Colliers International Georgia უძრავი ქონების კვლევის ტენდერის გამარჯვებული მესამედ გახდა

გასული წლის ბოლოს სააგენტომ - „აწარმოე საქართველოში“, მორიგი ტენდერი ჩაატარა უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შესახებ. ტენდერის გამარჯვებული უკვე მესამედ, კომპანია კოლიერსი გახდა, რომელიც სატენდერო პირობების თანახმად საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, სასტუმრო, ინდუსტრიული, საკონფერენციო, სპორტული და გასართობი სექტორების მიმოხილვებს მოამზადებს. ტექნიკური დავალების მიხედვით, კვლევები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე უძრავ ქონებას შეეხება, თუმცა აღნიშნული ქალაქების გარდა სასტუმროების ბაზარი თემატურად - სამთო, საზღვაო, სპა, გამაჯანსაღებელი და საკურორტო ლოკაციების მიხედვითაც გაანალიზდება.
პროექტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12 ქონების შესახებ ბიზნეს-გეგმების მომზადებასაც მოიაზრებს. ქონებების თემატური დანიშნულება მრავალფეროვანია და მოიცავს: სამთო, საზღვაო, სპა და გამაჯანსაღებელ ტიპის ერთეულებს. ასევე ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება სპორტული ტურიზმის განვითარება ან ითავსებს აუთლეტ ცენტრის, საოფისე და საკონფერენციო/საკონვენციო ფუნქციებს.
აღსანიშნავია, რომ კოლიერსმა მსგავსი მასშტაბის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 2014 და 2015 წლებშიც განახორციელა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საპარტნიორო ფონდის დაკვეთით. 2016 და 2018 წლებში ტენდერი არ გამოცხადებულა, ხოლო 2017 წელს აღნიშნული კვლევების შემსყიდველი „აწარმოე საქართველოში“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო იყო.
(R)
























