არჩილ თალაკვაძე - კონგრესის წევრებს მართლაც სჭირდებათ ჩვენგან პასუხები და საუბრისთვის მზად ვართ

რამდენიმე კვირაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე შეერთებული შტატებიდან კრიტიკული წერილები იგზავნება, წერილების ავტორი კონგრესმენები კი შეშფოთებას მთელ რიგ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვამენ. მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორების უკმაყოფილებას ინფორმაციის ნაკლებობით ხსნის და მათი მეტად ინფორმირებისთვის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გეგმავს. აშშ-ში პირველი ვიზიტი, რომლის ამოცანა ამერიკელი მეგობრების უარყოფითი შეფასებების შეცვლა და მათი დარწმუნებაა, რომ საქართველოს დემოკრატიული გზით სვლას საფრთხე არ ემუქრება, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით 5 თებერვალს შედგება, იქამდე კი „ინტერპრესნიუსი“ თავად არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა...

- ბატონო არჩილ, ხვალ შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით დავით ზალკალიანსა და კახა კუჭავასთან ერთად. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, კონკრეტულად ვისთან შეხვედრებს მოიცავს ვიზიტი? ასევე, რთული მისია გაკისრიათ - მთელ რიგ საკითხთან მიმართებაში გადაარწმუნოთ კრიტიკულად განწყობილი სენატორები და კონგრესმენები. როგორ ფიქრობთ, ამას შეძლებთ?

- ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს N1 სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ახლა, როდესაც ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ ჩვენგან ინფორმაცია ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ და აინტერესებთ, როგორ ვაპირებთ გამოწვევებს ვუპასუხოთ, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაცია და საუბარი, ამიტომ ჩავდივართ ვაშინგტონში და ვაძლიერებთ ურთიერთობებს. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან და სენატორებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კონგრესმენებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და უსაფრთხოებაზე, ასევე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს ხედვას და დაგეგმილ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ. ვაპირებთ მათთან საუბარს როგორც საარჩევნო სისტემის, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. აშშ-ში მომავალში კიდევ რამდენიმე ვიზიტი იგეგმება. რაშიც დარწმუნებული ვართ არის ის, რომ საქართველოს ამ წლებში აქვს რეალური პროგრესი, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას კი ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი საერთო ინტერესები და მისი დაცვა. ჩვენ გვაქვს რესურსი მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და ამას შემდგომშიც საქმით დავამტკიცებთ.

- სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილის კრიტიკა მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემატიკას არ მოიცავს, მათ შეკითხვები აქვთ მთელ რიგ საკითხთან მიმართებაში, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ოპოზიციის დევნას, შერჩევით სამართალს, დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას და საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროვებას უკავშირდება. რომელ მათგანზე ფიქრობთ, რომ პრობლემა არ დგას და ის ხელოვნურადაა შექმნილი?

- სიმართლე ის არის, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა რეალური გადაწყვეტილება და ეს ცვლილებები 2017 წელს მიიღო. მაშინაც და მანამდეც არაერთხელ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ყველანაირად შეუშალა ხელი ამ ცვლილებებს. მეტიც - ვინც დღეს პროპორციული სისტემის თავდადებულ მომხრედ გვაჩვენებს თავს ოპოზიციიდან, ამ ადამიანებს არასოდეს მსგავსი ინიციატივა არ ჰქონიათ საკანონმდებლო დონეზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგაც, როცა ოპოზიციაში გადავიდნენ - პირიქით, გააკეთეს და აკეთებდნენ სრულიად საპირისპიროს. ეს ცვლილებები ინიცირებული იყო ჩვენს მიერ და დამტკიცებული იყო მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ჩვენმა საზოგადოებამ და პარტნიორებმაც იცოდნენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება 2024 წელს მოხდებოდა. 2019 წლის ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა, ოპოზიციის მიმართ ჩვენმა შეთავაზებამ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევაზე და ოპოზიციის ამ ნაწილის დესტრუქციამ შემდეგ პერიოდში, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ისინი სინამდვილეში არა თანამშრომლობის და სტაბილური განვითარებისთვის არიან მოწოდებულნი, არამედ ეძებენ ყველანაირ შესაძლებლობას დესტაბილიზაციისთვის. ამის გამო, ჩვენს გუნდში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს რჩებოდა განცდა, რომ ასეთი პოზიტიური ინიციატივა უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურ და უსაფრთხო განვითარებას. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბევრმა დეპუტატმა მხარი აღარ დაუჭირა პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევას.

ამერიკული ბიზნესის „შევიწროვებად“ რას მიიჩნევთ? იმას, რომ ფოთის პორტში დიდი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდა გასულ წელს?! თუ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარ ბიზნესს და ქონებას სახელმწიფოს ღამღამობით აღარ „ჩუქნიან“?! დემოკრატიული ინსტიტუტები დღეს უფრო ძლიერია: ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა კონტრასტულად უკეთესია, ვიდრე იყო წარსულში - ნახეთ საკუთრების უფლების დაცვა, სასჯელაღსრულების სისტემაში წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრა, ადამიანების გატაცების, წამების და შეურაცხყოფის დასრულება, მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევის, მათი პირადი ცხოვრების უკანონო ჩაწერის და ტირაჟირების სისტემური პრაქტიკის დასრულება. ტელევიზიების და მედიის დარბევა და რეიდებიც, სატელევიზიო ანტენების დაპატიმრებაც გვახსოვს, რასაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან Must Carry-ის კამპანია მოჰყვა მაშინ. სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა და ევროსასამართლოში წასული საჩივრების შემცირებული სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა ბევრად თავისუფალი და მიუკერძოებელია. თუმცა, ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ და ვფიქრობთ, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია საზოგადოებასთან ერთად.

- არაერთ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, სახალხო დამცველის თუ არასამთავრობო სექტორის აზრით, კვლავ რჩება პრობლემა. მაგალითად, ომბუდსმენის ბოლო ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკა. გარდა ამისა, შეკითხვები არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ახლა უკვე გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესთან მიმართებაში, რომელიც არასამთავრობო სექტორის აზრით, გაუმჭვირვალეა - უზენაეს სასამართლოში მაინც განმწესდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც ე.წ. კლანის წევრებად მოიხსენიებენ, გენერალური პროკურორი კი დიდი ალბათობით, ირაკლი შოთაძე გახდება, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ახლა მიმდინარეობს ანუ თითქოს ბევრი პროცესი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და რა შედეგით დასრულდება, პროცესის დასაწყისშივე ვიცით...

- კრიმინალური ლიდერების ადგილი არის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში, სადაც უსაფრთხოების რისკების მართვა გაძლიერებულია და იუსტიციის სამინისტრო ასეც აკეთებს - დანერგა რისკების შეფასების სისტემა, ააშენა თანამედროვე დაწესებულებები, რომელსაც აქვს რისკების კონტროლის შესაძლებლობა და მაღალი რისკის და კრიმინალური მიდრეკილებების მქონე პატიმრები განაცალკევა მათგან, ვისაც სურს რეაბილიტაციის პროგრამებში მონაწილეობა და საზოგადოებაში დაბრუნება. როგორ ფიქრობთ, პენიტენციური სისტემის რეფორმა „კრიმინალურმა ლიდერებმა“ გააკეთეს? ციხეებში ჯანდაცვის სტანდარტი მათ გააუმჯობესეს, ძველი დაწესებულებები დაანგრიეს და ახალი ააშენეს? მართლა ფიქრობთ, რომ „კრიმინალური სუბკულტურა“ მართავს პენიტენციურ სისტემას ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები, მოხდა წამების სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრა და ისტორიულ მინიმუმზეა პატიმართა სიკვდილიანობა?! კრიმინალური მიდრეკილებების ადამიანები არიან მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მათ ყველგან აქვთ მიდრეკილება, რომ გავლენა მოახდინონ სხვებზე - ამას ებრძვის სახელმწიფო კანონიერი მეთოდებით საქართველოშიც, ევროპაშიც და აშშ-შიც. ვიმეორებ, კანონიერი გზებით და არა წამებით და არაადამიანური მოპყრობით. ამიტომ, ომბუდსმენი როცა ყურადღებას ამახვილებს ამ სუბკულტურაზე, მას აინტერესებს რას აკეთებს სამინისტრო ამის წინააღმდეგ. ომბუდსმენის საქმე არის რისკების და პრობლემების წინ წამოწევა, მთავრობის და პარლამენტის საქმე არის მისი შესწავლა და რეაგირება.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესი პრაქტიკულად არ არსებობდა და წლების განმავლობაში პრეზიდენტების წარდგინებით ისე ინიშნებოდნენ მოსამართლეები, რომ არ მოგვისმენია ამაზე ხმამაღალი კრიტიკა და პროტესტი რომელიმე ექსპერტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. დღეს არის ეს კანონმდებლობა და შერჩევის წესი, რომლითაც პირველად, უპრეცედენტოდ გახსნილად და გამჭვირვალედ ჩავატარეთ კანდიდატების მოსმენები. გვირჩიეს, რომ 10 მოსამართლეზე მეტი არ დანიშნოთო - დავნიშნეთ 12 ახალი მოსამართლე. გვირჩიეს, უზენაეს სასამართლოში ადგილების ნახევარი დატოვეთ ვაკანტური შემდეგმა პარლამენტმა რომ დააკომპლექტოსო - ეს რეკომენდაციაც შევასრულეთ. არჩეულ მოსამართლეთა შორის ყველა რომ ყველას მოსწონდეს, ეს შეუძლებელია და ბუნებრივია, რომელიმე მათგანის მიმართ კრიტიკაც იქნება, თუმცა ფაქტია, რომ შერჩევის პროცესი იყო ღია და საჯარო, ხოლო შერჩევის შედეგები ოპტიმალური იმისათვის, რომ უზენაესი სასამართლოს ყველა კოლეგიამ ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს.

- საბოლოო ჯამში, ფაქტი არის ის, რომ ყველაფრის მიუხედავად, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ამერიკელ პარტნიორებს ხელისუფლების საქმიანობასთან მიმართებაში მაინც კითხვები აქვთ, ამიტომაც არის საინტერესო, რა კონკრეტული არგუმენტები გაქვთ თითოეულ საკითხთან მიმართებაში, რომელიც კრიტიკულად განწყობილ სენატორებსა და კონგრესმენებს დაარწმუნებს, რომ მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ და შესაბამისად, კრიტიკა უსაფუძვლოა? მაგალითად, კრიტიკის ერთ-ერთი საგანია ის, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო. რითი დაუპირისპირდებით კრიტიკას, როცა ეს ფაქტი და მოცემულობაა?

- ის, რომ პარტნიორებს კითხვები აქვთ გარკვეულ საკითხებზე, ამას მე პირადად აღვიქვამ შესაძლებლობად, რომ ჩვენი შედეგები, სიმართლე და პრობლემის მოგვარებისთვის მისაღები გადაწყვეტილებები უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, უფრო დეტალურად განვიხილოთ საკითხები კონგრესმენებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ფაქტია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წელს შევასრულეთ მთავარი დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ეს ასახულ იქნა ახალ კონსტიტუციაში. რასაც გასულ წელს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, ეს იყო პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა. ეს სამწუხაროა, თუმცა გადაწყვეტილება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო და მოგვწონს თუ არა, ეს იყო პარლამენტის გადაწყვეტილება. ახლა უნდა ვიფიქროთ თანხმობაზე და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამისათვის, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და გავაკეთეთ შეთავაზება, რომლითაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარების რაოდენობა. დიალოგი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

ამერიკის მთავრობის და კონგრესის რეზოლუციებსა და განცხადებებში არაერთხელ არის ასახული ამ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ისევე როგორც, NATO-ს და ევროკავშირის ანგარიშებში დადებითად არის შეფასებული საქართველოს წინსვლა. ამიტომ, ვფიქრობ, კონგრესმენებთან საუბარი გვექნება მომავალზე, საუბარი გვექნება ჩვენს გეგმებზე და საარჩევნო სისტემის გარშემო არსებული პრობლემის მოგვარებაზე.

- კრიტიკის კიდევ ერთი საგანია ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხი. რიგითი მოქალაქის პოზიციიდან მართლა რჩება შთაბეჭდილება, რომ წლების წინ თაროზე შემოდებული საქმეები ოპოზიციის გააქტიურების პარალელურად თაროდან ჩამოიღეს და გააცოცხლეს. მაგალითად, გიგა ბოკერიას, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები... შეკითხვებს ტოვებს გიგი უგულავასა და ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებული საქმეებიც, როდესაც დაზარალებულები თავად გახდნენ ბრალდებულები... რა არგუმენტებით არ ეთანხმებით ამ შეფასებებს?

- დავიწყოთ იმით, რომ ოპოზიცია ახლა არ გააქტიურებულა, ის აქტიურია მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ტერორის, დევნის და ჩვენი პარტიის არაერთ წევრზე თავდასხმების მიუხედავად, 2012 წელს „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.

ყველა საქმეზე, რომელიც ოპოზიციის თუნდაც ყველაზე დესტრუქციულ წევრებს ეხებათ, ვინც სხვების შეურაცხყოფით და პროვოკაციებით გამოირჩევიან, ჩვენ ველოდებით გამოძიების მაღალ სტანდარტს, გამჭვირვალობას და პროცედურების ზედმიწევნით დაცვას.

პოლიტიკაში ყოფნა არავისთვის არ უნდა იყოს იმუნიტეტი და კანონი თუ ვინმემ დაარღვია, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს. თვალთმაქცობაა, როცა წარსულში, სისტემურ დანაშაულში მხილებული პირები ზოგჯერ პარტიებს, ზოგჯერ კი ჟურნალისტებს ამოეფარებიან და ასე ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას.

- არ გიჩნდებათ შეკითხვა, მაინცდამაინც ახლა რატომ წაუყენა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, როცა შემთხვევა 2004 წელს მოხდა, ხოლო ოქრუაშვილს ბრალი წაუყენეს შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კანონით დადგენილი ვადები ამ საქმეებზე არ ყოფილა დარღვეული. ასევე, რაც დანამდვილებით ვიცი, მაგალითად, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, მისი ოჯახი ბოლომდე, პრინციპულად იბრძოდა დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად და ამ საქმეზე მართლმსაჯულების სრულად განხორციელებისთვის. მათი დიდი დამსახურებაც არის, რომ ამ საქმეზე პროცესები ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს.

- თქვენი ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო პერიოდის ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვნად დააზარალა აშშ-სთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები და ოპოზიციონერი კოლეგები გირჩევენ, დაინახოთ საკუთარი შეცდომები. არის მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რასაც შეცდომად მიიჩნევთ?

- პარტნიორებთან ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება საუბარი ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების და გეგმების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. საქართველოს პროგრესი სათანადოდ არის დანახული და დადებითად ფასდება. ჩვენი საერთაშორისო მეგობრების სურვილი, რომ შემცირდეს პარტიებს შორის დაპირისპირების ხარისხი და საქართველოს უფრო სტაბილური, კონსტრუქციული პოლიტიკა ჰქონდეს, არ ნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა „დაზარალებულია“.

- მმართველი გუნდის წევრთა ნაწილი კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკულ წერილებს კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემით ხსნის, კომუნიკაციის ნაკლებობის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ უმრავლესობაში აღარ გყავთ საგარეო ვექტორის წარმმართველი ადამიანები. ეთანხმებით საკუთარი გუნდის წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას?

- ამ წერილების გამოგზავნა პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ კონგრესის წევრებს, ვინც საქართველოს საკითხით არის დაინტერესებული, მართლაც სჭირდებათ ჩვენგან პასუხები, თუ რა მოხდა რეალურად და როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ამ საკითხებზე საუბრისთვის მზად ვართ.

მეორე მხრივ, ნოემბერში, პროპორციული არჩევნების თარიღის შეცვლაზე ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, ჩვენი გუნდის წევრებმა, ვინც საგარეო ურთიერთობებზე იყვნენ პასუხისმგებელი, სამწუხაროდ, მართლაც დატოვეს უმრავლესობა. საპარლამენტო ნაწილში მართლაც იყო გარკვეული წყვეტა, ვიდრე საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტებში ხელმძღვანელები ხელახლა დაინიშნებოდნენ, საერთაშორისო დელეგაციებში განახლება არ მოხდებოდა და სპიკერატში საგარეო მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიცვლებოდნენ. ახლა ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგარეო მიმართულებით.

- როგორ შეაფასებდით დანაკლისს, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მისი რიგებიდან პოლიტიკური სახეების წასვლით მიიღო? როგორ აისახება ეს როგორც პოლიტიკურად, ასევე საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით?

- მათი წასვლა მართლაც გულდასაწყვეტია. ჩვენი თანაგუნდელები, ვინც უმრავლესობა და პარლამენტი დატოვეს, წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და მუშაობდნენ. მეგობრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი ადამიანების ყოფნა გუნდში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უპირატესობა იქნებოდა. მოგვწონს თუ არა, მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. პოლიტიკას და სახელმწიფო საქმეებს შეჩერება არ უხდება, ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ საკადრო გადაადგილებები და ვაგრძელებთ მუშაობას. 2020 წლის არჩევნებისთვის განახლებულ გუნდს და საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ საზოგადოებას.

- არიან ადამიანები, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020-ის არჩევნებისთვის, გუნდში აღარ იქნებიან? ახალი სახეები?

- ყველა წევრი, ვინც თავისი წვლილი შეიტანა წარმატებებში, ქვეყნის განვითარებაში და რეფორმებში, გუნდში მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. არავისთვის თვითმიზანი არ არის პარლამენტის წევრობა ან სახელმწიფო თანამდებობა - ეს არის მხოლოდ საშუალება საქმის კეთებისთვის. 1 წლის წინ ჩვენმა პარტიამ დაიწყო მუშაობა ახალი კადრების მოზიდვის მიზნით და 2020 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ შემოგვიერთდებიან ახალი, წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანები. განახლება ყოველთვის საჭიროა. ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებში და ასე მოხდება ახლაც.

- რაც შეეხება უშუალოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, კრიზისიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე არსებობს ორი პროექტი: ერთი - ოპოზიციის მიერ მომზადებული ე.წ. გერმანული მოდელი, მეორე - 100/50-ის მოდელზე „ქართული ოცნების“ შეთავაზება. ოპოზიცია თქვენს წინადადებას იწუნებს, თქვენ კი ოპოზიციის ინიციატივას. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა რაღაც მესამე, რომელშიც ორივე მხარე კიდევ უფრო მეტ დათმობაზე წავა?

- დიალოგი გრძელდება და იმედი მაქვს შევძლებთ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივად რომ ვიმსჯელოთ, საკანონმდებლო დონეზე ყველაზე ბოლოს დამტკიცებული მოდელი 2020 წლის არჩევნების ჩასატარებლად იყო შერეული, 77/73 მოდელი; ახლანდელი ჩვენი შეთავაზება 100/50 - მასთან შედარებით ბევრად კომპრომისული და დაბალანსებულია, ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარულ მანდატებს და ხელშესახებად ზრდის პროპორციულს. სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობის ნაცვლად, ოპოზიცია აპელირებს დაპირებებზე, პოლიტიკურ მოვლენებზე და ხშირად მორალს გვიკითხავს იქ, სადაც მორალური უპირატესობა ნამდვილად არ გააჩნია. მიუხედავად ყველაფრისა, შეთანხმება სასურველია და იმედი მაქვს, ეს მოხერხდება.

- თუკი ბოლო წლების გამოცდილებას გადავხედავთ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისების შექმნის საფუძველი ყოველთვის სახელისუფლო ძალაუფლების ერთი პიროვნების თუ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ხელში ჩაგდება ხდებოდა, რასაც დიდწილად მოქმედი საარჩევნო სისტემა იწვევდა. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ “ნაცონალურ მოძრაობას“ ავტორიტარიზმის განმტკიცების საშუალებას სწორედ შერეული საარჩევნო სისტემა აძლევდა და ამ კონტექსტში, მას ახალი კონსტიტუციის მთავარ მონაპოვრად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მიაჩნდა. რამ განაპირობა აღნიშნული პოზიციების სულ რამდენიმე თვეში შეცვლა და სწორედ ქვეყნის უახლოესი ისტორიის გათვალისწინებით, როგორ გესახებათ სტაბილურობის შენარჩუნება შერეული საარჩევნო სისტემით დაკომპლექტებული პარლამენტის პირობებში? ასევე, რატომ დააყენეთ კითხვის ქვეშ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის შემდგომი არჩევნებისთვის ამოქმედების პერსპექტივა?

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში მოიგო არჩევნები და მიუხედავად არნახული ზეწოლის და პოლიტიკური ტერორისა, ხელისუფლებიდან ქვეყნის დესტაბილიზაციის გარეშე გაისტუმრა „ნაციონალური მოძრაობა“.

ჭარბი უპირატესობა რომ არავის ჰქონოდა მომავალში და პოლიტიკური სისტემა უფრო დაბალანსებული, სტაბილური ყოფილიყო, ამ მოტივით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები და დაამტკიცა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2024 წლისთვის. სხვათაშორის, ოპოზიციამ ამ ცვლილებებს ბოიკოტი გამოუცხადა, შედარებით მეორეხარისხოვანი მიზეზების გამო.

- ძალიან ხშირად ახსენებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ფიქრობთ, რომ დროა, დასრულდეს საუბარი, რას აკეთებდა ყოფილი ხელისუფლება და აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რას აკეთებს ან ვერ აკეთებს „ქართული ოცნება“?

- მხოლოდ ერთხელ ვახსენე, ისიც თქვენი შეკითხვით გამოწვეული აუცილებლობის გამო. ისინი საზოგადოებას თავს ხშირად ახსენებენ. ასევე, წინა ხელისუფლების „დავიწყება“ და ისტორიის უახლესი გაკვეთილების იგნორირება არცერთ შემდგარ სახელმწიფოში არ ხდება. იმისათვის, რომ აჩვენო შენ რა გააკეთე, უნდა შეადარო იმას, რაც სხვებმა გააკეთეს. რა პრობლემას ხედავთ ამაში? ცხადია, ჩვენი სამოქმედო პროგრამა, გუნდის განახლება და საქმიანობა მომავალზეა გათვლილი, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები და სამომავლო გეგმები.

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, როცა “ქართული ოცნება“ ბევრად უკეთესს ფორმაში იყო, ვიდრე არის დღეს, პარტიისთვის ხმა ამომრჩეველთა 48%-ზე მეტს არ მიუცია (პროპორციული წესით “ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 44 დეპუტატის გაყვანა შესძლო და უმრავლესობა მაჟორიტარული მანდატების დამატებით მოიპოვა). როგორია დღეს პარტიის შანსები და “ქართული ოცნების“ ლიდერებს რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ არჩევნებს მოიგებთ? კვლავ მაჟორიტარების იმედად ხართ? ექსპერტების ნაწილის აზრით, „მაჟორიტარულ სისტემაზე ჩაფრენით“ ხელისუფლება თავადვე ამჟღავნებს, რომ ის არც თუ მტკიცედ არის დარწმუნებული თავის მომავალში...

- ჩვენ ვენდობით და პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს - რა გადაწყვეტილებასაც ამომრჩევლები მიიღებენ არჩევნებში, ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება. ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ხელშესახები საქმე გააკეთა - ყველა წინააღმდეგობის, ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან დესტრუქციის, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად, შეძლო არსებითი გაუმჯობესება მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ადამიანის უფლებების, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური ზრდის და განათლების დაფინანსების კუთხით. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში მშვიდობა შენარჩუნებულია; გაიხსენეთ, რომ ადამიანის უფლებები უფრო უკეთ არის დაცული და შედარებისთვის მაშინდელი და ახლანდელი სასჯელაღსრულების სისტემაც საკმარისია; მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან; გაიზარდა NATO-სთან თავსებადობა; გაძლიერდა თანამშრომლობა აშშ-სთან; დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც დღემდე 7 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა; დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამა; განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქებსა და სოფლებში, აშენდა მაგისტრალები; თბილისი და მისი განვითარება გახდა თვალსაჩინო არაერთი მიმართულებით - ინფრასტრუქტურის, კულტურული და სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით.

გვჯერა, ეს და სხვა საქმეები საზოგადოების მხრიდან სათანადოდ იქნება შეფასებული. კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდგომში. ახალ სამოქმედო პროგრამას და განახლებულ გუნდს ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას, ჩავატარებთ ეფექტურ წინასაარჩევნო კამპანიას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების რეალური შესაძლებლობა აქვს.

- მმართველ გუნდში ხშირად იმეორებენ, რომ თუ ოპოზიცია 100/50-ის მოდელზე უარს იტყვის, 2020-ის არჩევნები კვლავ არსებული, ე.წ. შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ ამ შემთხვევაში არჩევნები, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მეორე მხარეს ოპოზიციასთან ერთად საზოგადოების საკმაოდ დიდი და განაწყენებული ნაწილი დგას?

- ამაზე უკვე ვისაუბრე და კვლავ გავიმეორებ, რომ არჩევნები ნებისმიერი მოდელის პირობებში დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება. ჩვენ გვჯერა ჩვენი ამომრჩევლების და პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს. იმედი მაქვს, დიალოგიც შეთანხმებით დასრულდება.

- “ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგებს საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განაპირობებდა. უშუალოდ თქვენი მონაცემებითა და შეფასებით, როგორია დღეს საზოგადოებაში ივანიშვილისადმი ნდობის რეიტინგი?

- რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ შესაძლებლობებს, ფინანსებს და პოლიტიკურ რეიტინგსაც ხარჯავს თავისი ქვეყნისთვის. მან უდიდესი და მამულიშვილური საქმეები გააკეთა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აბასთუმნის აღდგენა, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთილის სანაპირო ზოლის ახალი ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, ვაზის უნიკალური ჯიშების აღდგენა, ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია და მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება და სპორტის ხელშეწყობა, ქვეყნის მწვანე რესურსის განვითარება და უნიკალური პარკების შექმნა... ეს მხოლოდ ნაწილია, რაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა.

- მე ვგულისხმობდი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერის...

- ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულ ოცნებას“ თავისი მმართველობის მერვე წელს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც სწორი წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენს გუნდში არიან ლიდერები, ვისაც საზოგადოება ენდობა და მხარს უჭერს.

- რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, ოპოზიცია დღის წესრიგში აბრუნებს სახელმწიფო უწყებების პიკეტირების და აქციების საკითხს. ამ პროცესს როგორ აფასებთ?

- მესმის, რომ ოპოზიციას ჰყავს პიკეტოლოგიის არაერთი სპეციალისტი, თუმცა პიკეტები და ქუჩის პოლიტიკა არ არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება. ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, საუბარს და ოპონირებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით და დესტაბილიზაციით სცადოს რაიმეს შეცვლა ქვეყანაში. სტაბილურობა და უსაფრთხოება იქნება დაცული.

- დაბოლოს, მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციაზეც მინდა გკითხოთ. მედიაში აქტიურად წერენ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია შესაძლოა, თქვენ შეცვალოთ... ზოგადად, ბოლო პერიოდში თითქმის ყოველთვის მართლდება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ ჟურნალისტები ამჯერად ვცდებით?

- თანამდებობა არ არის არცერთი ჩვენგანის თვითმიზანი. მთავრობის მეთაური არის გიორგი გახარია, ის ძლიერი და განათლებული ადამიანია და ბევრს მუშაობს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მიღებული.

ლელა ბაღდავაძე

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა