისხმობს „სტრუქტურული (კონტრუქციული) ევროკოდების“ (CEN/TC 250), „შენობათა სახანძრო უსაფრთხოების“ (CEN/TC 127), „ბარიერებისგან თავისუფალი მშენებლობა/გეგმარების“ (CEN/CLC/JWG 6), შენობათა ენერგოეფექტურობის (CEN/TC 371), „შენობათა ინსოლაცია/განათების“ (CEN 17037) და სხვა სტანდარტების ქართულ სამართლებრივ სისტემაში გადმოღებას, რომელიც რელევანტურია კოდექსით დადგენილი მოთხოვნების კონკრეტიზაციისას.

შიდა ვალდებულების გარდა, საქართველოში სამშენებლო ნორმების ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობის ვალდებულება აგრეთვე გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებით დადგენილი საერთაშორისო ვალდებულებიდან. შეთანხმებით, საქართველოში უნდა მოხდეს სამშენებლო პროდუქტის შესახებ 305/2011 და შენობათა ენერგოეფექტურობის შესახებ 2010/31 რეგულაციების დანერგვა.

ეს რეგულაციები, თავის მხრივ, არის ამოსავალი CEN-ის მიერ შემუშავებული სამშენებლო სტანდარტისათვის, რითაც ევროპის ერთიანი შიდა ბაზრისთვის იქმნება ზემოთდასახელებული ჰარმონიზირებული სტანდარტები (hEN). ამიტომ, 305/2011 და 2010/31 რეგულაციების ქართულ სამართლებრივ სისტემაში იმპლემენტაციის ვალდებულება, რაც ასოცირების შეთანხმებით განისაზღვრა, იმავდროულად ევროპული სამშენებლო სტანდარტების გადმოღების ვალდებულებასაც გულისხმობს.

4. რეფორმის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე

შენობათა მიმართ ახალი მოთხოვნების დაწესებით მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კოდექსის პროექტზე მომზადებული რეგულირების ზემოქმედების შეფასებაში (RIA) ავტორების მიერ გაკეთდა უხეში დათვლები უძრავი ქონების 5%-დან 20%-მდე გაძვირების თაობაზე (PwC/PMCG, Regulatory Impact Assessment of the New Georian Spatial Planning and Constuction Code, 2016).

თუმცა, იმავე დოკუმენტში განიმარტა ხარისხის გაუმჯობესების უპირობო უპირატესობა და „უხარისხო მშენებლობის“ გათვალისწინებით აქამდე უსაფუძვლოდ წარმოქმნილი ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა. ცხადია, მაგ., უძრავი ქონების ფასის 5%-ით ზრდის თეორიული რისკი ვერ გახდებოდა შენობა-ნაგებობის ხარისხობრივი მოთხოვნების 100%-ით გაზრდის საპირწონე. მითუმეტეს, ის გამოიწვევს მომხმარებელთა ნდობის ამაღლებას და სტაბილური, განჭვრეტადი, მდგრადი და უსაფრთხო საბაზრო და ადმინისტრაციული სტრუქტურების ჩამოყალიბებას.

5. რეფორმამდე არსებული ნორმების გაუქმების აუცილებლობა

ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობა თავისთავად გამოიწვევს საქართველოში დღემდე მოქმედი ამერიკული ნორმების და საბჭოური „სნიპების“ გაუქმებას, რაც „ევროპეიზაციის“ პროცესის გარდაუვალი თანმდევი შედეგი უნდა იყოს.

ამერიკული სამშენებლო ნორმების (IBC) გაუქმება რამდენიმე გარემოებით არის გამოწვეული. ცნობილია, რომ USAID-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არცთუ ისე ხარისხიანად ნათარგმნი ამერიკული ნორმების არქიტექტურული ნაწილი საქართველოს მთავრობას გაურკვეველ ვითარებაში დაამტკიცა აქვს 2016 წელს. ( საუბარია 41-ე დადგენილებაზე) შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ამ დოკუმენტით დღეს არქიტექტორთა მხოლოდ ის ვიწრო ჯგუფია „კმაყოფილი“, რომელთა შეფასებები „პრივილეგირებულად“ მიიღება არქიტექტურის სამსახურებში საექსპერტო დასკვნის სახით.

სამშენებლო კოდექსისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების გამო, ამერიკული ნორმების გაუქმებისა და მისი ევროპული ნორმებით ჩანაცვლების აუცილებლობაზე უკვე ვისაუბრეთ. ამავე დროს, ქვეყანას ოფიციალურად აქვს გაცხადებული კონსტრუქციული ნაწილის ევროკოდებზე გადაწყობის გეგმა, რაც სისტემურად ვერ თავსდება ამერიკულ ნორმებთან.

არ შეიძლება სამშენებლო ნორმების არქიტექტურული ნაწილი იყოს ამერიკული, ხოლო კონსტრუქციული - ევროპული. მითუმეტეს, ამერიკული ნორმები წარმოშობის ქვეყანაშიც არ არის საყოველთაოდ სავალდებულო და ცალკეულ შტატში ის განსხვავებულად მოქმედებს. გაუგებარია საქართველოში რატომ უნდა მოქმედებდეს ეს მოდელური სტანდარტი უცვლელად, თან ტექნიკური რეგლამენტის სახით?

სამშენებლო ნორმების ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობა თავისთავად გამოიწვევს ასევე საქართველოს მიერ 37 ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტის სამოქმედოდ დაშვების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების (50-ე დადგენილება, 2013 წელი) და საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი საბჭოური „სნიპების“ გაუქმებას.

6. რეფორმის ვადები

დროის თვალსაზრისით, ვინაიდან კოდექსით დადგენილი ხარისხობრივი მოთხოვნები უკვე შევიდა ძალაში, სამშენებლო ნორმების ჩანაცვლების პროცესი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში. წესით, ეს ნორმები უკვე ამოქმედებული უნდა იყოს.

გამონაკლისი კეთდება მხოლოდ შენობათა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების მარეგულირებელი ნორმებისთვის. კერძოდ, მათი ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წელი. სხვა გამონაკლისები კანონმდებლობაში არ არსებობს.

კობა ყალიჩავა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი,

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანაავტორი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა