წყალტუბოს საკრებულოს მსჯავრდებული ყოფილი თავმჯდომარე „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში სუს-ს მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ფორმებით განხორციელებული სპეცოპერაციის მოწყობაში ადანაშაულებს

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში მისი საქმის დეტალებზე საუბრობს. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მის წინააღმდეგ „დანაშაულებრივი ფორმებით და ვერაგული შინაარსით განხორციელებული სპეცოპერაციის მოწყობაში“ ადანაშაულებს.

„ინტერპრესნიუსი“ ყოფილი თანამდებობის პირის მიერ ციხიდან გამოგზავნი წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო გიორგი, მინდა დოკუმენტურად დაგანახოთ თუ როგორ დაზარლდა კურორტ წყალტუბოს განვითარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩემ მიმართ დანაშაულებრივი ფორმებით და ვერაგული შინაარსით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად. 2016 წლიდან მე „წყალტუბოს განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე ვარ. ფონდის საქმიანობის პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენს წყალტუბოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვა და ამ კუთხით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ბოლო წლების მანძილზე, როგორც აღნიშნული ფონდის თავმჯდომარე და წყალტუბოში რამდენიმე მნიშნელოვანი საკურორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ბიზნესმენი, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი არაერთ უცხოელ ბიზნესმენთან, რათა ისინი წყალტუბოში ინვესტიციების განხორციელების მიზანშეწონილობაში დამერწმუნებინა. 2018 წლის 14 ივნისს ჩემ მიერ მოძიებულმა თურქმა ინვესტორმა დურსუნ ბილეკმა კომპანია „ბილეკ ჯორჯიას“ სახით ეკონომიკის სამინისტროში საინვესტიციო განცხადება შეიტანა. რომლის თანახმადაც წყალტუბოში ჩახრუხაძის ქ. #6 მდებარე ნახევრად დამწვარ და ნახევრად დანგრეულ სანატორიუმ „იმერეთში“ კომპანია იხდიდა 1 080 000 ლარს.

ამის შემდეგ მის მიერ შემოთავაზებული წინადადება ობიექტში მინიმუმ 13 000 000 ლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა (110 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო). იმ პირობებში, როცა წყალტუბოში ათწლეულების მანძილზე ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ამ გაყინული სიტუაციის გასალღობად. ეკონომიკის სამინისტრო ვალდებული იყო, ერთი თვის ვადაში პასუხი გაეცა ინვესტორისთვის. მას შემდეგ, რაც ინვესტორმა შესაბამისი უწყებისგან პასუხი ვერ მიიღო, მე რამდენჯერმე მოვიკითხე ეს საკითხი სამინისტროში. სწორედ ამას მოჰყვა სუს-ის დაინტერესება ჩემ მიმართ. 2018 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორს უარყოფითი პასუხი მისწერა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ჩემთან „ინვესტორის“ რანგში მოავლინეს ირანელი აგენტი ჰამიდ რეზა თარი. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ირაკლი შენგელია ინვესტორისთვის უარის თქმის მოტივად იშველიებს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს აუდიტორულ დასკვნას. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს სამხარაულის ბიუროს დასკვნა სანატორიუმ „იმერეთთან“ დაკავშირებით „ბილეკ ჯორჯიას“ მხრიდან საინვესტიციო წერილის შემოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა. სამხარაულის დასკვნა დათარიღებულია 2018 წლის 10 აპრილით. ამის შემდეგ 2019 წლის 7 თებერვალს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიდრაშვილმა წერილით მიმართა ინვესტორს. აღსანიშნავია, რომ ამ წერილს 2 კვირიანი ინტერვალით 2019 წ. 25.01 წინ უსწრებდა ჩემი დაკავება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ინვესტორის მხრიდან დაინტერესებას ადგილი აღარ ჰქონდა. 2 თვის შემდეგ, 2019 წლის 7 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების მხარდაჭერის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ნ. სხირტლაძე განმეორებით მიმართა „ბილეკ ჯორჯიას“ დირექტორს და ამჯერად ობიექტის საწყის საპრივატიზაციო თანხად უკვე შესთავაზა 1 080 000 ლარი. მიმაჩნია, რომ ლოგიკურია კითხვა: იმ შემთხვევაში, როცა 2019 წლის 6 თებერვლის გამოცხადების შემდეგ ინვესტორი არ შევიდა აუქციონზე და სამინისტროსაც არ აცნობა არავითარი პასუხი, რატომ მიმართეს მას სამთვიან ინტერვალში გამესამედებული ფასით ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე? ჩემ მიმართ წაყენებულ ბრალში პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ თითქოს 2018 წლის მიწურულს ჩემი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამო მოხდა წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გამოტანა (რომელიც მანამდე 3-ჯერ ზედიზედ უშედეგოდ იყო გამოტანილი აუქციონზე) და რომ არა ეს „ავტორიტეტი“ ბრალის მიხედვით, ობიექტის აუქციონის გამოტანის ვადა გადაიწევდა მინიმუმ 2019 წლის თებერვლის თვეში. მე დღესაც მიმაჩნია, რომ მსგავს შემთხევევაში დაგვიანებას უფრო აქვს ხელოვნური საფუძველი, ვიდრე მის დაჩქარებას... 2019 წლის 25 მარტს საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოწონებულ იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარდგენილი ინფორმაცია აღნიშნული ობიექტის 1 080 000 ლარად საპრივატიზებო ფასის განსაზღვრის თაობაზე. რატომ არ გააკეთა ასეთი მიმართვა ეკონომიკის სამინისტრომ? ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის სამინისტროს არ ჰქონია და სავარაუდოდ, არც აქვს პრაგმატული ხედვა წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით და რაც ყველაზე უარესია ამ სიტუაციაში არის ის, რომ მთელ ამ პროცესებს წარმართავდა სუს-ი.

დაბოლოს, მას შემდეგ, რაც ინვესტორმა ეკონომიკის სამინისტროდან ვერ მიიღო დროული პასუხი, ხოლო მე გამოვიჩინე დაინტერესება თუ რატომ ფერხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, არაოფიციალური არხებით ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტილებისთვის ინვესტორის მხრიდან საჭირო იყო 400 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე არაოფიციალურად. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდა მას შემდეგ მოვლენები ჩემთან და ზემოხსენებულ ობიექტთან (სანატორიუმი „იმერეთი“) მიმართებაში, დღეს ჩემთვის ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს შემოთავაზება შეადგენდა სუს-ის გეგმის ნაწილს,” - წერს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა