ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2020

"ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, მათ განცხადებებში უკვე შეინიშნება სხვადასხვა ვარიაციები" - ავთანდილ დემეტრაშვილი

დაჭერების სერია გაგრძელდება - ვინ არის შემდეგი ივანიშვილის სიაში

***

"ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, მათ განცხადებებში უკვე შეინიშნება სხვადასხვა ვარიაციები" - ავთანდილ დემეტრაშვილი

"ვფიქრობ, რომ ოპოზიცია დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას და დიალოგი განახლდება, რადგან წარმოუდგენელია პროცესი ჩიხში შევიდეს. თუმცა ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს ერთიან პოზიციაზე, რადგან მათ განცხადებებში უკვე შეინიშნება სხვადასხვა ვარიაციები"- ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარკებას წყვეტს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, მათ განცხადებებში უკვე შეინიშნება სხვადასხვა ვარიაციები" - ავთანდილ დემეტრაშვილი

"ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რჩება თუ არა ძირეულ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია პროპორციულ სისტემასთან, რადგან ოპოზიციის შიგნით უკვე გამოიკვეთა სხვადასხვა ვარიაციები. "ნაციონალური მძრაობა" რჩება ძველ პოზიციაზე, უნდა პროპორციული სისტემა, დანარჩენები კი ზოგი საუბრობს 130/30-ზე, 120/30-ზე და ა.შ. ძალიან ჭრელი შემადგენლობა ზის ნათელაშვილის ოფისში. რაც შეეხება ხელისუფლებას, ის ძალიანც თავს არ შეიწუხებს და დაელოდება, რას იტყვის ოპოზიცია, მაგრამ დათანხმდება მხოლოდ 100/50-ზე, სხვა ვარიანტზე "ოცნება" არ წავა. "მე მაინც მგონია, რომ ოპოზიცია დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას, რადგან წარმოუდგენელია, რომ პროცესი ჩიხში შევიდეს. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ორივე მხარე შეთანხმდეს კომპრომისულ ვარიანტზე, ორპალატიან სისტემაზე, ქვედა პალატა აირჩეს პროპორიუცლი სისტემით, ზედა პალატა, სენატი აირჩეს მაჟორიტარული სისტემით. თუ ეს არ მოოხდა 2020-ის არჩევნებზე, და საქმე ისე წავიდა, რომ არ შეიქმნა კოალიცია და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, შეიძლება ამ სისტემით ჩატარდეს არჩევნები. მაგრამ უმჯობესია, რომ ახლავე შეთანხმდნენ ამ სისტემაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს ამ არჩევნებში, დღეს მიდის ბრძოლა იმ ამომრჩეველზე, რომელიც მხარს არც "ოცნებას" უჭერს და არც "ნაციონელებს". ეს კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. 600 ათასმა ადამიანმა ხმა არ მისცა არც ვაშაძეს და არც ზურაბიშვილს. მაგრამ შემდეგ მიშას დაბრუნების შიშით ვითარება შეიცვალა. ახლა მთავარია რომელი ძალა გადაიბირებს ამ ამომრჩეველს. რაც შეეხება სააკაშვილის აქტიურად ჩართვას არჩევნების პროცესში. მიშა ერთი წელია იძახის, რომ საჭიროა ახალი სისხლი. თანაც პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა ახალგაზრდობა, რომელსაც სჭირდება პატრონი, იქნება ეს ორგანიზაციის თუ შტაბის სახით. ალბათ სააკაშვილი ფიქრობს ახალგაზრდების მობილიზებას და არა იმას, რომ ნაციონალები დატოვოს. ანუ ფიქრობს უფრო ფართო ფრონტის გაშლას," - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

დაჭერების სერია გაგრძელდება - ვინ არის შემდეგი ივანიშვილის სიაში

“გიგი უგულავას დაჭერის შედეგ ახლა ოპოზიციაში იმაზე ფიქრობენ, ვინ იქნება შემდეგი. ივანიშვილმა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ციხის მოხდა კიდევ ბევრს მოუწევს და მიუხედავად ამისა, მაინც თავგანწირულად მიდიან. გიგი უგულავას შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ „ლელოს“ დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაკავებაც ვიხილოთ. მათ ბრალად ჯგუფურად 17 მილიონი დოლარის უკანონო ლეგალიზაცია ედებათ. პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს გამოძიება დაიწყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დაჭერების სერია გაგრძელდება - ვინ არის შემდეგი ივანიშვილის სიაში

"ასევე არ არის გამორიცხული გიგა ბოკერიას დაკავებაც მოხდეს. ის დეკემბერში პროკურატურაში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, საქმე კი მის უშიშროების საბჭოში საქმიანობას ეხება, რომელზეც გამოძიება 2014 წელს დაიწყო. ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში იყო. მას ლობისტური კომპანიებისთვის დიდი ოდენობით თანხების გადარიცხავს ედავებიან. საქმე 50 მილიონის გაფლანგვას ეხება. 20 თებერვალს კი საპატიმროს საქართველოს ყოფილი პრემიერი და შს ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი ტოვებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მან ციხე ვერ დატოვოს, რადგან ვრცელდება ცნობები, რომ მას უკვე ახალ ბრალს უმზადებენ. საქმე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეს ეხება. არ არის გამორიცხული, რომ საპროცესო გარიგების ხარჯზე პროკურატურამ იპოვოს მოწმე, რომელიც მერაბიშვილს ხელს დაადებს. სულ მცირე, შეიძლება 9 თვით მაინც დატოვონ ციხეში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ოქრუაშვილი კი უკვე 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის 20 ივნისიის მოვლენების ფაქტზე დაკავეს და ასევე ბრალი ბუტა რობაქიძის საქმეზეც დაუმძიმდა. იგივე საქმეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას შინა პატიმრობა აქვს მისჯილი და მას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს. ასევე რამდენიმე წლით მაღალი თანამდებობის დაკავებაც აუკრძალეს. აი რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი "იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „ტრაგიკული სიტუაციაა. მთელ საზოგადოებას ხო აწვალებენ, მე არც ის არ მომწონს, რომ ესენი პირდაპირ კედელს თავს ურტყამენ, შანსი არ აქვთ. ღამეებს ათენებენ, ერთმანეთს ამაგრებენ, ერთმანეთს ატყუებენ, რომ "დღეს არა და ხვალ მოვალთ“. შანსი არ აქვთ. ამ დროს მიდიან ვაბანკზე. უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, ზარალდებიან. ზოგი ორი დღით მიდის ციხეში, ზოგი ერთი კვირით. ახლა ამ ახალგაზრდებს უწევს დაპატიმრება. ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს უარესი ტრავმა აქვს. ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, მაგრამ თავგანწირულად მიდიან“, - ამბობს ივანიშვილი. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ“, - ეს განცხადება შოთაძემ მაშინ გააკეთა, როცა საპროკურორო საბჭოში, როგორც გენპროკურორობის კანდიდატი, ისე "იკითხებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაზე ამბობს, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი და ეს ბოლო დაკავება არ არის. "იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამ კოლაბორაციულ ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ დააკავებენ არა გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ ეს ბოლო დაკავება არ არის, ამას კიდევ ბევრი სხვა დაკავება მოჰყვება. ახლა განწირული ხელისუფლებისთვის, მთავარია ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ. ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული, მის ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრის. ადამიანმა ერთი რაც თქვა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ვინახავთ ჩვენი ფულით“, - განაცხადა ვაშაძემ”, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან“ აცხადებს, არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ, რომ ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება იყო, მაინც არავინ დაიჯერებს, რადგანაც არჩევნების წინ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის დაკავება მთლად სამართლებრივ ჭრილში ვერ გავა. "რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაზე ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში იქნებოდა. საერთოდ თეთრი ძაფით არის ეს ყველაფერი ნაკერი. მართლაც პროკურორმა თადუმაძემ წაუყენა ბრალი და მოსამართლე თადუმაძემვე განაჩენიც გამოუტანა. თუ ხელისუფლების მიზანი ის არის, რომ ოპოზიცია დააშინოს დაჭერებით, ნუ მაშინ ქართველ საზოგადოებაზე და ამ ლიდერებზეც ცუდი წარმოდგენა ჰქონია. თუ მიზანი სხვა რამე აქვს, პოლიტიკური "ოცნებისთვის“ ეს მომგებიანი არ არის. ეს ხელს ქვეყანაში პროცესის რადიკალიზებას გამოიწვევს და შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს“,-აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო