ამირან სალუქვაძე - აშშ-ში ხელისუფლების ვიზიტისაგან სერიოზულ გარღვევებს არ ველოდები, მაგრამ არ მგონია საქმე იქამდე მივიდეს, რომ აშშ-მ ჩვენთან მიმართებაში ინტერესი დაკარგოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონი ამირან, ვხედავთ, რომ ვაშინგტონიდან თბილისში მიღებულ წერილებზე, ასევე თბილისიდან ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტის შედეგებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ბედი.

თუ ვაშინგტონიდან მიღებული წერილების შინაარსით ვიხელმძღვანელებთ, სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ აშშ საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ასეთივედ დარჩება. მეტიც, თუ საერთოდ შეიძლება იყოს საუბარი ჩვენს მიმართ რაიმე ტიპის სანქციების დაწესებაზე, ესეც არა ქვეყანას, არამედ პერსონებს შეიძლება შეეხოს. მაგრამ ამის ალბათობაც საკმაოდ მცირეა.

ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეების წარმომადგენელები საუბრობენ იმაზე, რომ სულ ტყუილად იმედოვნებენ ოპოზიციაში, რომ ივანიშვილი არაადეკვატურად აფასებს ვითარებას, რომ ხელისუფლება საარჩევნო სიტემას არ შეცვლის.

ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩასულან, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება ხელისუფლების ვიზიტი ვაშინგტონში?

- პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაყენებ ყველაფერზე მაღლა და სურვილი მაქვს ეს გაითავისონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა. პარტიები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოკავშირეებს სხვა სახელმწიფოებში კი არა, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ხალხში, ამომრჩევლებში უნდა ეძებდნენ.

ამას წინათ, როცა ამ წერილების შესახებ ინფორმაცია გაჟღედა, ორსიტყვიანი პოსტი გამოვაქვეყნე, - “სუვერენული თავმოყვარეობა“. შესაძლოა, უცნაურად ჟღერს. უფრო ვრცლად სხვა დროს ავუხსნი საზოგადოებას.

ერთს დავამატებ, ხალხის მხარდაჭერაა გაცილებით მნიშვნელოვანი და არა უცხოელი პარტნიორების. საერთაშორისო რესურსებს კი, ყველა ქართველი, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ კი არა, ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იყენებდეს.

ხალხის მხარდაჭერაა გაცილებით მნიშვნელოვანი და არა უცხოელი პარტნიორების. საერთაშორისო რესურსებს კი, ყველა ქართველი, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ კი არა, ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იყენებდეს

რაც შეეხება მოლოდინებს. დავიწყოთ საარჩევნო სისტემით. სუბიექტური ვარ საარჩევნო მოდელთან მიმართებაში, რადგან მანამ სანამ მმართველი პარტია გააჟღერებდა 100/50-ს, მანამდე ძალიან ბევრჯერ მაქვს დაწერილი სოცქსელის მეშვეობით, რომ წმინდა პროპორციული სისტემა, არსებული პოლიტიკური სპექტრის პირობებში, როცა დიდი ალბათობაა იმისა, რომ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, შესაძლოა, საჭირო გახდეს ე.წ. პრორუსული და პროდასავლური პარტიების გაერთიანება, როცა უამრავი პარტიის რეიტინგი არის ძალიან დაბალი, როცა მოსახლეობისთვის გაუგებარია პარტიების იდეოლოგია და ღირებულებები, საფრთხის და მუდმივი არასტაბილურობის შემცველია.

შესაბამისად, ბევრჯერ მაქვს გაჟღერებული, რომ მომხრე ვარ დარჩეს შერეული სისტემა, ოღონდ პროპორცია 50/50-ზე შეიცვალოს პროპორციით 2/3+1/3. ორი წლის წინ, მუდმივი, პერმანენტული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ პროპორციულიდან შერეულ სისტემაზე გადავიდა ზუსტად ამ პროპორციით. ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ მხარეები შეთნხმდნენ შერეულ სისტემაზე.

მომხრე ვარ დარჩეს შერეული სისტემა, ოღონდ პროპორცია 50/50-ზე შეიცვალოს პროპორციით 2/3+1/3

100/50 შეიძლება ოდნავ შეიცვალოს ერთ ან მეორე მხარეს. ეს პროპორცია, თუ ისევ რევოლუციური განწყობით არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება, შეუძლებლად ხდის კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას. ეს მოდელი ჩვენს ქვეყანაში 2000-ანების დასაწყისში შეიმუშავეს. შემდეგ 2008-ში უნდა მიგვეღო, თუმცა მიიღეს დღეს არსებული პროპორცია - ნახევარი ნახევარზე.

აშშ-ში ჩვენი დელეგაციის ვიზიტისგან არ ველოდები სერიოზულ გარღვევებს იმ კუთხით, რომ წერილების ავტორები მყისიერად შეიცვლიან პოზიციებს. ამის მიღწევა ხელისუფლებისთვის არ იქნება მარტივი.

აშშ-ში ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტისგან სერიოზულ გარღვევებს არ ველოდები იმ კუთხით, რომ წერილების ავტორები მყისიერად შეიცვლიან პოზიციებს. ამის მიღწევა ხელისუფლებისთვის არ იქნება მარტივი

თუმცა, დელეგაციის წევრები ამერიკელ კოლეგებს მიაწვდიან ალტერნატიულ, ზოგ საკითხებში, მაგალითად ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციებს, ასევე სარეიტინგო მონაცემებს და სხვა.

საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა იქნება ურყევი. ესაა სახელმწიფო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხი.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ვაშინგტონიდან მიღებულ წერილებში პრაქტიკულად საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ცდილობს ყველა იმ მექანიზმის დაუფლებას, რომლითაც ძალუფლებას მესამე ვადითაც შეინარჩუნებს.

მეტიც, ძლიერდება ავტორიტარული მმართველობის ნიშნები და ეს რევოლუციური თუ კვაზირევოლუციური ცვლილებების საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას.

შესაბამისად, ამერიკელების მიზანი ნათელია - ამერიკას სურს, რომ ჩვენს რეგიონში ჰყავდეს მოკავშირე, რომელიც მასთან ახლოს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ცივილიზაციურადაც.

თქვენც თვლით, რომ ვაშინგტონიდან მიღებული გზავნილების მიზეზი შეიძლება იყოს ამერიკული ისტებლიშმენტის მიერ იმის გაცნობიერება, რომ შესაძლოა, ამერიკამ საქართველო, როგორც მოკავშირე დაკარგოს?

- რომელ მექანიზმებს გულისხმობთ? თუ ისევ საარჩევნო სისტემაზეა საუბარი, ამაში გასაკვირი არაფერია. იგივე გააკეთა ჩვენმა წინა ხელისუფლებამ, როცა, თითქოს დეპუტატების რაოდენობა შეამცირა, სინამდვილეში მიიღო ის სისტემა, რომელსაც ახლა თავად აპროტესტებენ. თუმცა, ეს ხომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით გააკეთეს?!

ერთხელ, 2008-ში მოიგეს არჩევნები და გვახსოვს საერთაშორისო შეფასებები. 2012-ში მიუხედავად ამ ცუდი სისტემისა, წააგეს. იგივე მოუვა დღევანდელ ხელისუფლებას, თუ მათ მოსახლეობა არჩევნებზე უარს ეტყვის.

ის, რომ ნებისმიერი მმართველი ძალა ცდილობს ხელისუფლებაში დარჩეს მორიგი ვადით, ამაში რას ვხედავთ გასაოცარს? თქვენ ოდესმე, სადმე გინახავთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ერთი ან ორი ვადა ვიყავით და საკმარისიაო?

მესმის, რომ წინა ხელისუფლებები ორ-ორჯერ იყვნენ და გარკვეულ დოგმად გვეჩვენება.“ ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი დაარღვიოს ეს სტერეოტიპი, თუმცა ეს ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული.

დემოკრატიულ გერმანიაში, იმ მოდელის პირობებში, რომელსაც აქ შინაარსობრივად და ყველანაირად შეცვლილი სახით გვთავაზობენ, ანგელა მერკელი უკვე მეოთხე ვადითაა კანცლერი და 2005 წლიდან უკვე 14 წელია მართავს გერმანიას.

მოკლედ, ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ: ა) საარჩევნო სისტემის მოდელი არის ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლება, ბ) პოლიტიკური ძალები, მმართველი თუ ოპოზიციური, ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ცდილობენ შეცვალონ, მოირგონ საარჩევნო სისტემები და ამაში არაფერია არადემოკრატიული, გ) მთავარია არჩევნების კანონიერად და გამჭვირვალედ ჩატარება და დამკვირვებლების მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება, დ) საკუთარ თავს ნუ შევუქმნით პრობლემას და წინასწარ ნუ ჩავდებთ არასტაბილურობის ინსტრუმენტებს.

ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ: ა) საარჩევნო სისტემის მოდელი არის ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლება, ბ) პოლიტიკური ძალები, მმართველი თუ ოპოზიციური, ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ცდილობენ შეცვალონ, მოირგონ საარჩევნო სისტემები და ამაში არაფერია არადემოკრატიული, გ) მთავარია არჩევნების კანონიერად და გამჭვირვალედ ჩატარება და დამკვირვებლების მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება, დ) საკუთარ თავს ნუ შევუქმნით პრობლემას და წინასწარ ნუ ჩავდებთ არასტაბილურობის ინსტრუმენტებს

ჩემთვის თქვენს კითხვაში მთავარი მეორე ნაწილია. არ მგონია საქმე იქამდე მივიდეს, რომ ამერიკამ ჩვენთან მიმართებაში ინტერესი დაკარგოს. ბევრი ინდიკატორი მაძლევს ასე ფიქრის საფუძველს. ამავე დროს, კარგი იქნება თუ საქართველოს მოსახლეობის განწყობების მიხედვით ააგებენ ჩვენთან ურთიერთობებს.

პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ცვალებადია, მოსახლეობა და სახელმწიფოს ინტერესები - მუდმივი. კარგად უნდა შეისწავლონ მოსახლეობის განწყობები როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ.

არ უნდა მოხდეს ისე, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იგრძნოს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ხალხის განწყობების უგულვებელყოფა. იმედია ასეც იქნება.

არ მგონია საქმე იქამდე მივიდეს, რომ ამერიკამ ჩვენთან მიმართებაში ინტერესი დაკარგოს... არ უნდა მოხდეს ისე, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იგრძნოს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ხალხის განწყობების უგულვებელყოფა. იმედია ასეც იქნება

- ხელისუფლების წარმომადგენელთა ვაშინგტონში ვიზიტზე საუბრისას დამკვირვებელთა უმრავლესობა იმაზე ამახვილებს ყურადაღებას, რომ აშშ-ში საქართველო პრემიერების ვიზიტი ჭრელო პეპელას ისტორიას ჰგავს.

თუ წარმატებულია - ეჭვიანობას ეწირება. თუ წარუმატებელი იმედგაცრუებას. ამის მაგალითად იხსენებენ იმასაც, რომ კვირიკაშვილი თავისივე წარმატებას შეეწირა, ხოლო ბახტაძე „წარუმატებლობას“.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, ამჯერად როგორ შეიძლება დასრულდეს პრემიერ გიორგი გახარიას ვიზიტი აშშ-ში?

- საერთოდ არ მივაწერ წინა პრემიერების ცვლილებებს მათი ამერიკაში ვიზიტების შედეგებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რამდენ პრემიერს შევცვლით, ყველას ვერ მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტი. აშშ-ში ვიზიტების შედეგებზე კი არა, ურთიერთობათა დინამიკაზე უნდა გვქონდეს აქცენტი. დინამიკა კი მზარდია.

აშშ-ში ვიზიტების შედეგებზე კი არა, ურთიერთობათა დინამიკაზე უნდა გვქონდეს აქცენტი. დინამიკა კი მზარდია

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მომავალ ვიზიტს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება თუ როგორ მომზადდება ის. სხვათა შორის, ამერიკაში ლობისტური კომპანიების ერთ-ერთი ფუნქციაა ვიზიტებისთვის მოგებიანი ფონის მომზადება. იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში, პრემიერის ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი.

კარგად უნდა გავაანალიზოთ რა ხდება მსოფლიოში, როცა რუსეთი იალტის კონფერენციის 75 წლისთავს ზეიმობს და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრის სამიტს ითხოვს და მინიშნებებს აკეთებს მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებაზე.

რუსეთი იალტის კონფერენციის 75 წლისთავს ზეიმობს და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრის სამიტს ითხოვს და მინიშნებებს აკეთებს მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებაზე

- ვხედათ, რომ ვაშინგტონში ხელისუფლების წარმომადგენელთა გამგზავრებამდე ხელისუფლება იმით დაკავდა, რომ ოპოზიციას აშშ-ს პოლიტიკურ წრეებთან ლობისტურ საქმიანობაში ამხელს.

ამ თემაზე ხელისუფლება ისე საუბრობს, როგორც კომპრომატსა და ლამის სისხლის სამართლის დანაშაულზე, არადა, თავად შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობა კანონმდებლობით რეგულირდება. მეტიც, ჩვენ გვახსოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც ჰყავდა ვაშინგტონში დაქირავებული რამოდენიმე ლობისტური კომპანია.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას უკავშირდება ამერიკულ მიმართულებაზე ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების გააქტიურება?

- სისხლის სამართლის დანაშაულში არ დაუდანაშაულებიათ. ლობისტური საქმიანობა ჩვეულებრივ მოვლენად შეაფასეს, ოღონდ სხვა პრეტენზიები ჰქონდათ. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციებში, ერთ-ერთი კანონის დარღვევის ნიშნები გამოკვეთილია. არ დავაკონკრეტებ.

ისე, ოპოზიციის მხრიდანაც იყო პრეტენზიები, ბიუჯეტის ფულით ქირაობენო. რაც შეეხება გააქტიურების მიზეზებს. სამწუხაროა, რომ ევროსტრუქტურები და აშშ-ს სახელისუფლებო სტრუქტურები საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის დაპირისპირების არეალად იქცა. აშშ-ში საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის შედეგებსაც დაველოდოთ.

სამწუხაროა, რომ ევროსტრუქტურები და აშშ-ს სახელისუფლებო სტრუქტურები საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის დაპირისპირების არეალად იქცა

არ ველოდები, რომ სენატორები და კონკრესმენები მკვეთრად შეცვლიან პოზიციებს და უარყოფენ თავიანთი წერილების შინაარსს, თუმცა საინტერესო იქნება შემდგომში როგორ გავლენას იქონიებს, შეარბილებენ თუ არა ტონს.

- ოპოზციის ერთს ნაწილს აქციები და პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვალს უნდა დაეწყო, მაგრამ ბაღადადში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადო. ქუჩის აქციები ასევე დაანონსებული აქვს „პატრიოტთა ალიანსს“.

ისეთი პირი უჩანს, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში შეიძლება გადავიდეს და ქუჩისთვის ბრძოლა „ნაციონალების“ ორბიტაზე მოაზრებულ ოპოზიციის ნაწილსა და „პატრიოტთა შორის წარიმართოს.

სხვათა შორის, სწორედ ამგვარად ვითარდებოდა პროცესები გასული წლის ტრაგიკულ 20 ივნისამდეც. თუ ახლაც ასე მოხდა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ანაც რა შედეგით შეიძლება იგი დასრულდეს ერთი მხრივ ოპოზიციის ორივე ფლანგისთვის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის?

- სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრი არ იცვლება. არ იქმნება ახალი პოლიტიკური ძალები, არც მოქმედ პარტიებს აღმოაჩნდათ თვითგანახლების უნარი, რაც ყველა ქვეყანაში, ამდენი წაგებული საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნების პირობებში, ჩვეულებრივი და ბუნებრივი პროცესი იქნებოდა.

ოპოზიცია ვერც იმას აანალიზებს, რომ მათ სტრატეგიას წარმატება და საზოგადოების მხარდაჭერა არ მოაქავს. ეს რეალობა კი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ფუფუნებაა. კარგია ეს საზოგადოებისთვის, თუ ცუდი? ვფიქრობ, ცუდი.

ოპოზიცია ვერც იმას აანალიზებს, რომ მათ სტრატეგიას წარმატება და საზოგადოების მხარდაჭერა არ მოაქავს. ეს რეალობა კი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ფუფუნებაა. კარგია ეს საზოგადოებისთვის, თუ ცუდი? ვფიქრობ ცუდი

ბოლო პერიოდში ოპოზიცია საკუთარი შავი პიარითაა დაკავებული. საზოგადოებას არაფერს სთავაზობენ და მთელი გათვლა ხელისუფლების ნეგატიურად წარმოჩენასა და წერტილოვან დარტყმებზე აქვთ. საზოგადოება კი უკეთესი ალტერნატივის შეთავაზების მოლოდინშია.

ქუჩის გააქტიურებას წარმატება არ ექნება, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შეცდომებზე არ აქვთ გათვლა. დანარჩენზე პროგნოზები ადრეა.

- ვაშინგტონიდან მიღებულ წერილებზე რეაგირებისას ოპოზიციის ლიდერები ირიბად იმაზეც მიანიშნებენ, რომ ვაშინგტონში სააკაშვილის პარტიის არჩევნებში გამარჯვებას არ გამორიცხავენ. მეტიც მიესალმებიან კიდეც.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაბრუნების თემის ექსპლუატაციით, „ქართულ ოცნება“ ინარჩუნებს შანსებს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნოს ხელისუფლება.

არადა, არც ერთი სოციალოგიური კვლევა არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ „ნაციონალებს“ დაბრუნების იმედი შეიძლება ჰქონდეთ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების იმედი.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ჩვენი საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ არც ერთი, ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ძალა ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილს არ ავლენს და არჩევნების შემდეგაც პროცესების განვითარების თავისი სცენარებისთვის ემზადება.

თქვენი დაკვირვებით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისათვისაა ჩამოყალიბებული, სავარაუდოდ, მოვლენათა განვითარების რა სცენარებია ყველაზე მოსალოდნელი?

- ყველას ისე ესმის, როგორც სურს. ხელისუფლებას სერიოზული გამოცდა და ოპონენტებთან მძაფრი დაპირისპირება მოელის. როცა ერთ მაგიდასთან სალაპარაკოდ კარდინალურად განსხვავებული საგარეო ორიენტაციის პარტიები სხდებიან, ეს პოლიტიკურ პროცესს კარგს არაფერს უქადის.

თუ მთხოვთ იმის პროგნოზს, მივალთ თუ არა არჩევნებამდე, ჩემი აზრით მივალთ. პირადად, როგორც ერთ მოქალაქეს, არ მსურს რევოლუციურ ტალღაზე, ან რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება. არჩევნების შედეგების პროგნოზირებას კი ნუ მომთხოვთ, ჯერ ადრეა.

ხელისუფლებას სერიოზული გამოცდა და ოპონენტებთან მძაფრი დაპირისპირება მოელის... არ მსურს რევოლუციურ ტალღაზე, ან რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება

- რამოდენიმე დღის წინ თურქეთი გაქტიურდა სირიაში და უტევს ამჯერად უკვე ასადისა და რუსების შენაერთებს. ლიბიაშიც თურქეთ-რუსეთის დაპირისპირება სულ უფრო აშკარა კონტურებს იძენს.

ამის ფონზე თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი კიევში ჩადის და არ ერიდება მისი ჩამოსვლისათვის მოწყობილ უკრაინულ საპატიო სამხედრო ქვედანაყოფს მიესალმოს - უკრაინას დიდება!

ამის პარალელურად საკმაოდ სიმბოლური იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პომპეოს ვიზიტი კიევსა და მინსკში. ამ მოვლენებს რომ ბევრის მთქმელი მდუმარებით ადევნებდა მოსკოვი, ეგეც ვნახეთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ თურქეთის გააქტიურებას სირიასა და უკრაინაში, ხოლო მეორე მხრივ აშშ-ს გააქტიურებას უკრაინასა და ბელორუსსში?

- სირიის თემა დღეს ლიბიაში მიმდინარე პროცესების ჭრილში უნდა განვიხილოთ. სწორედ ლიბიაში გამოიკვეთა ყველაზე ნათლად რუსეთისა და თურქეთის საპირისპირო ინტერესები.

უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო, ჩემს ფეისბუქ გვერდზეც ვწერდი ამის შესახებ, რომ ლიბიაში, რა თქმა უნდა სხვა, გარე აქტორებთან ერთად, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაა.

ლიბიის დროებითი მთავრობის უკან თურქეთი დგას, ხოლო ფელდმარშალ ხაფტარის უკან - რუსეთი. მოსკოვში მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა. ასევე უშედეგო იყო ბერლინში გამართული კონფერენცია. დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ ლიბიაზე მაქსიმალური გავლენის, ანუ ტერიტორიის მოპოვებას. ეს დაპირისპირება სირიაზეც აისახა.

ლიბიის დროებითი მთავრობის უკან თურქეთი დგას, ხოლო ფელდმარშალ ხაფტარის უკან - რუსეთი. მოსკოვში მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა. ასევე უშედეგო იყო ბერლინში გამართული კონფერენცია. დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ ლიბიაზე მაქსიმალური გავლენის, ანუ ტერიტორიის მოპოვებას. ეს დაპირისპირება სირიაზეც აისახა

თითქოსდა შეხმატკბილებულ პუტინსა და ერდორანს შორის ბზარის ტონი გაჩნდა. რუსეთი სირიაში ასადის ჯარების წინააღმდეგ გააქტიურებული ჯაბჰატ ან-ნუსრას უკან სწორედ თურქეთის ხელისუფლებას ხედავს.

შარშან რუსეთი და თურქეთი, სირიის ხელისუფლებასთან ერთად, შეთანხმდნენ სირია-თურქეთის საზღვრის ერთობლივ კონტროლზე და ზონებადაც კი დაჰყვეს. წლის ბოლოს კი, სირიის არმიამ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, სამხედრო მოქმედებები დაიწყო იდლიბის სამხრეთ ნაწილში.

რა თქმა უნდა, კრემლის მწვანე შუქის გარეშე ასადი ამ ნაბიჯს იდლიბში, სადაც თურქეთის მიერ დაწყებული ოპერაცია გრძელდება, ვერ დაიწყებდა. ერდოღანის ვიზიტი კიევში და მისი მისალმება კრემლის ტელევიზიებს ყურადღებიდან არ გამოჰპარვიათ.

შედარებისთვის აჩვენეს ანგელა მერკელის ვიზიტი, როცა ის საპატიო ყარაულს სხვა ტექსტით მიესალმა, თუ სწორად მახსოვს „მოგესალმებით მებრძოლებო“. მათ კი ჩვეულებრივად უპასუხეს - „დიდება გმირებს!“ ახლახანს შედგა ერდოღან-პუტინის სატელეფონო საუბარი სირიასთან დაკავშირებით.

დღეს ურთიერთობების გაფუჭება არც მოსკოვს აწყობს, არც ანკარას... რეგიონში ანკარისა და მოსკოვის საპირისპირო ინტერესებმა თავი კი იჩინა, თუმცა, ჯერ-ჯერობით მხარეები თაროზე შემოდებულ „ქეისებს“ არ ჩამოიღებენ

კრემლმა საკმაოდ მშრალი რელიზი გააფრცელა, რომ მხარეებმა დააფიქსირეს პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობის შესახებ. ამ ტონალობაში სიცივე იგრძნობა. დღეს ურთიერთობების გაფუჭება არც მოსკოვს აწყობს, არც ანკარას.

რამდენიმე წლის წინ, როცა მათ შორის ურთიერთობების „დალაგება“ დაიწყო, დავწერე, რომ რუსეთმა და თურქეთმა საპირისპირო ინტერესები და პრობლემები თაროზე დროებით შემოდეს მეთქი. ვფიქრობ, რეგიონში ანკარისა და მოსკოვის საპირისპირო ინტერესებმა თავი კი იჩინა, თუმცა, ჯერ-ჯერობით მხარეები თაროზე შემოდებულ „ქეისებს“ არ ჩამოიღებენ. დანარჩენს დაველოდოთ.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა